Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

სტალინი _ დიდი მხედართმთავარი

958

ბევრი მეცნიერი, ასტროლოგი თუ ფსიქოლოგი ამაოდ ჩაჰკირკიტებს 1945 წლის 24 ივნისს გამარჯვების აღლუმის მიმდინარეობისას მავზოლეუმის ტრიბუნაზე მყოფი სტალინის სახეს, რომელიც არცთუ ხალისიანად გაჰყურებს როგორც მოზეიმე წითელ მოედანს, ასევე, იმ შორეულ სივრცეებს, სადაც ჯერ კიდევ იწვის მძიმე არტილერიის დარტყმების თუ საჰაერო დაბომბვის შედეგად აალებული ქალაქები.

სტალინი თვალმოჭუტული გაჰყურებდა სივრცეს და აანალიზებდა, სად დაუშვა საბედისწერო შეცდომა (თუ დაუშვა _ გრ. ონიანი) და სად მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება. ტრიბუნაზე ის თანამებრძოლებთან და მეგობრებთან იდგა, მაგრამ თავისი სიდიადითა და შორსმჭვრეტელობით მაღლა, ძალიან მაღლა იდგა იმ გარემოცვასთან შედარებით.

უფორმოები, თავიანთი მლიქვნელობითა და მონური მორჩილებით, მართლაც, რომ უფორმოდ გამოიყურებოდნენ და გამარჯვებული “ბავშვებივით” აქაც ტაკიმასხარაობდნენ.

ფორმიანებს კი, რომლებსაც ხან ძალით ჩააცვა და ხანაც ძალით გახადა ტანსაცმელი, ზოგს საყელო უჭერდა, ზოგსაც ნაპატიებ მუცელზე მუნდირი არ ეკვროდა. თვალისმომჭრელად ბრწყინავდა სამხრეები, ბუზმენტები დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ მხრებსა თუ თავებზე. ქვაფენილზე კი ღრჭიალით მიჰქროდა ევროპაშემოვლილი სიკვდილის მანქანები. ბომბდამშენების ყურისწამღებმა გრუხუნმა მაღლა აახედა ცისა და ხმელეთის მპყრობელი და გამარჯვების ტრიუმფატორი. მან წამიერად თვალი მოჰკრა “ონავარი ვასილ სტალინის” მეთაურობით ცაზე უსწრაფესი თვითმფრინავების წყობით გამოსახულ სიტყვებს “დიდება დიდ სტალინს”.

სტალინმა თავი დახარა და ისევ სივრცეს გახედა. გაახსენდა ალმოდებული დედამიწის სფერო, რომელსაც არათუ აქრობდა, პირიქით _ ნავთს ასხამდა სატანის მიერ გამოგზავნილი ადამიანთა მოდგმის ნაძირალა ჰიტლერი.

სტალინმა ვერც პოლიტიკით, ვერც დიპლომატიით, ვერც ადამიანური ურთიერთობით ვერ შეაჩერა ჰიტლერის მიერ აგიზგიზებული ხანძარი, ვიდრე თვითონაც არ დარწმუნდა, რომ ცეცხლს ისევ ცეცხლი ჩააქრობდა.

დედამიწას, კაცობრიობას კატასტროფა დაემუქრა _ 110-მა მილიონმა ადამიანმა ხელში თოფი აიღო, 80-მდე დიდი თუ პატარა სახელმწიფო უშუალოდ ჩაება ომში. რკინის მადანი მიწიდან ამოიღეს, ფოლადად აქციეს და ცაში გაუშვეს, რათა იქიდან ღვთის რისხვად მოვლინებოდა კაცობრიობას. ერთხელ გამდნარი ფოლადი კვლავ დნებოდა და გავარვარებულ ზღვად და მდინარეებად მიედინებოდა ბრძოლის ველად ქცეულ დედამიწაზე.

