Home რუბრიკები პოლიტიკა ჰკა მაგ ევროლაქიათა!

ჰკა მაგ ევროლაქიათა!

846

ქვესათაურში მოყვანილი ფრაზა არის გრიგოლ ორბელიანის ნაწარმოებიდან «აღსარება», რომელიც ჟურნალში «სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი» უნდა დაბეჭდილიყო და აჯანყებულთა დევიზი, გნებავთ, მთავარი ლოზუნგი გამხდარიყო. ეს ჟურნალი, რომელიც 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ფარული ბეჭდვითი ორგანო იყო, შეთქმულებთან ერთად დააპატიმრეს.


დაპატიმრებისას სოლომონ დოდაშვილისთვის ჩამორთმეულ რედაქციის არქივში ერთი ანონიმური ნაწარმოები აღმოჩნდა, რომელსაც მკვლევარნი იოანე ბატონიშვილს მიაწერენ. ამ ნაწარმოებში იმდროინდელი საქართველოს ვითარება ასეა დახატული: «სკვით წაგვართვეს მთლად ქვეყანა, არც კი მოგვცეს კაცი ერთი; ქართლკახეთსა არ დაჰჯერდნენ, ზედ დაიდვეს იმერეთი. მწირობაში დავგლახავდით, შემწე არ გვყავს არცა ერთი, შევთხოვთ ზენას სამართალსა, ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი».

ზენამ კი ისე განსაჯა, რომ შეთქმულება იესე ფალავანდიშვილის გამოისობით გამოაშკარავდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეამ დროებით, მაგრამ კარგა ხნით ადგილი დაუთმო რუსეთის იმპერიაში ქართველი ერის ფიზიკური გამრავლების, განათლების, კულტურის აღორძინების და სხვა, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს… ქართველი ერის საუკეთესო შვილები პეტერბურგ-მოსკოვ-კიევ-ოდესის გავლით ევროპის სხვა ქალაქების უნივერსიტეტებშიც ეზიარნენ უმაღლეს განათლებას.

მიხეილ ვორონცოვის რუდუნებით დაარსდა პირველი ქართული გაზეთები, თეატრი, ოპერა; პეტერბურგიდან მობრუნებულმა თერგდალეულებმა, დიდი ილიას მეთაურობით, შექმნეს ახალი ქართული მწერლობა; განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, თბილისი გახდა სრულიად კავკასიის უმთავრესი ქალაქი და, რაც მთავარია, ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა _ XIX საუკუნის დამდეგს, ანუ რუსეთთან შეერთებისას აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა, სულ რაღაც, 70 ათას (!) ოჯახს (დემოგრაფ ანზორ თოთაძის მონაცემებით) ითვლიდა, ხოლო XIX საუკუნის მიწურულს, რუსეთის იმპერიაში ჩატარებული აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა!..

«სწრაფად განვითარდა ხელოსნობა, გაჩნდნენ კაპიტალისტური ტიპის მანუფაქტურები: აბრეშუმის, შაქრის, მინის, ტყავის, საპნის, აგურის საწარმოები. 1852 წელს მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში 154 საწარმო არსებობდა, ხოლო 10 წლის შემდეგ მათმა რაოდენობამ 400 (!) გადააჭარბა. თბილისში წარმოიშვა კომერციული სახლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა ბაზრობები ე. წ. იარმარკები; თბილისელი ვაჭრები მომრავლდნენ ნიჟნი ნოვგოროდის ბაზრობაზე. საიდანაც უპირატესად შემოჰქონდათ ბამბის, სელის, შალის, აბრეშუმის ქსოვილები, რკინისა და ფაიფურის ნაწარმი, შაქარი, პურის ფქვილი და სხვ. თბილისელ ვაჭრებს ნაირ-ნაირი საქონელი გაჰქონდათ რუსეთში და საზღვარგარეთ _ ნოვგოროდის 1850 წლის იარმარკაზე თბილისელ ვაჭრებს 1.195019 მილიონი მანეთის საქონელი ჩაუტანიათ. დასავლეთ საქართველოდან სიმინდის დიდი რაოდენობა გაჰქონდათ ინგლისში და ირლანდიაშიც კი».

