Home რუბრიკები საზოგადოება აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

აფხაზეთში დაბრუნება მხოლოდ სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი!

1708

ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა სოხუმის დაცემიდან და ქვეყნის სხეულიდან აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ. დღემდე გაისმის მავანთა ოხვრა: როგორ დავკარგეთ აფხაზეთი?! ვერ გავრკვეულვართ, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებაც დუმს.. არ არქმევს სახელს ქვეყანაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. ეს ხელს არ აძლევს, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი წვლილიც გამოჩნდება.


აფხაზეთის ტრაგედიის გენეზისი რთული და მრავალწახნაგოვანია. იგი წარსულისა და აწმყოს ურთიერთდაკავშირებულ არაგონივრულ მოქმედებათა ერთობლიობას ეფუძნება. მრავალი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, მათ შორის: აფხაზეთი დავკარგეთ თუ გავასხვისეთ? რა იყო ამისი მთავარი მიზეზი და შეიძლებოდა თუ არა აფხაზეთში დატრიალებული მოვლენების თავიდან აცილება? რა იყო საჭირო ამისთვის?

უკვე 21 წელიწადი იწურება, რაც დავტოვეთ აფხაზეთი და დღემდე გრძელდება უთავბოლო, არაფრის მომცემი რიტორიკა, რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა და წარმოადგენს ქვეყნის ისტორიულ ოლქს, ხოლო თვითონ აფხაზები არაავტოქტონური მოსახლეობაა. აქედან გამომდინარე, მავანს მიაჩნია, რომ ყველაფრის თავიდათავი აფხაზური სეპარატიზმი იყო.

რა თქმა უნდა, აფხაზეთში არსებობდა ანტიქართული განწყობა, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მწიფდებოდა და პიკს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მიაღწია. საზოგადოების პოლარიზაციისა და პოლიტიკური დაპირისპირების ნოყიერი გარემო თანდათან ყალიბდებოდა ჩვენ თვალწინ, მაგრამ ჩვენი მხრიდან ერთი კონსტრუქციული ნაბიჯიც არ გადადგმულა, აფხაზურ მხარესთან უბრალო პოლიტიკური დიალოგის მცდელობაც არ გვქონია. პირიქით, ვაკეთებდით იმას (ტოპონიმიკისა და დემოგრაფიული სურათის შეცვლა და . .), რაც უფრო აღრმავებდა დაპირისპირებას, იწვევდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. ეროვნული ნიშნით ვემიჯნებოდით ერთმანეთს: ცალ-ცალკე ვქმნიდით მწერალთა კავშირებს, თეატრებს, საფეხბურთო გუნდებსაც და ბოლოს (დააკვირდით) _ პარლამენტსაც კი. აფხაზეთში ქართველი მოსახლეობისთვის ცალკე მინისტრთა საბჭოს (ყველა სამინისტროთი და მათი ქვედანაყოფით, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურებითურთ) შექმნასაც შევეცადეთ. ყველაფერი ეს ცენტრალური ხელისუფლების _ სისხლიანი «გოსსაბჭოს», მისი თავკაცის, ბატონი შევარდნაძის წაყრუებით, მისი შენიღბული თუ აშკარა მხარდაჭერით ხორციელდებოდა, სისრულეში კი მოჰყავდა მის მიერვე აფხაზეთში შექმნილ «ეროვნული ერთიანობის საბჭოს» (სახელდახელოდ შექმნილი მე-5 კოლონა და მასში გაერთიანებული ქართველი ცრუ ინტელიგენცია) ლიდერებს და უმაღლესი საბჭოს ექსტრემისტულ ნაწილს (თამაზ ნადარეიშვილის თავკაცობით). ისინი განუხრელად აღვივებდნენ ეროვნებათა შორის შუღლს და აფხაზი ხალხის სახით ქმნიდნენ მტრის ხატს, უბიძგებდნენ საზოგადოებას შეიარაღებული დაპირისპირებისკენ.

