Home რუბრიკები პოლიტიკა “მკვლელობები გაგრძელდება. ეს არის ჩუმი რევოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ლიდერების ლიკვიდაციაზე!”

“მკვლელობები გაგრძელდება. ეს არის ჩუმი რევოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ლიდერების ლიკვიდაციაზე!”

756

28 მარტს საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთი ხმაურიანი მკვლელობის მოწმე გახდა _ ბიზნესმენი ბესო ხარძიანი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. “შვილის საფლავზე, საკუთარ სადარბაზოსთან, საკუთარ მანქანაში… და ასე უსასრულოდ, როდემდე, ხელისუფალნო?! ალაგმეთ ლინჩის წესით გასამართლება, თორემ ხალხის სისასტიკე შეგიწირავთ ყველას. როდემდე და სადამდე? ახლა ველოდებით, საკუთარ საწოლში ვის მიაკითხავენ ეს ნაძირალა მკვლელი ნაცისტები”, _ ასე გამოეხმაურნენ ადამიანები სოციალურ ქსელში ბიზნესმენის მკვლელობას.


2012 წლის ოქტომბერში ქართველმა ხალხმა “ქართული ოცნება” ერთადერთი მიზეზით მოიყვანა ხელისუფლებაში და ეს ერთადერთი მიზეზი “ქართული ოცნების” ლოზუნგი იყო _ “ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს!”

ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად დიდი საშიშროებაც გაჩნდა იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც “ნაცრეჟიმის” პერიოდში ციხეებში ისხდნენ და შემდეგ “ოცნებამ” ამნისტიით გამოუშვა, ქუჩებში, სადარბაზოებში, სახლებში დემონსტრაციულად დახოცავდნენ მწამებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

არჩევნებიდან რამდენიმე თვეში ადვოკატი ლალი აფციაური ამბობდა: “ქუჩაში მიმავალი ადამიანი რომ შეეჩეხება თავის მწამებელს, გამაუპატიურებელს, ოჯახის დამაქცევარს, გამანადგურებელს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ტყვიას არ დაახლის?!” ფაქტია, რომ ყველაფერი პირიქით ხდება…

2012 წლის არჩევნების შემდეგ, პირველ თვეებში სულ სხვა ვითარება იყო და მართლაც გაჩნდა ანგარიშსწორების საშიშროება. ერთ-ერთ კაფეში სასტიკად გალახეს დედაქალაქის ყოფილი მერი ზურაბ ჭიაბერაშვილი, პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ერთ-ერთი საპყრობილის უფროსი ლაშა ბრეგვაძე; საქმეში მყისვე ჩაერია ხელისუფლება და ამერიკის საელჩოც… ხელისუფლებას კოაბიტაცია დაევალა _ აიკრძალა ძალადობა და ნებისმიერი ზემოქმედება.

ორ წელიწადნახევარი გავიდა, კოაბიტაციაც დასრულდა, მაგრამ სამართლიანობის აღდგენით გახარებული და ხელისუფლების მადლიერი ერთი ბიზნესმენიც არ მოიძებნება, ვერც ერთი შვილმკვდარი მშობელი ვერ იტყვის, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით მიდის.

ლოდინით დაღლილი ადამიანები, რომლებმაც ზედმეტი სიფიცხის გამო სიტყვები ვერ მოზომეს, დღეს უკვე ცოცხლები აღარ არიან.

გავიხსენოთ ამა წლის 20 იანვარს შვილის საფლავზე მოკლული იური ვაზაგაშვილის სიტყვები: ყველა დაზარალებული ერთად მივადგეთ ამ ხელისუფლებას და პასუხი მოვთხოვოთ. ყველა დაზარალებულმა ვიცით, ვინ ვისი მფარველია და ვისი ფულით იკვებება”. ერთ კვირაში ვაზაგაშვილი მოკლეს.

