Home რუბრიკები საზოგადოება სატესტო მატარებელი ახალ მაგისტრალზე წლის ბოლოს გაივლის

სატესტო მატარებელი ახალ მაგისტრალზე წლის ბოლოს გაივლის

666

სამცხე-ჯავახეთის ზეგანზე წელიწადი ექვს თვეს გრძელდება, სამუშაო წელიწადი. შემდეგ იწყება ბუნების დიქტატის პერიოდი და ადამიანი თავის შრომით აქტიურობას მომდევნო ექვსთვიანი ციკლისთვის გადადებს. იძულებულია. ძილქუშის თვეები დგება _ სასიცოცხლო პროცესების შენელების მსგავსი პერიოდი.


სექტემბრის დასაწყისიდან გამოჩნდება ხოლმე პირველი მინიშნება: დაიძრებიან ცხვრის ფარები ბარისკენ. თეთრი ქარავნის ტალღები, როგორც ზღვის ნაპირს, მოაწყდებიან საავტომობილო ტრასას, გადაუვლიან და დადექ და ელოდე! მოძრაობას «სააკაშვილის დაგებულ» ტრასაზე დაწყებული გენერალური რემონტიც აფერხებს და კიდევ _ ნისლი, რომელიც შუადღემდე წევს ჯავახეთის გზათა ზედა. მაინც ავაღწევთ და ვნახავთ, რომ მარაბდაკარწახის საერთაშორისო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე განსაკუთრებული მობილიზება შეიმჩნევა, მაგრამ არაფერი მსგავსი «შტურმოვშჩინისა», როცა მალესა და ჩქარას ეწირებოდა ხარისხი.

_ ზაფხულის კარგმა ამინდებმა ხელი შეგვიწყო და მნიშვნელოვნად გავზარდეთ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა, _ ამბობს ყურბან პირიევი, მთავარი კონტრაქტორი კომპანიის _ «აზერიოლსერვისის» გენერალური დირექტორის მოადგილე, _ ტემპიც და ხარისხიც ერთნაირად მაღალია.

ამასვე ადასტურებენ ქართული მხარის საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლები.

_ აგვისტოში 13 მილიონი დოლარის ღირებულების სამუშაო შევასრულეთ, _ აზუსტებს შპს მარაბდა-კარწახის მშენებლობის ხელმძღვანელი ოლეგ ბიჭიაშვილი, _ სექტემბერშიც ამ ზღვარზე გავალთ. შარშან 4 თვეში 26 მილიონი დოლარის სამუშაო შევასრულეთ, წელს 8 თვეში _ 72 მილიონი დოლარის.

ასეთი მაღალი ტემპითა და სამუშაოთა სწორი ორგანიზებით (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ!) რკინიგზის მშენებლობის სათავეში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთ წელიწადში შესრულდა ისეთი მოცულობის სამუშაო, რომელმაც წინა ხუთი წლის საერთო მოცულობას გადააჭარბა. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქოსატყუილა სააკაშვილის გაპიარებული «რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებმხოლოდ ციტატა იყო ბერტოლდ ბრეჰტის «კავკასიური ცარცის წრიდან» და არა რეალობა, რომელიც მითვისებულ მილიონებზე ნაკლები დანაშაული არ არის

ლარივით სწორია ახლადდაგებული ლიანდაგი, ისარივით გატყორცნილი.

_ ლამაზია, _ ემოციას არ მალავს ბატონი ოლეგ ბიჭიაშვილი, _ აქ, ამ ადგილზე ერთი თვის განმავლობაში 15 კილომეტრი ლიანდაგი დაიგო, _ ეს უკვე შეფასებითი მომენტია, _ ძველი ავიღეთ, ახალი დავაგეთ. კაპიტალურად შეკეთდა ყველაფერი _ მოსწორდა მიწის ვაკისი, დაიტკეპნა. ოთხ-ნახევარ თვეში 74 კილომეტრი ლიანდაგი დავაგეთ. 13 აპრილს პირველი ახალი შპალი შემოვიტანეთ და დავიწყეთ. ახალქალაქის სადგურამდე დარჩენილია 6 კილომეტრი და 900 მეტრი. ამასაც 15 სექტემბრამდე გავივლით. ახალქალაქიდან კარწახამდე, ანუ გვირაბამდე 26 კილომეტრზე გავიყვანეთ რკინიგზა. ერთი კილომეტრიღა დაგვრჩა დასაგები.