ასე რომ, აფხაზეთში პრობლემები იყო და სეპარატისტული განწყობა ადეკვატური მუხტით ძლიერდებოდა, მაგრამ ომის ფატალური გარდაუვალობა არ არსებობდა. ტანკები იქ არ იყო საჭირო! სხვა გამოსავლის მონახვაც, ცხადია,შეიძლებოდა. ბოლოსდაბოლოს, აფხაზეთი ბორბლებზე როდი იყო შეყენებული და მის ტერიტორიას, 250-ათასიან ქართულ მოსახლეობასთან ერთად, აფხაზები ფსოუს იქით ვერ გადაიტანდნენ. მით უფრო, როცა ისინი გულწრფელად მოდიოდნენ კონსტრუქციულ დიალოგზე _ ომამდე, ომის დროს და მის შემდეგაც. მაგრამ, როგორც ჩანს, დაპირისპირების მშვიდობიანი მოგვარება ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა, რადგან მრავალი პრობლემისგან აზვირთებული ხალხის ენერგია მას მიაწყდებოდა წასალეკად. საჭირო იყო, ეს ენერგია სხვა მიზნისკენ მიმართულიყო…

ეს მიზანი რომც არ არსებულიყო, ხელოვნურად უნდა შეექმნათ. დიახ, ხელოვნურად! აფხაზეთში კი უკვე ყველაფერი მზად იყო ეთნოკონფლიქტისთვის და ხელისუფლებამ ეს შანსი გამოიყენა _ «სახელმწიფო საბჭომ», გამოგონილი ვერსიით, ჯავშანტექნიკა და კრიმინალური ელემენტებისგან შემდგარი ბანდფორმირებები შეუსია აფხაზეთს. მანამდე კი ამ უკონტროლო ბანდამ რამდენიმეჯერ გადაუარა სამეგრელოს, შეურაცხყო ძირძველი კოლხური მოსახლეობა, სულში ჩააფურთხა მას და ამით ზურგი მოურღვია მის მიერვე დაგეგმილ ომს აფხაზეთში, შემდეგ უპრობლემოდ რომ ჩაებარებინა მტრისთვის. ასეც მოხდა: 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს უმაღლესმა სარდლობამ ცალმხრივად განაიარაღა ქართული მხარე და  წინააღმდეგობის გარეშე ჩააბარა აფხაზეთი მომხდურს.

სხვა ახსნას ვერ მოუძებნი იმას, რაც მოხდა…

კბილებამდე შეიარაღებული 9-10 ათასამდე ჯარისკაცი კისრისტეხით გამოიქცა აფხაზეთიდან და უიარაღო ქართული მოსახლეობა გააფთრებულ მტერს შეატოვა პირისპირ. «მშობელ ხალხს» უფრო უსაფრთხო გამოსასვლელი ჩაუკეტეს ოჩამჩირის მიმართულებით და უსულგულოდ გაუყენეს საკენჭუბერის ჯოჯოხეთურ ყიამეთს. სარდლობამ კი, თავისი შეიარაღებული ძალებით, პირველმა გააღწია სამშვიდობოს, სადაც აფხაზეთის ტრაგედიის სცენარის ავტორი და მთავარი რეჟისორი თავის დამქაშებთნ ერთდ პატივით მიიღეს.

აქ უნებლიეთ გახსენდება ილია მართლის სარკაზმითა და გულისწყრომით ნათქვამი სიტყვები: «არის კიდევ  სადმე ერი, ჩვენისთანა ბედნიერი!..» და  დიდი აკაკის ისტორიული ფრაზა: «ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველო!..»

აი, ის, რაც უნდა ითქვას მანამ, სანამ დავიწყებდეთ საუბარს აფხაზეთის პრობლემების მოგვარებაზე, აფხაზეთისკენ მიმავალ გზებზე. წარსულის შეფასებისა და დაშვებული შეცდომების გაანალიზების, მათი გულწრფელი აღიარების გარეშე საუბარი ამ საკითხზე უსაგნო და უსაფუძვლოა. მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, დღემდე არ გვაქვს გაცნობიერებული, რატომ, რისთვის  დატრიალდა აფხაზეთის ტრაგედია; რა იყო საჭირო იმისთვის, რომ იგი ძირშივე აღკვეთილიყო. ვერც ურმის გადაბრუნების შემდეგ დავადექით სწორ გზას.

