Home რუბრიკები ისტორია შეხვედრები სტალინთან

შეხვედრები სტალინთან

887

მკითხველს, მინდა, მოვუთხრო სტალინის შეხვედრებზე იმ ადამიანებთან, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს სოციალისტური ქვეყნის მშენებლობასა და ფაშიზმზე გამარჯვებაში. გიამბობთ, რა კეთილი ზრუნვით ექცეოდა სტალინი ახალგაზრდებს, რათა, რაც შეიძლება მალე ჩამდგარიყვნენ სამშობლოს მშენებელთა რიგებში; როგორ უნდა შეეცვალათ ახალგაზრდებს ძველი თაობა და რა პატივი უნდა მიეგოთ მათ ძველებისთვის. წერილების ციკლი, რომელსაც პირობითადშეხვედრები სტალინთანდავარქვი, მოიცავს მხედართმთავრების, კონსტრუქტორებისა და სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგის წარმომადგენლების შეხვედრებსა და ურთიერთობას ბელადთან

პირველი წერილი მივუძღვენი საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისარს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი შახურინს, რომელიც მოსკოვის ოლქში პოდოლსკის რაიონის სოფელ მიხაილოვსკოეში დაიბადა 1904 წლის 25 თებერვალს.

 ალექსეი შახურინმა მუშაობა დაიწყო ელექტრომონტიორად, შემდეგ მუშაობდა ხარატად. როგორც ბეჯითი და მუყაითი ახალგაზრდა, კომკავშირულ სამუშაოზე გადაიყვანეს, სადაც მან მოსკოვის ბაუმანის რაიონის კომკავშირული ორგანიზაციის პირველ მდივნობასაც მიაღწია. იყო პარტიის იაროსლავსკის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი, შემდგომ კი _ გორკის სამხარეო კომიტეტის პირველი მდივანი.

1940 წლის 9 იანვარს გორკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის მისაღებში ტელეფონის ზარი გაისმა:

“_ ამხანაგო შახურინ! შეგიძლიათ, დღესვე გამოემგზავროთ მოსკოვში?

_ არაფრით არ შემიძლია ჩამოსვლა, რადგან ახლა მიმდინარეობს ოლქის უმაღლესი საბჭოს სესია, რომელსაც მე ვთავმჯდომარეობ. სესია ხვალაც გაგრძელდება.

_ მაშინ, ამხანაგო შახურინ, ახლავე მიდით სესიაზე და განუცხადეთ სესიის მონაწილეებს, რომ სასწრაფოდ ცენტრალურ კომიტეტში ხართ გამოძახებული. რით შეგიძლიათ დღესვე ჩამოხვიდეთ მოსკოვში?

_ მატარებელი 2 საათის შემდეგ გამოდის გორკიდან, სწორედ ამ მატარებლით ვიმგზავრებ.

 _ კეთილი, _ მიპასუხეს და ყურმილი დაკიდეს.

მეორე დღეს, ვიდრე სამსახური დაიწყებოდა, უკვე ცენტრალური კომიტეტის დერეფნებში დავდიოდი. ბოლოს, როცა პასუხისმგებელი პირები გამოჩნდნენ, მოვახსენე, რომ ჩამოვედი.

_ კეთილი, მაგრამ ვისთან ჩამოხვედით? _ მკითხეს გაკვირვებით.

ზარმა კრემლამდე მიაღწია. მიბრძანეს, სასწრაფოდ სტალინთან გამოვცხადებულიყავი. ცენტრალური კომიტეტიდან კრემლამდე არც ისე დიდი მანძილია, მაგრამ, სანამ სპასკის ჭიშკარს გადავჭრიდი, მე უკვე ჩემი დამემართა, _ რით იყო ასე სასწრაფოდ ჩემი გამოძახება გამოწვეული. ვაანალიზებდი განვლილ მუშაობას და განვლილ ცხოვრების გზას. თითქოს საგანგაშო არაფერი უნდა ყოფილიყო.

მუხლების კანკალით ავედი მეორე სართულზე. ამ შენობაში და ამ ადგილზე პირველად ვიყავი. მელოტი კაცი, რომელიც პირველი შემხვდა, ხმით ვიცანი. ის პოსკრებიშევი იყო, სტალინის მდივანი და მარჯვენა ხელი.