ეს ყველაფერი აკაკი და პაატა სურგულაძეების ავტორობით გამოცემულ 1783-1990 წლების «საქართველოს ისტორიიდან» ამოვიწერე და ევროპასთან ასოცირების ცრუ პერსპექტივებით გონდაბნელებულთა საყურადღებოდ რამდენიმე კითხვას დავსვამ:

იცით კი, რამდენი ევროს ეკვივალენტია დღეს იმჟამინდელი «მილიონ სჩემტა» რუსული ოქროს რუბლი, რომლის ღირებულების საქონელიც საქართველოს რუსეთთან «ძალით» შეერთებიდან 50 წლის შემდეგ შეუტანიათ თბილისელ ვაჭრებს ნოვგოროდის ბაზრობაზე? და ევროკავშირთან «ნებაყოფლობით» ასოცირებიდან რამდენი წლის შემდეგ გაიტანს საქართველო მილიარდობით ევროს ღირებულების საქონელს ევროკავშირის ქვეყნებში?

ახლა მავანი დამამუნათებს, რუსეთმა გააუქმა ბაგრატოვანთა სამეფო ტახტი და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, კირით შეგვითეთრეს ფრესკები, ქართველთა გარუსება მოინდომეს, სხვა მრავალი ვნებაც მოგვაყენეს 200 წლის განმავლობაშიო… და მერე რა?

ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ საქართველოს გამორჩეულმა შვილებმა, მაგრამ… პირუთვნელმა ისტორიკოსებმა მე-19 საუკუნის დასაწყისი მაინც უმნიშვნელოვანეს მომენტად მიიჩნიეს ქართველი ხალხის განვითარებაში, რადგან ამ დროიდან იწყება ახალი პერიოდი ქართველთა სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მე-19 საუკუნის შორსმჭვრეტელი ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მოწინავე საზოგადოებრივი ფენების ინტერესებს გამოხატავდნენ, მაინც რუსეთში, თუნდაც ოკუპანტ რუსეთში, ხედავდნენ ერთმორწმუნე ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც შეეძლო, მტრებთან განუწყვეტელი ბრძოლებითა და პარტიკულარიზმით დაუძლურებული საქართველო ეხსნა აღმოსავლეთის აგრესიული ქვეყნების ხელყოფისგან.

ქართველი ხალხის ფიქრთამპყრობელმა ილია ჭავჭავაძემ კი ბრწყინვალე პუბლიცისტურ წერილში  «ასის წლის წინათ», რომელიც 1899 წლის 26 ნოემბერს დაწერა და საქართველოში რუსის ჯარის პირველად შემოსვლის 100 წლისთავს მიუძღვნა, რუსეთთან საქართველოს შეერთების ისტორიული მნიშვნელობა ასე გადმოსცა:

«დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დასცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით  ოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლშვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამაპაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრადღა დაგვრჩა. დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისაის დღე და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში»…

ნიშანდობლივია, რომ მთიულეთის, კახეთის, იმერეთის აჯანყებების თუ 1832 წლის შეთქმულთა საბოლოო მიზანი არ ყოფილა ოკუპანტ რუსეთთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტა, მათი მიზანი გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე სამეფო ტახტისა და შიგა ავტონომიური მმართველობის აღდგენა იყო, რადგანაც კარგად ხედავდნენ, რომ ალექსანდრე I-ის მანიფესტის გამოცხადებისთანავე საქართველოში აილაგმა ლეკიანობა და ისლამის ოკეანეში კვლავ აღმოჩენის პერსპექტივა არავის ხიბლავდა…

XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის დუმის დეპუტატი, თავადი ილია ჭავჭავაძე  რუსეთის იმპერიის შიგნით ითხოვდა საქართველოს კულტურულ ავტონომიას. ეგ იყო და ეგ. ილია მართალს კარგად ესმოდა, რომ ძლიერი მფარველის გარეშე საქართველოს გაუჭირდებოდა დამოუკიდებლად არსებობა.

