Home რუბრიკები საზოგადოება სიკვდილის რეცეპტი, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ურეცეპტოდ წამლების გაყიდვის აკრძალვის შესახებ

სიკვდილის რეცეპტი, ანუ რა უნდა ვიცოდეთ ურეცეპტოდ წამლების გაყიდვის აკრძალვის შესახებ

999

1 სექტემბრიდან ძალაში შედის წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება 6 ათასზე მეტი მედიკამენტის სპეციალური რეცეპტის გარეშე გაცემა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ამიერიდან ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული მედიკამენტების ურეცეპტოდ შეძენა შეუძლებელი გახდება. ხელისუფლება ამ სიახლეს ხალხზე ზრუნვით ხსნის და მიიჩნევს, რომ ამით ადამიანებს თვითმკურნალობასა და სააფთიაქო ნარკომანიას ააცილებს. 


გადწყვეტილების გასამყარებლად კი ევროპის ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, თუმცა საკითხავია, რატომ არავინ ითვალისწინებს მოსახლეობის მდგომარეობასა და ადგილობრივ ვითარებას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ევროპაში არსებულისგან. საინტერესოა, რამდენი მოახერხებს თავის ყოველი წამოტკივებისას ან ალერგიის შემთხვევაში მყისიერად მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელთანაც, სავარაუდოდ, უშველებელი რიგი იქნება, და ვინ აგებს პასუხს დაგვიანებული მკურნალობით გამოწვეულ ფატალურ შედეგებზე. ძლიერმოქმედი პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ფსიქოტროპული მედიკამენტები ურეცეპტოდ არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ გაურკვეველია, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის შედგენისას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. არის კი დღეს ქართველი საზოგადოება მზად ზემოაღნიშნული სიახლისთვის? ამ საკითხზე «საქართველო და მსოფლიოს» დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი, არასამთავრობო ორგანიზაცია  «გვახსოვდეს ჰიპოკრატეს» თავმჯდომარე მარინა ბერაძე ესაუბრება.

_ 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმადაც გარკვეულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ვეღარ შევიძენთ. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიაში ტკივილგამაყუჩებელი და ანტიალერგიული პრეპარატებიც მოხვდა. ეს რეფორმა მორგებული თუ არის თანამედროვე საქართველოზე?

_ ამ განწყობას მეც ვიზიარებ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების რეცეპტებით გაცემა საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. აქამდე ჩვენთან მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემა იყო შეზღუდული, მაგრამ ეს მაინც არ ჭრიდა. რეცეპტის ინსტიტუტი სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად შემოიღეს და ამას ხელისუფლება პაციენტზე ზრუნვით ხსნის, რათა თავიდან ავიცილოთ თვითმკურნალობა და მოხდეს სააფთიაქო ნარკომანიის შემცირება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების პროცესშიც კი, რომელიც მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა და, ვიდრე ეს ხარვეზები არ გამოსწორდება, შემოტანა ახალი ინოვაციისა, რომელიც საზოგადოებას თავიდანვე უარყოფითად განაწყობს, მიუღებელია. ფაქტია, რომ ახალ რეგულაციას უარყოფითად შეხვდა თვითონ პაციენტი, რომლისთვისაც ეს კეთდება. როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. ამიტომ, ჩემი აზრით, თუ ჯანდაცვის სისტემა უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს და უფრო დახვეწილად განახორციელებს გადაწყვეტილებებს, სიახლეების დანერგვა უფრო გაადვილდება. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი რიგზე იქნება და იმ ხარვეზებით გამოწვეული შიში, რომელიც მოსახლეობას და, მათ შორის, მეც მაქვს, არ გამართლდება.

ჩემი აზრით, გონივრული იქნება, თუ დროთა განმავლობაში მოხდება ამ მედიკამენტების გადაჯგუფება, ვინაიდან ეს არ არის დოგმა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.

_ მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ, თავის ტკივილის ან უეცარი ალერგიის შემთხვევაში, ოჯახის ექიმთან უშველებელ რიგში დგომა მაინც მოგვიწევს. მეტიც, დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ზოგი სამსახურიდან გასვლას ვერ მოახერხებს. შესაბამისად, ხომ არ აღმოჩნდება მკურნალობა დაგვიანებული, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს?