_კარგია, რომ ჩამოხვედით. დაელოდეთ. თუ საქმე გაქვთ, რომელიმე განყოფილებაში გაიარეთ, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, ყოველ წუთს სად იმყოფებით, რათა საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ აქ გაჩნდეთ.

შენობაში ბევრი ნაცნობი შემხვდა, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა სტალინთან ჩემი შეხვედრის შესახებ, რაც უფრო მანერვიულებდა და სხვადასხვა აზრს მიჩენდა. როგორც იქნა, მიხმეს პოსკრებიშჩევთან, მან კარი გამოაღო და შესვლა მიბრძანა. პირველად ვხედავდი ასეთ მწვანე მაუდგადაფარებულ მაგიდას, რომელსაც სკამები ჰქონდა შემოწყობილი. მოშორებით კი იდგა საწერი მაგიდა, რომელზეც მიდგმული იყო მცირე ზომის მაგიდა ტელეფონის უამრავი აპარატით.

გრძელ მაგიდასთან ისხდნენ მოლოტოვი, ვოროშილოვი და სხვა _ ჩემთვის უცნობი ადამიანები. ფანჯარასთან კი იდგა ხელში ჩიბუხმომარჯვებული სტალინი, რომელიც აუჩქარებლად წამოვიდა ჩემკენ და მიმითითა, დავმჯდარიყავი მაგიდასთან, თვითონ კი ნელი ნაბიჯით სიარული განაგრძო წითელ ხალიჩაზე. უკან მობრუნებული სტალინი ჩემ პირდაპირ გაჩერდა, თვალებში ჩამხედა და მკითხა:

_ ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგნიშნოთ საავიაციო მრეწველობის მინისტრად. გვჭირდება ენერგიული, გამბედავი და საქმის მცოდნე ახალგაზრდები. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

კითხვამ ისე დამაბნია, გონება გამიჩერდა, სიტყვები ყელში გამეჩხირა და ხმის ამოღება ვერ შევძელი. გორკში მუშაობა ძალიან მომწონდა და გეგმებიც უამრავი მქონდა.

 საუბარში ვოროშილოვი ჩაერია და განუმარტა სტალინს, რომ ეს ისეთ ადგილებში მუშაობდა და ისეთ შედეგებს აღწევდა, დარწმუნებული ვარ, საავიაციო მრეწველობასაც თავს გაართმევსო.

მოლოტოვი კი დაინტერესდა ჩემი მუშაობის პერიოდით და ყველა წვრილმანზე მეკითხებოდა.

ამ დროს კარი პოსკრებიშევმა შემოაღო. სტალინთან მივიდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

_შემოვიდეს, _ ბრძანა სტალინმა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი შემოვიდა. სტალინი ჩემკენ გამოემართა და მკითხა, _ ვიცნობდი თუ არა ამ ახალგაზრდა კაცს, რაზეც უარით ვუპასუხე.

_ მაშინ გაიცანით, ეს კონსტრუქტორი ალექსანდრე იაკოვლევია. შემდეგ იაკოვლევს ჩემი თავი წარუდგინა: ეს კი, _ მტკიცე ტონით განაცხადა სტალინმა, _ ჩვენი საავიაციო მრეწველობის მინისტრი შახურინია.

მივხვდი, რომ ჩემი საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო. სტალინმა მკითხა:

_ რამდენი წლისა ხართ?

_ ოცდათხუთმეტის, _ ვუპასუხე.

_ აი, მიმართა იაკოვლევს, როგორი ახალგაზრდა სახალხო კომისარი გვყავს. ეს ძალიან კარგია.

იაკოვლევის შემოსვლის შემდეგ ვიგრძენი, რომ სტალინის საუბრის ტონი შეიცვალა და ის უფრო რბილი და სასიამოვნო გახდა.

სტალინი კვლავ მომიახლოვდა და მითხრა:

_ თქვენი მოადგილე საცდელ ავიამშენებლობაში იაკოვლევი იქნება, სხვა მოადგილეებზე შემდგომ მოვილაპარაკებთ.

_ ახლა ეს მითხარით, ვის უწევთ რეკომენდაციას თქვენს ადგილზე _ გორკის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად?

