Home რუბრიკები საზოგადოება “სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდანვე, იმ ავბედით სავარძელში ჩაჯდომისთანავე, ყველა საკუთარი ცხოვრების მოწყობას...

“სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდანვე, იმ ავბედით სავარძელში ჩაჯდომისთანავე, ყველა საკუთარი ცხოვრების მოწყობას ცდილობს”

713

შორეულ არგენტინაში მცხოვრები 57 წლის გელა გელაშვილი პროფესიონალი მუსიკოსია _ არტისტი, მუშაობს სიმებიან კვარტეტში, აგრეთვე, კამერულ და სიმფონიურ ორკესტრებში. ასწავლის არგენტინის ხელოვნების უნივერსიტეტში. ამჟამად ცხოვრობს ქალაქ ხენერალროკაში, რიონეგროს პროვინციაში.

_ არგენტინაში საკონტრაქტო მიწვევით წავედი, სიმებიანი კვარტეტის შექმნის მიზნით. არასდროს მიფიქრია, საქართველოდან სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა თუ მომიწევდა, კონტრაქტზე დათანხმებაც დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე. აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ: მეუღლე _ ნინო ცქიტიშვილი კლასიკური საბალეტო დასის აკომპანიატორად მუშაობს; შვილი _ სოფიკო, რომელიც არგენტინის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ესპანური ცეკვისა და ფლამენკოს სპეციალობით, დასის სოლისტია და აქვე ასწავლის. პარალელურად დაამთავრა ნაციონალური უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტი. მყავს შვილიშვილი ლუსია, მისი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც ნათია. ის თავისი დეიდის სეხნიაა, რომელიც, სამწუხაროდ, აქ 2002 წელს გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო. 2008 წელს მთელი ოჯახი დავბრუნდით საქართველოში, მაგრამ სამსახური ვერსად ვიპოვე და არგენტინაში დაბრუნება მომიწია, სადაც კვლავ სიამოვნებით მიგვიღეს. საქართველოდან წამოსვლამდე ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრში ვმუშაობდი, აგრეთვე, _ რადიო-ტელევიზიის ორკესტრსა და კონსერვატორიის საოპერო სტუდიაში, მიწვევით _ ოპერის თეატრშიც, მაგრამ ვერც ერთ ძველ სამუშაო ადგილას ვერ მოვახერხე მუშაობის დაწყება. მივხვდი, რომ უკვე “ძველი” ვიყავი და არავის ვჭირდებოდი…

_ არგენტინაში ბევრნი ხართ ქართველები?

_ არგენტინაში, ძირითადად, დიდი ხნის წინათ წამოსული ქართველები ცხოვრობენ _ ფაღავები, ჭეიშვილები, პატარქალიშვილები. თუმცა არიან შედარებით ახალჩამოსული ოჯახებიც. ქალაქ მენდოსასა და სალტაში ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც ჩემი დიდი ხნის მეგობრები და კოლეგები არიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრიდან _ თემო ქებაძე და ზურა ჭრიკიშვილი ოჯახებით. როკაში ცხოვრობს ვიტალი ბუჯიაშვილის ოჯახი. ერთხელ სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდი და, როდესაც მეუღლემ კარი გამიღო, დიდ ოთახში, მაგიდასთან მჯდომი საშუალო ასაკის ულვაშიანი მამაკაცი შევამჩნიე, რომელიც ალალი ღიმილით მიყურებდა და გამომცდელი თვალებით მეუბნებოდა, თუ მიხვდები, სადაური ვარო? ის ბატონი გურამ პატარქალიშვილი აღმოჩნდა, ბუენოს-აირესელი ბიზნესმენი, უაღრესად კეთილი, ყურადღებიანი, უკელთილშობილესი პიროვნება, რომლის მსგავსიც იშვიათად შემხვედრია. შეუტყვია, რომ ჩვენს პატარა ქალაქში ქართველები ცხოვრობენო და მოგვაგნო, რათა ჩაგვხუტებოდა. ჩვენი დიდი მეგობრობა, საუბედუროდ, უკურნებელმა სენმა შეწყვიტა. მისი დამსახურებით მქონდა პატივი, გამეცნო ბუენოს-აირესში მცხოვრები ქართველები _ პაპავები, ჭეიშვილები და სხვა ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილი.