მსოფლიოში ყველა თოფმომარჯვებულის _ მომხდურის თუ დამხდურის, ყველაზე დიდი მხედართმთავარი იყო ქართველი კაცი _ იოსებ ჯუღაშვილი. დღეს ვიღაც ისტორიკოსს, რომანისტსა თუ ბელეტრისტს ეშინია, კალამი არ გაექცეს და სტალინს იმაზე მეტი არ მიაწეროს, რაც ეკუთვნის…

მე კი არ მეშინია და ვიწყებ მასალების გამოქვეყნებას “ომის ღმერთზე” _ სტალინზე და, თუ ვინმეს ჩემი ეს ნაწერი გულზე დაადგება, ვურჩევ ცივი წყალი დალიოს.

სტალინგრადი. 1942 წლის 27 ნოემბერი. აპარატ “ბოდოსთან” სტალინი დგას და ესაუბრება სტალინგრადში მყოფ გენერალური შტაბის უფროს ალექსანდრე ვასილევსკისა და გენერალ ნიკოლაი ვატუტინს:

_ სისულელეა, არ დაგიმთავრებიათ ერთი საქმე და იწყებთ მეორეს. მტერი ალყაში გყავთ მოქცეული, რისთვისაც დაკავებული გყავთ სამი არმია, რას უყურებთ, რატომ არ გამოათავისუფლებთ სამ არმიას, რომლებმაც უნდა იბრძოლონ და არა იყარაულონ? დაუყოვნებლივ შეასრულეთ ჩემი ბრძანება, საჭიროა, ლიაპიჩევოსთან შექმნათ ოპერატიული პუნქტი 10-15 კაცის შემადგენლობით, რომელიც გააკონტროლებს ბლოკირებული შენაერთების იზოლაციას. რაც შეიძლება მეტად შეავიწროვეთ რკალი. მიხაილოვმა (ჟუკოვმა _ გრ.ო.) მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშაოს და თავი დაანებოს “სატურნის” გეგმას; რაც შეეხება “სატურნის” გეგმის, ის განახორციელოს ვატუტინმა და კუზნეცოვმა. მოსკოვი მათ აუცილებლად დაეხმარება. მეორე _ გაკვირვებული ვარ, საიდან აიღო ლელიუშენკომ 8 საბრძოლო დივიზია, რა გამოთქმაა და რა მიმართვაა: “ლელიუშენკოს მარჯვენა და ლელიუშენკოს მარცხენა ფრთა”, როდესაც ლელიუშენკოს ჰყავს ერთი პირველი გვარდიული არმია?

ვასილევსკი: _ კარგად მესმის, რომ სტალინგრადის დაჯგუფების განადგურება ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაგრამ ამხანაგმა ბერიამ თქვენი სახელით გამოგვიცხადა, რომ “სატურნს” განაგებს თვითონ. მე მზად ვარ, თქვენი ბრძანების შესასრულებლად.

სტალინი: _ როგორია თქვენი სხვა გეგმები? სად ფიქრობთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ოპერპუნქტების განლაგებას, სად იქნება “ვორონოვი” თქვენთან თუ დაუბრუნდება “სატურნის” რაიონს?

ვასილევსკი: _ აუცილებელია, მოგახსენოთ არსებული მდგომარეობა მიმდინარე მომენტისთვის.

ვასილევსკიმ მთავარსარდალს გააცნო მოქმედების გეგმა, მაგრამ სტალინმა მოკლედ და კონკრეტულად დავალება მისცა.

სტალინი: _ მექანიზებული კორპუსის გამოყენების ყოველგვარი უფლება დაუტოვეთ ვატუტინს მისი თვალსაზრისის მიხედვით.

ვასილევსკი: _ ამხანაგო სტალინ, “ვორონოვი” მთხოვს, წამოვიდეს 2 დღით ლელიუშენკოსთან ერთად, რათა შეთანხმებულად და უფრო სწრაფად შეადგინონ “სატურნის” გეგმა.

სტალინი: _ სად არის დონცოვის (როკოსოვსკის _ გრ.ო.) სამეთაურო პუნქტი?

ვასილევსკი: _ 24-ე არმიის მონაკვეთში.

