Home რუბრიკები ისტორია როგორ ხელმძღვანელობდა სტალინი ატომური ბომბის შექმნას

როგორ ხელმძღვანელობდა სტალინი ატომური ბომბის შექმნას

1814

ეს თემა, დიდი მოცულობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, ფრაგმენტულად მოგაწოდოთ და, თუ დაინტერესდებით, კვლავ დავუბრუნდები, ოღონდ უფრო დაწვრილებით.

1941 წლის სექტემბერში სამხედრო-საჰაერო აკადემიის 28 წლის კურსანტმა გიორგი ფლეროვმა წერილი მისწერა მეცნიერების გრანდებს _ იგორ კურჩატოვსა და სერგეი კაფტანოვს, რომ სახელმწიფოში სასწრაფოდ უნდა დაწყებულიყო მუშაობა ურანის გამდიდრებაზე. არასათანადო ყურადღების გამო 1942 წლის აპრილში კურსანტმა მეორედ დაწერა ანალოგიური შინაარსის წერილი, მაგრამ ამჯერად არა კურჩატოვისა და კაფტანოვის, არამედ თვით სტალინის სახელზე. კურსანტი წერდა, საზღვარგარეთ გამალებით მუშაობენ ზემძლავრი იარაღის შესაქმნელად და ჩვენი უმოქმედობა ყოვლად მიუღებელიაო.

“სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ურანზე. ჩვენი მეცნიერების პასიურობა აქვეითებს ჩვენს სამეცნიერო პოტენციალს უცხოელ მეცნიერებთან შედარებით, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს”, _ აღელვებით წერდა აკადემიის კურსანტი ფლეროვი სტალინს.

ამავე პერიოდში ლავრენტი ბერიამ, დაზვერვის მიერ მოპოვებული მასალებიდან გამომდინარე, დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდა სტალინს დასავლეთში ატომური ბომბის შექმნის სამუშაოებზე.

მრავალი წლის შემდეგ სერგეი კაფტანოვმა დაწერა: “როდესაც სტალინს მოვახსენე ატომური ბომბის შესახებ, დაუფარავად განვუცხადე, რომ ამ პროექტის განხორციელებაში რისკი დიდია. ჩვენ ამაზე უნდა დავხარჯოთ ათეულობით და ასეულობით მილიონი მანეთი. გარდა იმისა, რომ დავხარჯავთ ასეთ კოლოსალურ თანხას და სახელმწიფოს მივაყენებთ უდიდეს ზარალს, ამას ისიც დაემატება, რომ ქვეყანას დავტოვებთ დაცვის გარეშე, სხვა იარაღის გარეშე. მეტად მძიმე იყო ამის მოსმენა სტალინისათვის. 1942 წელი ის მძიმე პერიოდი იყო, როდესაც ჰიტლერი კავკასიისკენ მოიწევდა და ბაქოს ნავთობი, ის-ის იყო, ხელში უნდა ჩაეგდო”.

სტალინი დიდხანს მიდი-მოდიოდა თავის კაბინეტში. გადაწყვეტილების მიღებას სულმოუთქმელად ელოდნენ თავდაცვის სახალხო კომიტეტის წევრები. ბოლოს იგი მივიდა კაფტანოვთან, წინ გაუჩერდა, თვალებში მკაცრად ჩახედა და რკინისებური მტკიცე ხმით განუცხადა: “უნდა გავაკეთოთ!”

სტალინი არასოდეს წასულა ისეთ დიდ რისკზე, როგორც ამ პროექტის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებისას.

კურსანტ ფლეროვის წერილმა გაჭრა და პროექტის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯიც გადაიდგა.

1943 წლის 11 თებერვალს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო სპეციალური დადგენილება ატომური ენერგიის გამოსაყენებლად სამეცნიერო-საკვლევი სამუშაოების ცენტრის შექმნის შესახებ, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა იგორ კურჩატოვი, ხოლო პროექტის საერთო ხელმძღვანელობა დაევალა ვიაჩესლავ მოლოტოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ბომბზე მუშაობა სერიოზულად მიმდინარეობდა და მას განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, კურჩატოვი მაინც უკმაყოფილო იყო მუშაობის ტემპითა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფით.