აფხაზეთის გასხვისების დაკანონებას ჯერ კიდევ მაშინ შეექმნა მყარი საფუძველი, როცა არალეგიტიმურმა ორგანომ _ «სახელმწიფო საბჭომ» _ 1994 წელს გააუქმა აფხაზეთის 1978 წლის კონსტიტუცია და ხელოვნურად შექმნა ქვეყანაში სამართლებრივი ვაკუუმი, რომლითაც მყისვე ისარგებლეს აფხაზებმა და აღადგინეს 1925 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. შიგა რეგიონული პოლიტიკური კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცით, შევარდნაძემ პრობლემა ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა  და მერე თავად მიუჯდა მოლაპარაკების მაგიდას აფხაზეთის წარმომადგენლებთან ხან ჟენევაში, ხან _ მოსკოვში და ხან _ სად, რითაც აღიარა აფხაზეთი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. ასე გაუფორმა შევარდნაძემ აფხაზებს «დამოუკიდებლობა».

დღესაც არ ვადგავართ სწორ გზას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ, როგორც შევარდნაძის, ისე მისი მემკვიდრის _ სააკაშვილის ხელისუფლებას, ახალ მთავრობასაც აღარ სურს აფხაზეთში დაბრუნება, ამ ტერიტორიის დამკვიდრება საქართველოს სამართლებლივ სივრცეში. ეტყობა, ისინი ღრმად ჩახედულნი არ არიან პრობლემის არსში ან დაგეშილნი არიან ქართველი ხალხის «უგუნური მოყვარის თუ ჭკვიანი მტრის» მიერ.

ომის პერიოდში და მის შემდეგაც არაერთგზის მოგვეცა მდგომარეობის გამოსწორების საშუალება, მაგრამ ყველა მათგანი გამოუყენებული დარჩა. თავადაც არა ერთხელ ვყოფილვარ მონაწილე და თანაავტორი ოფიციალურ სოხუმთან შეთანხმებული რამდენიმე ისეთი პროექტისა, რომლებიც ითვალისწინებდა დევნილი მოსახლეობის მასობრივ და უსაფრთხო დაბრუნებას და აფხაზეთის მოქცევას საქართველოს სამართლებრივ სივრცეში, მაგრამ ყველა ეს პროექტი ჩაიშალა (ჩაშალეს). არ შეიძლება, აქ გვერდი ავუაროთ ასეთ ფაქტსაც: სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძეს დაურეკა ვლადისლავ არძინბამ და სთხოვა: «შემხვდეს შევარდნაძე, მზად ვარ მოლაპარაკებისთვის, სადაც გინდათ, როდესაც გინდათ»… ბატონმა ალექსანდრემ პასუხად ჟენევის ფორმატი შესთავაზა, რომელიც არძინბამ ცივად უარყო, _ «მოლაპარაკება ჟენევაში ერთია, მე კი პირადად შევარდნაძე მინდა შემხვდეს, გთხოვთ, დაუკავშირდეთ და გადასცეთ, რომ მასთან საუბრისთვის მზად ვარ, მოვდივარ დიალოგზე». ამ დროს სოხუმში მყოფ შევარდნაძეს რაციით დაუკავშირდნენ, მან კი თავისი აპარატის უფროსი, ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ასე დააკვალიანა: «გადაეცით საშას, უთხრას არძინბას, რომ ვერ მიპოვეთ!..»  ეს ხდება სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე. შევარდნაძე შეგნებულად გაექცა არძინბასთან დიალოგს და სამარცხვინო ომიდან ღირსეულად გამოსვლას. წარმოიდგინეთ, როგორ აისახებოდა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს და რამდენი ოჯახი _ განადგურებას. ისინი კი შეეწირნენ ერთი კაცის უგუნურ და ავადმყოფურ ამბიციებს. მოგიყვანთ ამ კაცის კიდევ ერთ შოკისმომგვრელ გადაწყვეტილებას: 2000 წლის მარტში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა იგორ ივანოვმა ვაჟა ლორთქიფანიძეს გადასცა პუტინის სიტყვები: «ინაუგურაციის შემდეგ მივუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელიც ვერ დავამთავრეთ მაშინ. შენ ჩამოხვალ მოსკოვში, მოგიპატიჟებთ აგარაკზე და დავუძახებ ყველა მინისტრს, რომლებიც საჭირო გახდება ჩვენი მხრიდან. მთელ შაბათს ვიმუშავებთ, ვიმსჯელოთ და ამოვწუროთ კონფლიქტი. თუ შაბათი საკმარისი არ იქნება, ვიმუშაოთ კვირასაც, მაგრამ არ დავშორდებით ერთმანეთს მანამ, სანამ არ ამოვწურავთ კონფლიქტს. საჭირო იქნება აფხაზების ინტერესთა გათვალისწინებაც, მაგრამ საკითხი გადაწყდება საქართველოს ერთიანი საზღვრების შიგნით».