მე დავუსახელე საოლქო აღმასკომის თავმჯდომარე მიხეილ ივანეს ძე როდიონოვი.

_ მხოლოდ და მხოლოდ როდიონოვს უწევთ რეკომენდაციას ამ თანამდებობაზე? _ მკითხა სტალინმა.

მე სტალინს მოვახსენე როდიონოვის შრომითი გზის შესახებ, მის სიმტკიცეზე საქმეში, მის პრინციპულობასა და მიზანსწრაფულობაზე. საუბარი დასასრულს მიუახლოვდა და ვთხოვე სტალინს, უფლება მოეცა, ჩავსულიყავი გორკში საქმეების გადასაბარებლად.

_ საქმის გადაბარება და მიღება მოახერხეთ მოსკოვში. თქვენ არ გაქვთ არც ერთი საათი თავისუფალი დრო. გორკში თქვენს საქმეებს ცეკას წარმომადგენელი გადააბარებს. თქვენ კი სამინისტროს საქმეებს მიხედეთ, _ განმიცხადა სტალინმა.

ვიდრე სასტუმროში მივიდოდი, გორკში უკვე იცოდნენ ჩემი ახალ ადგილზე დანიშვნის შესახებ და ისიც მომახსენეს, რომ როდიონოვი უკვე გამოემგზავრა მოსკოვში. როდესაც ჩემდამი რწმუნებულ სახალხო კომისარიატის სააქმეებსა და მის რთულ და სასწრაფოდ შესასრულებელ დავალებებს გავეცანი, გულში გავიფიქრე: სტალინი ყველაფერში მართალია, მე ერთი წუთითაც არ შემეძლო საქმიდან მოწყვეტა.

რამდენიმე დღე იყო გასული, რომ სტალინთან გამომიძახეს. ზღურბლს გადაცილებული არ ვიყავი, რომ სავარძლიდან წამოფრენილი სტალინი, სახეზე ცეცხლმოკიდებული და განრისხებული, მთელი ხმით აყვირდა:

_ რატომ, გეკითხებით, რატომ ხდება ამა და ამ ქარხანაში ასეთი და ასეთი უპასუხისმგებლობა და დანაშაული, რატომ არ უგდებთ ყურს ქარხნის მუშაობას, რატომ არ უნდა იყოთ საქმის კურსში, როდესაც საქმე ფუჭდება?

 ასეთი მრავალი რატომ დიდხანს ისმოდა ამ ვეებერთელა კაბინეტში.

შიშისაგან გაოგნებული ვიყავი. პაუზის გაჩენისთანავე ვისარგებლე და პასუხი გავეცი.

_ ამხანაგო სტალინ, თქვენ იქნებ არ გახსოვთ, რომ მე ამ სამინისტროში ცოტა ხანია, რაც ვმუშაობ?!

_ მე არაფერი მავიწყდება, _ უფრო განრისხდა სტალინი, _ თქვენ იქნებ ისიც მიბრძანოთ, რომ ყველა ამ უყურადღებობასა და დანაშაულზე პასუხი ყოფილ კომისარ კაგანოვიჩს მოვთხოვო, რომელმაც დააჩლუნგა სამინისტროს მუშაობა! თუ არა თქვენ, ვის მოვთხოვო პასუხი იმაზე, რაც დღეს არასწორად კეთდება სამინისტროში?!

ვფიქრობდი, რომ სტალინი ამ შემთხვევაში მწარე გაკვეთილს მიტარებდა, რათა მეც ასეთი მომთხოვნი ვყოფილიყავი ჩემი თანამშრომლების მიმართ, როდესაც საქმე გაფუჭდებოდა. სტალინი აშკარად მართალი იყო.

1940 წლის მაისი იდგა, როდესაც სტალინმა გამომიძახა და ჩვენ შორის საქმიანი საუბარი გაიმართა. მან მთხოვა, დაწვრილებით მომეთხრო გერმანიის საავიაციო მრეწველობის შესახებ და მის პერსპექტივებზე.