სრულიად შეგნებულად და არა შემთხვევით (როგორც ამას მიუთითებს ავტორი _ გრ. ონიანი), 1944 წლის 29 სექტემბერს კურჩატოვმა წერილით მიმართა არა უშუალოდ პროექტზე პასუხისმგებელს, ქვეყნის მეორე პირს _ მოლოტოვს, არამედ ლავრენტი ბერიას. კურჩატოვი წერდა: “პერვუხინისა და ჩემ მიერ თქვენს სახელზე გამოგზავნილი იყო წერილი, რომელშიც გატყობინებდით, რომ საზღვარგარეთ მიმდინარეობს კოლოსალური სამუშაოები ურანის გასამდიდრებლად. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მობილიზებულია არნახული სამეცნიეროსაინჟინროტექნიკური ძალები, რომლებსაც გრანდიოზული მიღწევები აქვთ. ჩვენთან კი, მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, 1943-1944 წლებში ურანზე მუშაობა მოუთმენლად არადამაკმაყოფილებელია. ვიცი რა თქვენი მოუცლელობისა და სამუშაოს უზარმაზარი მოცულობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იცით ამ პროექტის ისტორიული მნიშვნელობა, გადავწყვიტე, გთხოვოთ, ჩაერთოთ იმ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სოციალისტური სამშობლოსთვის”.

ლავრენტი ბერიამ სტალინს აცნობა ატომური პროექტის მიმდინარეობაზე და ამან გარკვეულწილად უზრუნველყო ხარვეზების გამოსწორება. 1945 წლის აგვისტოდან ატომური პროექტის საერთო ხელმძღვანელად, მოლოტოვის ნაცვლად, ლავრენტი ბერია დაინიშნა.

დამთავრდა დიდი სამამულო ომი. ტრიუმფატორი სტალინი თანმხლებ პირებთან ერთად დამარცხებული გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიემართება სპეციალური მატარებლით. დელეგაციის წევრები სათათბიროდ ხშირად იკრიბებიან სტალინის ვაგონში, სადაც მომავალ კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს აზუსტებენ.

 კონფერენციის წინა საშინაო თათბირებზე სტალინი არაერთხელ შენიშნავს, რომ მოკავშირეებმა ტონი შეცვალეს და ისინი ახლა უფრო გაბედულები გახდნენ. “რით უნდა იყოს ეს გამოწვეული?” _ ეკითხება დელეგაციის წევრებს სტალინი. მან ძალიან კარგად იცის, რით არის ეს გამოწვეული, მაგრამ სურს, კიდევ ერთხელ შეამოწმოს თავისი პოლიტიკოსებისა და სამხედროების პოლიტიკური სიმწიფე.

ერთხმად დასტურდება, რომ მოკავშირეები კონფერენციაზე საკითხების განხილვასა და მათ თავიანთ სასარგებლოდ წარმართვას ძალის პოზიციიდან აპირებენ, მაგრამ, როგორც უინსტონ ჩერჩილმა პოტსდამში ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე ჰარი ტრუმენს უთხრა, “სტალინი სტალინია, დიდი ბოსი”.

სტალინისთვის, როდესაც ის საკონფერენციო დარბაზში შედიოდა, ნათელმხილველივით ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი _ რომელ საკითხს წამოწევდნენ “მოკავშირეები” და რა პასუხი უნდა გაეცა მათთვის.

კონფერენციის ბოლო სხდომის შესვენებაზე ტრუმენმა ჩერჩილს განუცხადა: “ჩვენ ცარიელი ჯიბით ჩამოვედით პოტსდამში და ასევე ვბრუნდებით უკან”.

ცოტა ხნის შემდეგ ტრუმენმა ვაშინგტონიდან დეპეშა მიიღო: “ბიჭი დაიბადა!”, რომელსაც დაშიფრული წერილი მოჰყვა: “ატომური ბომბი, რომელიც ალამოგორდოს უდაბნოში გამოვცადეთ, წარმოუდგენელი ძალისა და ძლიერების გამოდგა, რისი გადმოცემაც ენით შეუძლებელია, თუ ის ადამიანის თვალმა არ ნახა”.

პირში ჩალაგამოვლებულ ტრუმენსა და ჩერჩილს კვლავ გაუჩნდათ იმედის ნაპერწკალი, მოკლული დათვის წილი მათაც შეხვედროდათ. მაგრამ ლომს, რომელიც მედიდურად დაჰყურებდა ნადავლს და ზედ ტორი ჰქონდა დადებული, არავისთვის არაფრის გაყოფა არ სურდა. მაშინ კი ჩერჩილმა დაარწმუნა ტრუმენი, რომ სტალინისთვის ეთქვა ატომური ბომბის წარმატებით გამოცდის შესახებ. “სტალინმა იცის, რას ნიშნავს სახელმწიფოსთვის, იყოს ატომური ბომბის მონოპოლისტი, ის უფრო დამყოლი და ჩვენი ნება-სურვილის შემსრულებელი გახდება”, _ არწმუნებდა ჩერჩილი ტრუმენს.