_ ბატონო ოლეგ, ახალი შპალი ახსენეთ, მაგრამ რას ნიშნავს, რომ აქ, ამ სადგურში ძველ, ხის შპალებზე გაქვთ დაგებული ლიანდაგი? ეკონომიას ეწევით, აიაფებთ მშენებლობას თუ დაგაკლდათ?

_ არა. ხის ჩანართებს შემდეგ ავიღებთ. ეს არის ნინოწმინდის სადგური, რომელშიც, როგორც ყველა სარკინიგზო სადგურში, «ისრული ქუჩა» უნდა გაკეთდეს _ ისრები უნდა ჩავდგათ. ამას რომ დავამონტაჟებთ, ხის დროებით შპალებს ავიღებთ. სადგურის ამ ყელში მატარებლების გასატარებლად ისრული გადამყვანები გაკეთდება. მაგრამ ამჟამად, როცა ახალქალაქის მიმართულებით მშენებლობა დასამთავრებელი გვაქვს, გადამყვანი ისრების საჭიროება არ არსებობს და მათი დამონტაჟებისთვის დროს ვერ დავკარგავთ. ლიანდაგზე პირდაპირი მიმართულებით გაივლის ლიანდაგის დამგები სპეციალური მატარებელი-ამწე და 25-25-მეტრიან ე. წ. რეშოტკებს _ შპალებისა და რელსების გამზადებულ ლიანდაგს _ დაალაგებს მიწის ვაკისზე. ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი, შერჩეული და მომზადებული.

ასე გავიარე სახელდახელო «ლიკბეზი» რკინიგზის მშენებლობის საფუძვლების ცოდნის ასამაღლებლად.

ამ საუბრის პროფესიულ აქცენტებთან ერთად კიდევ ერთი მომენტი იყო ყურადსაღები, კერძოდ ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთიელი კაცისთვის (ოლეგ ბიჭიაშვილი დუშელია) სიტყვის გაუტეხლობის პრინციპის დაცვა.

გეგმის შესრულება, თავისთავად იგულისხმება, მაგრამ, როცა ეს სამსახურებრივი მოვალეობა მორალურ სიბრტყეში გადადის, მაშინ ორმაგი პასუხისმგებლობით ხდები დატვირთული.

_ მობილიზებულები ვართ, _ თქვა ბიჭიაშვილმა, _ რომ ჩვენი მთავრობისთვის, პირადად პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მიცემული სიტყვა არ გავტეხოთ და პირველი სატესტო მატარებელი ახალ მაგისტრალზე წლის ბოლოს აუცილებლად გავატაროთ.

დამერწმუნეთ, ეს ტირადა არ იყო პირველი პირების წინაშე მომგებიან პოზაში დადგომის მცდელობა. სხვათა შორის ისევე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს უნარიანი ხელმძღვანელობის აღნიშვნა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უდგას სათავეში. ეს ნაკარნახევი იყო მშენებლობის ორგანიზაციული ქარგის სრულად წარმოჩენის აუცილებლობით.

თუმცა რაღა დროს მიშაა!

საქმიან ადამიანებთან ვსაუბრობ. ყურბან პირიევს ერთი თვის წინათ შევხვდი. რას მეტყვის ახალს?

_ ახალი ახლად დაგებული ლიანდაგებია (იღიმება), მუშაობა გეგმის, პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. მესამე ეტაპს _ წალკა-ახალქალაქს, ალბათ, ათი დღეში დავამთავრებთ.

ერთი ოჯახის წევრები, ერთი გუნდი ვართ და ერთი პროექტის განხორციელებისთვის ვიღვწით.

_ სხვა ასეთ მასშტაბურ პროექტს თუ იცნობთ სამხრეთ კავკასიაში?

