Home რუბრიკები პოლიტიკა სინდისის დეფინიცია და ბრინკას «ცივილიზებული» სიამაყე

სინდისის დეფინიცია და ბრინკას «ცივილიზებული» სიამაყე

742

«არ ვყიდულობ მანდარინს. არ მიყიდია ქართული ყურძენი. არ ვჭამ ქართულს არაფერს. არ ვსვავ (სტილი დაცულია) ქართულ ღვინოს, წვენებს, ბორჯომს… ადგილობრივი წარმოების მხოლოდ პურს ვყიდულობთ (სამწუხაროდ უფრო ხშირად)…


ჰაერს ვსუნთქავ ქოცებთან თანაზიარად (სტილი დაცულია-მეთქი!) და ესეც მწყენს.  ქართულ-საბჭოურ-მართლმადიდებლური ყველაფერი გულს მირევს. ველოდები თქვენს გადაშენებას და ახალი ერის, თანამედროვე, განვითარებული, ღირსეული ერის დაბადებას!»

ამის დამწერს სოციალურ ქსელში ზედმეტსახელად «ბელზებელი» აქვს მითითებული, რაც, ნაწერის შინაარსიდან გამომდინარე, სულაც არ გამოიყურება უცნაურად; ქართული ჰაერიც კი წყენს, ხილსა და წყალზე რომ არაფერი ვთქვათ. ის ჩვენს გადაშენებას ელის და «ქართულსაბჭოურმართლმადიდებლური ყველაფერი გულს ურევს». ახალგაზრდა ქალი ავადაა, მაგრამ პატრონი არ ჰყავს, სამეგობროდ კი ბაჩო ახალაიას თანამეცხედრე შეურჩევია, რომელიც მის დაავადებას ვერაფრით უშველის – უფრო თუ დაუმძიმებს!

ეს დაავადება ერთეული შემთხვევებით არ შემოიფარგლება. ჯალათების საახლობლო ახლა ცრემლს ღვრის «უმანკო» გიგის დაპატიმრებაზე და ვირტუალურ წერილებს სწერს მას. ამ წერილებს პასუხებიც მოჰყვება, ოღონდ გიგისგან კი არა, მათგან, ვინც ბოლო ათი წელი ნაცისტებთან ბრძოლას შესწირეს. იმას უხსენებენ, თუ როგორ ნებივრობდა «იგულავა» მერი საკუთარ «ბომონდთან» ერთად, როცა მაღაზიის სახურავზე გაკოჭილი გვამები იყო შემოწყობილი, ოქროყანის ტყეში სანდრო გირგვლიანი კვდებოდა, ხოლო ასობით ადამიანს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ!

გიორგი უძილაური: «დღევანდელმა მმართველმა კოალიციამ… ან, შენები როგორც ამბობენ, «შენმა პოლიტიკურად დამტერორებელმა» კოალიციამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა იმიტომ მიიღო, რომ არ აჰყვა მათ მოთხოვნებს და 2012-შივე არ გაგიშვათ «ნაციონალი ბელადები» ციხეში, როგორც ანტიჰუმანური ჯალათური რეჟიმის კრეატორები. რომ საერთოდ არ აკრძალა «ნაციონალური მოძრაობა», როგორც ჯალათების პარტია. სინდისის დეფინიცია რომ ესმოდეს შენს პარტიას, დღეს კოალიციას მადლიერების სანთლებს უნდა უნთებდეთ, გაწამებული ხალხის რისხვას რომ გადაგარჩინათ და ცივილიზებულად მოგიყვანათ დღემდე.

დღეს სწორედ დემოკრატია და კანონი გიცავთ შენც, მერაბიშვილსაც და ახალაიასაც თქვენი რეჟიმის მსხვერპლთა ანგარიშსწორებისგან…

9 წელზე საუბარი არ მომწყინდება, პირიქით, საზოგადოებამ ბოლომდე უნდა დაინახოს თქვენეული მმართველობის სახე, რომ არასდროს გაუჩნდეს ცდუნება, სხვა პოლიტიკური ძალა მიუშვან იმავე ზღვრამდე».

რატომ, გიორგი, რატომ?

რატომ იცავთ მაგათ დემოკრატია და კანონი?

განა ისინი კანონისა და დემოკრატიის სახელით არ კლავდნენ, აწამებდნენ, ბიუჯეტს ფლანგავდნენ და ურცხვად ილხენდნენ ჟამიანობისას?

რატომ არის ეს საამაყო?

«ხალხს არ აჰყვნენ», დაგიცვეს «რეჟიმის მსხვერპლთა ანგარიშსწორებისგან», «2012-შივე არ გაგიშვეს ნაციონალი ბელადები ციხეში», «საერთოდ არ აკრძალეს «ნაციონალური მოძრაობა», როგორც ჯალათების პარტია», განა ამას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს?

