Home რუბრიკები პოლიტიკა დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

დანიელ განსერი ნატოს საიდუმლო არმიები

680

ოპერაციაგლადიოდა ტერორიზმი დასავლეთ ევროპაში

საიდუმლო ომი დიდ ბრიტანეთში

ცივი ომის საბოლოო და ერთმნიშვნელოვანი შეფასება არასოდეს მოხდება, რადგან ისტორია ვითარდება საზოგადოებასთან ერთად, რომელიც თვითონ ქმნის ისტორიას და მის ნაყოფად წარმოგვიდგება, მაგრამ მრავალი ქვეყნის მეცნიერებმა შეძლეს მიეღწიათ კონსესუსისთვის: ცივი ომის ყველაზე უფრო დამახასიათებელი თავისებურება, დასავლელი დამკვირვებლების აზრით, კომუნიზმის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა იყო.

მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელ სხვა თავისებურებებთან ერთად, ამ ბრძოლის პროცესში დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა ლიდერობა მსოფლიო ასპარეზზე და იგი შეერთებულ შტატებს დაუთმო. აშშ ათწლეულების განმავლობაში იყენებდა კომუნიზმთან ბრძოლას თავისი სიძლიერის გასაზრდელად. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და “ცივი ომის” დამთავრების შემდეგ აშშ მსოფლიოში დომინირებულ პოზიციაზე აღმოჩნდა.

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული წრეები უკიდურესად შეშფოთდნენ იმის გამო, რომ 1917 წელს კაცობრიობის ისტორიაში პირველად, შორეულ, მაგრამ დიდ სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაში დამყარდა კომუნიზმი (ასეა დედანში _ მთარგ.).

რევოლუციის შემდეგ კომუნისტებმა რუსეთში სრულად იგდეს ხელთ საწარმოები და განაცხადეს, რომ ამიერიდან წარმოების საშუალებანი ხალხის საკუთრება ხდება. მაშინ ინვესტორებმა უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი დაკარგეს. ისტორიკოსი დენა ფრენკ ფლემინგი თავის წიგნში “ცივი ომის სათავეები” აღნიშნავდა, რომ რევოლუციით გამოწვეული ბევრი სოციალური ცვლილება, მათ შორის, ეკლესიისა და თავადების იგნორირება, “შეიძლება მიეღო კიდეც კონსერვატორების იმდროინდელ სამყაროს, მაგრამ მრეწველობის, ვაჭრობისა და მიწის ნაციონალიზაცია _ არავითარ შემთხვევაში”.

რუსეთის რევოლუციის მაგალითი არსად და არასდროს არ უნდა განმეორდეს. “როგორც ერთხელ თქვა ჯეი ბი პრისტლიმ, ინგლისელმა კონსერვატორებმა თავიანთი გონება რუსეთის რევოლუციის მწვერვალზე ჩაკეტეს და აღარც არასოდეს გაუხსნიათ”.

კომუნიზმის წინააღმდეგ მიმართული საიდუმლო ომები, რომლებიც დასავლეთისთვის უმეტესად უცნობი იყო, რევოლუციის კვალზე უცებ დაიწყო. ეს მოხდა მაშინ, როცა დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა თავიანთი ჯარები ახალგაზრდა საბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგ წარგზავნეს. 1919-1920 წლებში ლონდონი და ვაშინგტონი თეთრების მხარეს დადგნენ. დააფინანსეს 10 სამხედრო ინტერვენცია სსრკ-ის წინააღმდეგ. ყველა მათგანი, რომელთა მიზანი ახალი მთავრობის დამხობა იყო, წარუმატებლად დასრულდა. კომუნისტურმა ელიტამ და სტალინმა თანდათან განამტკიცეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოები, ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობა დამყარდა, რომლის ტერიტორიაზე ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ უცხოური სახელმწიფოს მოქალაქეებს რეგულარულად აპატიმრებდნენ. მას შემდეგ, რაც რუსეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობა რეალურად შეუძლებელი გახდა, დიდმა ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა შეცვალეს სტრატეგია და იგი სხვა ქვეყნებში კომუნიზმის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკით ჩაანაცვლეს.