“ცუდ გაფრთხილებას ვიძლევი: თუ არ აღდგა სამართლიანობა, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში!” _ ამის თქმიდან ზუსტად ორ კვირაში ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ქუჩაში, საჯაროდ, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინათ გურამ შარაძე, იმავე ხელწერით მოკლეს. ანალოგიური ხელწერაა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაშიც.

მკვლელობის ხელწერაზე სადავო არაფერია, მაგრამ ხალხი სოციალურ ქსელში მეტად საგულისხმო ფაქტზე ალაპარაკდა _ ხარძიანიცა და ვაზაგაშვილიც ახალ ხელისუფლებას ემუქრებოდნენ: ერთი _ მივარდნით, მეორე კი _ 70-იანი წლების სიცილიით იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დღეს თავისი მოსაზრება არ დაუმალავს ოჯახის ადვოკატ ირმა ჭკადუას: “ვერავის დავამშვიდებ და თავსაც ვერ დავიმშვიდებ, რადგან იური ვაზაგაშვილი, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ახალი ხელისუფლების მსხვერპლია, ვინაიდან ახალმა ხელისუფლებამ ამ ოჯახის ტრაგედიის მიზეზის გასარკვევად დრო ვერ გამონახა”.

ვინ და რატომ მოკლა ბესო ხარძიანი? _ ამ შეკითხვას პასუხი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა პრესსამსახურის უფროსმა, ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ გასცა. მან დაბეჯითებით თქვა, რომ მკვლელობა გია უდესიანის ჩადენილია. გია უდესიანი “ნაცების” ზონდერად არის ცნობილი, თუმცა მანამდე ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ახლო მეგობარი და ბიზნესპარტნიორი იყო. იმაზე საუბარი, რა შავბნელი წარსული აქვს უდესიანს, შორს წაგვიყვანს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ერთერთი ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ნათლად არის აღწერილი ხარძიანისთვის ქონების წართმევის დეტალები.

2008 წლამდე შპს “კუს ტბა კალა” ძმებ ხარძიანებს ეკუთვნოდათ, მაგრამ 2008 წლის აპრილში იძულებულნი შეიქნენ, 7%-იანი წილი მომღერალ ვახტანგ კიკაბიძისთვის დაეთმოთ. დეკემბერში კი ბესო ხარძიანმა 11% გია უდესიანს გადაუფორმა, რამდენიმე დღეში კიდევ 11% _ უდესიანის მეუღლეს. ხარძიანის ოჯახის წევრებმა ერთ დღეში 6 ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს და წილები იძულებით გაყიდეს. ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ნარკოტიკების მოხმარება-შენახვა-დამზადების ბრალდებით დააპატიმრეს. მან ციხიდან შემოუთვალა ოჯახის წევრებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მათ სახლში მიაკითხავდნენ, მთელი ქონება და ობიექტების წილები გადაეფორმებინათ.

ძმები ხარძიანების საქმეში ბუბა კიკაბიძის სახელის ხსენებამ ერთი ძველი ფაქტი ამოატივტივა. ზვიად გამსახურდიას მთავრობისდროინდელი დეპუტატი გურამ შელია წერს: “მახსოვს, ზუგდიდისოდიშითბილისში ეთამაშადინამოს”, მატჩის მერე მივდიოდითდინამოსბაზაზე. ჩვენს მანქანაში ჩაჯდა რეზო ძოძუაშვილი, რომელმაც გვითხრა, _ წარწერაოდიშსრომ ნახავენ ის ნაძირლები, ავტობუსსაც წაგართმევენ და არც თქვენ მოგელით კარგი დღეო. მართლაც, გაგვაჩერეს. ამოცვივდნენ. უნდოდათ ავტობუსიდან ჩვენი ჩამოსმა, მაგრამ რეზო დაუდგა წინ, მას ვერ გადაახტნენ და გინებით გაგვშორდნენ. იცით, ვინ მეთაურობდა მათ ავტომატით ხელში? _ ბუბა კიკაბიძე”.

