Home რუბრიკები პოლიტიკა მეორადი მოხმარების გუბერნატორი

მეორადი მოხმარების გუბერნატორი

532

ამას წინათ ოდესის ოლქის ახალდანიშნულმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ პროკურორებს საგანგებო სხდომაზე შავი დღე აყარა. უსამართლობით, მექრთამეობითა და დრომოჭმული ბიუროკრატიით “განრისხებულმა” ღუბერნატორმა მაგიდას სულ მუშტები ურტყა _ ან მე ვიქნები, ან თქვენ! ვისაც კორუფციაზე დაგიჭერთ, სულს ამოგხდითო. “ბელადის” გაავება გამოიწვია იმან, რომ ოლქში ბიზნესმენებს საკმარისად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო არ აქვთ, რაც თურმე ქვეყნის განვითარებას აფერხებს და სამუშაო ადგილების შექმნას ხელს უშლის.

 

ისხდნენ ზორბა პროკურორები შერცხვენილნი და “ბელადის” მუქარას გულისფანცქალით ისმენდნენ: “პროკურატურის ამ საქციელს ჰქვია სახელმწიფო რეკეტი. თქვენ მე ვერაფერს მასწავლით, მე ასეთი პროკურორები ბევრი მყავს ნანახი და შემდეგ ისინი ციხეში აღმოჩდნენ…”

თავის დროზე, როცა სააკაშვილს გუბერნატორის სკიპტრა ჩააბარეს, ხოლო მისი დამქაშები: ვარშალომიძე, გეწაძე, ზღულაძე და კვიტაშვილი მაღალ თანამდებობებზე გაამწესეს, ზოგ უკრაინელს, ალბათ, გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ დედაუკრაინა მალე წმინდა ევროპული სახელმწიფო გახდებოდა; ბევრი, ალბათ, იმასაც ელოდა, რომ “კორუფციის რისხვა” მიხეილ სააკაშვილი უსამართლობას მუსრს გაავლებდა და ხალხის ფულს ისევ ხალხს დაუბრუნებდა, მაგრამ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს.

ზემოაღნიშნულმა სხდომამ და განსაკუთრებით იმ რეაქციულმა ტონმა, რომლითაც “ბელადი” პროკურორებს ელაპარაკა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რომ, როგორც კუზიანს, ამ ორმეტრიან შიზოიდსაც მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს და, ვიდრე ძალაუფლება მას და მისნაირ მარაზმატებს უპყრიათ ხელთ, უკრაინა და უკრაინელი ხალხი კარგს არაფერს უნდა ელოდოს. კერძოდ, რას ვგულისხმობ:

