Home რუბრიკები ისტორია ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

ქართველ პოლიტიკოსებს “თურქული” შეეყარათ

1731

შიში და ზარი მეფისა თამარისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა

1202 წლის 12 აპრილს, იმ დროს, როდესაც, ქართველები კარის (ყარსის) აღებით იყვნენ დაკავებულნი, ჯვაროსნებმა ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი აიღეს. ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ბოდუენ ფლანდრიელი ავიდა. მან ვერ შეძლო იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება და ქვეყანა დაიშალა. შეიქმნა საფრთხე, ამით ესარგებლათ სელჩუკებს (იგულისხმება იკონიის სასულთნო) და დასუსტებული ბიზანტიის ხარჯზე გაეფართოებინათ სამფლობელოები, მაგრამ ქართველებმა მათ აქაც დაასწრეს. თამარის სამეფო კარმა მიიღო თამამი და დროული გადაწყვეტილება: ქართველთა ლაშქარმა მოაწყო ,,სამხედრო რეიდიშავიზღვისპირა ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პონტოს სამეფოს კუთვნილება იყო და ქართველური ტომებით (ძირითადად, ლაზებით) იყო დასახლებული. ეს გაკეთდა კომნენოსთა ვასალური სახელმწიფოს _ ტრაპიზონის იმპერიის შექმნის მიზნით, რომელიც უნდა გამხდარიყო ბუფერი საქართველოსა და იკონიის სულთანს შორის.

თამარ მეფემ უცხოეთში ქართული სავანეებისთვის (კერძოდ, ისტორიულ ანტიოქიასთან ახლოს მდებარე შავი მთის მონასტრისთვის) დიდძალი ოქრო- ვერცხლი გაიღო, მაგრამ მას ფულხარბი და გულხარბი ბიზანტიის იმპერატორი ალექსი ანგელოსი დაეპატრონა (იმპერატორის ერთგულმა ხალხმა მიიტაცეს ეს განძი და ალექსი ანგელოსს მიუტანეს კონსტანტინოპოლში). ეს, რა თქმა უნდა, “საკმარისი საბაბი” იყო ლაშქრობის დასაწყებად. ბუნებრივია, ქართული ჯარისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. დაპყრობილი ტერიტორიები სამართავად თამარის ნათესავს _ ალექსი კომნენოსს გადაეცა. ტრაპიზონის იმპერიის შექმნა კი კიდევ ერთი გამარჯვება იყო იკონიის სასულთნოსთან ჭიდილში.

1204 წელს მიიცვალა დავით სოსლანი, ღირსეული მეუღლე თამარისა და საქართველოს უპირველესი მხედართმთავარი: “კაცი აღსავსე ყოვლითა სიკეთითა საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განშუენებული, წყობათა და ომთა შინა მხნე ვინმე გულოვანთაგანი, უხვი და მდაბალი და სიკეთით აღმატებული”.

დავით სოსლანის სიკვდილმა გაათამამა მტერი. მაიფარიკინისა და ხლათის სულთნები იმ სომხური მიწებისთვის დაერივნენ ერთმანეთს, რომლებიც საქართველოს გავლენის სფეროში შედიოდა. ეს კი საქართველოსთან ომის განახლებას ნიშნავდა.

1207 წელს, პირველი მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ, მაიფარიკინის სულთანმა ნეჯმ ადდინ აიუბმა სასტიკად დაამარცხა ხლათის სულთანი ბალბანი, რომელმაც, თავის მხრივ, დასახმარებლად მოუხმო არზრუმის გამგებელ მუღის ედ-დინ თოღრულ შაჰს. ხლათელებმა და არზრუმელებმა შეერთებული ძალებით უკუაქციეს ნეჯმ ად-დინ აიუბი, მაგრამ მუღის ედ-დინმა მოკავშირე ბალბანი მოკლა და ხლათს თვითონ დაეპატრონა. ხლათის მოსახლეობამ არზრუმელი არ გაიმეფა, იგი გააძევა და ქალაქი ნეჯმ ად-დინ აიუბს გადასცა. ამას სომეხი ხალხის აჯანყება მოჰყვა. აჯანყებულებმა აიღეს ვანი და არჭეში. სომხებს მიეშველნენ ქართველები, რომლებმაც ხელთ იგდეს თვით ხლათი და მაშინვე გადასცეს აჯანყებულ სომხებს, მაგრამ ახალი საომარი ძალებით მოიჭრა ნეჯმ ად-დინ აიუბი, ხლათი დაიბრუნა და სომეხი მოსახლეობის ჟლეტას შეუდგა.