ვინ, რატომ, რისთვის მოკლა ბიზნესმენი ბესო ხარძიანი? იყო თუ არა, ეს სიმართლისთვის ნასროლი ტყვია, როგორც ამას სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი ბიზნესმენები, პოლიტპატიმრები და შვილმკვდარი მშობლები ამბობენ? ხელისუფლების წარმომადგენელმა, პარლამენტარმა გიგა ბუკიამ განაცხადა: “ეს ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება…”

შევეცადეთ, საზარელი მკვლელობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მოსაზრებები მოგვესმინა.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ ბესო ხარძიანის მკვლელობა უნდა შეფასდეს, როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება. ეს ვაზაგაშვილის მკვლელობის გაგრძელებაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც საკმაოდ ორგანიზებულად მუშაობს მკვლელობებით საზოგადოების დაშინებასა და ხელისუფლების დისკრედიტაციაზე.

_ “ნაცებმაგანაცხადეს, რომ გია უდესიანიც და ირაკლი შიხიაშვილიც, რომელთა სახელებიც ხარძიანის საქმეში ფიგურირებს, “ოცნებაშიგადაბარგდნენ 2012 წლის არჩევნების შედეგ. გამოდის, რომ ხელისუფლება თვითონ იტეხს სახელს.

_ ეს თვალთმაქცობა იყო. უდესიანს ხელს არ ვადებ. ყველა იმ დროზე საუბრობს, როდესაც მას ხარძიანთან დაპირისპირება ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ახლა სხვა რამ მოხდა: ვიღაცამ ჩათვალა, “ოცნებაში” უდესიანისა და შიხიაშვილის გადაყვანით “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას შევუწყობთ ხელსო. კარგად მახსოვს ის პერიოდიც, როგორ ცდილობდა ზოგიერთი უდესიანის ჩასმას “ოცნების” საკრებულოს წევრების სიაში, რასაც კახა კალაძემ შეუშალა ხელი.

არა მგონია, მკვლელობა უდესიანის შეკვეთილი იყოს. ჩემი აზრით, პროცესების ადვილად მართვის მიზნით, ქვეყანაში სერიოზული ჯგუფი მუშაობს ქაოსის შესაქმნელად.

_ ხელისუფლებას ამის წინააღმდეგ ბერკეტი არ უნდა ჰქონდეს?

_ კი, უნდა ჰქონდეს. ჯერ უნდა იპოვოს ეს ჯგუფი და მერე აღკვეთოს. ახლა ვმუშაობ ტენდერების თემაზე. აღმოჩნდა, რომ იშლება ის ტენდერები, რომლებიც სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ანუ რომლებითაც რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებაა შესაძლებელი. აქაცნაციონალებისორგანიზებული ჯგუფები მუშაობენ.

ხარძიანისა და ვაზაგაშვილის საქმეები ერთმანეთს იმიტომ ჰგავს, რომ მათ სასამართლოს ძალით გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს… მერე, სავარაუდოდ, დაპირისპირების ახალი ფორმატი გამოიკვეთა და ეს ვიღაცამ კარგად გამოიყენა, მაგრამ ამ ორი ადამიანის მკვლელობამ საზოგადოება უფრო გაააქტიურა სამართლიანობის ბრძოლა.

_ თუ იცით რამეკუს ტბისწილის ბუბა კიკაბიძისთვის გადაფორმების თაობაზე? შესაძლოა, ამ საქმეში მისი დანაშაულიც იკვეთებოდეს?

_ კი, ვიცი. 7% ჰქონდა, მაგრამ არა მგონია, კიკაბიძეს ამ საქმესთან რაიმე აკავშირებდეს, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს წილი დაუტოვეს.

