Home რუბრიკები პოლიტიკა გოკასა შიგან რაცა დგას…

გოკასა შიგან რაცა დგას…

535

«მამააა!» _ ჰაერი გააპო უმამოდ დარჩენილი გოკას ხავილმა.

«მამააა!» _ ეს ენით უთქმელი შიშითა და სასოწარკვეთით ამოხავილი «ხევისბერი გოჩასი» თუ არა, «მატეო ფალკონეს» (ევროასოციაცია მაინც სულ სხვაა!) ტრაგიზმით იყო აღბეჭდილი, ოღონდ _ ერთი დათქმით: მამა-კოტეს თავის დროზე მოკვლით არა, მაგრამ, თავში წათაქებით მაინც რომ ესწავლებინა ჭკუა საკუთარი პირმშოსთვის, საქართველოც ასცდებოდა ბევრ უბედურებას და მამა-შვილი გაბაშვილიც!

არ წამოუთაქებია, პირიქით _ გზაც გაუკვალა, გზაზეც დააყენა და მერე  გზაზე დამყენებლის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ჩაება, თითქოს მისი დანიშნული არ ყოფილიყო ელჩად გერმანიაში, იმ გერმანიაში, რომელშიც შვილი _ გოკა უმაღლეს განათლებას იღებდა, როცა მისი ტოლები სისხლს ღვრიდნენ სამშობლოსთვის.

კოტე გაბაშვილი აშკარად დისკვალიფიკაციას განიცდის: ადრე თუ შევარდნაძის გვერდით იდგა, მერე კი სააკაშვილის, ახლა გოჩა დარჯანიას, დავით გოგოხიას, ლაშა ჭიღლაძის, ალექსანდრე ბედოიძის, ხვიჩა სუხიშვილის, ლაშა რუხაიასა და ირაკლი ჩხვირკიას კამპანიაში აღმოჩნდა. ვინ არიან ეს სუბიექტები, გარდა იმისა, რომ «ნაციონალების» ინტერესებს იცავენ საქალაქო სასამართლოს ეზოში, უცნობია. ჩხვირკია შედარებით ცნობადია თავისი აგრესიული გამოხდომებით, მაგრამ ჯერჯერობით გამოუცდელია და არ იცის, რომ დაჭერით არ უნდა დაემუქროს მათ, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, თუკი, რა თქმა უნდა, მართლაც აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას. მრავალ ხელისუფლებაზე გადამხტარ კოტე გაბაშვილს კი ეს ესმის და 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ აცხადებს: «ვხმაურობდი, ვილანძღებოდი, ემოციურად ვლაპარაკობდი, მაგრამ აბსოლუტურად არ ვეთანხმები წინააღმდეგობის გაწევაში. არავისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია».

სასამართლოს შენობასთან ხმის ამოღება რომ არ შეიძლება, ეს მამა-შვილი გაბაშვილების «კუმირმა» სააკაშვილმა დიდი ხნის წინ დააკანონა, მაგრამ მაშინ ესენი ხელისუფლებაში იყვნენ და სულ არ ადარდებდათ კანონის სიმკაცრე.  ახლა ჯერ კიდევ კუბლაშვილის დიქტატის ქვეშ მყოფმა სასამართლომ ძველ პატრონებს 100 ლარის გადახდა აკმარა, თითქოს მილიონების გაფლანგვისთვის პატიმრობაშეფარდებული გიგი უგულავას დაცვა ასე იაფი იყოს!

მამა-შვილი გაბაშვილი წყლის ერთი წვეთივით ირეკლავს საქართველოს უახლეს ისტორიას; მამა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ თვალსაჩინო მებრძოლი იყო. პუტჩის დროს რომ გადაიკიდა ავტომატი, აფხაზეთშიც იმით წავიდა და, აფხაზეთიც წყალმა წაიღო… შევარდნაძეს უნდა უმადლოდეს ყველაფერს, რასაც მიაღწია _ თბილისის მერობიდან და განათლების მინისტრობიდან დაწყებული, ელჩობით დამთავრებული. ნამუსს არ შეუწუხებია, როცა ყველაფერი წყალში გადაუყარა და მართლაც დაიჯერა, რომ ქართულ დიპლომატიასა და საჯარო პოლიტიკაში შევარდნაძის გარეშეც იოლად გავიდოდა. ბოროტი ენები ამბობენ, რომ კოტე გაბაშვილი გერმანიაში ელჩობის პარალელურად ძეხვეულის საქართველოში იმპორტით იყო დაკავებული, ხოლო დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ყავას უდუღებდა და ბიზნესში ეხმარებოდა.

თითქოს ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ისევ ამ პერსონებს ვუყურებთ ტელევიზორში. ამ თამაშში ისინი როლებს ცვლიან, ხან ერთნი არიან ოპოზიციაში, ხან მეორენი, ხალხს კი არ ესმის, რატომ არაფერი იცვლება!

«სამართლიანობისთვის მებრძოლი» კოტე გაბაშვილი 2006 წელს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ვანო მერაბიშვილს ქვეყნის ხერხემალს უწოდებდა და გირგვლიანის საქმეზე უტიფრად აცხადებდა: «მინისტრმა პირობა მოგვცა, საქმეს ბოლომდე გამოვიძიებთ და ყველა დამნაშავეს დავსჯით მათი დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავადო. ფაქტობრივად, ეს გარანტიის გაცემა იყო, რაც მისასალმებელია.

როდესაც ადამიანს უნდა დადებითშიც უარყოფითი დაინახოს, ცხადია, მინისტრის ნათქვამს უარყოფითად აღიქვამს. ნორმალურად მოიქცა ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელიც ირონიულად ელაპარაკებოდა მინისტრს მისი ოჯახის წევრზე? ეს პოლიტიკური ბრძოლაა თუ სიბინძურე, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაეჩვივნენ პოლიტიკოსები?»

