Home რუბრიკები საზოგადოება რა უნდა გავითვალისწინოთ კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებისას

რა უნდა გავითვალისწინოთ კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებისას

1648

კომპანია «კომპიუტერული განვითარების სტუდია CDS»   2002 წელს დაარსდა და დღეს უამრავი მომხმარებელი ჰყავს. რა უნდა გაითვალისწინოს  კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებელმა? _ ამ საკითხზე CDS-ის გენერალური მენეჯერი რობი გაჩეჩილაძე გვესაუბრება.


_ ჩვენი კომპანია, ძირითადად, დიდ ორგანიზაციებზე მუშაობს, მაგრამ, ბოლო ორი წელია, ცალკეულ ადამიანებსაც ვემსახურებით. ჩვენი კომპანია სხვა კომპანიებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეულ კლიენტთან გვაქვს უშუალო ურთიერთობა და მათ სრულფასოვან კონსულტაციას ვუწევთ. რაც შეეხება ტექნიკურ მომსახურებას, შეგნებული გვაქვს, რომ კლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი უნდა დავტოვოთ. ამიტომ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები, ე.წ. აიტები (IT_informacion technology _ ინფორმაციული ტექნოლოგიები. აიტები _ ამ დარგის სპეცილისტები _ ნ. მ.)  საკმაოდ კარგად არიან მომზადებულნი და თავიანთ საქმეს სრულყოფილად აკეთებენ. თუ რომელიმე ნაწილის შეცვლაა საჭირო, აუცილებლად უმაღლესი ხარისხის ნაწილით ვცვლით, ანუ ჩვენ მიერ შეკეთებული ტექნიკა შესანიშნავად მუშაობს. ამას ხედავს მომხმარებელი და უპირატესობას ჩვენს სერვისცენტრს ანიჭებს.

_ რომელი ქვეყნიდან შემოგაქვთ აპარატურის ნაწილები?

_ მომწოდებელი, ძირითადად, ლიტვაა, მაგრამ, თუ ეს ქვეყანა რომელიმე ნაწილს ვერ გვაწვდის, მივმართავთ აპარატურის მწარმოებელს და გვიგზავნის.

 ჩვენი აიტები ძალიან ხშირად გადიან გადამზადებას, ე.წ. ტრეინინგებს, საქართველოში ხშირად ჩამოგვყავს სხვადასხვა კომპიუტერული ბრენდის წარმომადენლები, რომლებიც ჩვენს კადრებს ამზადებენ. გარდა ამისა, ვინაიდან დიდი ხნის კომპანიაა, მომარაგებაც სრულფასოვანი გვაქვს და არ არსებობს აპარატურა, რომელიც ჩვენს სერვისცენტრში არ შეკეთდეს. ხშირად მოსულა კლიენტი, მოუტანია აპარატურა, რომელიც მანამდე სხვა სერვისცენტრებში ვერ გაუკეთებიათ. ჩვენთან კი არ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ გაკეთდება.

_ რა უნდა გაითვალისწინოს კომპიუტერული ტექნიკის მომხმარებელმა, იგი შეძლებისდაგვარად რომ დაიცვას დაზიანებისგან?

_ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას კლიენტს არ უწევენ რეკომენდაციას და არ აძლევენ რჩევა-დარიგებას მოვლის ელემენტარულ მეთოდებზე. ამიტომაც ჰგონია ხალხს, რომ კომპიუტერის გახსნა ძალიან ცუდია. არადა, კომპიუტერი აუცილებლად უნდა გაიხსნას და გაიწმინდოს. ლეპტოპი, შეძენიდან ორ წელიწადში, ანუ როგორც კი საგარანტიო ვადა გაუვა, აუცილებლად უნდა გაიხსნას და გაიწმინდოს, კერძოდ _ თერმოგამტარი ბალიშები, რომელთაც სავინტილაციო არხებიდან გამოაქვს ცხელი ჰაერი, ასევე უნდა მოხდეს სავინტილაციო არხების, ვიდეომაზერისა და ჩიპის გაწმენდაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ცირკულაცია დაირღვევა, რასაც მოჰყვება ვიდეოჩიპის გადაწვა და .. მიზერული თანხის დაზოგვის გამო კომპიუტერული ტექნიკა ფუჭდება და მისი შეკეთება, სულ ცოტა, 150 დოლარი ჯდება. კომპიუტერის გაწმენდა კი 45 ლარი ღირს. დიდი პრობლემაა აკუმულატორული ბატერეების ე. წ. სიკვდილი. ვგულისხმობ ლეპტოპის ბატარეებს, რომელიც შეძენიდან ერთი წლის შემდეგ უფუნქციო ხდება. როდესაც მთელი დღის განმავლობაში ჩართულია ლეპტოპი და პარალელურად მისი ბატარეებიც იტენება, ბევრს ჰგონია, რომ ლეპტოპი უფრო დაცულია, არადა, პირიქით ხდება _ ასეთ შემთხვევაში ბატარეა ზარმაცდება, ვეღარ აღიქვამს თავის ფუნქციას და კვდება. ამიტომ, ლეპტოპის ბატარეა აუცილებად 100 პროცენტით უნდა დაიმუხტოს, შემდეგ დასამუხტი მოწყობილობა გამორთოთ და განაგრძოთ მუშაობა. ლეპტოპის ბატარეა მაშინ უნდა დავმუხტოთ, როცა თითქმის ბოლომდე დაჯდება, ანუ მარაგი 10-დან 5 პროცენტამდე დარჩება.

_ კომპიუტერის კლავიატურაში სითხის ჩაღვრის შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?

_ ყავის, წვენის ან თუნდაც წყლის ჩაღვრის შემთხვევაში, ბევრი  განაგრძობს მუშაობას და მომხდარს ყურადღებას არ აქცევს ან ფენით ცდილობს დასველებული კლავიატურის გაშრობას, რაც საშინელებაა. თუ კომპიუტერში ჩაგეღვრებათ სითხე, პირველ რიგში, აპარატურა ელექტროქსელიდან უნდა გამორთოთ. შემდეგ მას ამოაცალეთ ბატარეა და დააპირქვავეთ, ჩაღვრილი სითხე უკან რომ გამოვიდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება კლავიატურა დაიწვას, მაგრამ ძირითად და ძვირად ღირებულ ნაწილებს გადაარჩენთ. როდესაც ფენით ცდილობენ კომპიუტერის გაშრობას, ჰაერის ზემოქმედებით სითხე სიღრმეში შედის და მიკროსქემებამდე აღწევს, რაც კომპიუტერის მთლიანად დაწვას იწვევს.

დაუშვებელია ლეპტოპის ლოგინში ჩადება ან ქსოვილზე დადება, რადგან მიკროსქემები ძალიან ხურდება, რაც იწვევს გადაწვას. ამიტომ, ვისაც საწოლზე წამოწოლილს უყვარს ინტერნეტში მუშაობა, აუცილებლად უნდა გამოიყენოს სპეციალური ქულერი (გამაგრილებელი _ ნ. მ) ანუ მინიმაგიდა, რომელზეც იდება ლეპტოპი. ამით ხდება ჰაერის ცირკულაცია, ლეპტოპი რომ არ გადაიწვას.

სახიფათოა ლეპტოპის ან ჩვეულებრივი კომპიუტერის მუშაობა ბინაში, სადაც ცხოველებიც ცხოვრობენ, რადგან ქულერის ბრუნვის შედეგად კომპიუტერში ცირკულაციისთვის შეტანილ ჰაერს მიჰყვება მტვრის ნაწილაკები, მათ შორის, ცხოველის ბეწვიც, რაც ბლოკავს სავენტილაციო არხებს. ასევე არ შეიძლება აპარატურის ჩართვა სახლში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარებს. ხოლო რემონტის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს აპარატურის გაწმენდა.

