Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი: 3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი...

მიხეილ სააკაშვილი: 3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ

578

ადამიანურად გული მწყდება ხანდახან, როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იმ საკითხზე საუბრისას განაცხადა, თუ როგორ უყურებს ადამიანურად პარტიის წევრების „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლას, როდესაც მრავალი წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. 

სააკაშვილის თქმით, როდესაც ადამიანი გადააბიჯებს წითელ ხაზებს, იქ მთავრდება ყველაფერი.

„მე არასდროს მეგობრობას არ ვურევდი სახელმწიფო საქმიანობაში. ჩემი მთავარი ძალა ეს არის. ჩემთვის არაფერს ნიშნავს მეგობრობა. ამისთვის მაკრიტიკებდნენ, ივანიშვილი მაგას მინუსად მითვლიდა, მაგრამ მე არასდროს მიმაჩნდა, რომ პიროვნული ურთიერთობები უნდა დავაყენოთ მაღლა სახელმწიფოსა და იდეაზე. მე არც ჩემი ნათესავების დიდი ნაწილი არ მელაპარაკებოდა ამის გამო. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, სპეციალურად ვავალებდი სამთავრობო უწყებებს, რომ ჩემი ნათესავები სათოფეზე არ გაეკარებინათ თანამდებობასთან, ფულის კეთებესთან და იმასთან, რომ ჩემს გამო არიან წარმატებულები. ადამიანურად გული მწყდება ხანდახან როდესაც ვუყურებ ზოგიერთი ადამიანის გვერდზე გასვლას, ზოგიერთი ადამიანის დეგრადირებას. რა თქმა უნდა დამრჩა მეგობრები წასულებს შორის, მაგრამ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობ. იდეა არის სახელმწიფოებრივი და პირადი ურთიერთობების ადგილი თუ არის, როცა ყველაფერს მოვრჩებით ყვარელში, რთველის დროს, სუფრაზე, თუმცა, იმის იქით სახელმწიფო უწყებებში… ბევრმა მეგობარმა, რომლების ბავშვებიც მყავს მონათლული და ახლოს ვიყავი, როგორც კი გადააბიჯა წითელ ხაზს, გულმა გაუწია კორუფციისკენ ან სახელმწიფო საქმეს აზიანებდნენ, იქ ყველაფერი მთავრდებოდა და უკანა პლანზე გადადიოდა ყოველთვის. ეს ეხებოდა ძალიან ბევრ ცნობილ სახელსა და გვარს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლებს შორის. რაც მოხდა, მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი თანაგუნდელების გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა რწმენა იდეის და გამარჯვების.

„პარტია არ არის ბიუროკრატიული ორგანიზაცია. ეს არ არის ფინანსური ორგანიზაცია. პარტია არის იდეის გარშემო გაერთიანებული ხალხი. მე დამრჩა შთაბეჭდილება და ასე ხდება ხოლმე რთულ სიტუაციებში, რაღაც ნაწილმა ჩვენი თანაგუნდელების დაკარგა რწმენა იდეის, რწმენა გამარჯვების, დაკარგა რწმენა იმის, რასაც ჩვენ ვემსახურებოდით, შესაძლოა არც არასდროს სჯეროდა ამის. ასეთი ხალხი ჯობია პარტიაში არ იყოს. ხშირად იყო საუბარი შერიგებაზე, მაგრამ ასე არ ხდება. პარტია არის ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომ შეცვალოს არსებული რეალობა. ეს შესაძლებელია თუ ის არის იდეურად სუფთა, დარწმუნებული, რასაც აკეთებს და თუ ის მოქმედებს, როგორც ერთიანი ორგანიზმი. იქ შიგნით მუდმივად გარკვევები როდესაც არის და ხალხი მთავარ რამეზე ვერ თანხმდება და ეს არის იდეა, პრაქტიკულად ეს აზარალებდა პარტიას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა მათი გასვლა დადებითი მოვლენაა. დარჩა ის ხალხი, ვისაც სჯერა იდეის, გამარჯვების და ვისაც გვჯერა, ის უნდა გავატაროთ. ის ნაწილი, პლასტი, რომელიც წინ არ უშვებდა ახალ ხალხს, დიდი მასივი გაიწია გვერდზე და გაიხსნა ახალი გზა. ეს არის დადებითი პროცესი, მე ამას სხვანაირად ვერ შევხედავ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, უკვე 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამოეცხადებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ისტორია.

„მე ზუსტად ვიცი, წინა რამდენიმე გასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაკავშირებული იყო ფინანსებთან. თვითონ ივანიშვილმა მოყვა ამის შესახებ და არავის უარუყვია. ხომ გახსოვთ, რა მოხდა „გირჩთან“ დაკავშირებით, რა მოხდა მეორე ჯგუფთან დაკავშირებით. იქ იყო მთელი ფინანსური გარჩევები და ერთი ამბები. ამიტომ იქ, სადაც ოლიგარქია, ყოველთვის ეს კითხვის ნიშანი არის ბუნებრივი. ივანიშვილს საერთოდ არ შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, თუ მას არ აქვს ფულადი ურთიერთობა. დღეს ივანიშვილის ოცნებები რომ განხორციელებულიყო, უკვე 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ყრილობა, რომელსაც უნდა გაეფორმებინა ახალი თავმჯდომარის არჩევა, გამოეცხადებინა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ისტორია, რომელიც არა უშავს რა, მაგრამ ჩავაბარეთ წარსულს, ჩვენ ვართ ახლები, ჩვენთან შეიძლება ლაპარაკი და „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ხალხმა იცის შეწყვეტდა არსებობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება იდეა და იდეალისტები.