როგორც კი ამ ამბავმა თამარის ყურამდე მოაღწია, მაშინვე საომარი სამზადისი ბრძანა. ლაშქარს მსახურთუხუცესი ივანე მხარგრძელი უსარდლა და სამხრეთისკენ აფრინა. ქართველებმა ქალაქი არჭეში აიღეს. ნეჯმ ად-დინ აიუბმა ხლათიდან გამოსვლა და არჭეშის გადარჩენისთვის ზრუნვა ვერ გაბედა. ივანე მხარგრძელმა ეს საკმარისად მიიჩნია და თურქი ტყვეებითა და ნადავლით დატვირთული უკან დაბრუნდა.

1208 წელს ივანე მხარგრძელმა ისევ მოაწყო ხლათის საულთნოზე ლაშქრობა. იქ უკვე ახალი სულთანი იჯდა _ მელიქ ალ-ავჰადი. ქართველებმა ალყა შემოარტყეს ხლათს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ქალაქი დღე-დღეზე უნდა დანებებულიყო, მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა: ერთ დღეს სადილი გაუგრძელდა ქართველთა მთავარსარდალს. ღვინოს მიეძალა ივანე მხარგრძელი. საღამოს ცხენს მოახტა და ხიდზე გადასვლა მოინდომა. თანამებრძოლნი არ ანებებდნენ, _ მდინარის მეორე ნაპირს შეიძლება თურქები არიანო ჩასაფრებული, მაგრამ ივანემ არ დაიშალა, ცხენს ქუსლი ჰკრა და ხიდზე შეაჭენა. ის იყო, სარდალი ხიდის ნახევარს გასცდა, რომ მდინარეში ჩავარდა. თურმე თურქებს ხიდის ფიცრები აეყარათ და ზედ თივა წაეფარებინათ. ქართველთა ბანაკში გონს მოსვლაც ვერ მოასწრეს, ისე დააცხრნენ ჩასაფრებული თურქები წყალში ჩავარდნილ მხარგრძელს, შეიპყრეს და ქალაქში შეათრიეს.

მოულოდნელი წარმატებით გახარებულმა ალ-ავჰადმა წინ დაისვა ქართველთა მთავარსარდალი და საზავო პირობები უკარნახა: ივანეს 5 000 თურქი ტყვე უნდა გაეთავისუფლებინა, 100 000 დინარი გადაეხადა, რამდენიმე ციხეც უნდა დაებრუნებინა და მისი პირმშვენიერი ასული თამთა სულთნისათვის ცოლად მიეთხოვებინა. ივანე ტყვეობიდან თავდახსნას ძალიან ჩქარობდა. მას ამ სამარცხვინო საქციელის გამო თანამდებობის დაკარგვის შეეშინდა, ამიტომ ნაკარნახევ ზავს უყოყმანოდ დათანხმდა. ალ-ავჰადმა ქართველ სარდალს მძევლები ჩამოართვა და გაათავისუფლა, რადგან ამირსპასალარ ზაქარია მხარგრძელის მუქარამ შეაშფოთა, ჩემს ძმას რამე არ დაუშავდეს, თორემ ყველას ამოგწყვეტთ, თქვენი ქვეყნის მიწას კი საქართველოში წავაღებინებო!..