_ ხალხი საუბრობს იმაზე, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, სააკაშვილისა და მისი გუნდის უკან დასაბრუნებლადამის საფუძველი ნამდვილად არსებობს, რადგან დამნაშავეები არ დასჯილან; კლავენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები იყვნენ, და ეს მკვლელობები საფუძვლიანად გამოძიებული არ არის.

_ ბიძინა ივანიშვილი ორიენტირებული იყო “ნაციონალების” დამარცხებაზე, მას ისეთი პირადი შუღლი ჰქონდა, ხშირად არც მომწონდა ხოლმე. “ნაციონალების” უკან დაბრუნება გამორიცხულია, თანაც ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია საქართველოს ბედის გადაწყვეტა, საზოგადოების აქტივობა რომ არა, 2012 წლის ოქტომბერში რაც მოხდა, არ მოხდებოდა.

_ ამ მკვლელობების შემხედვარე, ყველა სიმართლის მაძიებელი ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი თვლის, რომ შემდეგი მსხვერპლი ის იქნება.

_ რასაკვირველია, მკვლელობები გაგრძელდება. საზოგადოების ერთი ნაწილი იარაღით ხელში ებრძვის მეორე ნაწილს. ეს არის ჩუმი რევოლუცია, რომელიც ორიენტირებულია ლიდერების ლიკვიდაციაზე. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი მალე არ დასრულდება.

ლალი მოროშკინა, პროფესორი:

_ “ციხეში სასტიკად აწამებდნენ, ნარკოტიკებსაც ძალით ასმევდნენ, ხან უკეთებდნენ, თითქმის ყოველდღე საცემად გაყავდათ, სანამ მის დაქვემდებარებაში არსებული ობიქტების წილები სრულად არ გადაუფორმა ვიღაცას, ვისაც სურდა მისი ქონება. მასთან კამერაში რომ შეხვიდოდი, ერთი შეხედვით ვერაფერს შეატყობდი, უბრალოდ, ფეხზე რომ ვერ დგებოდა, მაშინ მიხვდებოდი, როგორი ნაწამები იყო”, _ იხსენებს მე-8 საპყრობილის ერთერთი თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. პროკურატურას ამ ადამიანის ჩვენება აქვს. თქვენ რა იცით ამის თაობაზე?

_ ხარძიანის ოჯახი ამბობს, რომ უდესიანმა ბესოს შემოუთვალა, დღევანდელ მთავრობასთან ყველაფერი მოგვარებული მაქვს და კუს ტბაზე ფეხს ვერასდროს დადგამო.

ბესო ხარძიანი ძალიან ნაწამებია, საპყრობილეში რომ მოვინახულეთ, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, მაგრამ არავინ მოგვისმინა. დღეს კი საზარელი ფაქტის მომსწრენი გავხდით. ბესო ჩემი მეგობარი იყო. იცით, დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ყველამ ყველაფერი იცის და, უბრალოდ, სამართლის აღდგენის ნება არ არსებობს. ბესო ციხეში ყოფნისას სრულიად გაჭაღარავებული იყო. გვითხრა, სულ რაღაც ორი დღეა, ორკაციან საკანში გადამიყვანესო. მანამდე ერიდებოდა საჭმლის ჭამას, რადგან იცოდა, მისი მოწამლვა ჰქონდათ გადაწყვეტილი. გვიამბო, როგორ გაჰყავდათ და უმოწყალოდ სცემდნენ და ეუბნებოდნენ, უდესიანმა მოკითხვა შემოგითვალაო.

უდესიანმა არ უარყო ეს ყველაფერი.