კონფერენციის ერთ-ერთი სხდომის დამთავრების შემდეგ, როდესაც სტალინი თავის სამუშაო ოთახისკენ მიემართებოდა, მის წინ მოულოდნელად (რაც პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული) ტრუმენი აღიმართა:

_ ბატონო გენერალისიმუსო, თუ ინებებთ, თქვენთვის სერიოზული ცნობა მაქვს გადმოსაცემი, როგორც მოკავშირისთვის.

_ ბრძანეთ, _ უპასუხა სტალინმა.

_ მაცნობეს, რომ გუშინ ალამოგორდოს უდაბნოში გამოვცადეთ ატომური ბომბი, რომლის აფეთქების ძალა თითქმის განუსაზღვრელია და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, ეს თქვენთვის მეცნობებინა.

ამ მომენტში სტალინი პაპიროსს ეწეოდა, შემდეგ პაპიროსი პირიდან ნელა გამოიღო და შეერთებული შტატების პრეზიდენტს ღიმილით მიმართა _ “ბლაგადარიუ” და იქაურობას ნელი ნაბიჯით გაშორდა.

ჩერჩილს, რომელიც მოუთმენლად ელოდა სტალინთან შეხვედრის შედეგს, ტრუმენმა მიახალა:

_ სტალინმა, როდესაც ატომური ბომბის შესახებ მოვახსენე, დავრწმუნდი, რომ ვერაფერი გაიგო.

 _ ცდებით, სერ. სტალინმა ზემძლავრ იარაღზე სიტყვა მოისმინა და ვერაფერი გაიგო? შეუძლებელია! (ეტყობა, ლომებმა ერთმანეთის ამბავი უკეთ იციან. _ გრ. ონიანი)

თავის კაბინეტში შესულმა სტალინმა მოლოტოვს უთხრა ის, რაც ტრუმენმა აცნობა. მოლოტოვმა სტალინს უპასუხა, _ ეტყობა, თავიანთ თავს ფასს უმატებენო.

სტალინმა სიცილით მიუგო:

_ მოუმატონ. ჩვენ კურჩატოვს უნდა მოველაპარაკოთ პროექტის დაჩქარების თაობაზე.

ატომური ბომბის შესაქმნელ სამუშაოებზე კიდევ უფრო გაძლიერდა მეთვალყურეობა და დახმარება 1945 წლის 6 აგვისტოს შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ჩამოყარა.

1945 წლის 20 აგვისტოს თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტმა შექმნა განსაკუთრებული კომიტეტი ბერიას თავმჯდომარეობით. კომიტეტს დაევალა, შეექმნა ატომური მრეწველობა საბჭოთა კავშირში და დაემზადებინა ატომური ბომბი.

სტალინმა თავისთან გამოიძახა გენერალი ბორის ვანიკოვი და იგი ლავრენტი ბერიას მოადგილედ დანიშნა, ხოლო კომიტეტში წევრებად შევიდნენ: გიორგი მალენკოვი (ცეკას მდივანი), ნიკოლაი ვოზნესენსკი (სახელმწიფო დაგეგმვის კომიტეტის თავმჯდომარე), აბრაამ ზავენიაგინი, აბრამ იოფე, პეტრე კაპიცა, იგორ კურჩატოვი. მდივნად და კომიტეტის წევრად შეყვანილი იქნა ვასილ მახნევი.

ბერიას წინადადებით, მშენებლობა უნდა ეწარმოებინა შინაგან საქმეთა კომისარიატს, მაგრამ სტალინი წინააღმდეგი წავიდა და წამოაყენა წინადადება, შექმნილიყო სპეციალური სამშენებლო კომიტეტი, რომელიც ცენტრალურ კომიტეტს დაექვემდებარებოდა.

პარალელურად, ბერიას წინადადებით, შეიქმნა სამეცნიერო ტექნიკური საბჭო, რომელიც ატომურ ენერგიაზე იმუშავებდა. მასში შევიდნენ: იოფე, კაპიცა, კურჩატოვი, ალიხანოვი, კიკოინი, ხარიტონი, ვანიკოვი, ზავენიაგინი და მახნევი.