ივანემ ზავის ყველა პირობა აღასრულა. თამარმა დისდსულოვნად აპატია სამარცხვინი დამარცხება თავის ერთგულ ყმას. მთავარი მაინც ის იყო, რომ მიზანი მიღწეული იყო: ქართველებმა ვანის ტბასა და მანასკერტამდე თურქ-სელჩუკთაგან მეტ-ნაკლებად გაწმინდეს სომხეთის მიწა. გარდა ამისა ე.წ. 30-წლიანი ზავით საქართველომ დიდი ხნით უზრუნველყო სამხრეთ-დასავლეთით საზღვრების უსაფრთხოება, მაგრამ მშვიდობიანი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანას საფრთხე სულ სხვა მხრიდან _ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დაემუქრა.

XIII საუკუნის დასწყისში სომხეთი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იყო და მის უსაფრთხოებაზე საქართველოს მეფე ზრუნავდა. ერთხელაც, როდესაც სომხეთის ბატონ-პატრონები, ზაქარია და ივანე მხარგრძელები, გეგუთში, თამარ მეფის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ და ანისში ქართული სამხედრო გარნიზონი არ იდგა, არდაველის სულთანმა ისარგებლა ხელსაყრელი ვითარებით და მდინარე რახსის (არაქსის) გაყოლებით ჩუმად გაემართა ანისისკენ. გზად არც ერთ დასახლებულ პუნქტს არ გაეკარა, მიადგა ანისს და ღამით იდუმალ ქალაქთან ახლოს დაბანაკდა.

სულთანი აღდგომას, გარიჟრაჟზე დაესხა თავს დაუცველ ანისს, მაშინ, როცა მოსახლეობა ტაძრებში ლოცვით ეგებებოდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ანისში შეჭრილმა სულთნის მეომრებმა საშინელი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. მხოლოდ ისინი გადარჩნენ, ვინც გამოქვაბულებსა და ციხე-დარბაზებს შეაფარა თავი. თურქებმა არავინ დაინდეს და 12 000 კაცი, ქალი თუ ბავშვი “ეკლესიათა შინა ვითარ ცხვარი დაკლეს”, შემდეგ კი, უამრავი ტყვითა და ალაფით დატვირთული, უკან გაბრუნდნენ.

თანამოძმე სომეხთა მუხანათურმა და მხეცურმა ჟლეტამ შეაძრწუნა და განარისხა თამარი. მაშინვე საომარი მზადება და არდაველის სულთნის სამაგალითო სიმკაცრით დასჯა ბრძანა. საქართველოს სამეფო კარზე დაისახა შურისძიების გეგმა. თამარის ვეზირებმა გადაწყვიტეს, საპასუხო სადამსჯელო აქცია ჩატარებულიყო მაჰმადიანური დიდი დღესასწაულის დროს. საომარი სამზადისი მალულად მიმდინარეობდა. ვინაიდან მთებში გაშენებული ქალაქი კარგად იყო გამაგრებული, ამიტომ მოულოდნელი თავდასხმით უნდა შეჭრილიყვნენ, რადგან, თუ არდაველელები ქალაქის შესასვლელი კარის ჩაკეტვას მოასწრებნენ, უსისხლოდ აღარ მოხერხდებოდა მისი აღება. გარდა ამისა, მტერს არ უნდა შეემჩნია ქართული ჯარის მიახლოება, რათა სულთანს ხალხის ქალაქიდან გაყვანა და მათი გადამალვა არ მოესწრო, ამიტომ ლიხთიმერეთიდან და ქართლიდან ერთი მეომარიც არ მოუხმიათ, რადგან სულთნის მსტოვრებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ ეს გადაადგილებები, მხოლოდ კახელები, ჰერები, თორელები, თმოგველები და სომხები გაამზადეს საომრად. მხარგრძელები მცირე რაზმით დადგნენ ანისში და იქიდან ხელმძღვანელობდნენ ლაშქრობისთვის მზადებას.

დათქმულ დროს სამეფო ლაშქარი ზაქარია და ივანე მხარგრძელების სარდლობით დაიძრა არდაველისკენ. მათგარდავლეს გელაქუნი და ჩავლეს ისპიანი, გავიდეს ხუაფრიდის ხიდსა და ღამით უგრძნეულად მიადგნენ არდაველს”. მხარგრძელებმა თითქმის უომრად იგდეს ხელთ ქალაქი და 12 000 მუსლიმიმიზგითსა შინა მოკლეს ვითარ მათ ყვეს ანისისა ეკლესიასა შინა”.