მე სრული სიზუსტით, ოფიციალურ მასალებზე დაყრდნობით, დავუხასიათე გერმანიის საავიაციო მრეწველობა და მოვახსენე, რომ, თუ გავითვალისწინებთ ოკუპირებული ქვეყნებიდან გერმანელების მიერ შემოერთებულ საჰაერო ძალებს, მაშინ გერმანიის საჰაერო ძალები საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალებს ორჯერ აღემატებამეთქი.

სტალინმა ჩემზე კარგად იცოდა, რასაც მოვახსენებდი, მაგრამ, მეც რომ ვიყავი ამ საქმეში საფუძვლიანად გარკვეული, ამას მის სახეზე გამოხატული კმაყოფილებით მივხვდი. ბოლოს კი მიბრძანა:

_ დაწერე ეს ყველაფერი ცენტრალური კომიტეტის სახელზე და დაუმატე ყველა იმ ღონისძიების ჩატარების გეგმა, რომელიც საქმის უსწრაფესად გასაკეთებლად არის საჭირო.

სტალინის დავალება დაუყონებლივ შევასრულე და ცენტრალურ კომიტეტს წარვუდგინე უახლოეს მომავალში სასწრაფოდ გასაკეთებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც უსწრაფესად უნდა დაწყებულიყო ცხრა ძველი თვითმფრინავმშენებელი ქარხნის რეკონსტრუქცია-გადაიარაღება და ცხრა ახალი ქარხნის მშენებლობა. ამასვე უნდა დამატებოდა თვითმფრინავის ძრავების დამამზადებელი ექვსი დიდი ქარხნის მშენებლობა.

ჩემი მოხსენების საფუძველზე ცენტრალურმა კომიტეტმა დადგენილება მიიღო”.

საავიაციო მრეწველობის სახალხო კომისარიატში დღე და ღამე მუშაობა არ წყდებოდა. არ წყდებოდა მუშაობა მის ქარხნებსა და საამშენებლო მოედნებზე. ამასთანავე, არ წყდებოდა სტალინის სატელეფონო ზარები სამუშაოების მიმდინარეობის გასაკონტროლებლად.

თვითმფრინავების ძრავების დამამზადებელმა ერთ-ერთმა ქარხანამ ძრავის რესურსის გაზრდის მიზნით თავისი ინიციატივით შესწორება შეიტანა მთავრობის მიერ მიღებულ ტექნოლოგიურ პროექტში და ძრავები გამოუშვა, რომლებზეც დაიხარჯა მასალები, თანხა და დრო, ძრავმა კი არ ივარგა.

ეს ფაქტი სტალინს მხედველობიდან არ გამორჩენია, არა მხოლოდ სახალხო კომისარიატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არამედ სხვა უფრო მისთვის სანდო საინფორმაციო საშუალების წყალობითაც. შახურინი სტალინთან დაიბარეს. სათათბირო მაგიდასთან, სადაც მოლოტოვი, ვოროშილოვი და სხვა პირები ისხდნენ, შახურინის მისვლის შემდეგ სწრაფად დაიწყო საკითხის განხილვა. სტალინი აღნიშნავდა, რომ შეცდომა, რომელმაც ზარალი გამოიწვია, არ არის ბოროტი განზრახვის შედეგი, ეს პირადი ინიციატივის გამოჩენის მცდელობაა. საჭიროა გამოიცეს ბრძანებულება, რომელიც მკაცრად დაიცავს ტექნოლოგიურ დისციპლინას.

სტალინმა ასეთი მომენტიც გაიხსენა:

_ ბულგანინისგან მივიღე წერილი, რომ ერთ-ერთ ჯარისკაცს ჩვეულებრივი ხუთვაზნიანი შაშხანა ათვაზნიან ავტომატურ შაშხანად გადაუკეთებია და ამისათვის ითხოვდა მთავრობის ჯილდოს.

სტალინის რეზოლუციით ჯარისკაცი პროგრესულად აზროვნებისთვის წაახალისეს, მაგრამ სამხედრო იარაღის თვითნებური გადაკეთების გამო რამდენიმე დღით ციხეშიც ჩასვეს.

სტალინმა შახურინს დაავალა, სასწრაფოდ შეედგინა ბრძანების პროექტი ტექნოლოგიური დისციპლინის მკაცრად დაცვის თაობაზე და წარედგინა მისთვის.

