Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 7 ყველაზე სისხლისმღვრელი ომი კაცობრიობის ისტორიაში

7 ყველაზე სისხლისმღვრელი ომი კაცობრიობის ისტორიაში

1346

კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა. შვეიცარიელმა ჟან-ჟაკ ბაბელმა გამოთვალა, რომ ჩვ.წ. აღ-მდე 3500 წლიდან დღემდე კაცობრიობამ მშვიდობით მხოლოდ 292 წელს იცხოვრა. ომში დაღუპულთა რაოდენობის დათვლა ძალიან რთულია, მაგრამ, თუ მინიმალურ მონაცემებს ავიღებთ, სურათი ასეთია:

1. ნაპოლეონის ომები (1799-1815)

ომებს, რომლებსაც ნაპოლეონ ბონაპარტე აწარმოებდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოსთან 1799-1815 წლებში, ნაპოლეონის ომებს უწოდებენ. ფრანგმა მხედართმთავარმა ევროპის რუკის გადაკეთება მანამდე დაიწყო, სანამ სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდა და კონსული გახდებოდა. ჰანოვერის კამპანია, მესამე კოალიციის ომი, ანუ 1805 წლების რუსეთის, ავსტრიისა და საფრანგეთის ომი; მეოთხე კოალიციის ომი, ანუ რუსეთ-პრუსია-საფრანგეთის 1805 წლის ომი; მეხუთე კოალიციის ომი, ანუ 1809 წლის ომი ავსტრიასა და საფრანგეთს შორის; 1812 წლის ომი რუსეთთან, ევროპული სახელმწიფოების მეექვსე კოალიციის ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ და “ასდღიანი ომი”, რომელიც ვატერლოოსთან ნაპოლეონის განადგურებით დასრულდა. ამ ომებმა, ჯამში, სულ ცოტა, 3,5 მლნ ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2. სამოქალაქო ომი რუსეთში (1917-1923)

სამოქალაქო ომში, რომელიც 1917 წლის რევოლუციას მოჰყვა, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, ვიდრე ნაპოლეონის ომებში _ 5,5 მლნ ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანური დანაკარგები იმჟამინდელი მსოფლიოს ნახევარი პროცენტი იყო, წითლებსა და თეთრებს შორის ომმა რუსეთს მძიმე შედეგი მოუტანა.

3. პირველი მსოფლიო ომი (1914-1918)

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომან “დიადი გეტსბის” გმირმა პირველ მსოფლიო ომს ტევტონთა ტომების “დაგვიანებული გადასახლება” უწოდა. ამ ომს უწოდებდნენ ომს ომის წინააღმდეგ, აგრეთვე, ევროპულ ომს, მაგრამ სახელი, რომლითაც ის ისტორიაში დარჩა, მოიფიქრა გამოცემა “თაიმსის” სამხედრო მიმომხილველმა, პოლკოვნიკმა ჩარლზ რეპინგტონმა _ პირველი მსოფლიო ომი. მსოფლიო ხორცსაკების ამუშავებას სტარტი მისცა 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში სერბი გავრილა პრინციპის მიერ გასროლილმა ტყვიამ, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ამ დღიდან 1918 წლის 11 ნოემბრამდე დაიღუპა, სულ ცოტა, 15 მლნ ადამიანი. უამრავი ადამიანური მსხვერპლის გარდა, I მსოფლიო ომის შედეგად განადგურდა ოთხი იმპერია _ ოსმალეთის, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და რუსეთის.