მოგიყვებით ერთ ფაქტს: 17 თებერვალს, ვაკის აუზთან გიორგი გუდაძეს ესროლეს, ის შემთხვევით გადარჩა. გიორგი ჩემი მეგობარია. ინციდენტის შემდეგ ყველა მეგობარი მივედით პროკურატურაში და მოვყევით, რაც მოხდა. ვაკის აუზთან ძალიან ბევრი კამერაა დამონტაჟებული, მოვითხოვეთ ამ კამერების გაშიფვრა, მაგრამ იცით, რა მოხდა? ყველა მეგობარს მიაკითხეს პროკურატურის თანამშრომლებმა და დაემუქრნენ, რომ კოკაინსა და ჰეროინს “ჩაუგდებდნენ”… ჩემმა ბევრმა მეგობარმა ქვეყანა უკვე დატოვა, ქვეყნა დაატოვებინეს ცოტა ბნელი წარსულის მქონე ადამიანებსაც და ყველას უთხრეს, ლალი მოროშკინას დააბრალეთ, თქვენი ქვეყნიდან გამგზავრებაო. მე კი უამრავ მუქარის ზარებს ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ არავისი გვარი არ დამისახელებია.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ყველაფერი იქითკენ მიდის, სააკაშვილი უკან დააბრუნონ და ამას ხელს ხელისუფლებაც უწყობსო

_ ხელისუფლებასაც და ბიძინა ივანიშვილსაც კადრების მოძიება გაუჭირდათ. ოცნებაგამარგინალდა, “ტრიფონიებისპარტიას დაემსგავსა. ქვეყანას ასეთი სამარცხვინო პარლამენტი ჯერ არ ჰყოლია. ერთ მხარეს დამნაშავეები არიან, მეორე მხარეს _ “ტრიფონიები”.

ამ მდგომარეობამდე, რაც დღეს ქვეყანაშია, წილების გადანაწილებამ მიგვიყვანა, ამას ეწირებიან ბიზნესმენები. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, ვინმეს “ნაციონალების” დაბრუნება უნდოდეს.

ძალიან მარტივია ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის გახსნა, თუ ეს ასე არ მოხდა, შემდეგ კვირას ისევ ახალი მკვლელობის მომსწრენი გავხდებით. ხელისუფლება განცხადებებს კი არ უნდა აქვეყნებდეს, ადამიანის სიცოცხლეს უნდა იცავდეს, ღვედის გაუკეთებლობაზე კი არ უნდა დამდევდეს, მკვლელს უნდა იჭერდეს.

_ გამოსავალს ხედავთ?

_ მთავრობაში უნდა შეიცვალონ ის ადამიანები, რომლებიც საქმეს ვერ აკეთებენ. ბესო ხარძიანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, გვარები დაასახელა, პრევენციული ზომები კი მიღებული არ იყო.

საზოგადოება შოკშია, ამ შოკიდან გამოვალთ, დასაკარგი აღარაფერი დაგვრჩება და ძალიან ცუდი რამ მოხდება, აღარ მინდა, კიდევ ერთი ომის მომსწრე გავხდე. გამოვდივარ ინიციატივით – შეიქმნას ნდობის ჯგუფი, როგორიც არსებობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს და იბრძოდა სიმართლისთვის. ეს ჯგუფი მთავრობის არაკომპეტენტურ წევრებს უნდა დაეხმაროს, რადგან საზოგადოებას მეტი ინფორმაცია და მეტი ბერკეტი აქვს.

ირმა ჭკადუა, უფლებადამცველი, ადვოკატი:

_ ვიცით, რომ შსს-ში ამუშავდა დეპარტამენტი, რომელიც დაზარალებული ადამიანების საქმეს იძიებს, როგორც ჩანს, დამნაშავეები ამ ფაქტმა გააღიზიანა და დაიწყეს შურისძიებაც. ვიცი, რომ ბესო ხარძიანის საქმეში გარკევულ პირთა ჯგუფს ბრალი უნდა წაყენებოდა, ამიტომ საფუძველი მაქვს, ვთქვა, მკვლელობის მოტივიც ეს იყო. მკვლელებს სურთ, ქვეყანაში შიში დაამკვიდრონ და საწადელს მიაღწიონ, საქართველოში არაჯანსაღი ვითარებაა.