12 წლის წინათ, როცა სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი საქართველოში ხელისუფლების სადავეებს დაეპატრონა, ქართველი საზოგადოების ერთმა ნაწილმა (სხვათა შორის, არცთუ მცირემ) ოცნების კოშკების აგება დაიწყო. ბევრს ეგონა, რომ ნატოს კარს შევლეწავდით და ევროკავშირშიც დიდი პატივით მიგვიღებდნენ, მაგრამ აი, რა მივიღეთ: კორუფციას რიგითი მოქალაქე ყოველ ნაბიჯზე არ აწყდებოდა, სამაგიეროდ, ამ უბედურებამ უმაღლეს ეშელონებში გადაინაცვლა და უხილავი გახდა, ანუ გაგრძელდა იქ, სადაც მხოლოდ პოლიტელიტას თუ მიუწვდება ხელი. ერთი შეხედვით, დამყარდა წესრიგიც, იმის შიში არავის ჰქონდა, რომ მანქანას მოპარავდნენ, დააყაჩაღებდნენ, გაძარცვავდნენ, მოკლედ, ქურდულ სამყაროს კუდით ქვა ასროლინეს. სამაგიეროდ, შიშის ზარს საზოგადოებას უკვე თვითონ ხელისუფლება სცემდა _ დევნა, ტერორი, რეპრესიები ყოველდღიურ მოვლენად იქცა, ანუ, ფაქტობრივად, შეიცვალა ის, რომ ქურდები და კრიმინალები მართლა “კანონიერები” გახდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით _ ისინი კანონს ამოეფარნენ. ეს ყველაფერი, ცხადია, თითოეულ მოქალაქეს ახსოვს და “ნაცების” დანაშაულების სათითაოდ ჩამოთვლა, ალბათ, საჭირო არ არის, მაგრამ იმ ცხრაწლიანი უბედურების გახსენება საჭიროა, როცა საუბარია უკრაინის თავისუფლებაზე და დასავლეთის “ლიბერასტობა” ერთხმადაა აყმუვლებული უკრაინელი ხალხის “ფუნდამენტური უფლებების” დასაცავად. რეალურად კი ვხედავთ, რომ ამ ისედაც გაუბედურებულ, გაჩანაგებულ, მიწასთან გასწორებულ ქვეყანაში საქართველოს უახლესი, ყველაზე ბნელი და ავბედითი ისტორია ერთი-ერთზე მეორდება. “ნაცტერორის” ტალღა, სადაცაა, ყველაფერს წალეკავს და გადაუვლის. ისე, ნათქვამია, ბრძენი სხვის შეცდომებზე სწავლობსო.  უკრაინელებსაც საქართველოს მაგალითზე ბევრი რამის გათვლა შეეძლოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლურმა პროპაგანდამ ამ ხალხს შავი თეთრად მოაჩვენა. ჰოდა, ახლა, ალბათ, ძალიან გვიანია _ “ნაცები” მეტასტაზებივით  მოედნენ პოროშენკოს ხუნტის ადმინისტრაციას და, უნდათ თუ არა, მოსწონთ თუ არა, უკრაინელებს, ამ სახადის მოხდა ბოლომდე მოუწევთ. ზუსტად ამაზეა ნათქვამი: რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. 600 მილიონ ევროდ სამშობლოს რომ ყიდდნენ (სწორედ ამდენს სთავაზობდა მათ ევროკავშირი, თანაც ვალად) და ქურდბაცაცა ტიმოშენკოს თავისუფლებისთვის კიევი ბარიკადების ქალაქად რომ აქციეს, მაშინ უნდა ეფიქრათ მოსალოდნელ უბედურებაზე. თუმცა უკრაინელებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, დაფიქრდნენ და რაციონალური დასკვნა გამოიტანონ _ უღირთ თუ არა მოძმე რუსეთთან ომი იმ ევროპის ვასალობისთვის, რომელმაც ქვეყნის სათავეში საქართველოდან სამარცხვინოდ გაქცეული, სამშობლოს უარმყოფელი მიხეილ სააკაშვილი დაუსვა. სხვათა შორის, წინა კვირას სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან კიდევ ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა: საქართველოში როცა მომინდება, იმწამს დავბრუნდებიო. გამომდინარე იქიდან, რომ “ბელადის” ტვინის გახურების კოეფიციენტი ბოლო ხანს კრიტიკულად მაღალია, ამ განცხადების ადეკვატურობაზე, ალბათ, ვერ ვიმსჯელებთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია: “ნაცების ბუღას” გამჩენი არ ასვენებს და ისევ დაბრუნებაზე, ისევ ხელისუფლების სათავეში მოსვლასა და საზოგადოების დამონებაზე ფიქრობს. “ლიბერასტები”, ალბათ, მართალნი არიან, როცა ამბობენ, უკრაინაში დღეს საქართველოს ბედი წყდებაო. ასეა, მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს _ თუკი ეს ავანტიურა მისივე შემოქმედი “დემოკრატიული დასავლეთის” გამარჯვებით დასრულდება, დიდი შანსია, რომ სააკაშვილის სიტყვები “როცა მომინდება, დავბრუნდებიო” რეალობად იქცეს. სხვა შემთხვევაში კი ოდესა “ბელადისთვის” ბოლო გაჩერება იქნება, რადგან, ადრე თუ გვიან, უკრაინელები მიხვდებიან, რა შარშიც გაეხვივნენ და მოსიარულე გვამებს მიწას მიაყრიან…

სააკაშვილი დღეს დაუმარხავი გვამია და, სხვა თუ არაფერი, იმის საფრთხე მაინც არსებობს, რომ პოლიტიკურმა ეპიდემიამ იფეთქოს. აი, რა გვაერთიანებს დღეს ჩვენ და უკრაინელებს _ ორივეს ერთი მკვდარი გვყავს დასამარხი, ორივეს ერთი ჭირი და უბედურება დაგვტრიალებს თავს…

ჯაბა ჟვანია

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here