Home რუბრიკები პოლიტიკა თვითმკვლელობა თუ ლიკვიდაცია?

თვითმკვლელობა თუ ლიკვიდაცია?

542

«რუსთავი 2»-ის დამფუძნებელი და «ვარდების რევოლუციის» ერთ-ერთი შემოქმედი ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. კიწმარიშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. იქვე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღი. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ ეროსი კიწმარიშვილის მეგობრებს, ახლობლებსა და ზოგიერთ ჟურნალისტს. ისინი თვითმკვლელობას  გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეროსი არ იყო ისეთი პიროვნება, რომელიც თავს მოიკლავდა. ჩვენ კიწმარიშვილის პრესამსახურის ყოფილ უფროს ლია კამლაძეს ვესაუბრეთ. ისეთი სიცოცხლის მოყვარული ადამიანი, როგორიც ეროსი იყო, თავს არასდროს მოიკლავდაო, გვითხრა. მართლაც და, რატომ უნდა მოეკლა თავი? კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანიტაშვილიც გამორიცხავს თვითმკვლელობას, ჯერ კიდევ გუშინ სამომავლო გეგმებზე ვსაუბრობდით, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ტელეკომპანიის შექმნას აპირებდაო. ნანიტაშვილმა აღნიშნა, რომ ახლახან ესაუბრა ტელეფონით ეროსის და საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწე თიკო ბეჟაშვილიც.

მოკლედ, ჩნდება კითხვები _ ვინ და რატომ მოკლა ეროსი კიწმარიშვილი? საიდან მოიტანა გამოძიებამ, რომ კიწმარიშვილმა თავი მოიკლა?

«ჩვენი საქართველოს» ლიდერი ვალერი გელბახიანი, რომლის პარტიის სახელითაც კიწმარიშვილი რუსთავში კენჭს იყრიდა, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ნაჩქარევი განცხადებები გააკეთეს.

«ტაბულას» მთავარი რედაქტორის _ თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობათვითმკვლელობა საეჭვოდ ემთხვევა დროში კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არჩევნების შემდეგ «რუსთავიკანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. თავდაპირველად «რუსთავი 2» ეროსი კიწმარიშვილმა გაყიდა. ის ამ საქმის მთავარი მოწმეა. ნებისმიერი შეტევა «რუსთავი 2»-ზე კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას საფუძველს გამოაცლის და დამარწმუნებს, რომ დაკვეთილ მკვლელობასთან გვაქვს საქმე.

მოკლედ, უამრავი ვერსია ვრცელდება _ მკვლელობა უკავშირდება ტელეკომპანია «რუსთავი 2»-, ტელეკომპანია «მაესტროს», ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს _ მერობის სამი კანდიდატი რაღაცაზე შეთანხმდა და კიწმარიშვილი იქ მოხვდა, სადაც არ უნდა მომხვდარიყოო. რამდენიმე დღის წინათ ისიც კი ითქვა, გიგა ბოკერია ვინმე ცნობილ ფიგურას თავის ზონდერებს მოაკვლევინებს, რათა «ოცნებას» დაარტყასო. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია, ჭეშმარიტება გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თანაც რაც შეიძლება მალე.

«საქართველო და მსოფლიოს» ბრიუსელში მოღვაწე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ესაუბრება:

_ 13 ივლისს, კვირა საღამოს, ეროსიმ დამირეკა და ორ თემაზე ვისაუბრეთ.  გამიკვირდა მისი ზარი, რადგან მასთან დიდი ხანია, არ მილაპარაკია, არ გვქონია ხშირი კონტაქტი. მე და ეროსი სამედიცინო ინსტიტუტიდან  ვმეგობრობდით, მას კარგად ვიცნობდი. მოკლედ, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი და საქმეზე გადავედით. იმაზეც ვისაუბრეთ, კოალიცია რომ გააკეთა და ვითომ «ნაცებს» დაუჭირა მხარი, ვუთხარი, ეგ როგორ გააკეთე-მეთქი. პატიოსანი კაცია და იმიტომო, მითხრა. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა იყო შემდეგი _ საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებო, ზუსტად ასე მითხრა, სიტყვა სიტყვით. დიახ, პატივცემულო, ვბრუნდები დიდ ავიაცაიაში, საკაბელო ტელევიზიის გაკეთებას ვაპირებ და შენზე მაქვს სწორება და კიდევ რამდენიმე ადამიანზეო. ვუთხარი, თუ იმ ბავშვებს დაასაქმებ, რომლებიც «მეცხრე არხიდან» წამოსულები არიან და უმუშევრები დარჩნენ,  გვერდით დაგიდგები, საინფორმაციოსაც აგაწყობინებ და მერე ბრიუსელიდანაც ვითანამშრომლებ-მეთქი. ალბათ, 10 წუთი ვილაპარაკეთ. და რა თვითმკვლელობა, რის თვითმკვლელობა, გეგმებს აწყობდა კაცი. დიდი გეგმები ჰქონდა. ის არ მიკითხავს, ფული საიდანმეთქი, რადგან ეს იყო კაცი, რომელსაც შეეძლო არაფრისგან გაეკეთებინა საქმე. ის ყოველთვის შოულობდა ფულს.

_ ვისთან ერთად და როდიდან აპირებდა ტელევიზიის გაკეთებას?

_ ეგ არ უთქვამს, მითხრა, რაღაც მონახაზი არისო. სექტემბრის დასაწყისიდან უკვე დავიწყებ ამაზე მუშაობასო. მითხრა, მქონდა ამაზე ლაპარაკი ვიღაცებთანო. პირველი, ვისაც მათ შემდეგ ვურეკავ, შენ ხარო. აი, ეს იყო.

_ რას ფიქრობთ, გჯერათ ოფიციალური ვერსიის თუ ეროსი მოკლეს? ვის უნდა მოეკლა და რატომ, ათასი ვერსია ვრცელდება

_ ეროსი არ იყო ის ფიგურა, მტრები არ ჰყოლოდა. ადამიანს, რომელიც ძალიან აქტიურობდა პოლიტიკასა და ბიზნესში,   ყოველთვის ჰყავს მტრები. მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ეროსიმ ვიღაც გაამწარა ისე, რომ მას მოსაკლავად დასდევდნენ, ტყუილია. ვერსია ათასნაირია, ახლა ყველაფერს შეიძლება გამოაბან კუდი, რადგან მას თავისი წვლილი ყველაფერში ჰქონდა შეტანილი. იმავე «მაესტროში», «რუსთავი 2»-ში. რაზე ვილაპარაკეთ კიდევ, იცი? ვუთხარი, რომ შენი დამსახურებაა, დღეს რაც ტელევიზიები მუშაობენრადგან ყველამ «რუსთავის 2»-ის სტილი გადმოიღო, მაგრამ დაძველდა ეს სტილიმეთქი. და აი, ზუსტად ახალის გაკეთებას ვაპირებ და ამიტომ გირეკავო

რაც შეეხება გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მეც ძალიან გამიკვირდა, თავი მოიკლა და იარაღი გვერდზე დაიდო, წარმოუდგენელია! ერთი ვიცი: ყველაფერთან შეიძლება ეს დააკავშირო, მაგრამ არა ოქრუაშვილთან. ფაქტია, რომ ეროსიმ რაღაც იცოდა და მოიშორეს, მაგრამ ვინ მოიშორა, ვერ ვიტყვი, არ ვიცი. მეც შეიძლება მქონდეს ჩემი ვერსიები, მაგრამ ასე «უპრაგონოდ» ამ ვერსიების ლაპარაკი რთულია, ამ ეტაპზე სჯობს თავი შევიკავოთ.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here