სტალინი: _ კარგი. გაიყოლოს რამდენიმე სპეციალისტი და “დონცოვსა” და “ივანოვთან” ერთად სასწრაფოდ გადაწყვიტონ ეს საკითხი. ლელიუშენკოს დიდხანს ნუ მოაცდენთ, მან არმია სასწრაფოდ მიაბრუნოს ჩრდილოეთისკენ. მაინტერესებს, ვინ უხელმძღვანელებს პირველ გვარდიულ არმიას.

ვასილევსკი: _ ნება დამრთეთ, ჩემს თავზე ავიღო ეს.

სტალინი: _ მე გეკითხებით, ვინ იქნება პირველი გვარდიული არმიის სარდალი მარჯვენა ფლანგზე _ ლელიუშენკო, კუზნეცოვი თუ სხვა ვინმე?

ვასილევსკი: _ გთხოვთ, ნება დამრთოთ, მოვალეობა დავაკისრო კუზნეცოვს ვატუტინის უშუალო პასუხისმგებლობით.

ვასილევსკის პასუხიდან სტალინმა ვერაფერი რომ ვერ გაიგო, ბოლოს იკითხა: _ სად იქნება პირველი გვარდიული არმიის შტაბი _ ლელიუშენკოსთან თუ კუზნეცოვთან?

ვასილევსკიმ კვლავ დაბნეულად აუხსნა გვარდიის განლაგებისა და შტაბის ადგილმდებარეობის კოორდინატები, შემდეგ კი დაბნეულობის გამოსწორება იმით სცადა, რომ სტალინს სთხოვა, მისთვის სასწრაფოდ გაეგზავნა 8 საუკეთესო შტაბისტი, კავშირგაბმულობისა და ზურგის მომარაგების სპეციალისტები.

ნერვებმოშლილმა სტალინმა ვეღარ შეინარჩუნა წონასწორობა და ვასილევსკის თითქმის ყვირილით ჰკითხა:

_ ბოლოს და ბოლოს, მითხარით, ვინ იქნება მარჯვენა დაჯგუფების სარდალი _ კუზნეცოვი თუ ლელიუშენკო და სად იქნება მათი ადგილსამყოფელი?

ვასილევსკის აბდაუბდა საუბრიდან სტალინმა კვლავ რომ ვერაფერი გაარკვია, თვითონ დაიწყო ვითარების მოგვარება.

ამხანაგო ვასილევსკი, ლელიუშენკო უკვე სარდლობს ფრონტს გერმანელების წინააღმდეგ, მას თავი დაანებე, უკეთესი იქნება, თუ დარჩება თავის ადგილზე მარცხენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი კი გადაიყვანე მარჯვენა დაჯგუფებაში. კუზნეცოვი ამით კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება “სატურნის” მომზადებაში.

ვასილევსკი და ვატუტინი: _ ასეც მოვიქცევით, ამხანაგო სტალინ.

სტალინმა “ბოდოს” აპარატთან ვასილევსკი იხმო.

_ ჩაიწერეთ. პირველი _ თქვენი დავალებაა, გააერთიანოთ “დონცოვისა” და “ივანოვის” ძალები და ერთად გაანადგუროთ მოწინააღმდეგე. გთხოვთ, ნუ მიედ-მოედებით სხვა საქმეებს, თქვენ მხოლოდ ეს ერთი საქმე გავალიათ.

მეორე _ მთელი ავიაცია, ნოვიკოვის ავიაციის ჩათვლით, თქვენს განკარგულებაშია. თქვენი ამოცანაა, დაუნდობლად ურტყათ მტერს საბოლოო განადგურებამდე.

მესამე _ თუ საჭირო შეიქნება, შეიძლება გამოგიყოთ სატანკო კორპუსი “დონცოვის” ან “ივანოვის” გასამაგრებლად.

მეოთხე _ თქვენ გევალებათ, ყოველდღიურად ანგარიში ჩააბაროთ “სტავკას” “დონცოვისა” და “კუზნეცოვის” მოქმედებათა შესახებ.

მეხუთე _ ხვალ დილით უნდა მომახსენოთ, საჭიროა თუ არა 62-ე არმიის გადაცემა დონის ფრონტისთვის. ხვალვე მითხარით, სად გავგზავნოთ სატანკო კორპუსი. შეკითხვა ხომ არ გაქვთ, თქვენთვის ყველაფერი გასაგებია?