დიდი ილიას შიში რომ უსაფუძვლო არ იყო, დღეს გამოჩნდა _ ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ სამშობლოს გვართმევენ! რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო არ გვქონდა, მაგრამ  გვქონდა სამშობლო

პარადოქსია, რომ ქვეყნის «მთავარი ოპოზიციური ძალა» _ «ნაცბანდა» დღენიადაგ ამუნათებს «მეოცნებე» ხელისუფლებას, პრორუსულები ხართ, პუტინის თამაშს თამაშობთო და ა. შ. ხელისუფლება კი ხელებს ასავსავებს და ლამის ბარაკ ობამას დედის სულს იფიცებს, _ რის რუსეთი, რა პუტინი, ევროკავშირ-ნატოსკენ გვიჭირავს გეზიო. ჰოდა, ნაცებ-ქოცების ამ შეხმატკბილებული კოჰაბიტაციიდან შობილ ვასვასში ქვეყანა თავზე გვექცევა _ თითქმის 2 წელიწადია, საქართველო-რუსეთის «ახალი ურთიერთობები» კარასინ-აბაშიძის შეხვედრების ფორმატს და რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და ბორჯომის შეტანას ვერ გასცილებია. ამიტომ დარჩა «ჰაერში გამოკიდებული» რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობა _ კაპიტულანტობაში ბრალდებით შეშინებულმა ხელისუფლებამ ბევრი კლაკვნაგრეხვის შემდეგ მაია ფანჯიკიძის პირით საბოლოო ვერდიქტი გამოიტანა _ ვიდრე ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საელჩოებია, უმაღლეს დონეზე შეხვედრა გამორიცხულიაო. ანდრეი გრომიკო, სტალინის პერიოდიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, სსრკ-ის დაშლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც ამერიკელებმა მისტერ «ნეტ», ანუ ბატონი «არა» შეარქვეს. ჰოდა, არ ვიცი, შეგნებულად ბაძავს გრომიკოს ჩვენი საგარეო მინისტრი თუ შეუგნებლად გაიძახის არა-არას რუსეთის მისამართით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ გრომიკოს არას და ფანჯიკიძის არას «შუა უზის დიდი მზღვარი», რადგან პირველის არას ზურგს ბირთვული პოტენციალი უმაგრებდა, ხოლო მეორისას _ მხოლოდ ნატოში შესვლის ფუჭი დაპირებები და ევროსაბჭოს ასევე ფუჭი რეზოლუციები… ამიტომაც არის, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის ე.წ. მცოცავი ანექსია გრძელდება და, თუ უილაჯო არა-არას არ მოვიშლით, მავთულხლართებს იქით _ ქუთაისთან, ხოლო აქეთ _ თბილისთან გადმოიტანენ!

ქართველი ურაპატრიოტები კი «რკინისებური არგუმენტებით» გვპირისპირდებიან პრაგმატულად მოაზროვნეებს _ თუ  ერთმორწმუნეები არიან და ჩვენთან მეგობრობა სურთ, დაგვიბრუნონ ჩვენი ტერიტორიების 22 პროცენტიო და ა. შ.

ისე, რატომ არავინ ითვლის პროცენტებს იმ ტერიტორიებისა, რომლებიც ჩვენმა მარადიულმა მტერმა, თურქეთმა, მიითვისა? ჩვენ რუსეთს მხოლოდ მტრად განვიხილავთ, ხოლო ისტორიულ მტერს, თურქეთს, _ უპირველეს მეგობრად, რომლის ეკონომიკური ანექსია უკვე თბილისშიც კი თვალნათელია, რომ აღარაფერი ვთქვათ აჭარაზე. თბილისიდან სარფამდე დაახლოებით 400 კილომეტრია, სარფიდან იქით კიდევ 400 კილომეტრის მანძილზე ძირძველი ქართული მიწაა და რატომ არავინ ითვლის, საქართველოს ტერიტორიის რამდენი პროცენტია ეს 400 კმ, რამდენი აქვს მიტაცებული ჩვენს «მეგობარ» თურქეთს?