1936 წლის ივლისში ფაშისტმა დიქტატორმა ფრანკომ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება ესპანეთის მემარცხენე მთავრობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ომში, რომელიც მას (გადატრიალებას) მოჰყვა, დაამარცხა ოპოზიცია. ეს ყველაფერი ლონდონის, ვაშინგტონისა და პარიზის მთავრობათა ჩუმი მხარდაჭერით განხორციელდა. მიზეზთა შორის, რომელთა გამოც ადოლფ ჰიტლერის დროულად შეჩერება ვერ მოხერხდა, კომუნისტური მტრის არსებობა იყო. ესპანეთში სამოქალაქო ომის დროს ჰიტლერსა და მუსოლინის ნება დართეს, დაებომბათ ესპანეთის ოპოზიცია.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერმა რუსეთის წინააღმდეგ განახორციელა მასირებული შეტევა 1941, 1942 და 1943 წლებში, და ცოტა დააკლდა რუსული კომუნიზმის გასანადგურებლად.

მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა რაოდენობა რუსეთში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამ ომის მონაწილე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში: დაიღუპა 15 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე, 7 მილიონი ჯარისკაცი; 14 მილიონი დაიჭრა. რუსი ისტორიკოსები მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ, მიუხედავად მოსკოვის დაჟინებული თხოვნისა შეერთებული შტატების მიმართ, რომელმაც ევროპასა და აზიაში ომის დროს 300 000 ჯარისკაცი დაკარგა, აშშ და დიდი ბრიტანეთი შეგნებულად აჭიანურებდნენ დასავლეთში მეორე ანტიჰიტლერული ფრონტის გახსნას, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვერმახტის ძალების საგრძნობი ნაწილის დასავლეთში გადაჯგუფება და საბჭოთა კავშირზე შეტევის შესუსტება. მხოლოდ სტალინგრადის ბრძოლამ შეცვალა მოვლენათა მდინარება, წითელმა არმიამ გაანადგურა გერმანიის ჯარები და დაიძრა დასავლეთისკენმხოლოდ 1944 წელს გაიხსნა მეორე ფრონტი, მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა ჯარი ნორმანდიაში გადასხეს და შეხვდნენ საბჭოთა ჯარებს ბერლინში (მკითხველს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ავტორის მიერ დაშვებულ ისტორიულ შეცდომას. საბჭოთა ჯარები მოკავშირეებს ბერლინში კი არ შეხვდნენ, არამედ მდინარე ელბაზე. ბერლინი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს. ასეთი იყო უმაღლესი მთავარსარდლის _ იოსებ სტალინის ბრძანება, რომელიც მარშალმა ჟუკოვმა ზუსტად შეასრულა. მოკავშირეები გერმანიის დედაქალაქს არც მიახლოებიან. ეს არ არის წიგნის ავტორის უნებლიე შეცდომა, იგი, როგორც ჩანს, ან სრულად იზიარებს, ან მოქცეულია ამერიკული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, რომელიც ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ფაშიზმზე გამარჯვება მთლიანად მოკავშირეების დამსახურებაა და ამ გამარჯვებაში უპირველესი და გადამწყვეტი როლი აშშმა შეასრულა _ მთარგმნელი).

ბრიტანელი ისტორიკოსები აღიარებენ იმ ინტრიგების რეალობას, რომლებმაც ჩამოაყალიბა მათი ქვეყანა და სხვა ქვეყნები. “უახლეს ისტორიაში ინგლისი დივერსიული საქმიანობის ცენტრი იყო. ეს იცოდა ყველამ, მაგრამ არა თვით ბრიტანელებმა, _ აღნიშნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანელმა ისტორიკოსმა მაკკენზიმ, _ ასე შეიქმნა უცნაური, გაორებული სურათი: გარე სამყაროსთვის ინგლისი იყო ინტრიგების, გაიძვერობისა და აბსოლუტური საიდუმლოების სახელმწიფო; ინგლისში კი ეჩვენებოდათ, რომ ამ ქვეყნის სტრატეგია მსუბუქი ბლეფია, უბრალოა და კეთილი ნებით არის ნაკარნახევი”. მაკკენზი ადასტურებს, რომ ბრიტანეთის ლეგენდარული საიდუმლო ომი აბრუნებს ქვეყანას “მცირე ომების” ისტორიაში, რომელთა შედეგადაც შეიქმნა ბრიტანეთის იმპერიის ტერიტორია”. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სტრატეგებმა დაასკვნეს, რომ მათი საიდუმლო ოპერაციები “უნდა ემყარებოდეს ინდოეთში, ერაყში, ირლანდიასა და რუსეთში მიღებულ გამოცდილებას, ანუ დივერსიულ ტაქტიკას, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (ირა) ტაქტიკასთან იქნება შერწყმული”.