მეორე დღეს სტალინი თავისი წითელი ფანქრით სათანადო შესწორებებს უკეთებდა ბრძანების პროექტს და ამკაცრებდა დამნაშავეთა პასუხისმგებლობას. საბოლოო სახის მიღების შემდეგ გამოიცა კიდეც ბრძანება #518, რომლის სიმკაცრე და შედეგიანობაც დიდხანს დარჩა საავიაციო მრეწველობაში.

“ბრძანების გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც მივლინებიდან დავბრუნდი მოსკოვში, _ იგონებს შახურინი, _ სტალინთან დამიბარეს.

მისვლისთანავე სტალინმა მისაყვედურა, _ ბრძანება, რომელიც თქვენი ხელით შეადგინეთ და ხელიც მოაწერეთ, პირველმა თქვენ დაარღვიეთო.

როგორც გაირკვა, კონსტრუქტორ კლიმოვს იაკოვლევის გამანადგურებელზე ძრავის წონა 200 გრამით დაუმძიმებია, რადგან ტვიამფრქვევს, რომელიც ძრავის კარტერზე იყო დამაგრებული, უწყვეტი ცეცხლის გამო კარტერი გაუბზარავს, რის გამოც კლიმოვმა დაზიანებულ ადგილზე ლითონის სისქეს მოუმატა, შედეგად ძრავა 200 გრამით დამძიმდა, რაც ჩემთვის უცნობი იყო. სტალინი ძალზე მკაცრი იყო იმის გამო, რომ ძრავა დამძიმდა მას შემდეგ, რაც მან სახელმწიფო გამოცდა გაიარა და სერიულ წარმოებას გადაეცა.

სტალინს ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი მისი ადგილზე არყოფნის დროს მოხდა, მაგრამ სტალინმა ეს განმარტება ახლოსაც არ გაიკარა.

_ სულერთია, შენ ეს უნდა მოგეხსენებინა სახალხო კომისართა საბჭოსთვის!”

სტალინმა გასცა განკარგულება, შახურინისთვის საყვედური გამოეცხადებინათ და გაფორმდა კიდეც საოქმო გადაწყვეტილებაში.

“როდესაც კრემლიდან გამოვედით შეიარაღების მინისტრმა ვანიუკოვმა შეწუხებულმა მითხრა: ეს საყვედური, რომელიც სტალინისგან მიიღე, ჩემი ბრალია, კონსტრუქტორს მე ვუბრძანე, რადგან დრო არ ითმენდაო, _ იგონებს შახურინი და ასკვნის, რომ ასეთი იყო სტალინის მუშაობის სტილი და სტალინმა წვრილმანებამდე იცოდა არა მხოლოდ ავიაცია და სამხედრო მრეწველობა, არამედ სახალხო მეურნეობის ყველა დარგი.

შენიშვნა: გორბაჩოვსა და ელცინს რუსმა ოლიგარქებმა ისე დაუცარიელეს ზღვები და ოკეანეები ატომური მუხტით შეიარაღებული წყალქვეშა ხომალდებისგან, რომ ერთი სუბმარინის გამყიდველსაც ვერ მიაგნეს და პასუხი ვერ აგებინეს, რომ არაფერი ვთქვათ სატანკო დივიზიების ჯართში ჩაბარებაზე.

“1940 წლის ოქტომბერი იყო, _ იხსენებს შახურინი, _ კრემლის კაბინეტიდან სტალინის ბინაში გადავდიოდით. სტალინი და მე ჩამოვრჩით და სტალინმაც განაგრძო საუბარი დაწყებულ საკითხზე.

_ ამხანაგო სტალინ, ძალიან მეეჭვება, რომ ასე უცებ ვთქვათ უარი ძველ თვითმფრინავებზე და ახლის მშენებლობა დავიწყოთ. ვეჭვობ, ამას ვერ მოვასწრებთ.

_ მოვასწრებთ!

სიტყვა “მოვასწრებთ” ისე დაბეჯითებით და მკვეთრად გამოთქვა, რომ სხეულში უცაბედად იმედმა დამიარა. სიტყვა აღარ გამიგრძელებია.