2012-ის ოქტომბერში ენაჩაგდებული ნაცისტები ნელნელა რომ მოფერიანდნენ და შეტევაზე გადმოვიდნენ, სამართალმა რომ დააგვიანა, განა ეს იყო თქვენი დაპირება? სინდისზე ლაპარაკი «იგულავა» მერთან და მის ამფსონებთან განა რაიმეს მომტანია?

ესეც დაავადებაა, ოღონდ სხვა სიმპტომებით მიმდინარე; საბერძნეთში ერთი მოზარდის მოკვლისთვის მთელი ქალაქი დაარბია მოსახლეობამ, ჩვენთან ასზე მეტი ახალგაზრდაა ლიკვიდირებული პოლიციის მიერ და ამ დანაშაულებში მონაწილე ზოგიერთი პირი არამცთუ დასჯილი, არამედ დაწინაურებულია!

2002 წელს შვეიცარიაში, ორი თვითმფრინავის შეჯახების გამო, 71 მგზავრი დაიღუპა, მათგან 45 ბავშვი იყო. ვიტალი კალოევმა იმ კატასტროფაში ცოლი და ქალვაჟი დაკარგა. როდესაც სამართლიანი სასამართლოს იმედი გადაეწურა, კალოევი შვეიცარიაში ჩავიდა და საკუთარი ხელით მოკლა დისპეტჩერი, რომლის დაუდევრობასაც მისი ოჯახი შეეწირა.

მკვლელობა საზარელია, მისი გამართლება _ შეუძლებელი, მაგრამ კალოევის მიმართ არავის წამოსცდენია საყვედური. როცა სახელმწიფო არ ასრულებს საკუთარ მოვალეობას, ადამიანები თავად იწყებენ სამართლის აღსრულებას. ყველგანმაგრამ არა საქართველოში! დროდადრო ვინმეს წამოუთაქებენ ხოლმეეს არის და ეს! ნაცემი «ნაცები» კი «პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე» იწყებენ კივილს! ანგარიშსწორებას მართლაც იმსახურებენ, თანაც ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, მაგრამ ჯერ არც ერთი მკვლელობისთვის არც კანონით უგიათ პასუხი და არც სხვა გზით. როცა ერთადერთ (ან თუნდაც, ერთ-ერთ!) შვილს ცივსისხლიანად მოგიკლავენ და წლების განმავლობაში სამართალს ვერ მიაღწევ, რაღა გრჩება დასაკარგი? თითქოს არაფერი, მაგრამ ახალი ტრადიცია უკვე ჩამოყალიბდა: ისინი «ცივილიზებულობით» ამაყობენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ მათგან, ვინც ასევე ამაყია საკუთარი «ცივილიზებულობით». 

მარტო ამით ჩანს, რომ ჩვენი საზოგადოება ავადაა. შესაძლოა, დასაწყისში მოტანილი ციტატის ავტორს ანალოგიური დიაგნოზი არ აქვს, მაგრამ არც შორს არის მისგან.

«ცივილიზებული» სიამაყის კიდევ ერთი ნიმუში ლალი მოროშკინას «მალიავაა» გიგი «იგულავას» მიმართ: «დილიდან ისე კარგად ვარ, მგონია, შენი ლოცვები მომივიდა… ხედავ, როგორ გაგიმართლა, რომ მე მოვასწარი შენ მოსვლამდე «პალაჟენია დამელაგებინა». პირველად, ალბათ, «კარანტინში» მლოცავდი, რომ არ მოგიწია, ჩვეულებისამებრ, «კარიდორში» «დუბინკების» და წიხლების თანხლებით გავლა; მეორე ლოცვა, ალბათ, სიცხით გათანგულმა ძილის წინ გამომიგზავნე, იმიტომ, რომ ჩემი იდეა იყო ზორბა ტანის პატიმრებისთვის «ნარების» გაფართოება; შემდეგი ლოცვა აუცილებლად საკვების მიღების დროს მომივიდოდა. გახსოვს, თქვენ დროს ტექნიკურ ზეთს რომ ასხამდით «ბალანდას» და ბიჭებს «პაგალოვნად» ცეროზი აკიდეთ? ნახე, რა დავხვეწეთ კვების რაციონი? ისე, შენი დიეტაც შეგიძლია გააგრძელო, ყველა სახის პროდუქტი სახეზეა; შემდეგი დალოცვა საშხაპიდან იქნებოდა, სადაც არ გეშინია, რომ თუ საპონი დაგივარდა, ვიღაც ალმაცერად შემოგხედავს… ხედავ, რა ინფრასტრუქტურული საკნები გავაკეთეთ? ხო, თუ ახალგაზრდობას გაიხსენებ და სტიქარს დაუბრუნდები, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაესაუბრო სასულიერო პირს. ალბათ, შენი ლოცვა მაშინაც მომივა, როდესაც «პრაგულკის» დროს არაფერს «გაგიჩალიჩებენ» და «ზაჟიგალკაზე» ორწლიან «რასკრუტკაზე» არ გაგიშვებენ… ალბათ, ლოცვას მაშინაც აღავლენ, როდესაც ელემენტარული წამლის მოთხოვნის დროს მაგრად არ გცემენ და ტკივილისგან გულწასულს არ შეგეკითხებიან: «ჰა, კიდევ გინდა წამალი, თუ გაგიარა?» და კიდევ: აუცილებლად დამლოცე, როდესაც ცოლთან პირადი პაემნის დროს არ გადაგიღებს კამერა და მერე არ დაგაშანტაჟებენ ამ კადრების გასაჯაროებით. სულ საკუთარი ხელით «ამოვჩიჩქნე» კედლებიდან შენი დროის საყვარელი ატრიბუტი».