ახლა “ნაციონალები” ამბობენ, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილები “ოცნებაში” გადაბარგდნენ. ეს არ შეიძლება ინდულგენციად ჩაითვალოს, ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უნდა დაისაჯონ.

_ ბესო ხარძიანის საქმეში რამდენიმე პირთან ერთად ბუბა კიკაბიძის სახელიც ამოტივტივდა

_ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ამიტომ არ ვიცი, არის თუ არა დამნაშავე ბუბა კიკაბიძე, მაგრამ, თუ მას რაიმე წვლილი მიუძღვის, ისიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დამნაშავე, “ცნობილობა” იმას არ ნიშნავს, დანაშაული გეპატიოს, ცნობილი ადამიანი მეტად არის პასუხისმგებელი თავის საქციელზე.

_ ფიქრობთ, რომ მკვლელობები გაგრძელდება?

_ ვშიშობ, რომ ეს ასე არ დამთავრდება და ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს. სიტუაცია ქვეყანაში ისეთია, რომ განგაშის ზარები უნდა დავარისხოთ. ქუჩებში დადიან ადამიანები, რომელთა ადგილიც ციხეშია. შეკვეთილი მკვლელობები ერთ დღეში არ ხდება, ხელისუფლებამ, ნება იბოძოს და, პრევენციული ზომები მიიღოს.

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი სამხედრო საკითხებში:

_ ბატონო ვახტანგ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეაფასეთ, როგორც ტერორისტული აქტი. ამ ამბიდან ძალიან მოკლე ხანში კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა მოხდა. ტერორი დაიწყო საქართველოში?

_ ეს არის ტერორისტული აქტი და პოლიტიკური მკვლელობა. ბესო ხარძიანი იყო წინა რეჟიმის მსხვერპლი. გამოძიება, ალბათ, ამაზე იმუშავებს, მაგრამ კარგი იქნებოდა, შესაბამის უწყებებს თავის დროზე მიეღოთ პრევენციული ზომები. მკვლელობების სერიების დაწყებაზე ირმა ინაშვილმა საკმაოდ სერიოზული განცხადება გააკეთა.

ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია, რაც ძალიან საშიშია, შესაძლოა, სირაქლემას ეს შველის, მაგრამ არა მგონია, მთავრობის ასეთი პოლიტიკა მომგებიანი იყოს.

ბესო ხარძიანი დაქირავებული მკვლელის ხელით არის მკვდარი, რაც აშკარად ტერორისტული აქტია. ხარძიანი სასამართლო პროცესს იგებდა. გაიხსენეთ ზურაბ ადეიშვილის, მეგის ქარდავასა და სააკაშვილის მუქარა _ პოლიტპატიმრებს გაგისწორდებით. ამაზე ყურადღება არვინ გაამახვილა. ხელისუფლების დანაშაული ძალიან დიდია, რადგან უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში აბსოლუტურად მოშლილია. ძალოვან სტრიქტურებში ისევ დამნაშავეები სხედან, ყველაფერს აქვს საზღვარიიმ ადამიანების დაწინაურება, რომლებიც ხალხის წამებაში არიან მხილებულნი, წარმოუდგენელია.

აქამდე ვერ მოახერხეს პოლიტიპატიმრების საქმის პოლომდე მიყვანა, არ არის შეფასებული წინა რეჟიმის საქმიანობა.

ბესო ხარიძანის მკვლელობა უკვე ბოლო წვეთია, ხალხი მეტს აღარ მოითმენს და, თუ ბესომ ვერ მოახერხასიცილიის მოწყობა”, ამას სხვა გააკეთებს. ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დიდ ნაწილს სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიები არ შეხებია, ამიტომაც არიან ასეთი გულგრილები. ქვეყანაში პოტენციური მკვლელები დადიან, თბილისის პროკურატურაში ვინმე სამხარაძემ მკვლელების საქმეები თაროზე შემოდო და დაასამარა. საქმეები, რომლებიც ციხეებში ადამიანების ლიკვიდაციას ეხება. ისინი რომ გამოეძიებინათ, იქნებ ეს საშინელება თავიდან აგვეცილებინა.