_ პლანშეტის მფლობელებმა რა უნდა გაითვალისწინონ?

_ მთავარია, დამუხტვის დროს არ «შევაწუხოთ» სენსორი, თუ ასე მოვიქცევით, სენსორი გაცილებით დიდხანს იმუშავებს. რაც მთავარია, პლანშეტი გამორთულ მდგომარეობაში 5-დან 10 პროცენტამდე მაინც უნდა დაიტენოს და შემდეგ განვაგრძოთ მუშაობა.

_ ბოლო ხანს «ვინდოუსს» ხშირად აყენებენ არაპროფესიონალები. რა შეიძლება გამოიწვოს «ვინდუსის» არასრულფასოვნად გაინსტალირებამ?

_ ნამდვილად ასე ხდება, რის გამოც დაზიანებული ტექნიკა სერვისცენტში მოაქვთ. მათ, ვინც კომუპიუტერულ ტექნოლოგიებს სწავლობს, ჰგონიათ, რომ «ვინდოუსის» ე. წ. გადაყენება უმარტივესი პროცესია და ამის გაკეთება იციან. შეიძლება ერთხელ გამოგივიდეს, მაგრამ ზოგიერთ ლეპტოპს დრაივერების თანმიმდევრობის დაცვა სჭირდება ან კონკრეტული ბრენდის ვებგვერდიდან უნდა გადმოიწეროს სპეციალური პროგრამა. ეს რომ არ იციან და არაპროფესიონალურად აყენებენ «ვინდოუსს», სისტემას აზიანებენ. ასეთ შემთხვევაში ვინჩესტერიდან ხშირად დაკარგულა მთელი ინფორმაცია.

გასათვალისწინებელია, რომ «ცე» დისკის სრულად დატვირთვა კომპიუტერს მუშაობაში ხელს უშლის. ის სისტემური დისკია და ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია «დე» დისკზე უნდა შევინახოთ. მართალია, «დე» დისკს არ აქვს დაცვის ასპროცენტიანი გარანტია, რომ იქ არსებული ინფორმაცია არ წაიშლება, მაგრამ «დე» უფრო დაცული დისკია. გამოსავალი კი არის ის, რომ  «ცე» და «დე» დისკებიდან ინფორმაცია გარე ვინჩესტერზე გადავიტანოთ.

_ კომპიუტერში დაკარგული ინფორმაციის აღდგენა როგორ ხდება?

_ ინფორმაციის აღმდგენი ტექნიკა 12-დან 15 ათას ევრომდე ღირს და ჯერჯერობით არ ვყიდულობთ, რადგან დაკარგული ინფორმაციის აღდგენის მოთხოვნა საქართველოში არ არის, ამიტომ ჩვენს კლიენტ ორგანიზაციებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გარე ვინჩესტერზე გადაიტანონ.

_ მართალია, რომ ესა თუ ის კომპიუტერული ბრენდი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის უფრო დაბალხარისხიან ტექნიკას ამზადებს, ვიდრე დასავლეთის განვითარებული სახელმწიფოებისთვის?

_ ნამდვილად ასეა, თუმცა ჩვენი კომპანია ევროპული ქვეყნებისთვის განკუთვნილ ტექნიკას იღებს, ამიტომაც არის ჩვენი მომხმარებელი კმაყოფილი, რადგან დიდ სხვაობას ხედავს სხვა სერვისცენტრებთან შედარებით.

_ რომელია დღეს ყველაზე კარგი კომპიუტერული ბრენდი?

_ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საუკეთესო ლეპტოპებს «ეიფლი» უშვებს. «ეიჩ პი»-ც კარგი ბრენდი იყო, მაგრამ 5 წელია, მის მიერ წარმოებული ტექნიკა ვეღარ არის ადრინდელივით გამძლე.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here