დიდძალი სიმდიდრეც ერგოთ გამარჯვებულებს. შურისძიება, სავარაუდოდ, მოხდა მუსლიმანური დღესასწაულის, ყურბან-ბაირამის, ცხრადღიანი მარხვის ან მისი გახსნილების პერიოდში. ყურბან-ბაირამი ხომ ისეთივე დიდი დღესასწაულია მუსლიმანთათვის, როგორც ქრისტიანთათვის აღდგომა და ზუსტად ამ დღეს დაარბიეს ქართველებმა არდავილი.

ასე რომ, ქართველებმა მტერს საკადრისი პასუხი გასცეს. მორალური თვალსაზრისით არაფერი ამართლებს ამ ხოცვა-ჟლეტას, მაგრამ თამარის სათნოებასაც ჰქონდა საზღვარი. არდაველის სულთანი ქურდულად შემოიპარა, ანისი ააოხრა და ასევე მოულოდნელად უკან გაბრუნდა. საქართველოს მხრიდან გულმოწყალების გამოჩენა კი სისუსტედ ჩაითვლებოდა და ჩვენის ქვეყნის სხვა მტრებსაც გაუჩნდებოდა მსგავსი მკრეხელობის ჩადენის სურვილი. ამიტომაც იქნა სამაგალითოდ დასჯილი არდაველის სასულთნო; თანაც ისე, როგორც ეს შეეფერებოდა შუა საუკუნეების ეპოქას, რომელშიც ბატონობდა ერთი პრინციპი: “სისხლი სისხლის წილ”. ჩვენს დიდ წინაპრებს შესისხლხორცებული ჰქონდათ შეგონება, რომ მგლებთან სახარების კითხვას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც შექმნეს მათ ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმული დიდი იმპერია. იმხანად არსებულ ვითარებას ასე გადმოგვცემს მემატიანე: “შიში და ზარი მეფისა თამარისა იყო ყოველთა სულტანთა ზედა”.

არდაველის დალაშქვრამ დაარწმუნა ქართველები, ჩვენი მოკეთეებიცა და მტრებიც, რომ მისი დამმარცხებელი ძალა იმჟამინდელ ახლო აღმოსვლეთში არავინ იყო. ამან გაათამამა ქართველები და დიდი ირანის დალაშქვრა მოიწადინეს (პირობითად შეიძლება ეწოდოს “ირანის დალაშქვრა”, თორემ ეს ქვეყანა თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში თურქი ამირებისა და სულთნების კუთვნილება იყო).

ქართველმა დიდებულებმა სამეფო დარბაზობაზე დააყენეს ირანში დიდი ლაშქრობის მოწყობის გეგმა. ინიციჰატორებად გამოვიდნენ ზაქარია მხარგრძელი, ივანე მხარგრძელი, ვარამ გაგელი და თმოგველები.

 სამეფო კარის დარბაზობაზე მოიწონეს მხარგრძელთა გეგმა: ,,სცნა ყოველთა თქმული მათი და დაასკუნეს ლაშქრობა”. ლაშქრობისათვის მზადებამ რამდენიმე თვეს გასტანა. ეს კი ნამდვილად საჭირო იყო, ვინაიდან ირანის ცხელი კლიმატი ძალზე განსხვავდებოდა საქართველოს შედარებით გრილი კლიმატისაგან და მოუმზადებელ მეომარს მასთან შეგუება გაუჭირდებოდა. გარდა ამისა, მცირერიცხოვანი ქართული ჯარი კარგად იყენებდა ამიერკავკასიის მთაგორიან რელიეფს და ჩასაფრების ტაქტიკით ადვილად ამარცხებდა მასზე გაცილებით მრავალრიცხოვან ძალას. ირანში კი ქართველებს ეს უპირატესობა არ ექნებოდათ და ურიცხვ მტერთან ბრძოლა გაშლილ ველზე მოუწევდათ, ამიტომ ჩვენმა სარდლებმა მეომრები ახალი ტაქტიკისა და სტრატეგიის შესაბამისად მოამზადეს. ძირითადი აქცენტი დაქირავებულ მეომრებზე გაკეთდა (უპირატესობა მიენიჭა მშვილდოსნებსა და მსუბუქ კავალერიას).