ვასილევსკი: _ ყველაფერი გასაგებია.

სტალინი: _ კეთილი, აპარატთან მოვიდეს ვატუტინი. ამხანაგო ვატუტინ, მიიღეთ დავალება.

პირველი _ უნდა უხელმძღვანელოთ ლელიუშენკოსა და რომანენკოს მოქმედებებს, ნიჟნე ჩირსკიდან ნიჟნე კრივსკოემდე. კონკრეტული დავალებაა. უნდა მოამზადოთ ოპერაცია “სატურნი”.

მეორე _ ვორონოვი დატოვეთ ფიოდოროვის განკარგულებაში “სატურნის” მოსამზადებლად და, ამასთანავე, ლელიუშენკოს დასახმარებლად.

მესამე _ პირველი შერეული ავიაკორპუსი ფიოდოროვის განკარგულებაში გამოგიგზავნეთ, დღე-დღეზე კი კვლავ მიიღებთ კიდევ ერთ ავიაკორპუსს, რომელშიც იქნება გამანადგურებლების დივიზია თავისი მოიერიშეებით.

მეოთხე _ თუ მეხუთე მექანიზებულ კორპუსს მიიღებთ, ეს რომანენკოს განკარგულებაში იქნება თუ არა?

ვატუტინი: _ დღევანდელი მდგომარეობით, მეხუთე მექანიზებული კორპუსის გამოგზავნა რომანენკოსათვის უფრო სამართლიანი იქნება, მაგრამ, თუ მის მიღებამდე მდგომარეობა შეიცვლება და დახმარება დასჭირდება ლელიუშენკოს, ჩვენ მას დავეხმარებით.

სტალინი: _ ვინ გაანაწილებს იმ მექანიზებულ კორპუსს, რომელსაც თქვენ მიიღებთ?

ვატუტინი: _ გვარდიული მექანიზებული კორპუსი დარჩება ლელიუშენკოს მარცხენა ფლანგზე.

სტალინი: _ ორივე მექანიზებული კორპუსი _ მეხუთე და გვარდიულიც, შეიძლება დარჩეს მარცხენა ფლანგზე ლელიუშენკოსთან, თუ რომანენკოს საბრძოლო რაიონში არსებულ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. “სატურნის” წარმატებისთვის უმოკლეს დროში დამატებით მიიღებთ ერთ მექანიზებულ კორპუსს და ერთ სატანკო კორპუსს. ეს იქნება თქვენი რეზერვი. სასწრაფოდ დასვით კუზნეცოვი ლელიუშენკოს მარჯვენა ფრთაზე პირველ გვარდიულ არმიაში და შეუქმენით ყველა პირობა “სატურნის” ოპერაციაზე სამუშაოდ. ყველაფერი გასაგებია თუ გაქვთ რამე გასარკვევი?

ვატუტინი: _ ჩვენთან დიდი ხანია, არ გამოჩენილა საარტილერიო დივიზია, არ ვიცი, რა ხდება.

სტალინი: _ საარტილერიო და საზენიტო დივიზიები უკვე დატვირთულია და ისინი მალე იქნებიან თქვენთან.

ვატუტინი: _ გასაგებია. გთხოვთ, მაცნობოთ მათი ნომრები. მე მხოლოდ 3 პოლკი დამრჩა, დანარჩენი გადავეცი 21-ე არმიას. გთხოვთ, თუ ამის საშუალება გექნებათ, დამატებით გამომიგზავნოთ 4 პოლკი.

სტალინი: _ თქვენი მოთხოვნები სასწრაფოდ გამოგზავნეთ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში. გამოვნახავ დროს და, თუ ახლა მხოლოდ 2 პოლკს გიგზავნი, ხვალ თქვენს მოთხოვნას სრულად დავაკმაყოფილებ. გმადლობთ, ნახვამდის.