„ივანიშვილმა ყველაფერი გათვალა. პარტიის ლიდერშიპის უმეტესი ნაწილი ადგილზე ამ სცენარს მიჰყვებოდა, სხვადასხვა მოტივაციით ალბათ. ეს არ განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, აღმოჩნდა ერთი ფაქტორი, სრულიად გაუთვალისწინებელი, რაც ივანიშვილს ბოლომდე არ ესმის – რამდენიმე ათეული ათასი გულანთებული პატრიოტი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომლებმაც თქვეს – ნურას უკაცრავად, ჩვენ ვართ აქ მთავარი, არა ეს ხალხი, ვისაც თანამდებობები ან კაბინეტები აქვს, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს, ვინც ხელფასებს იღებს, კარგი მანქანით დადის, კარგს ჭამს სვამს, ჩვენ, ვინც ეს პარტია ათრია, ჩვენ, ვინც შევქმენით ქართული სახელმწიფო. ხვალ თუ მიშა იქნება ამის წინააღმდეგი, მიშას წინააღმდეგაც წავალთ, ასე მომისმენია მე ხშირად. რეები არ ეძახეს – ბელადომანები, უბედურებები. მიუხედავად იმისა, რას ამბობენ, ეს არის ძალიან განათლებული ხალხი, ძალიან დახვეწილი, ზუსტად გააზრებული აქვთ მართლა რისთვისაც იბრძოდნენ. შეიძლება მარიფათი ისეთი არ აქვთ, როგორც ზოგიერთს, იმიტომ, რომ შეიძლება ვიღაცის თვალში ჭკვიანია ის, ვინც ქიციც იცის და ქიცმაცურიც, ყველაზე მეტად რა გამოთქმასაც ვერ ვიტან საქართველოში. მე არ ვიცი ქიციც და ქიცმაცურიც და ამ ხალხმაც არ იცის ქიციც და ქიცმაცურიც, მათ იციან იდეალი, საქართველოს სჭირდება იდეალი და იდეალისტები. რა დაამარცხებს ოლიგარქს და მის ფულს?! მხოლოდ იდეა და იდეალისტები. ჩვენ ოლიგარქს ვერ მოვუგებთ ფულით, ვერ მოვუგებთ ძალით, ვერ მოვუგებთ ვერაგობით და ცბიერებით, ვერ მოვუგებთ ტყუილებით, რადგან მაგის მსოფლიო ჩემპიონია. ჩვენ მოვუგებთ მხოლოდ იდეით და იდეალისტებით. ამიტომ ის, რომ პარტიაში რჩება იდეური ხალხი და იდეალისტები და სხვა ხალხი, ვინც დაიღალა, ჩამოიშალა და ზოგიერთი შეიძლება გაიყიდა კიდევაც, არ ვიცი, ეს დადებითი პროცესია, ამიტომ 20 იანვარს ყრილობამ უნდა აჩვენოს, დაუსვას ამას დიდი წერტილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ნამდვილად არ მიმაჩნია უხეშ შეცდომად ახალი სახეების სიაში შეყვანა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. პარტიის საარჩევნო სიაში ახალი სახეების შეყვანაზე დასმული კითხვის საპასუხოდ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ახალი სახე ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას სახელისუფლებო თანამდებობებს იკავებდა.

”ისინი საკმაოდ მაღალი დონის თანამდებობის პირები და ყოფილი ბიუროკრატები არიან, ძირითადად, ამ ერთი ჯგუფის წარმომადგენლები. ისინი ერთად მუშაობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მთავრობის სხვადასხვა აპარატებში, იუსტიციის სამინისტროში. ეს იყო და არის ბევრად უკეთესი შემადგენლობა, ვიდრე ივანიშვილის ჯგუფია. ნამდვილად არ მიმაჩნია უხეშ შეცდომად მათი სიაში შეყვანა, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შეიძლებოდა ბევრად უფრო ფართო წრის მოყვანა და ბევრად უკეთესი შემადგენლობის გაკეთება. მაგრამ ამას სჭირდებოდა ყრილობა, რომლის ჩატარებაზე უარი თქვეს. ეს ჯგუფი როგორ ჩამოყალიბდა?! ნაცნობობით, მეგობრობით, ასე ვთქვათ ”კუტოკურად”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი აღნიშნავს, რომ ე.წ. ბოკერია-უგულავას ჯგუფმა ვერ ნახა მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანი რამდენიმე რეგიონში და ამიტომ საარჩევნო სიაში ამ რეგიონის წარმომადგენლები გამსვლელ პოზიციებში არ შეიყვანეს და სიიდან ამოიღეს კიდეც.

”როგორ მოახერხა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომ სიაში პირველ 27 კაცში არ ჰყავდა აჭარის წარმომადგენელი?! ეს ნიშნავს, რომ ამ პატარა ჯგუფმა ვერ მონახა ვერც ერთი მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანი აჭარაში”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის ლიდერობას ყველაზე მეტად ის ადამიანები აღიარებენ, ვინც მას თავს ესხმის. ”3 წელი რომ ფეხი არ დამიდგამს საქართველოში და ჩემ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული შევქმენი, რომ ამის გარშემო მიდის ჯერ კიდევ დავა. თუ ეს ასეა, მაშინ ჩემს ლიდერობას, ყველაზე მეტად აღიარებს ის ხალხი, ვინც თავს მესხმის, სხვანაირად მე ამას ვერ ავხსნი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here