ქართველებს ირანისკენ ლაშქრობის ორი ალტერნატივა ჰქონდათ: ერაყის ან ხორასნის (რომ-გურის) მიმართულება. საბოლოო არჩევანი ლაშქარს უნდა მიეღო უკვე ირანში შეჭრის შემდეგ. როგორც ჩანს, ხორასნის მიმართულება გადაწყდა მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები იქ ვიღაცამ მიიწვია. ეს ,,ვიღაცა”, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ხვარაზმის ფადიშაჰი მუჰამედი.

აქ ორმხრივი ინტერესები იკვეთება. ერთი მხრივ, ანარქიული ირანი, იქ დამკვიდრებული თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი მოუსვენარი ბანდები დიდად აზიანებდნენ ხორეზმის სამეფოს; მეორე მხრივ, ქართველთა წინაშე იდგა რამდენიმე ამოცანა:

1. განადგურებულიყო ირანის თურქსელჩუკთა ის კერები, რომლებიდანაც ხდებოდა ინტენსიური შემოჭრა საქართველოში;

2. გაძლიერებულიყო ის მაჰმადიანური ერთეულები, რომლებიც აღიარებდნენ ქართველთა სიუზერენიტეტს;

3. დამყარებულიყო მშვიდობა კავკასიახორეზმის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე, ,,აბრეშუმის დიდი გზისმთავარ მონაკვეთზე, სადაც თურქთა უკონტროლო ურდოების თარეშით ძალიან ზარალდებოდა საქართველო;

4. მოუსვენარი და აგრესიული თურქსელჩუკთა სასულთნოს ნაცვლად საქართველო უმეზობლდებოდა უფრო დაწინაურებულ სახელმწიფოს, ამ ეტაპზე ხორეზმი არ განიხილებოდა საქართველოსთვის სახიფათოდ, პირიქით _ ირანის თურქსელჩუქების წინააღმდეგ ბრძოლაში შუააზიელი თურქსელჩუკები ბუნებრივ მოკავშირედაც გამოდიოდნენ;

5. აღმოსავლეთში შემორჩენილი იყო ქრისტიანული თემები და სომხურებრაული დიასპორები (საერთაშორისოსატრანზიტო ვაჭრობა იმ პერიოდში ებრაელთა ხელში იყო). საქართველო მფარველობდა ქრისტიანულ თემებსაც და სომხურებრაულ დიასპორებსაც. არ არის გამორიცხული, რომ ერთერთი ასეთი თემი შემორჩენილიყო ხორასანშიც (რომგურში);

6. საქართველოს უნდა მოეხდინა თავისი სამხედრო ძლიერების დემონსტრირება.

დაახლებით 1209 წელს საგანგებოდ მომზადებული ქართველთა ჯარი მეფის წინაშე წარდგა: “მოვიდეს ტფილისს მეფეს წინაშე. განახნა სპანი მისნი და იხილნა აბჯარითა კეთილითა და პატიოსნითა და მოუწონა აბჯარი და ცხენ-კეთილობა მათი, სიდიდე და სიმხნე სპათა მისთა, შურითა სპარსთათა აღსავსეობა. და მოიღო დროშა სვანად ხმარებული, გორგასლიანი და დავითიანი და შეავედრა მასვე ვარძიისა ღმრთისმშობელისა. დროშა და ლაშქარი დალოცა და წარავლინა სპარსეთს. და მისცა დროშა ზაქარია ამირსპასალარსა და წარემართნეს სპარსეთად”.