1938 წლის მარტში, ჰიტლერის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ, “მი-6”-ში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომელიც D განყოფილების სახელწოდებითაა ცნობილი. მას უნდა ეწარმოებინა დივერსიული საქმიანობა ევროპის ტერიტორიაზე. D განყოფილებამ საიდუმლო ქვედანაყოფები შექმნა იმ ქვეყნებში, რომლებსაც გერმანიის ჯარების შეჭრა ემუქრებოდა. 1940 წელს, როცა გერმანიის ჯარების ინგლისის სამხრეთში შეჭრა გარდაუვალი ჩანდა, D განყოფილებამ დაიწყო შეიარაღების რეზერვების ფორმირება და აგენტების გადაბირება დიდი ბრიტანეთს მთელ ტერიტორიაზე ისე, რომ ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩაუყენებია. დიდი ბრიტანეთის “მი-6”-ის შიგა საიდუმლო სამსახურები ფრიად შეშფოთდნენ, როცა დაიწყეს D განყოფილების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მიღება და, როცა მათი რამდენიმე აგენტი დააპატიმრეს ჯაშუშობის ბრალდებით. მოგვიანებით გაირკვა სიმართლე”.

მტრის ზურგში სამუშაოდ გათვალისწინებული აგენტების შერჩევა და მათთან მუშაობის ორგანიზება ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ფრიად საიდუმლო და დაფარული იყო: “ამ უცნობების (D განყოფილების აგენტების) გამოჩენა, რომლებიც მკაცრი სტილის უნიფორმაში იყვნენ გამოწყობილი და შიშის მომგვრელი ლიმუზინებით გადაადგილდებოდნენ, აგრეთვე, საიდუმლოებით გაჟღენთილი გარემო აშფოთებდა ადგილობრივ მოსახლეობას”, _ იხსენებს სპეციალური ოპერაციების სამმართველოს საიდუმლო აგენტი პიტერ უილკინსონი. საიმდუმლო აგენტების წინააღმდეგ “აღშფოთებას ვერ მალავდნენ სამხედრო სარდლობას დამორჩილებული წარმომადგენლები, რადგან ისინი (აგენტები) უარს ამბობდნენ, ეპასუხათ, რა საქმიანობას ეწევიან, რასაც ამართლებდნენ “სრული საიდუმლოებით”. ნახევარი საუკუნის შემდეგ ლონდონის იმპერიული სამხედრო მუზეუმის მიერ მოწყობილმა გამოფენამ სახელწოდებით _ “საიდუმლო ომები”, საზოგადოებას დაანახვა, როგორ ქმნიდნენ ინგლისში წინააღმდეგობის ძალების საიდუმლო არმიებს “დამხმარე ქვედანაყოფების” სახელწოდებით.

ეს ქვედანაყოფები აღჭურვილი იყო იარაღითა და ასაფეთქებელი საშუალებებით. ბრიტანეთისგლადიოსეს პირველი რაზმებისპეციალურ მომზადებას გადიოდნენ და მტრის ზურგში უნდა დარჩენილიყვნენ გერმანელების კუნძულზე შეჭრის შემთხვევაში, იმოქმედებდნენ სამალავებიდან, გამოიყენებდნენ იარაღს, რომელიც იატაკქვეშა საწყობებში ინახებოდა და განახორციელებდნენ დივერსიულ ოპერაციებს გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ”, მაგრამ ვერავინ დაამტკიცებს, ამოქმედდებოდა თუ არა ეს გეგმა, რადგან მოსალოდნელი თავდასხმა არ განხორციელებულა.

1940 წლის აგვისტოსთვის ჩრდილოეთის ზღვის ინგლისისა და შოტლანდიის სანაპიროების გასწვრივ შეიქმნა, “საკმაოდ უწესრიგო ორგანიზაცია”, რომელსაც უნდა დაეცვა დესანტის გადმოსხმის სავარაუდო ადგილები.