ვალის ვერეშჩაგინის ნახატი „ომის აპოთეოზი“ („თემურლენგის ზეიმი“)

4. თემურლენგის ომები (XIV საუკუნე)

გახსოვთ, ალბათ, რუსი მხატვრის, ვასილ ვერეშჩაგინის, “ომის აპოთეოზი”. მას, თავდაპირველად, “თემურლენგის ზეიმი” ეწოდებოდა იმიტომ, რომ აღმოსავლელ მხედართმთავარსა და დამპყრობს უყვარდა პირამიდების აგება ადამიანების თავებისგან. თემურლენგმა (ტამერლანმა), “კოჭლმა თემურმა” XIV საუკუნის მეორე ნახევარში მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 4 პროცენტი დაიპყრო _ დაახლოებით 20 მლნ ადამიანი. ააოხრა შემდეგი სახელმწიფოები: ირანი, ამიერკავკასია (1386-1403 წლებში თემურლენგი 8-ჯერ შემოესია საქართველოს), ინდოეთი, ოსმალეთი, რუსეთი. თემურლენგის მმართველობის ბოლოს მისი იმპერია გადაჭიმული იყო ამიერკავკასიიდან პენჯაბამდე. ჩინეთის დაპყრობა კი ვერ მოასწრო _ სიკვდილმა გააჩერა.

5. ტაიპინების ამბოხება (1850-1864)

ჩინეთში, ცინის იმპერიაში, XIX საუკუნის შუა წლებში ტაიპინების აჯანყებამ ჩინელი და მანჯურიელი ფეოდალების, აგრეთვე, ევროპელი აგრესორების წინააღმდეგ, 20 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აჯანყება, რომელიც 1850 წელს დაიწყო, ჩინელი გლეხების ამბოხი იყო. ტაიპინების მიზანი მანჯურებისა და უცხოელი კოლონიზატორების უღლის გადაგდება და თანასწორუფლებიანი ადამიანების _ ტაიპინების ციური სამეფოს შექმნა იყო, რომელშიც სიტყვა “ტაიპინი” “დიად სიმშვიდეს” ნიშნავდა.

ამბოხებას მეთაურობდა ხუნ სიუციუანი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ქრისტეს უმცროსი ძმა იყო, მაგრამ ქრისტიანულად, ანუ გულმოწყალედ არაფერი გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ჩინეთში შექმნეს სამეფო, რომელშიც 30 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ტაიპინების აჯანყება ჩინეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 1864 წელს ჩაახშო ინგლისელებისა და ფრანგების დახმარებით.

6. მონღოლეთის იმპერიის ომები (XIII-XV საუკუნეები)

მონღოლეთის იმპერიას ისტორიკოსები უწოდებენ სახელმწიფოს, რომელიც ჩინგიზ-ყაენმა (მონღ. _ ჩინგისხანი) და მისმა მემკვიდრეებმა შექმნეს დაპყრობითი ომების შედეგად. მსოფლიო ისტორიაში ამ ყველაზე დიდი იმპერიის ტერიტორია გადაჭიმული იყო მდინარე დუნაიდან (ევროპა) იაპონიის ზღვამდე და ნოვგოროდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე. იმპერიის ფართობი განსაცვიფრებელია _ 24 მლნ კვ. კმ; რაოდენობაც იმ ადამიანებისა, რომლებიც შექმნას, არსებობასა და დაშლას შეეწირნენ, ძალიან დიდია _ 30 მლნ-ზე მეტი კაცი.

ჩინგიზ-ყაენის შექმნილმა იმპერიამ საკმაო ხანს იარსება _ XIII საუკუნის პირველი წლებიდან 1480 წლამდე, როცა რუსეთმა საბოლოოდ გადაიგდო თათარ-მონღოლთა ბატონობის უღელი.

7. მეორე მსოფლიო ომი (1939-1945)

სისხლისღვრის საშინელი რეკორდი დამყარდა მეორე მსოფლიო ომში _ დაღუპულთა რაოდენობამ 70 მლნ ადამიანი შეადგინა. მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა მსოფლიოში 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობდა 62 სახელმწიფო, იმხანად მსოფლიოში არსებული 73-დან, ანუ დედამიწის მოსახლეობის 80%. ბრძოლები მიმდინარეობდა ხმელეთზე, ცაში და ზღვაზე, 3 კონტინენტსა და 4 ოკეანეში. ეს იყო პირველი ომი, რომელშიც ბირთვული იარაღი გამოიყენეს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here