_ მოცემულ მომენტში ასეთი მასშტაბის სარკინიგზო პროექტი არ არსებობს. ეს პროექტი, მოგეხსენებათ, ევროპაში სარკმლის გაჭრის სახელითაა ცნობილი. 15 სექტემბერს ახალქალაქამდე რომ დავაგებთ ლიანდაგს, ეს თავისებური რეკორდი იქნება მთიან მხარეში, ურთულეს პირობებში რკინიგზის გაყვანის დღემდე არსებულ პრაქტიკაში. ამ შემთხვევაში ბევრი სუბიექტური და ობიექტური ფაქტორი მოქმედებდა. მთავარი მაინც ისაა, რომ, როცა ხელმძღვანელი ადგილზეა, გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება. ბატონმა ოლეგ ბიჭიაშვილმა მოგვცა საშუალება, შეგვიქმნა ყველა პირობა, რომ მთელი ძალითა და შესაძლებლობით გვემუშავა.

ნინოწმინდის სადგური ხარაჩოებშია, ფასადის მოპირკეთება სრულდება. ცოტა მოშორებით რელსებს ადუღებენ, ხოლო ახალქალაქის უზარმაზარ ქვაბულში ფირმა «ფოლადის» თვითმცლელ სატვირთოებს «კოდალების» მიერ ჩამომტვრეული ლოდები ორგანიზმში სისხლის პულსირების რიტმში გააქვთ ხრეშის დამამზადებელი ქარხნისკენ, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს: უზარმაზარი ზვინები დგას ამ სამშენებლო მასალის, რომელსაც მიწის ვაკისზე დაყრიან და ზედ ლიანდაგს დააგებენ.

მასშტაბურობა აქ იგრძნობა სრულიად თანამედროვეობის შესაფერი.

ძველი ლიანდაგიდან ამოყრილი ხის შპალები ისეა დალაგებული ნინოწმინდის სადგურის მისასვლელთან, როგორც ტანკსაწინააღმდეგო ბოძკინტები _ მიწაში ჯვარედინად ჩამაგრებული გადაჭრილი რელსები _ სამამულო ომის ფრონტების წინა ხაზზე.

ჰაერში ძველი რკინიგზისთვის დამახასიათებელი სურნელი ტრიალებს, რომელიც ნოსტალგიურ განწყობილებაზე დააყენებს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ძველი მატარებლებით უმგზავრია.

_ ალბათ, თანდათან გაქრება ეს სურნელი, ბატონო ოლეგ, როცა ბეტონის შპალები სრულად ჩაენაცვლება ხისას.

_ ამ ხის შპალებზე 28 წლის წინათ დააგეს მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის ლიანდაგი. მაშინ ძალიან ხარისხიანად ხდებოდა შპალების გაჟღენთვა, გორში მუშაობდა სპეციალური ქარხანა. დღესაც ფუნქციონირებს. ის შპალები დღესაც «მუშაობს», დღესაც ვარგისია. ასეთ «მეორად საქონელს» ძველ ვარგისს ვუწოდებთ. მართალია, მათი «მსახურების» ვადა ისეთი არ იქნება, როგორიც ახლის, მაგრამ არც ბევრად ჩამორჩება. ხის შპალები რუსეთიდან შემოგვქონდა, დამზადებული იყო ისეთი გამძლე ჯიშებიდან, როგორიც მუხა და კედარია.

ჯერ კიდევ 40 წლის წინათ ბეტონის შპალებს არავინ აწარმოებდა. ნოვაციად ითვლებოდა რკინიგზის ცხოვრებაში. მათი გამძლეობა 100 წელიწადზეა გათვლილი…

_ ხის შპალებს რაღაც ამორტიზების უნარი ხომ ჰქონდა?

_ მართალია, მაგრამ ბეტონის შპალებისა და რელსის დამაკავშირებელ, მოჭიდების ადგილებში დატანებულია სპეციალური რეზინი, რომელიც ერთგვარად ამცირებს სიხისტეს და ამორტიზირებულს ხდის ვაგონების ლიანდაგზე მოძრაობას.

ესეც მეორე სახელდახელო «ლიკბეზი», რომელიც აქ, მარაბდა-კარწახის საერთაშორისო მაგისტრალის მშენებლობაზე გავიარე.

ცოდნა მივიღე, გმადლობთ!

მაგრამ ნოსტალგია, მელანქოლია იმ სპეციფიკური სურნელის გაქრობისა გამო, რომელიც რკინიგზის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო და მოგზაურობის მუდმივ რიტმში ჩართვას ნიშნავდა, დარჩა.

რას იზამ, პროგრესს თავისი კანონები აქვს.

არმაზ სანებლიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here