D განყოფილებას საიდუმლო სამხედრო ოპერაციების წარმოება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეეძლო. ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გასცა ბრძანება საიდუმლო ქვედანაყოფების შექმნის შესახებ სახელწოდებით “სპეციალური ოპერაციების სამმართველო” (სოს), რომლის მიზანი იყო, “დახმარება გაეწია ევროპისთვის მტრის მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებისა და დივერსიების მოსაწყობად”. პრემიერმინისტრის 1940 წლის 19 ივლისის მემორანდუმში ეწერა: “შესაბამის სამინისტროებთან კონსულტაციის შემდეგ პრემიერმინისტრმა დაადგინა, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეიქმნას ახალი ორგანიზაცია გარეშე მტრის წინააღმდეგ დივერსიებისა და საბოტაჟის მოწყობის კოორდინაციის მიზნით. სოს დაექვემდებარა სამხედრო-ეკონომიკურ სამინისტროს, რომელსაც სათავეში ჰიუ დალტონი ედგა.

მას შემდეგ, რაც გერმანიის ჯარებმა ხელთ იგდეს საფრანგეთი, ყველას მიაჩნდა, რომ ჰიტლერელებს უკვე ვერაფერი შეაჩერებდა. აქედან გამომდინარე, მინისტრმა დალტონმა მოითხოვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულიყო საიდუმლო სამხედრო ოპერაცია: “მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის მოძრაობა, მსგავსი ირლანდიური “შინ ფეინისა” (“ჩვენ თვითონ”), ასევე, ამჟამად იაპონიის წინააღმდეგ მოქმედი პარტიზანების ან ესპანელი მოხალისეებისა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ველინგტონის კამპანიაში, ან მსგავსი იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც თვით ნაცისტებმა შექმნეს მსოფლიოს ქვეყნებში. დალტონმა ხაზგასმით აღნიშნა: “საერთაშორისო დემოკრატიამ” უნდა გამოიყენოს ბევრი მეთოდი, სამრეწველო და სამხედრო საბოტაჟის, შრომითი აგიტაციისა და გაფიცვების, მუდმივი პროპაგანდის, გერმანელი ლიდერების წინააღმდეგ ტერაქტების, ბოიკოტებისა და არეულობის მოწყობის ჩათვლით”. სამხედრო წინააღმდეგობა უნდა ჩამოყალიბებულიყო ბრიტანეთის სამხედრო-სადაზვერვო ორგანიზაციის გულადი ბიჭების დახმარებით: “ეს იქნება ახალი ორგანიზაცია დათრგუნვილი ქვეყნების მოქალაქეთა გასამხნევებლად, მათი კოორდიანციის მიზნით და მათთვის დახმარების აღმოსაჩენად… საჭიროა აბსოლუტური გასაიდუმლოება, ფანატიკური ენთუზიაზმი, განსხვავებული ეროვნების ადამიანებთან მუშაობის სურვილი, სრული პოლიტიკური სანდოობა”.

მინისტრმა დალტონმა სპეცოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელობა ანდო გენერალ-მაიორს, სერ კოლინ გაბინსს, ჩია მთიელ კაცს, რომელიც შემდგომ გავლენიანი ადამიანი გახდა. სწორედ მან შექმნა ბრიტანული “გლადიო”. “შემუშავდა გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდით ოკუპირებული ქვეყნების ხალხებს, ძალა გამოეცალათ გერმანიისთვის ნებისმიერი ხერხის გამოყენებით _ დივერსიების, “პასიური წინააღმდეგობის”, უეცარი თავდასხმების ჩათვლით, _ ასე აღწერდა გაბინსი სოს-ის ამოცანებს, _ ამასთან ერთად, ამ ორგანიზაციას ევალებოდა ისეთი ქვედანაყოფების შექმნა, რომელთა წევრები ორგანიზებული, გაწვრთნილი და შეიარაღებული იქნებოდნენ საბრძოლო ქმედების დამამთავრებელ ფაზაში ჩასართავად. სოს-ი შეიქმნა, როგორც “გლადიოს” ასლი, მეორე მსოფლიო ომის გახურებული ბრძოლების პერიოდში. “უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გეგმა ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიდი ოდენობით პერსონალის შეღწევას, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას”, _ განაზოგადა გაბინსმა ამბიციური გეგმა.