ძვირფასო მკითხველო, ეს საუბარი იმიტომ მოვიყვანე დაწვრილებით, რომ იცოდეთ, რა ზუსტად იცოდა ომის ყველა წვრილმანი და როგორი გულდასმითა და ყოველგვარი კითხვების გაუჩენლად აძლევდა დავალებას სტალინი.

არავის სამხედრო ნიჭსა და თავდადებას არ ვამცირებ, მაგრამ, უბრალოდ, სასაცილოა და შეურაცმყოფელი, როცა ამბობენ, ომი პარტიამ, ხალხმა, კოალიციამ, რუსულმა ზამთარმა და ღვთისმშობლის ხატმა მოიგოო. ხატს, რა თქმა უნდა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ის ხატი, რომელმაც მსოფლიო და მისი კულტურა გადაარჩინა, ჯერ არ გამოჭედილა. ჯერ არ აღვლენილა ლოცვა მის მიმართ, ვინც მართლმადიდებლურ მსოფლიოს ქრისტეს საფლავი შემოუნახა, ვინც ქრისტეს რჯული შეინარჩუნა, ვინც ქრისტეს 10 მცნება კონსტიტუციად აქცია და ვინც 30 წლის განმავლობაში კრემლში უფლის მოვალეობას ასრულებდა.

მე აღვწერე სტალინგრადის ბრძოლების ერთი ეპიზოდი, როგორ უმარცვლავს და თავში უდებს თავის მხედართმთავრებს ომის ყველა მოსალოდნელ სირთულეს და ზღუდეს. მსოფლიოს ბეჭდურ თუ ელექტრონულ მედიაში რომელიმე ქალაქისა თუ ადგილის სახელწოდება იმდენჯერ არ უხსენებიათ, რამდენჯერაც სტალინგრადი. სტალინგრადის შემოქმედი კი ხომ თვითონ სტალინია?! ვის ეპარება ეჭვი, რომ სტალინგრადთან გამარჯვების შემდეგ სტალინს ომი მოგებული არ ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ადამიანური აზროვნება ვერ წვდება იმ საიდუმლოს, რატომ უნდა გაეყოთ სტალინის მიერ მოკლული დათვის ტყავი სამ კაცს!

ვერც სტალინგრადთან გამარჯვებამ გადაწყვიტა მეორე ფრონტის გახსნა. სტალინმა უამრავ წყალქვეშა დინებაში გაიარა, მოკავშირე მტრად რომ არ ქცეოდა და ინგლის-ამერიკას ზავი არ შეეკრა გერმანიასთან (მტრისგან ყველაფერი მოსალოდნელია).

კურსკის გათავისუფლების აღსანიშნავად წითელ მოედანზე გამართული აღლუმი, რომელმაც გაანათა არა მხოლოდ მოსკოვის ცა, არამედ მილიონობით ადამიანის გული და გონება, სტალინის გამარჯვების, შინაგანი ძალის, უძლეველობისა და ზეადამიანობის გამოხატულება იყო.

1943 წლის 31 დეკემბერი ღმერთისა და მის მიერ გაჩენილი არსების პირისპირ შეხვედრის ჯერ გაუაზრებელი და შუცნობელი მოვლენაა. არავინ იცის, კაცი ეახლა ღმერთს თუ ღმერთი მივიდა ადამიანთან ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს…

ბერიამ ყურმილი საფეთქელთან მიიდო და სწრაფად წამოხტა:

_ გისმენთ, ამხანაგო სტალინ!

_ თუ იცით, მიშა ჭიაურელი მოსკოვშია?

_ დავაზუსტებ და მოგახსენებთ.

_ ამხანაგო სტალინ, ჭიაურელი მოსკოვშია და ელის თქვენს ბრძანებას.

_ ბრძანებას, როგორ გაკადრებთ, _ ღიმილით მიუგო სტალინმა, მაგრამ, თუ შეძლებთ, შენ და მიშა კრემლის ბინაში მეწვიეთ საღამოს 11 საათზე.