_ მოვისმინე ჯანდაცვის მინისტრის განმარტება, რომ აფთიაქებში იქნება პირველადი დახმარების მედიკამენტების ჩანთა, რომლის მიღებაც შეეძლება ნებისმიერს _ როგორც პაციენტს, ისე პაციენტის ახლობელს.

_ დიახ, ითქვა, რომ აფთიაქებს უფლება ექნებათ, გადაუდებელ შემთხვევებში ურეცეპტოდ გასცენ სამკურნალო საშუალება, მაგრამ ვინ და რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს აფთიაქში, მართლა გვჭირდება ესა თუ ის მედიკამენტი მე ან ჩემს ახლობელს თუ ვიტყუებით?

_ ეს საკითხი, რა თქმა უნდა, ბუდნოვანია. არსებობს გადაუდებელი დახმარების მედიკამენტები, მაგრამ როგორ მოხდება ამის განსაზღვრა და ვინ გააკონტროლებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. იმის მიუხედავად, რომ ვეთანხმები მედიკამენტების რეცეპტით გაცემის წესის დანერგვას, ამასთანავე, მომხრე ვარ, პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემა გახდეს გამართული და მხოლოდ ამის შემდეგ დაინერგოს მედიკამენტების რეცეპტით გაცემის წესი.

გასათვალისწინებელია ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაც. აფთიაქში რომ მივა ადამიანი და იქ ათას გაურკვევლობას წააწყდება, ჩვენი ორგანიზებულობის ამბავიც რომ ვიცი და მათი ხასიათიც, ვინც მოსახლეობას ემსახურებიან, ოპტიმისტურად განწყობილი ნამდვილად არ ვარ.

ამას გარდა, ყველამ ვიცით, რომ არსებობენ ექიმები, რომლებიც ბონუსური სისტემით მუშაობენ და აქამდეც ბევრი პაციენტი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ ზოგიერთი ექიმი, თავისი ეკონომიკური დაინტერესების შესაბამისად, არამართლზომიერად და არასწორად წერდა დანიშნულებას.

_ ანუ ექიმი ფარმაცევტულ კომპანიასთან იყო შეკრული?

_ რასაკვირველია. ასეთი კავშირები ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის, საქართველოს გარდა, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს. ექიმი ყოველთვის მოწოდებული უნდა იყოს, პაციენტს ოპტიმალური დახმარება გაუწიოს და ზედმეტი პრეპარატი არ დაუნიშნოს. ფარმაცევტული კომპანიები კი ყოველთვის ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი გაყიდონ. როდესაც ფარმაცევტული კომპანიების ხელშია კლინიკა და ექიმი, რასაკვირველია, ეს ექიმიც ფარმაცევტული კომპანიის ინტერესების შესაბამისად მუშაობს. სარეცეპტო სისტემის შემოღებისას ეს ხარვეზი თუ არის გათვალისწინებული და როგორ ავიცილებთ თავიდან, რომ ექიმი პირადი მოსაზრებითა და ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ არ დანიშნავს მკურნალობას, ნამდვილად არ ვიცი.

_ გამოდის, გარანტია, რომ ექიმი ფარმაცევტულ კომპანიას არ შეეკვრება და პირადი ინტერესებით არ იხელმძღვანელებს მედიკამენტის დანიშვნისას, დღეს არ გვაქვს?

_ არა, ამის გარანტია ნამდვილად არ გვაქვს. პირველ რიგში, აუცილებელია, გამართული საკანონმდებლო ბაზა. ეჭვს მიჩენს ისიც, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, რეცეპტში მედიკამენტი ჯენერიკული სახელწოდებით, ანუ მასში შემავალი აქტიური ნივთიერების მიხედვით უნდა იყოს გამოწერილი. რასაკვირველია, შესაძლებელია, მითითებული იყოს კომერციული სავაჭრო დასახელებაც, მაგრამ მხოლოდ სავაჭრო დასახელებით წამლის გამოწერა არ არის მართებული. ჯენერიკული სახელწოდება არის მედიკამენტის საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება. ჯენერიკული პრეპარატების მწარმოებლები მატერიალური ტექნიკური ბაზით არ ჩამოუვარდებიან ორიგინალური პრეპარატების მწარმოებლებს. ისინი ხარისხით არ განსხვავდებიან, განსხვავება მხოლოდ ფასშია.

