Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება

577

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოს საპატრიარქოს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს და ქართველ საზოგადოებასთან ერთად შეწუხებულია ამ მეტად არაჯანსაღი სიტუაციით, რადგან საქმე ეხება ქვეყნის ყველაზე მაღალი ავტორიტეტითა და ნდობით მოსილ ინსტიტუციას _ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომლის როლი და მნიშვნელობა საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ქართველი ერის სულიერი და კულტურული მთლიანობის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ განმტკიცებაში.

ჩვენს განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაური, ერის სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II ბრძანდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, რომლის ღვაწლი და ამაგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში განუზომელია. მისი დაუღალავი მოღვაწეობის შედეგია საქართველოს ეკლესიის აღმავლობა და ქართველი ხალხის სულიერ-სარწმუნოებრივი აღორძინება. თავად მეცნიერს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მეცნიერებისა და სულიერების გამთლიანებაში. დიდია მისი წვლილი ეროვნული კულტურის განვითარებაში. დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკლესიისა და ხალხის ერთიანობა. ეჭვი არ გვეპარება, რომ ვნებათაღელვა და შფოთვა, რომელმაც ბოლო დღეებში მოიცვა საზოგადოება, მალევე ჩაივლის, ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს და ყოველგვარ გაუგებრობას საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტი და საზოგადოების ერთსულოვნება სამუდამოდ გაფანტავს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კვლავინდებურად საქართველოს ეკლესიისა და მისი ღირსეული მეთაურის გვერდითაა და მტკიცედ სჯერა, რომ პატრიარქის სიბრძნითა და ძალისხმევით გადაილახება დროებითი გაუგებრობა, რომელსაც ობიექტური საფუძველი არ აქვს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here