_ ბატონო გელა, თუ ინტერესდებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით?

_ მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოსგან მოშორებით ვცხოვრობ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ყოველთვის ვადევნებ, სხვანაირად წარმოუდგენელია. ინტერნეტით ვუყურებ სატელევიზიო გადაცემებს და საქმის კურსში ვარ. ერთი ნათლად ჩანს: ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე, იმ ავბედით სავარძელში ჩაჯდომისთანავე, ყველა საკუთარი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად თუ გვყოლია ხელისუფალი, რომელიც სახელოვან ადამიანად შემორჩენია ისტორიას.

_ რას ფიქრობთნაცმოძრაობისცხრაწლიან რეჟიმზე? თქვენ თუ მოგიწიათ მაგ პერიოდში საქართველოში ყოფნა

_ საოცარი ხალხი ვართ ქართველები, სადაც მოთმინება და ნებისყოფის გამოვლენა, ცივი გონებით მართვა გვჭირდება, იქ ბომბივით ვფეთქდებით, ხოლო, სადაც თავიდანვე თუ არა, მეორე ან მესამე წელს მაინც უნდა გამოგვეტანა დასკვნები, ცხრა წელიწადი ვითმინეთ და, რაც მოვიმკეთ, ყველამ კარგად ვიცით. დადგა დრო, საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ.

_ როგორი ხალხი არიან არგენტინელები, თუ იციან, სად არის საქართველო, რას ამბობენ ქართველებზე?

_ არგენტინელები შესანიშნავი ხალხია. სადაც კი დავდივართ გასტროლებზე, მაქსიმალურად ვაცნობთ ხალხს საქართველოს, არა მხოლოდ ქართული მუსიკით, არამედ ტრადიციებით და ა.შ. ერთხელ კონცერტი გვქონდა არგენტინის სამხრეთში მდებარე მენავთობეების ქალაქ კომოდორო რივადავიაში. საშინელი სიცივე იყო, დარბაზი არ თბებოდა, ფაქტობრივად, თითებგაყინულებმა დავუკარით, ერთადერთი, რამაც გაგვათბო, იყო ფრაზა, ქართულად წარმოთქმული: გმადლობთ, შვილებო, ბრწყინვალე კონცერტისა და დიდი სითბოსთვის! _ ეს იყო ქართველი ქალბატონის _ ცისანა მაჭარაშვილის სიტყვები. იქ, ქვეყნის დასალიერში, ნამდვილად არ ველოდით ჩვენს სისხლსა და ხორცთან ჩახუტებას…

_ როგორია თქვენი სამომავლო პროფესიული გეგმები

_ სამომავლო პროფესიული გეგმები ძირითადად უცვლელი რჩება, ვასწავლი და განვაგრძობ პროფესიულ მოღვაწეობას, ეს არის ჩემი საქმე, რომელსაც მივუძღვენი ჩემი ცხოვრება და ბედნიერი ვარ ამით, ვაკეთებ იმას, რაც სულით ხორცამდე მიყვარს. საქართველოში შეძლებისდაგვარად ჩამოვდივარ, ახლა უკვე საპენსიო ასაკს ვუახლოვდები და, როგორც კი მივაღწევ, უფლის წყალობით, ალბათ, გაცილებით მეტი ხნით ჩამოვალ ხოლმე. საერთოდ კი, ალბათ, ვერა, რადგან უკვე აქაც მყავს ჩემი შვილის ოჯახი და მათთან განშორება იოლი არ იქნება.

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here