ხელთ მაქვს რეცეპტის გამოწერის ნიმუში და პირველი დანართის მეექვსე პუნქტში პირდაპირ წერია, რომ «რეცეპტის ბლანკზე, ფარმაცევტული პროდუქტი იწერება მისი სავაჭრო დასახელებით», რაც მიუღებელია და საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება, რადგან ამ შემთხვევაში პაციენტს ეზღუდება კუთვნილი უფლება, იმავე ნივთიერების შემცველი, მაგრამ სხვა დასახელების წამალი თავისი შესაძლებლობების, ანუ ფასის მიხედვით შეიძინოს. მთავარი არის ის ნივთიერება, რომელიც აქტიურია, რა შემცველობით და დოზითაა დანიშნული და არა _ სავაჭრო დასახელება. კანონით, ექიმს რომელიმე მედიკამენტის რეკლამირება ეკრძალება. ხოლო, როდესაც ექიმი პრეპარატის სავაჭრო დასახელებას წერს, ეს ნიშნავს, რომ ის ამ პრეპარატს რეკლამას უწევს  და პაციენტის ინტერესის საზიანოდ მოქმედებს.

ამას გარდა, როდესაც რეცეპტის ინსტიტუტს ვნერგავთ, უნდა არსებობდეს რეცეპტის გამოწერის ცენტრალიზებული სისტემა. ცენტრალიზებული სისტემით ძალიან ადვილია, გავიგოთ, აქვს თუ არა ექიმს, პაციენტსა და ფარმაცევტს ჯანსაღი ურთიერთობა ერთმანეთთან და სწორად თუ ხდება მკურნალობის დანიშვნა. თუ ეს ელექტრონული სიტემა არ ამუშავდება, თავს ვერ დავიზღვევთ, რომ ექიმი პაციენტს არასწორი დანიშნულებით არ უმკურნალებს.

_ ხომ არ გამოიწვევს ეს რეფორმა «შავი ბაზრის» შექმნის საფრთხეს?

_ რასაკვირველია, «შავი ბაზრის» შექმნის საფრთხე არსებობს,  მაგრამ, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაშინ ეს საფრთხეც აღარ იარსებებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, ყოველ სიახლეს ჩვენ, საზოგადოება, ნეგატიურად არ უნდა შევხვდეთ და რეცეპტის ინსტიტუტი მაინც დასანერგია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამ სიახლისთვის ჯერჯერობით მზად არ არის.

_ ახალი რეგულაციის ინიციატორებისა და მხარდამჭერებისგან ამ დღეებში ხშირად მოისმენდით, რომ «ევროპაშიც ასეა». მართალია, ევროპას ვბაძავთ, მაგრამ ახლოსაა კი ევროპული ცხოვრების დონესთან საქართველო და ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია (რა თქმა უნდა, ყველა ექიმი არ იგულისხმება) თუ შეესაბამება ევროპის სტანდარტებს?

_ მეც ვფიქრობდი, რომ სამინისტრო ჯერ დაამუშავებდა დოკუმენტაციას და ექიმთა პოსტდიპლომური კვალიფიკაციის საკითხს გადაწყვეტდა. ვერ გეტყვით, ექიმები, რომლებიც სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში მუშაობენ, რამდენად კვალიფიციურნი და კეთილსინდისიერნი არიან.

ჩვენ მედიკამენტების ხარისხზეც არ გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია _ რამდენად ხარისხიანი მედიკამენტებია ქართულ ბაზარზე, ფასების მიმართაც ბევრი კითხვის ნიშანია. მაშინ, როდესაც ეს საკითხიც არ არის დარეგულირებული, ასეთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმას მეტი მომზადება სჭირდება. კარგი იქნება, თუ გავიგებთ, ვინ არის ამ პროექტის ინიციატორი და ვინ დაიკისრებს პასუხისმგებლობას მის სწორად განხორციელებაზე..

_ მართალია, ხელისუფლება ხალხზე ზრუნვით ხსნის ამ რეფორმას, მაგრამ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებით, გარკვეული მედიკამენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მიმართულებით რატომ არ მუშაობს ხელისუფლება?

_ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა წევრ ქვეყანას, გარკვეული მედიკამენტები იყოს უფასო და ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და ამ მითითებას ყველა ქვეყანაში ასრულებენ. ოჯახის ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშნული მედიკამენტები, პირველ რიგში, ხარისხიანი, იაფი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ამ მხრივ კი, საქართველოში ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here