მაგრამ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელიც 15-16 მაისისთვის იყო დაგეგმილი, ჩაიშალა – 4 მაისს ბატონმა შევარდნაძემ ვაჟა ლორქიფანიძე თანამდებობიდან გადააყენა. რატომ?! პირველი, რაც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ მას ხელს არ აძლევდა, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო მინისტრს რომ ეპატიჟებოდა და არა უშუალოდ მას _ პრეზიდენტს. აი, სად მარხია ძაღლის თავი.

მოხდა სხვა დრამატული შემთხვევაც: არძინბას პირად წარმომადგენელ ანრი ჯერგენიასთან მოსკოვში ხანგრძლივი და კონსტრუქციული დიალოგის შედეგად მოვამზადეთ ოფიციალურ სოხუმთან შეთანხმებული პროექტი დევნილი მოსახლეობის მასობრივი და უსაფრთხო დაბრუნების თაობაზე, რომელიც დიპლომატიური არხებით გადაეგზავნა შევარდნაძეს, მაგრამ მან ახლოსაც არ გაგვიკარა. აფხაზეთში ჩვენი მხარის მიერ მოწყობილმა ტერაქტმა კი შეთანხმების განხორციელება საბოლოოდ ჩაშალა.

მაშინ ჯერ კიდევ ვერაფერს ვხვდებოდი, არ ვიცოდი, რა მეღონა, რა ხერხისთვის მიმემართა. მერე და მერე, სხვებთან ერთად, თვალი ამეხილა და მივხვდი, როგორ მოქმედებდა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მყოფი «დიდი» პოლიტიკოსის, «მსოფლიო დემოკრატიის მთავარი არქიტექტორის», ბატონი შევარდნაძის ცბიერზე უცბიერესი გონი: თუ მასთან არ სურთ, მაშინ _ არავისთან!..

ასეთი იყო თანამედროვეობის ამ «დიდი პოლიტიკოსის» ლოგიკა! ასეთმა მიდგომამ დააქცია ეს ქვეყანა, გააუბედურა ათასობით ოჯახი «საკუთარ ქვეყანაში». ამ დროს ის ამაყობდა, რომ დაანგრია გერმანიის გამყოფი ბერლინის კედელი; სანაცვლოდ მან «საკუთარ ქვეყანაში», ენგურის გასწვრივ აღმართა სიძულვილისა და მტრობის კედელი! ასე შეეწირა შევარდნაძის ავადმყოფურ ამბიციებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესები. ცოტა ხნის წინათ კი საქართველოს ელიტამ ეს კაცი უკანასკნელ გზაზე ისე გააცილა, როგორც ეროვნული გმირი…

კიდევ არის სადმე ერი, ჩვენისთანა ბედნიერი?!..

როცა ასეთი მუხანათები სხედან ქვეყნის ხელისუფლების სათავეში, წარმატებისთვის როგორღა უნდა მიგვეღწია, მით უფრო, როცა მუხანათობა დაუსჯელი რჩება, მაგალითის ძალას იძენს და მეორდება. სწორედ დაუსჯელობამ განაპირობა ის, რომ წარსულში დაწყებული «საქმენი საგმირონი» წარმატებით დააგვირგვინა შევარდნაძის პირმშომ და მიმდევარმა სააკაშვილმა მძინარე ცხინვალის დაბომბვითა და იქ ჯავშანტექნკის შეჯირითებით, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ე. წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება. აი, ამ საშინელებათა მეხამრიდად უნდა დაწესდეს ნებისმიერი მაღალჩინოსნის სრული ლუსტრაცია, ჩვენი მომავალი თაობების უსაფრთხოება თუ გვავალია გონებადაუნჯებულ პაპებს, მამებს, საზოგადოებას.