დეკემბერში სტალინმა კრემლის ბინაში სადილად მიმიწვია, თან საქმიანი საუბარიც გამიმართა:

_ როგორ მიდის ახალი თვითმფრინავების გამოშვების საქმე? _ შემეკითხა სტალინი.

_ თვითმფრინავების გამოშვების საქმე წარმატებით მიდის, ჩვენი ქარხნები თვეში 2-3 თვითმფრინავით მეტს უშვებენ გეგმასთან შედარებით, _ ვუპასუხე მე.

_ მოდი, ასე შევთანხმდეთ, _ და სტალინმა თავისი მწვანე ფანქრით ქაღალდზე ჩამოწერა:

_ “ვალდებულება. ჩვენ, შახურინი, დემენტიევი, ხრუნიჩევი, ვორონინი (ჩამოთვალა ყველა ჩემი მოადგილე), ვიღებთ ვალდებულებას, დღე-ღამეში თვითმფრინავების გამოშვება ავიყვანოთ 50 ერთეულამდე”. ხომ შეიძლება, აიღოთ ასეთი ვალდებულება?

_ მხოლოდ მე არ შემიძლია გადავწყვიტო ამ ვალდებულების აღება, _ ვუპასუხე მე

_ რატომ? _ მკითხა სტალინმა

_ თქვენ მიერ შედგენილ ვალდებულებაში მხოლოდ ჩემი გვარი არ წერია, იქ სხვებიცაა მოხსენიებული, ხომ უნდა მოვეთათბირო მათ?

_ თანახმა ვარ. მოეთათბირეთ და შედეგი მომახსენეთ.

მეორე დღეს, დილიდანვე, ჩემს მოადგილეებთან ერთად მთელი ქარხნის დირექტორებთან სატელეფონო შეთანხმებებითა და მოთათბირებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ სტალინის წინაშე ეს ვალდებულება აგვეღო. სტალინის ხელით მწვანე ფანქრით დაწერილ ვალდებულებას ჩემთან ერთად ყველა მოადგილემ მოაწერა ხელი და საღამოს სტალინს მაგიდაზე დავუდე. სტალინი კმაყოფილი დარჩა არა მხოლოდ ვალდებულების აღებით, არამედ ვალდებულების აღებამდე ჩატარებული მუშაობით.

ავიამშენებლებმა სიტყვა შეასრულეს. 1941 წლის ივნისში დღე-ღამეში თვითმფრინავების გამოშვებამ ორმოცდაათს გადააჭარბა. ომის დაწყების პირველ თვეს ავიამშენებლებმა 1807 თვითმფრინავი გამოუშვეს, ესე იგი, დღე-ღამეში 60 თვითმფრინავი. სექტემბერში კი სადღეღამისო გამოშვებამ 70 თვითმფრინავს მიაღწია. შეფერხება იყო ქარხნების ევაკუაციის დროს, მაგრამ, როდესაც ურალს იქით კვლავ ახალი ძალით გაჩაღდა ავიამშენებლობა, თვითმფრინავების სადღეღამისო გამოშვებამ 100 თვითმფრინავს გადააჭარბა.

1940 წლის ბოლოს მე და ჩემი მოადგილე ბალანდინი და კონსტრუქტორი იაკოვლევი სტალინმა გამოგვიძახა. მას ძალიან აინტერესებდა “ემ-105” ძრავის ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც 1000 ცხენის ძალის მქონე იყო. სტალინმა გახსნა თავისი წითელი საცნობარო ბლოკნოტი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების მახასიათებლები ჰქონდა შეტანილი, შიგ ჩაიხედა და გულში ჩამწვდომად ჩაილაპარაკა:

_ ეხ, გვქონდეს ჩვენც ასეთი სიმძლავრის ძრავები თვითმფრინავებზე, სულ სხვანაირად დაველაპარაკებოდი იმ ვირს. გულისხმობდა ფაშისტურ გერმანიასა და მის ცოფიან ხელმძღვანელს.

რამდენი რამ გავაკეთეთ და შევძელით, უპირველესად, კლიმოვის საკონსტრუქტორო ბიუროში, რომ დავწეოდით და გაგვესწრო ყველა ქვეყნისათვის, როგორც ძრავების, ისე თვითმფრინავების მშენებლობაში”, _ შენიშნავს შახურინი.