გამოსავალსაც ვერ ვხედავ, დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობაც გამოუძიებელი დარჩება, ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი არ არის.

სოსო ჯაჭვლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი:

_ ბესო ხარძიანის მკვლელობა ზღვარგადასული უნამუსობაა, თავხედობა. ეს ყველაფერი შორს მიმავალი გეგმის ნაწილია.

_ ბატონო სოსო, “ნაციონალებმახელი მთავრობას შეაწმინდეს, განაცხადეს, რომ შიხიაშვილი, რომლის გვარიც ხარძიანმა დაასახელა დამნაშავეებს შორის, და უდესიანიცოცნებაშიგადაბარგდნენო

_ თუ ასეთი რამ მოხდა, ძალიან ცუდია, ადვოკატად ვერ გამოვდგები და ხელს ვერავის დავაფარებ, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ “ნაციონალები” ყველაფრის მკადრებლები არიან.

არასოდეს ვიყავი კოაბიტაციის მომხრე, სექტანტებთან კოაბიტაციაში ვერ ვიქნები. არჩევნებიდან ერთი თვის თავზე ვთქვი, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარებულიყო და “ნაციონალები” მოშორებულიყვნენ…

_ თქვენმა თანაგუნდელმა გიგა ბუკიამ თქვა, მკვლელობები ხდებოდა, ხდება და ისევ მოხდებაო. რა იტყვით ამ განცხადებაზე, ეს ჩვეულებრივი ამბავია?

_ ვიმედოვნებ, რომ მკვლელობები გაიხსნება და ეს საშინელებაც დასრულდება. გამოძიება სწორად მიმდინარეობს.

_ იცით, რომ ხარძიანის საქმეში ბუბა კიკაბიძის სახელიც ამოტივტივდა?

_ არ ვიცი, არ მსმენია, რომ ბუბა კიკაბიძის სახელიც ფიგურირებს, მაგრამ, თუ ვინმეს რაიმე წვლილი აქვს ამ საქმეში, ყველა უნდა დაისაჯოს. მე ჩემს იმუნიტეტს არასოდეს გამოვიყენებ.

_ მკვლელობები ამით არ დასრულდებაო, _ ასე ფიქრობს ბევრი ადამიანი.

_ ღმერთმა დაგვიფაროს, ეს გაგრძელდეს. მთავრობა იმისთვის არსებობს, ხალხს შიში არაფრის ჰქონდეს. ყველა საქმეს ფარდა უნდა ახადონ.

რუსუდან შარაძე, 2007 წელს ქუჩაში მოკლული პროფესორის_ გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ რუსუდან, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობამ ბევრს მამათქვენის, გურამ შარაძის, მკვლელობა გაახსენა. მკვლელობის ხელწერა ზუსტად იგივე იყო, როგორც ბატონი გურამის _ საჯაროდ, ქუჩაში

_ ბესო ხარძიანს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ მისი ამბავი გაგონილი მქონდა. აღშფოთებისგან და სინანულისგან სიტყვები არ მყოფნის. მკვლელი სააკაშვილი და მისი ბანდა დღესაც დათარეშობენ საქართველოში და, რასაც მოისურვებენ, იმას აკეთებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, ალაგმონ ეს მკვლელები, თორემ ცოტაც და ჩვენ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაუბედურებული ადამიანები, თვითონ ვიპოვით სამართალს და ამ სამართალს გადავაყოლებთ ამ მთავრობასაც _ ერთნაირად გავუსწორდებით, როგორც არამზადა სააკაშვილის ბანდას, ისეოცნებასაც”. ფრთხილად იყვნენ!

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here