Home რუბრიკები სამართალი შირაქში მგლებმა 150 ცხვარი დაგლიჯეს

შირაქში მგლებმა 150 ცხვარი დაგლიჯეს

დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე მგლის ხროვამ ბექა გონაშვილის კუთვნილი 150 სული ცხვარი დაგლიჯა. როგორც ფერმერმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მტაცებლები ცხვრის ფარას თავს თითქმის ყოველდღიურად ესხმიან.

გონაშვილის თქმით, მწყემსებს იარაღის ტარება და მგლის მოკვლა მაღალი ჯარიმის გამო არ შეუძლიათ.

„მგლების ხროვა ცხვრის ფარას საღამოს საათებში, შებინდებამდე დაესხა თავს. 150 სული გაანადგურეს. მგელები შირაქის ველზე ზამთრის პერიოდში თითქმის ყოველდღე შემოდიან და აზარალებს მოსახლეობას. იარაღის ტარებაზე გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტს პრობლემები აქვს. მგლის მოკვლაზეც ჯარიმაა. ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ“,- უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბექა გონაშვილმა.

ერთი კვირის წინ, შირაქის ველზე მტაცებლები თავს ილო უშიშაიძის ცხვრის ფარას დაესხნენ და 100-ზე მეტი ცხვარი დაგლიჯეს. დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილის, სოლომონ ღორაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მტაცებლების თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

საქართველოს კანონმდებლობით, მტაცებლის მოკვლა, როდესაც ის ადამიანს ან შინაურ ცხოველს ესხმის თავს, დასჯადი არ არის და არ იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას, რადგან არსებობს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება (უკიდურესი აუცილებლობა), რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-18 მუხლით და სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here