“1941 წლის 10-11 ნოემბერი. შუა ღამეს გადაცილებული იყო, როცა სტალინმა დამირეკა და მკითხა:

_ როგორ არის საქმე?

ვუპასუხე, რომ მოსკოვისა და მოსკოვის ახლოს მდებარე საავიაციო ქარხნების ევაკუაცია დამთავრებულია, თუ ნებას დამრთავთ, მინდა, გავფრინდე ევაკუაციის ადგილზე, რათა დავაჩქარო მშენებლობის მიმდინარეობა. სტალინმა თანხმობა განმიცხადა. როდესაც საუბარი ძრავების ქარხნის დირექტორის კანდიდატურამდე მივიდა, სტალინს მოვახსენე, რომ ყველაზე უკეთ ახალაშენებულ ქარხანაში საქმეს ბალანდინი ააწყობდა.

_ ბალანდინი ხომ თქვენი მოადგილე იყო? _ მკითხა სტალინმა.

_ დიახ. ის, ამასთანავე, უმაღლესი დონის დირექტორიცაა, _ ვუპასუხე მე.

_ და შეძლებს საქმის გამოსწორებას? _ კითხვითვე მომმართა სტალინმა.

_ მასზე უკეთესად ვერავინ შეძლებს, _ ფრაზა დამთავრებული არ მქონდა, რომ საუბარი შეწყდა.

მეორე დღეს მე, დემენტიევი და იაკოვლევი სტალინმა თავისთან გვიხმო. იგი თავის კაბინეტში ბოლთას სცემდა, ჩვეული ტონითა და სიდინჯით საუბარი კვლავ ძრავების ქარხნისა და მისი დირექტორის კანდიდატურის შერჩევას შეეხო. მე ქარხნის დირექტორად კვლავ ბალანდინი დავასახელე (ბალანდინი კი ამ დროს სამშობლოს ღალატის ბრალდებით ლუბიანკაზე იმყოფებოდა). ჩემს მოთხოვნას მხარი დემენტიევმა და იაკოვლევმაც დაუჭირეს.

_ თანახმა ვარ! _ განაცხადა სტალინმა.

საუბარი საღამოს 8 საათზე დასრულდა და ჩვენს სამსახურებს მივაშურეთ. ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ჩემი კაბინეტის კარი ბალანდინმა შემოაღო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჯერ იმიტომ, რომ ბალანდინი გათავისუფლდა ციხიდან, უფრო დიდ სიხარულს კი ის მგვრიდა, რომ სტალინმა თხოვნა შემისრულა.

მეორე დილით კვლავ გაისმა სტალინის ტელეფონის ზარი.

_ ამხანაგო შახურინ, გავაკეთოთ ასე _ ბალანდინი, პირველ რიგში, აღადგინეთ მინისტრის პირველ მოადგილედ და შემდეგ დროებით დაავალეთ ქარხნის დირექტორობა ისე, რომ წყენა არ ჩარჩეს გულში.

სასწრაფოდ დავურეკე ბალანდინს და სტალინის დავალება გადავეცი. ბალანდინმა ღირსეულად შეასრულა დავალება, როგორც სამშობლოს, ისე სტალინის წინაშე.

აი, ასე ემზადებოდა ქვეყანა და პირადად სტალინი მტრის დასახვედრად. არადა, ზოგიერთი დილეტანტი ამტკიცებს, რომ საბჭოეთმა ახალი თვითმფრინავები ომის მეორე ნახევარში გამოუშვა, რაც სრული სიცრუეა. ისეთი რთული საჰაერო მანქანები, რომლებსაც ომის დროს ვუშვებდით, შეუძლებელი იყო, ომის მძიმე პირობებში შექმნილიყო. ეს სტალინის უძილო ღამეებისა და ავიაკონსტრუქტორთა და ავიამშენებელთა თავგანწირული შრომის შედეგი იყო, რომელმაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა”.

აქ, საგაზეთო ფორმატის გამო, შევწყვიტოთ შახურინზე თხრობა, თუმცა მისი და სტალინის შეხვედრებზე უამრავი საინტერესო მასალა არსებობს.

წინ კი მრავალი ადამიანის სტალინთან შეხვედრების ამსახველი მასალები გელით.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here