რა თქმა უნდა, რუსეთს ანექსირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ, თურქების მიერ ანექსირებულისგან განსხვავებით, რუსეთის მიერ მიტაცებულის დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

იქნებ ისიც გაგვეხსენებინა, როგორ განუცხადა მოკავშირეებს სტალინმა 1945 წლის იალტის კონფერენციაზე, თურქეთმა უნდა დააბრუნოს საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიებიო. სიტყვას საქმეც მოაყოლა დიდმა ბელადმა _ სარფიდან ვიდრე ტრაპიზონამდე უკვე რაიკომის მდივნობის კანდიდატებსაც კი განიხილავდნენ პოლიტბიუროში და, რომ არა ჩვენი დღევანდელი «მეგობარი» აშშ, რომელმაც სტალინის დასაშინებლად უკვე დამარცხებულ იაპონიას ატომური გენოციდი მოუწყო, ვინძლო დღეს ტრაპიზონში ყოფილიყო საქართველოს საზღვარი…

უმადურობა დიდი ცოდვაა, ხოლო ისტორიული უმადურობის ცოდვისთვის პასუხს მთელი ერი აგებს, ამიტომ, როდესაც რუსეთის მხრიდან ქართველებისთვის მიყენებულ ზიანზე ვლაპარაკობთ, არც რუსეთთან თანაცხოვრების სიკეთე უნდა დავივიწყოთ!

მაშ, ვისკენ არის მიმართული წერილის პათეტიკური სათაური, ვინ არის «მტერი მამულის» და ვინ უნდა «მივცეთ მახვილსა ლესულსა»?

თუ რუსეთი, მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგანაც სწორი, თანმიმდევრული და, რაც მთავარია, გულწრფელი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ასეთი მტრის, მით უმეტეს _ ერთმორწმუნის, მოყვრად ქცევა ადვილი შესაძლებელია.

მთავარი მტერი მამულისა არიან: «თავისუფლების ინსტიტუტი» და იქ გამოჩეკილი გველის წიწილები; ოკეანის გაღმიდან თუ ევროპიდან უხვად დაფინანსებული ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი სკოლაგამოვლილი ლიბერასტი პოლიტიკოსები, რომლებმაც რუსეთი ლამის საშვილიშვილოდ გადაგვკიდეს და რომლებიც ყოველგვარ ქართულს, მართლმადიდებლურსა და ტრადიციულს უკვე აშკარად ებრძვიან. სწორედ ისინი უნდა «მივცეთ მახვილსა ლესულსა» და არა რუსეთი და მისი პრეზიდენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის!

საქართველოში დღემდე არ არსებობს ძლიერი, . . რუსული ლობი და ეს, პირველ რიგში, თვითონ რუსეთის ბრალია, რომელიც მნიშვნელოვან კაპიტალს არ დებს ქართულ პოლიტიკაში და, რასაც დებს, ისეთ ოდიოზურ პიროვნებებზე გავლით, რომ პრორუსულობის იდეა თავშივეა დისკრედიტირებული. ამიტომაა, რომ ქართულ პოლიტიკაში შესასვლელი საშვი იმაზე გადის, როგორ გააღმერთებ ამერიკას და, შესაბამისად, როგორ აგინებ რუსეთს!

 არადა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ერთ სახლში 2 საუკუნე ვიცხოვრეთ, ნორმალურია, რომ საქართველოში არსებობდეს პრორუსული, უფრო ზუსტად, პროქართული პარტია, რომელიც საქართველოს მომავალს რუსეთს დაუკავშირებდა და ამის გამო მოღალატედ არ შერაცხავდნენ. მაგრამ საქართველოში დღემდე არ აღმოჩნდა პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ, დასავლეთისა თუ ადგილობრივი ლიბერასტების მიმართ ყოველგვარი რევერანსის გარეშე გაბედავდა და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა…

ჰოდა, ვბედავ და ვამბობ: მე მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ საქართველოს განვითარებას; მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას; მხოლოდ რუსეთთან ერთად ვხედავ მართლმადიდებლობის გამარჯვებას და საკუთარი იდენტობის გადარჩენას!

მინდა, სახელმწიფოც მქონდეს და სამშობლოც და ამას რუსეთთან ერთად ვხედავ!

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. Me mjera, rom kartvelebi adre tu gvian azrze mova, hexedavs, rom ar heidzleba heni kveynis, rogorw heni ojaxis bedi iset “adamianebs” chaabaro romlebiw mhobel dedasaw ki gayidian sakutari “fufuvebahi”–isni ase tvlian kargad wxovrebas -kofnisatvis,romeltaw arw moraluri arw zneobrivi-wodna da gamowdilebaze xo zedmetia saubari-ufleba araakvt isargeblon xalxis mandatit.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here