მხოლოდ დაშვებული შეცდომების გონივრული განსჯით, მათი ახლებურად დანახვითა და სიმართლის აღიარებითაა შესაძლებელი აფხაზეთისკენ მიმავალი გზებისა და ხიდების აღდგენა და მათზე გავლა. სიმართლითა და მონანიებით შეიძლება მივუახლოვდეთ პრობლემას და მივუსხდეთ  მოლაპარაკების მაგიდას აფხაზეთის წარმომადგენლებთან ერთად. სიმართლე მწარეა, მაგრამ კურნავს!

გასაგებია, რომ სიმართლის აღიარება არ არის ყოველთვის ადვილი და მომგებიანი საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში, მაგრამ ეს აუცილებელია, თუნდაც შიგა მოხმარებისთვის. უნდა მოვეშვათ გაუთავებელ საუბარს აფხაზურ სეპარატიზმზე. ეს არაფრის მომტანია. იგი ხელს უწყობს გაუცხოების პროცესის გაღრმავებას, აფხაზ ხალხთან დისტანცირებას. მით უფრო, რომ პოლიტიკაში სიტყვა «სეპარატიზმი» შემოგდებულია მათ მიერ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის ეთნიკურად განსხვავებული ნაწილის მიმართ და ცდილობენ, პასუხისმგებლობა მათვე დააკისრონ მიღებული შედეგების გამო. ამის მაგალითი არაერთია.

დაპირისპირება და გაუცხოება ძლიერ გაღრმავდა და, თუ გვიან არ არის, აფხაზეთის პრობლემების მოგვარება უნდა დავიწყოთ ეთნიკური აფხაზების შემობრუნებით! აფხაზეთის ერთიან ქართულ-აფხაზურ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში მოქცევა შესაძლებელია მხოლოდ აფხაზი ხალხის ნდობის აღდგენით, მათი ნებითა და  მათთან თანამშრომლობით! სხვა გზა არარეალურია!

აფხაზებთან საუბრისას ძალზე მნიშვნელოვანია, ქართველი და აფხაზი ხალხების მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობის ისტორიის ღრმა ცოდნა და სწორი აღქმა და არა ფსევდომეცნიერული მიდგომით, რომლითაც გვასაზრდოებდნენ ათეული წლების განმავლობაში. აფხაზეთშიც არიან განსწავლული ადამიანები და მათაც კარგად უწყიან ნამდვილი ისტორია; მათ ჩინებულად იციან, რომ გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე აღნიშნავდა, კოლხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლობდნენ აბაზგებიო; ხოლო მოგვიანებით, ფლავიუს არიანეს (ახ.წ.აღ. II ს.) ცნობით, ლაზების ზემოთ, დღევანდელი აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, დაახლოებით მდინარე ბზიფის ხეობაში, პირველი საუკუნიდან სახლობდნენ ჯერ აფსილები, შემდეგ _ აბაზგები. აპოლონიოს როდოსელის მიხედვით კი აფსილ-აბაზგები (სერგი მაკალათიას მოსაზრებით, _ აფხაზები) კოლხების გვერდით ბინადრობდნენ.

აფხაზეთში ბევრი სხვა ისტორიული ფაქტიც იციან, რომ ყოველივე ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, ვიდრე კავკასიაში გამოჩნდებოდნენ ქართები _ ქართველების წინამორბედი ტომი, რომლის კვალისთვის ივანე ჯავახიშვილს, ნიკო ბერძენიშვილს მე-6 საუკუნემდე ვერსად მიუგნიათ. მსოფლიო ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტეს მიხედვით, სიმწრის (წითელი) ზღვიდან შავ ზღვამდე სახლობდა მხოლოდ ოთხი ხალხი: სპარსები, მიდიელები, სასპერები და კოლხები. აფხაზებმა კარგად იციან, რომ ისინი სწორედ კოლხური სამყაროს – იბერიის ნაწილნი არიან და არა საქართველოსი, რადგან თვით ცნება «ქართველი და საქართველო» ბუნებაში ჯერაც არ არსებობდა; ისინი მოგვიანებით გახდნენ ძველ მეგრულ-ლაზურ (ზანურ) ენაზე მოსაუბრე იბერიის მკვიდრნი. ამიტომ არ იზიარებენ აფხაზები ფსევდომეცნიერულ და თავსმოხვეულ მოსაზრებას იმის  თაობაზე, რომ ისინი ე. წ. ქართველური მოდგმისანი არიან. მათ მყარად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადიღეური შტოს წარმომადგენლები გახლავან. ქართველი მეცნიერები კი, დაწყებული პავლე ინგოროყვათი და დამთავრებული ჯემალ გამახარიათი, ქადაგებენ: აფხაზები ქართველები იყვნენ ქართული სამყაროს ნაწილი და პრეისტორიული დროიდან აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ოლქიაო.