სოს-ში D განყოფილების ბევრი თანამშრომელი მუშაობდა და, ბოლოს და ბოლოს, ეს სამმართველო წამყვან დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელშიც 13 ათასი თანამშრომელი იყო გაერთიანებული. გლობალური მასშტაბით იგი “მი-6”-თან თანამშრომლობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოპერაციებს აზიასა და შორეულ აღმოსავლეთში აწარმოებდა, დასავლეთ ევროპა მისი საქმიანობის მთავარ ასპარეზად რჩებოდა, უმეტესი ძალისხმევა კონცენტრირებული ჰქონდა ეროვნული საიდუმლო არმიის შექმნაზე. იგი აწყობდა საბოტაჟებისა და დივერსიის აქტებს მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ქმნიდა ორგანიზაციის ბირთვს, რომელშიც აერთიანებდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების უნარის მქონე გაწვრთნილ მებრძოლებს. “სპეციალური ოპერაციების სამმართველო ხუთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ევროპაში ბრიტანეთის საშინაო პოლიტიკის გატარების ძირითად საშუალებად, _ აღნიშნული იყო ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მოხსენებაში, _ უაღრესად მნიშვნელოვან იარაღად”, იმიტომ, რომ მას შეეძლო მრავალი განსხვავებული ამოცანის შესრულება. და, ამრიგად “სანამ სოს-ი განაგრძობდა მუშაობას, ვერც ერთი ევროპელი პოლიტიკოსი ვერც იფიქრებდა, რომ ინგლისელები დაინტერესებულები არ არიან ან დაიხოცნენ”.

ოფიციალურად სპეციალური ოპერაციების სამმართველო გააუქმეს 1946 წლის იანვარში და სამმართველოს უფროსი კაბინსი გადადგა, მაგრამ სერ სტიუარტ მენზისი, რომელიც “მი-6”-ს სათავეში ედგა 1939-დან 1952 წლამდე, არ აპირებდა, შელეოდა ისეთ ღირებულ იარაღს, როგორიც საიდუმლო არმიები იყო: დიდი ბრიტანეთის მონაწილეობა დივერსიულ ოპერაციებში “ცივი ომის” პერიოდშიც გრძელდებოდა. უფრო ადრე საიდუმლო კაბინეტის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ, “დიდი ალბათობით, სოსი რაიმე ფორმით შექმნილი უნდა იყოს ნებისმიერი სხვა ომის დროს”. 1945 წლის 4 ოქტომბერს ბრიტანეთის შტაბების უფროსებმა წინასწარ განუსაზღვრეს სოს-სა და მის მიმდევარ “მი-6”-ს სპეცოპერაციების ხანგრძლივი დროის ამოცანები. ებრძანა, რომ, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეექმნათ ქსელის ძირითადი სტრუქტურა, რომელიც შეძლებდა სწრაფად გაფართოებულიყო ომის დაწყების შემთხვევაში და, ამასთანავე, უზრუნველეყო საზღვარგარეთ ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო ქსელების ოპერატიული მოთხოვნების შესრულება. “ქსელის შექმნის პრიორიტეტი ეძლეოდა ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირთან კონფლიქტის ადრეულ სტადიაზე იმყოფებოდნენ და ჯერ არ იყვნენ საბჭოთა გავლენის ქვეშ”. ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ დასავლეთ ევროპა ბრიტანეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ომების ცენტრალურ თეატრალად დარჩა.