მასპინძელი მხიარულად შეხვდა სტუმრებს. პატარა მოკრძალებული სუფრაც დაახვედრა. საუბარიც გულთბილად წარიმართა. სტალინი ენაწყლიანობდა, იხსენებდა ბავშვობას, სემინარიაში სწავლას, მასწავლებლებისა და გადასახლების ამბებს. მიხეილი ოხუნჯობდა, ანეკდოტებს ყვებოდა, მას არც სტალინი ჩამორჩებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინთან სტუმრობა მოსაწყენი არასოდეს ყოფილა, დრო მაინც ნელა გადიოდა. მაშინ კი, როდესაც ფანჯარასთან რძისფერი შენიშნა, სტალინმა მოკრძალებით წარმოთქვა, _ ხომ არ დავიშალოთო.

მასპინძელმა კარამდე გამოგვაცილა, კარგ განწყობაზე იყო. დერეფანში ბერია დაწინაურდა, მე კი სტალინმა ხელკავი გამომდო და ისე გამოვედით. ვიგრძენი, ჯიბეში რაღაცამ გაიფათურა, მაგრამ გვერდით გახედვა ვერ გავბედე”, _ იხსენებდა მიხეილ ჭიაურელი მოგვიანებით. “გარეთ გამოვედით. რადგან ბერიასთან ერთად ჩამოვდიოდი კიბეზე, ვერც მაშინ გავბედე ჯიბეში ხელის ჩაყოფა, რათა გამეგო, რა ჩამიდეს პალტოს ჯიბეში. ბერიამ სახლის კიბემდე მიმაცილა. შინ შესულიც არ ვიყავი, რომ ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ამოვიღე ხელსახოცში გახვეული მრგვალი საგანი და, ჰოი, საკვირველებავ! _ ხელში შემრჩა წითლად შეღებილი კვერცხი, რომელზეც სტალინის ხელით იყო დაწერილი: “ ნოვიმ გოდომ”.

გაკვირვებული მიხეილ ჭიაურელი ვერაფრით მიხვდა, რას ნიშნავდა ან ღამის თევა, ან ეს საჩუქრი. მას ხომ ამგვარი საჩუქარი აღდგომასაც ჰქონდა მიღებული სტალინისგან, მაგრამ მაშინ ეს ადვილად ახსნა, _ სტალინმა შეგნებულად გაათენა მასთან ერთად ღამე და ამით მეტანიობაც შეასრულა და წითელი კვერცხითაც დაასაჩუქრა. საახალწლოდ წითელი კვერცხის ჩუქება კი მისთვის აუხსნელი იყო…

1944 წლის 1 იანვრიდან სტალინი რეგულარულად ამუშავებდა სამხედრო შენაერთ “ჩრდილოეთის” სამოქმედო რუკას, შეჰქონდა შესწორებები, გადააადგილებდა და სხვადასხვა მიმართულებას აძლევდა შემადგენლობებს. P1 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით სტალინმა 7-ჯერ გამოცვალა დაჯგუფება “ჩრდილოეთის” რუკები, რადგან დამუშავებისგან სამოქმედო მიმართულებების მაჩვენებელი ხაზები ერთმანეთს აჯდა.

14 იანვარს ძველი ახალი წელი უკვე ძალაში შედიოდა, როცა ვოლხოვის ფრონტმა ერთიანად იქუხა და მოწინააღმდეგის გამაგრებული პლაცდარმი ცაში ავარდა. სამწლიან ალყაში მყოფი ქალაქი ლენინგრადი სულს ითქვამდა, მაგრამ სულს ღაფავდნენ არმიები, რომლებიც გარს შემოხვეოდნენ ლენინგრადს. სისხლის მდინარეები უერთდებოდა ნევას.

27 იანვარს სტალინმა ბრძანება გასცა, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვს გამარჯვების სალუტით აღენიშნა ლენინგრადის განთავისუფლება გერმანელი დამპყრობლებისაგან.

ასე ბრწყინვალედ დასრულდა მსოფლიოს ისტორიაში 10 სტალინურ დარტყმად წოდებული ომის ერთ-ერთი ეტაპი _ Lლენინგრადი ათი სტალინური დარტყმიდან პირველი იყო.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

1 COMMENT

  1. ბედნიერი ვარ სტალინი სიცოცხლეში მყავს ნანახი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here