სტალინმა წინადადება მიიღო და თქვა:

_ მოდი, დავნიშნოთ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ ამხანაგი ვანიკოვი, მას ეს კარგად გამოუვა. ვანიკოვს მოუსმენს იოფეც და კაპიცაც და, თუ არ მოუსმენენ, მას მაგარი ხელი აქვს. ამას გარდა, ჩვენს ქვეყენაში მას იცნობენ როგორც მრეწველობის სპეციალისტს, ასევე სამხედროს.

სპეციალურ კომიტეტსა და სამეცნიერო საბჭოში მუშაობა დღედაღამ მიმდინარეობდა. იქ არ იყო უფროსი და უმცროსი. ყველას ჰქონდა თავისი საქმე და დრო დავალების შესასრულებლად. მოუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოში ზოგჯერ თავს იჩენდა ზედმეტი ადმინისტრირება, რაც აღიზიანებდათ გიგანტ მეცნიერებს. ამის გამო სახელგანთქმულმა მეცნიერმა პეტრე კაპიცამ 1945 წლის 3 ოქტომბერს, კომიტეტის და სამეცნიერო საბჭოს შექმნიდან თვე-ნახევრის შემდეგ, წერილი მისწერა სტალინს:

 “ამხანაგი ბერია ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეცნიერთა რეპუტაციას, მისი დამოკიდებულება მეცნიერთა მიმართ დაუშვებელია. დაუშვებელია, ბერიას მსგავსმა ადამიანებმა უკარნახონ მეტად პატივსაცემ მეცნიერებს, როგორ იმუშაონ. ყველაფერი ეს ნათელს ჰფენს საკითხს, რატომ არ არის ნაყოფიერი პოლიტიკურ ძალებთან მეცნიერების თანამშრომლობა…”

1945 წლის 25 ნოემბერს კაპიცამ კვლავ მიმართა სტალინს წერილობით და სთხოვა, გამოეყვანა კომიტეტისა და სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობიდან, ამის მიზეზად მან დაასახელა შემდეგი: “ამხანაგებს: ბერიას, მალენკოვს, ვოზნესენსკის კომიტეტში თავი წარმოდგენილი აქვთ ზეადამიანებად, განსაკუთრებით _ ბერიას, რომელიც დირიჟორობს და ჯოხს იქნევს, მაგრამ დირიჟორმა არა მხოლოდ ჯოხი უნდა იქნიოს, არამედ უნდა არჩევდეს პარტიტურასაც. ვანიკოვისა და სხვა ტექნიკური პერსონალის ქმედება მაგონებს ანეკდოტს, რომლის მიხედვითაც, ავადმყოფი რეგულარულად მიირთმევდა ესენტუკის ყველა წყაროდან წყალს იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაინც უშველიდა”.

გარდა ზემოხსენებულისა, ამ წერილში ბევრი სხვა რამეც იყო მითითებული. სწორედ ამ და სხვა საკითხებში სიღრმისეულად გასარკვევად მიიწვია 1946 წლის 25 იანვარს სტალინმა იგორ კურჩატოვი. მასთან ხანგრძლივი და საფუძვლიანი საუბრის შემდეგ, 1946 წლის 4 აპრილს, სტალინმა წერილი მისწერა კაპიცას:

“ამხ. კაპიცა! მივიღე თქვენი ყველა წერილი. მათში ბევრი რამ არის ყურადსაღები. ვფიქრობ, გამოვნახო დრო თქვენთან შესახვედრად და სასაუბროდ.

 ი. სტალინი”.

კაპიცამ თუ არ იცოდა, რომ ბერიამ არა მხოლოდ ჯოხის ქნევა იცოდა, სამაგიეროდ, სტალინმა იცოდა კარგად, როგორი მაღალი კვალიფიკაციით შიფრავდა ყოველგვარ პარტიტურას ლავრენტი ბერია და მას სრული კარტ-ბლანში მისცა დავალების ბოლომდე მისაყვანად.

1945 წლის ივნისის დასაწყისში ბერიას აგენტურულმა ქსელმა კავშირი დაამყარა გერმანელ ფიზიკოს კლაუს ფუქსთან, რომელიც “მანჰეტენის” პროექტის წამყვან ფიგურად ითვლებოდა. მისგან მეკავშირემ მიიღო ატომური ბომბის დაწვრილებითი დოკუმენტაცია, რომელიც სრულიად საიდუმლოდ გადასცა მოსკოვს. ცნობაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ატომური ბომბის გამოცდას მიმდინარე წლის 10 ივლისს გეგმავდა.