მას შემდეგ, რაც სოს-მა არსებობა შეწყვიტა, “მი-6”-ის სტრუქტურაში შეიქმნა სპეცოპერაციების ახალი განყოფილება გენერალ-მაიორ კოლინ გაბინსის ხელმძღვანელობით. სპეცსამსახურების საქმიანობის საკითხებში ჰოლანდიელი სპეციალისტის ფრანს კლიუიტერის აზრით, “მი-6” აქტიურად ირჯებოდა ანტიკომუნისტური საიდუმლო არმიების შესაქმნელად. ასეთი ქსელები შეიქმნა დასავლეთ გერმანიაში, იტალიასა და ავსტრიაში. გაბინსის ინფორმაციით, 1945 წლის შემდეგაც სოს-ის პერსონალი დარჩა სხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და თურქეთში. ამ ორგანიზაციასა და მის მიმდევრებს, “ფაშისტური გერმანიის დამარცხების გარდა, ჰქონდათ სხვა პოლიტიკური ინტერესებიც”. 1945 წლის დირექტივა “აშკარად მიუთითებდა, რომ სოსის მთავარი მტერი იყო კომუნიზმი და საბჭოთა კავშირი”, რადგან ევროპაში ბრიტანეთის ინტერესებს “ემუქრებოდა საბჭოთა კავშირი და ევროპული კომუნიზმი”. რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ, 1948 წელს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტ ბევინმა მოუწოდა ბრიტანეთის პარლამენტს სპეციალიზებული შეიარაღებული ფორმირებების შექმნისკენ, რომლებსაც გამოიყენებდნენ საბჭოთა “მეხუთე კოლონის” ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. პარლამენტარებმა იმ დროს უკვე იცოდნენ, რომ ეს წინადადება რეალიზაციის სტადიაში იყო.

რადგან ვაშინგტონსაც და ლონდონსაც ორივეს ერთი მტერი ჰყავდა, ორი ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომლობა ძალიან ინტენსიური იყო. თეთრი სახლის ბრძანებით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრენკ ვიზნერი დასავლეთ ევროპაში ქმნიდა საიდუმლო არმიების ქსელს და თავისი ოპერაციების განხორციელების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა “მი-6”-თან არსებული სპეციალური ოპერაციების განყოფილების პოლკოვნიკ გაბინსთან. საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომლების _ როჯერ ფალიგოტისა და რემ კაუფერის ინფორმაციით, ცსს-მ და “მი-6”-მა პირველი ნაბიჯი გადადგეს გერმანიის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ იტალიის ღერძის საიდუმლო ნაწილების ლიკვიდაციით და ამის შემდეგ დაიწყეს დამარცხებული ფაშისტური გერმანიის ჯარისკაცების გადაბირება ახალ საიდუმლო ანტიკომუნისტურ არმიაში. “და მართლაც, ომში გამარჯვებული დემოკრატიული ქვეყნების საიდუმლო სამსახურები ცსს-სა და საიდუმლო დაზვერვის სამსახურის სპეციალური ოპერაციების სამმართველოს (SIS) კოორდინაციით, ცდილობდნენ, ორიენტაცია შეეცვალათ ზოგიერთი “კომანდოსისთვის” მათი ყოფილი მოკავშირის _ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ”.

სპეციალური ავიასადესანტო სამსახური და ამერიკელიმწვანე ბერეტები”, რომლებიც გაწვრთნილი იყვნენ საიდუმლო მისიების განსახორციელებლად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, “ცივი ომისპერიოდში ხშირად გვევლინებოდნენ ერთი მიზნისთვის მებრძოლი ძალის ორ შემადგენელ ნაწილად, სხვა საიდუმლო ოპერაციების განხორციელების პარალელურად იღვწოდნენ საიდუმლო არმიების შესაქმნელად. საზღვაო ქვეითების ყოფილი ოფიცრები _ ჯაილსი და პრესტონი, რომლებიც ავსტრიაშიგლადიოსსისტემას ქმნიდნენ, ადასტურებენ, რომ არმიაში გაწვეულ ახალგაზრდებს აგზავნიდნენ ძველ, ნაპოლეონისდროინდელ ფორტმონკტონში”, სადაცმი-6” წვრთნიდა თავის აგენტებს ბრიტანეთის სპეციალურ ავიასადესანტო სამსახურთან ერთად. ამ უკანასკნელის მიერ მომზადებულ აგენტებს შორის იყო დეციმო გარაუ _ “გლადიოსიტალიური ბაზის ინსტრუქტორი. “ვიყავი ინგლისის ქალაქ პულში. მივიღე სპეცდანიშნულების ჯარებიდან მიწვევა. ერთი კვირის განმავლობაში მათთან გავიარე მომზადების რამდენიმე სახეობა, _ დაადასტურა ინსტრუქტორმა გარაუმგლადიოსმხილების შემდეგ 1990 წელს. _ ვივარჯიშე მათთან ერთად და ვიპოვე მათთან საერთო ენა. შემდეგ ჩავედი ჰერეფორდში, რათა დამეგეგმა და ჩამეტარებინა საწვრთნელი მეცადინეობები სპეციალურ საავიაციო სამსახურთან ერთად”.