ქართველთა ლაშქარი პირველად ქალაქ მარანდას მიადგა. მარანდელებმა სცადეს წინააღმდეგობის გაწევა, რომლისთვისაც მკაცრად დაისაჯნენ. ძირითად ლაშქარს თაყაიდინ თმოგველი გამოეყო 500 რჩეული მეომრით და მთებს შეხიზნულ მარანდელებს დაედევნა. მტერს, როცა ქართველთა სიმცირე იხილა, გული მიეცა და ბრძოლა გამართა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, მარანდელები სასტიკად დამარცხდნენ.

 მარანდის აღების შემდეგ თავრიზის ჯერი დადგა. მოსალოდნელი იყო, რომ ესოდენ დიდი ქალაქი უომრად არ დანებდებოდა ქართველებს, მაგრამ მარანდის მაგალითით თავზარდაცემულმა თავრიზელებმა ქალაქი უბრძოლველად ჩააბარესქართველთა ლაშქარს. თურქმა სარდლებმა დიდძალი ხარკი _ ოქრო, ცხენი და ჯორაქლემი გაიღეს. გარდა ამისა, ქართველებს მიართვეს ჯარისთვის საჭირო სურსათსანოვაგე და უამრავი საჩუქარი, სანაცვლოდ თავრიზელებს მშვიდობა აღუთქვეს.

 მხარგრძელებმა თავრიზში დატოვეს მცველები და ლაშქრობა განაგრძნეს. თავრიზის მსგავსად უბრძოლველად დამორჩილდა ქალაქი მიანაც. მიანის მელიქს უკვე შეეტყო თავრიზის უბრძოლველად დანებება და თვითონაც ქედდადრეკითა და ნებაყოფლობითი ხარკის გაღებით გადაწყვიტა საკუთარი თავისა და ქვეყნის გადარჩენა. ქართველებმაც სიამოვნებით მიიღეს მიანელთა შემოთავაზება. მელიქმაც “სტუმართათჰვის” მოიღო “ოქრო-ვერცხლი და ქვანი ძვირფასნი. აღავსნა მანცა ყოვლითა სიმდიდრითა” ქართველნი. ამირსპასალარმა მიანაშიც დატოვა მცველი _ ციხიონი და ახლა ზანგანისკენ დაძრა ლაშქარი. ზანგანი (ზენჯანი) მანამდე “მცირე ქალაქი” იყო, ალიზის კედლებით გარშემორტყმული, მაგრამ მის მესვეურებს, ქართველთა ირანში შემოჭრის ამბავი რომ შეუტყვიათ, “ქალაქი ძლიერად გაუმაგრებიათ” და, როგორც კი მტერი მოადგათ, “იწყეს ფიცხლა ბრძოლა”.

ზაქარიამ ჯარს ზანგანის კედლები უბნებად მიუზომა და უბრძანა, “რათა შესთხარონ”. პირველებმა მესხმა მეომრებმაშეხურიტესდა შეანგრიეს ზღუდე და პირველნი შეიჭრნენ ქალაქში, შეიჭრნენშინა და იწყეს ხოცად და სრვად ვინცა მეომარი იყო, ხოლო ქალსა, ბავშვსა და მხცოვანსა ხელსაც არ ახლებდნენ”. ამასობაში, ქართველთა სხვა ნაწილებმაც შეანგრიეს თავისწილხვედრი ზღუდენი და ქალაქში შეიჭრნენ”.

იგივე ბედი ეწია ქალაქ ყაზვინსაც, რომელიც ასევე “მოარბიეს და აღივსნენ საქონლითა”. ყაზვინიდან მხარგრძელები უფრო ღრმად შეიჭრნენ, აიღეს ქალაქი გურგანი (გორგანი _ დღეს ირანის გულისტანის პროვინციის ცენტრი), რომელიც კასპიის ზღვის აღმოსავლეთითაა და დალაშქრეს ტერიტორია “უშინაგანესისა რომ- გურისა”. შემდგომი წინსვლა ქართველებმა ზამთრის მოახლოებისა და ალაფის სიმძიმის გამო ვეღარ შეძლეს.

(გაგრძელება იქნება)

ვანო სულორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here