პოტსდამის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ტრუმენის მიერ მიწოდებული “თავზარდამცემი” ცნობა ზეძლიერი ძალის ატომური ბომბის გამოცდის შესახებ სტალინს არ გაჰკვირვებია, რადგან ბერიას რეზიდენტურისგან ამერიკელთა საიდუმლოება მისთვის, დიდი ხანია, ცნობილი იყო. სტალინმა ატომური ბომბის აფეთქების გამოცდის თარიღიც კი იცოდა (ცდომილება მხოლოდ 7 დღეს შეადგენდა).

1945 წლის 19 სექტემბერს უცხოეთში მოქმედმა რეზიდენტურამ კვლავ მოახერხა ფუქსთან შეხვედრა და მან საბჭოეთს გადმოსცა ბრიტანეთში შედგენილი მეცნიერთა მემორანდუმი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რათა მოეხდინათ ამ საშინელი იარაღის აკრძალვის მექანიზმების შემუშავება, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ სხვა სახელმწიფოებიც შეძლებდნენ ბირთვული იარაღის შექმნას.

შეერთებული შტატების მთავრობა კი ამ იარაღის აკრძალვის საშუალებებზე ფიქრის ნაცვლად უფრო ასაიდუმლოებდა ატომური ბომბის შექმნის პროცესს და უახლოესი მოკავშირისა და პარტნიორის _ დიდი ბრიტანეთისთვის კი არ ფიქრობდა საიდუმლოს განდობას.

საბჭოთა აგენტურის ფუქსთან კავშირი ეპიზოდურად ხერხდებოდა 1946 წლამდე. ხოლო 1947 წელს ლონდონში მასთან შეხვედრა დაავალეს სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულების რეზიდენტურის უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ფეკლისოვს.

ფუქსმა ფეკლისოვს დამატებითი ინფორმაცია გადასცა და დააიმედა საბჭოთა მხარე, რომ მისი საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ეჭვს არ იწვევს. 1947 წლის ნოემბერში ფუქსი დაესწრო ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერთა კონფერენციას, სადაც განიხილებოდა უმძლავრესი ძალის მქონე ბომბების შექმნის პროექტები, მათ შორის, წყალბადის ბომბის.

სწორედ წყალბადის ბომბის ანატომია გადასცა კონფერენციის დამთავრებისთანავე ფუქსმა ფეკლისოვს. 1948 წლიდან ფუქსი ეჭვმიტანილად ცნეს საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვასთან თანამშრომლობაში. თუმცა მყარი მტკიცებულებების უქონლობის გამო ის ვერ დააპატიმრეს, მაგრამ დააპატიმრეს მეკავშირე, რომელმაც აღიარა დანაშაული და ამხილა მისი კავშირები ფუქსთან, რის გამოც ლონდონის სასამართლომ მას 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

1949 წლის 29 აგვისტო, როდესაც საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბი გამოსცადა, უნდა ჩაითვალოს საბჭოთა კავშირის ხალხებისა და თვით სტალინის გადარჩენის დღედ. 1945 წლიდან 1949 წლის 29 აგვისტომდე, ყოველ ცისმარე დილით მოსალოდნელი იყო დედამიწაზე წარმოუდგენელი კატასტროფა, რადგან შეერთებულ შტატებს შედგენილი ჰქონდა იმ 20 ქალაქის სია (მათ შორის იყო თბილისიც), რომლებიც ატომური ბომბებით უნდა გაენადგურებინათ. ყოველივე ეს გაცნობიერებული ჰქონდა პოლიტბიუროს ყველა წევრს, ყველაზე მეტად კი, რა თქმა უნდა, სტალინსა და მის პირველ ინფორმატორსა და დავალების შემსრულებელს _ ლავრენტი ბერიას.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. 1945 წლია 20 აგვისტოს შექმნილ განსაკუთრებულ კომიტეტში არა მარტო ატომურ ბობმბზე მუშაობდნენ არამედ ასევე მუშავდებოდა წყალბადის და ნეიტრონის ბომბის პროექტები კოსმოსური რაკეტები და კოსმოსური თავდაცვის პროექტები და ამის გამო იყო რომ საბჭოთა კავშირმა ატომური ბომბი შექმნა, ხოლო წყალბადის და ნეიტრონის ბომბი კიდევ ამერიკელებზე ადრე გამოსცადეს, ასევე ამერიკელებზე ადრე გაუშვეს კოსმოსური ხომალდი კოსმონავტით. განსაკუთრებული კომიტეტი თუ არ მეშლება ხრუშოვმა დახურა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here