ინგლისელები იმხანად ყველაზე გამოცდილები იყვნენ დივერსიებისა და არასტანდარტული საომარი ოპერაციების მოწყობის საქმეში. სპეცდანიშნულების მათი ძალები შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, ჩრდილოეთ აფრიკაში მტრის ზურგში ღრმად შეჭრის მიზნით. ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების ყველაზე საშიში მოწინააღმდეგე იყვნენ გერმანიის ეს-ეს-ის ჯარები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე შეიქმნა და რომლებსაც ჰიმლერი ედგა სათავეში. როგორც ყველა სპეცდანიშნულების ჯარები, გერმანული ეს-ესი ელიტური საბრძოლო გაერთიანება იყო, და რეგულარულ არმიაზე უპირატესი მდგომარეობით გამოირჩეოდა. ამასთანავე, ეს-ეს-ელები “ფანატიკური მკვლელების” სახელით იყვნენ ცნობილი. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხების შემდეგ, 1946 წლის ნიურნბერგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ეს-ესი დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდა და აიკრძალა.

1945 წელს გაუქმდა ბრიტანეთის სპეციალური დანიშნულების ძალებიც _CAC-ი. მაგრამ ბრიტანეთის იმპერიის დაცემის გამო საჭირო გახდა საიდუმლო დივერსიული, ზოგჯერ უაზრო ოპერაციების განხორციელება, კვლავ აღდგა ეს ორგანიზაცია და 1947 წელს უკვე იბრძოდა მტრის ზურგში მალაიზიაში. ინგლისის ჰერეფორდში განლაგებული მათი შტაბ-ბინიდან განხორციელებული მრავალრიცხოვანი ოპერაციები ფართოდ არ გახმაურებულა. მათ შორისაა 1958 წლის ოპერაცია ომანში _ დიდი ბრიტანეთის სატელიტ ქვეყანაში.CAC-ის ნაწილებმა, რომლებიც დიქტატორ სულთანს ეხმარებოდნენ, გაანადგურეს მემარცხენე პარტიზანები.

CAC-ის ოპერაციათა შორის ყველაზე უფრო გასაიდუმლოებული 1980 წელს განხორციელდა. ეს იყო ლონდონში ირანის საელჩოს შტურმი, ამაზე უფრო იდუმალი კი _ 1982 წელს ფოლკლენდის ომის დროს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ძალები მობილიზებული იყო ყურეში 1982 წელს, როცა მათ (ამ ძალებმა) ამერიკელ “მწვანე ბერეტებთან” ერთად ფარულად გაწვრთნეს და აღჭურვეს კოსოვოს გამათავისუფლებელი არმია ნატოს ძალების მიერ სერბეთის პროვინციის დაბომბვის წინ და დაბომბვის დროს.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, კონსერვატორმა ნაიჯელ ვესტმა მართებულად აღნიშნა, რომ, როგორც “მწვანე ბერეტები” აშშ-ში, “ბრიტანეთის CAC შეძლებდა ოპერაცია “გლადიოში” სტრატეგიული როლის შესრულებას საბჭოთა ჯარების მიერ დასავლეთ ევროპის ოკუპაციის შემთხვევაში. ორი სახელმწიფოს ორივე სამხედრო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობდა ერთმანეთთან. ამ თანამშრომლობის ნიშნად ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრები არაოფიციალურად იხურავდნენ განმასხვავებელ მწვანე ბერეტებს, რათა გარეგნულად მაინც დამსგავსებოდნენ თავიანთ CAC-ელ კერპებს. ეს “უცხოური თავსაბურველი” არ მოსწონდა აშშ-ის არმიის ბევრ უფროს ოფიცერს და მხოლოდ კენედიმ თავისი პრეზიდენტობისას ოფიციალურად დააწესა ეს ბერეტები, როგორც სპეციალური დანიშნულების ძალების უნიფორმის შემადგენელი ნაწილი.

ამ თანამშრომლობას ბრიტანელებიც ყურადღებით ეკიდებოდნენ და საპასუხო პატივისცემის გამოსახატად 1962 წელს “მწვანე ბერეტების” მეთაური, სახმელეთო ჯარების ოფიცერი, გენერალ-მაიორი ვილიამ იარბორო CAC-ის საპატიო წევრად აირჩიეს.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here