დავიწყებასაა მიცემული ის ფაქტიც, რომ რუსეთის შემადგენლობაში მოქცევამდე საქართველო კარგა ხნით ადრე იყო სამეფოებად და სამთავროებად დაქუცმაცებული. აფხაზეთი გარკვეული დროის განმავლობაში საერთოდ არ შედიოდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში, ამიტომ არ მიიჩნევენ აფხაზები საქართველოს თავის სამართალმემკვიდრედ. ეს მათ კარგად იციან, მაგრამ არ იციან ან არ სურთ, იცოდნენ, რომ აფხაზეთი იმ დროისთვის, როცა შედიოდნენ რუსეთის შემადგენლობაში, გაცილებით ნაკლები ტერიტორიით იყო წარმოდგენილი. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასეთ თავსმოხვეულ ფსევდო-მეცნიერულ მიდგომას აფხაზების წარმომავლობის საკითხისადმი და გაუთავებელ კინკლაობას მათი აბორიგენობის შესახებ, შეუძლებელია, ნეგატიური როლი არ ეთამაშა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში. აფხაზების, როგორც თვითმყოფადი ერის, არაღიარებამ განაპირობა გაუცხოებისა და უნდობლობის ტენდენციების ჩამოყალიბება-გარღმავება. აფხაზებმა ნელ-ნელა დაიწყეს განდგომა. ეს კარგად ჩანს იმ ისტორიული ფაქტიდანაც, რომ აფხაზები თავდაპირველად, ჯერ კიდევ მუჰაჯირობამდე, იხრებოდნენ ჩვენკენ და ჩაჩბები, აჩბები, ემხები, მანები, აქირთები, ზვამბები, თარბები, ზუხბები, ქეცბები, აკიჟბები, ლაცუჟბები, აბუხბები, ყოლბები და სხვანი იქცნენ კიდეც შესაბამისად, შერვაშიძეებად, ანჩაბაძეებად, ემხვარებად, მარღანიებად, აქირთავებად, ზვამბაიებად, თარბაიებად, ზუხბაიებად, ქეცბაიებად, აკიჟბაიებად, ლაცუჟბაიებად, აბუხბაიებად, ყოლბაიებად და ა. შ. ხოლო გასაბჭოების შემდეგ, როდესაც აფხაზეთი შემოვიდა ჯერ კონფედერაციის შემადგენლობაში, როგორც რესპუბლიკა, შემდეგ კი უფრო დაქვეითებული კონსტიტუციური უფლებებით (ავტონომია) საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში, უფრო მეტად იჩინა  თავი დაპირისპირებამ და აფხაზებმა ისევ იბრუნეს პირი ჩრდილო-დასავლეთისკენ და დაუბრუნდნენ თავიანთ საწყის მდგომარეობას.

რაღა თქმა  უნდა, ასეთ დროს უფრო გონივრული იქნებოდა, გვეფიქრა იმაზე, რა არ მოეწონათ მათ, რა იყო ერთი ან მეორე პროცესის მიზეზი, რა ისტორიული მოვლენები ედო საფუძვლად, ვიდრე დღენიადაგ გაუთავებელი ძახილი: «აფხაზეთი საქართველოს ისტორიული ოლქია; აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა; აფხაზები აფსუები არიან და ისინი კასპიისპირეთიდან არიან მოსულნი;  რომ აფსილები და აბაზგები ქართველები იყვნენ», როდესაც, როგორც ითქვა, ცნება «ქართველი» და «საქართველო» ჯერ კიდევ ბუნებაში არ არსებობდა. «რა უნდათ იმაზე მეტი, რაც აქვთ?! თუ არ გაჩუმდებიან, ჩავქოლავთ, გადავუვლით და ა. შ.» _ ასეთი იყო ექსტრემისტებისა და ვაიპოლიტიკოსების შეძახილები, რომელთაც გონივრულ პოლიტიკასთან საერთო არაფერი ჰქონდა.

ნაპო მესხია,

ნეიროქირურგი, საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here