ცდება ლალი მოროშკინა – «იგულავა» სტიქარს არ დაუბრუნდება, მასაც «ქართულსაბჭოურმართლმადიდებლური ყველაფერი გულს ურევს».  არც დალოცავს, არც მადლობას ეტყვის. მეტიც _ თუ სასწაული მოხდა და ძალაუფლება დაიბრუნა,  «უმანკო» თანამებრძოლებთან ერთად სიამოვნებით გაატარებს მოროშკინას იმ ჯოჯოხეთს, რომლის «ამოჩიჩქნით» ლალი «ცივილიზებულად» ამაყობს. «დუბინკა», გაუპატიურება და ტექნიკური ზეთი მონაგონი იქნება! «ჰა, კიდევ გინდა წამალი, თუ გაგიარა?» – ეს ყველაზე ზრდილობიანი და ჰუმანური გამონათქვამი იქნება მათ შორის, რასაც მოასმენინებენ.

სინდისის დეფინიცია მათთვის ასე გამოიყურება: როცა ჩვენ გვაქვს ძალაუფლება, ჩვენთვის ყველაფერი ნებადართულია, როცა სხვას აქვს _ მაინც ჩვენთვის უნდა იყოს ყველაფერი ნებადართული. «პალაჟენია» ყოველთვის მათთვის ხელსაყრელი უნდა იყოს! არც ეს არის ახალი ხილი; დღეს რეპრესირებულთა შვილობას ისინი იბრალებენ, ვისი მშობლებიც თავად ხვრეტდნენ ადამიანებს მასობრივად და შემდეგ უკვე მათ წამოეწია რევოლუციური სამართალი!

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს დაავადება ადგილობრივი არ არის. იგი ოკეანისგაღმიდან არის შემოტანილი. ხალხის იმედის მიუხედავად, ისტორიული 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა. პირიქით, გარედან გავლენა გაფართოვდა და გაძლიერდა. ახალი ხელისუფლება ისევე არის მიბმული მარიონეტების მმართველზე ძაფებით, როგორც ძველი. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ახლა ამ ძაფებზე ორივე ძალაა გამობმული და შიგა გადაადგილებებისას ეს ძაფები ხანდახან იკვანძება. კვანძის გახსნა კი მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც მარიონეტებს ატარებს, ძაფებიც მის ხელშია და მთელი ხელისუფლებაც _ საკანონმდებლოც, აღმასრულებელიც და სასამართლოც.

«ამხანაგი ნორლანდი ვაშინგტონის ობკომიდან» ყველაფერს ზედამხედველობს. თუ სადმე ძაფი გაწყდება ან გაიკვანძება, უმალ იქ გაჩნდება ხოლმე. აბა, პროცესს თვითდინებაზე ხომ ვერ მიუშვებს?! მერედა, მართლაც «ხალხის ნებას რომ აჰყვნენ» მთავრობა და პარლამენტი? ვინმემ რომ იკითხოს, რა სარგებელი აქვს საქართველოს და ქართველ ხალხს «სტრატეგიული მოკავშირისგან», გარდა ჩვენივე ინიციატივით მსოფლიოს ცხელ წერტილებში გაგზავნილი იაფი ჯარისკაცებისა? რა ეშველება მერე დემოკრატიას? იმ დემოკრატიას, რომლის შუქურადაც ეს ათი წელი სააკაშვილს გვიცხადებდნენ? იმ დემოკრატიას, რომელიც დღეს ნაცისტების ბანდას იცავს?

მართლაც, ხალხი ერთ მშვენიერ დღეს რომ მიხვდეს, დემოკრატია ხალხის მმართველობაა და არა «ვაშიგტონის ობკომის» მმართველობა მარიონეტების ხელით? სინდისის დეფინიცია ისეთი უნდა, თეიმურაზ ხევისთავს რომ ჰქონდა, ვერც ცივილიზებულობას დაუწუნებდით. ეგ არის, საბოლოოდ ცვედანი აღმოჩნდა და ულამაზესი მარგო ჯაყოს ჩაუგდო ხელში! იქნებ ამან მაინც გასწავლოთ, მეოცნებეებო, რომ უსინდისოს სინდისიერად არ უნდა მოექცემაინც «ბრინკას» დაგიძახებს!

თამარ დავითულიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here