ვინ ჰყავდა მხედველობაში მამა-გაბაშვილს? საკუთარი თავი ხომ არა, როცა «ვარდების რევოლუციის» წინ ცვლილებები იყნოსა და საკუთარ გამზრდელს ათასი სიბინძურე მოუჩმახა? შევარდნაძემო ბადენბადენში სასახლე იყიდა და გასაქცევად ემზადებაო, _ ატირაჟებდა მის ჩაწოდებულ სიცრუეს «რუსთავი 2». ზვიად გამსახურდია «პროვინციალი ფაშისტი» იყო, შევარდნაძე _ «კორუმპირებული, დაუძლურებული მოხუცი», სამაგიეროდ, შევარდნაძის კალთაში გამოზრდილი სააკაშვილი იყო «ენერგიული ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს»!

კოტე გაბაშვილი იმთავითვე გამეცადინებული იყო დემაგოგიაში: «ოპოზიციას მართლა გირგვლიანი კი არ აწუხებს, მისი ამოცანაა, დისკრედიტაცია გაუწიოს «ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთ მთავარ ფიგურას. მათი მიზანია, დაასუსტონ შს სისტემა და ეს შეკვეთა რუსეთიდან მოდის. სამართლიანი სახელმწიფოს აშენება და წესრიგის დაცვა შს სამინისტროს ფუნქციაა. პოლიციის სიძლიერე პოლიციური სახელმწიფოს აშენებას კი არა, კანონების კარგად შემსრულებელი სისტემის შექმნას გულისხმობს. ეს უნდა გვიხაროდეს და, ვისაც არ უხარია, ამ სახელმწიფოს გულშემატკივარი არ არის. ოპოზიციის ერთ ნაწილს თავად უნდა ხელისუფლებაში მოსვლა დღევანდელი ხელისუფლების დასუსტებით. ასეთი ბრძოლა ჯანსაღი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად მაინც გასაგებია ჩემთვის; მეორე ნაწილს კი ხელისუფლების დამხობის გზით საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა უნდა. ეს მარგინალური, მოღალატური გზაა და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ეს ხალხი ამ მიზნის განხორციელებაში ფულს იღებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგენტურას საქართველოში. როდესაც ადამიანები ამ ამოცანის შესასრულებლად ერთიანდებიან, ვეტყვი: ფრთხილად იყავით, ნუ შეარყევთ ქვეყნის ხერხემალს-მეთქი».

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კოტე გაბაშვილი იმავე ჩვენებას «აწვება» და მერაბიშვილის დაპატიმრებაში «რუსეთის კვალს» ხედავს: «ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაუშალა. მგონია, რომ მისი დაკავება რუსეთის სერიოზული მოთხოვნაა. ამას დაემთხვა «ქართულ ოცნებაში» არსებული რევანშისტული ფრთის სურვილი, რომ «ნაციონალური მოძრაობა» დასუსტდეს. მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის ინფრასტრუქტურას ხელმძღვანელობს. რუსეთის ასეთი მოთხოვნები მიზნად ისახავს დასავლური ორიენტაციის მძლავრი ძალის მოსპობას».

«მძლავრი ძალა» სულ უფრო სუსტდება და «ხერხემლის» მაგივრად, ირაკლი ჩხვირკიას, ქეთა გაბიანისა და მამა-შვილი გაბაშვილის იმედზეა. კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა ის არის, რომ მამა-გაბაშვილი ძალიან ხშირად ახსენებს ფულს. მისთვის ეს, როგორც ჩანს, მთავარი საკითხია. ღალატი რომ ცუდია, ეს მხოლოდ ოპონენტებზე ვრცელდება, თანაც მაშინ, როცა ისინი «ფულს იღებენ». ამ დროს მას გამომეტყველება ეცვლება, რაღაც უცხო იერი უჩნდება და ჟესტიკულაციაც მეტად სახასიათო აქვს: რაღაც საშუალო ქალაქის თავ ხატისოვსა და თბილისელ კინტოს შორის.

რუსულ საფრთხეს კოტე გაბაშვილი ვერ ხედავდა, როცა მისი გაკულტურისმინისტრებული შვილის 2007 წლის 20 ივნისის  ბრძანების საფუძველზე «იმელის» შენობა ამოიღეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლთა ნუსხიდან და 8 დღეში გაყიდეს შვეიცარიულ კომპანია «კაპიტალვასტოკზე». «ვასტოკი» რომელი ფრანგული ან გერმანული სიტყვაა? რუსულია და რუსული კომპანია გინდ შვეიცარიაში დაარეგისტრირე, გინდ _ ბაჰამებზე!

კულტურის მინისტრი გოკა «კულტურულად» ეზიდებოდა ქართულ საგანძურს საზღვარგარეთ, ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად. სულ ახლახან კი საქართველოს საელჩოებიდან მუზეუმში ახალმა ხელისუფლებამ დააბრუნა ხელოვნების არაერთი ნიმუში.

_ ბიჭო, მამაჩემი სად არის-მეთქი, ე! სად არი კოტიკო! მამააა! _ გაჰყვირის შვილი-გაბაშვილი სასამართლოს ეზოში და აინუნშიც არ მოსდის, რომ ასეულობით შვილი და მშობელი გააუბედურა იმ რეჟიმმა, რომლის სამსახურშიც ის და მამამისი ჩადგნენ.

ლევან ბერძენიშვილს დღესაც ახსენებენ, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემის ციკლს უძღვებოდა სახელწოდებით «მჯერა». მაშინ სჯეროდა, რომ შევარდნაძე მხსნელი იყო, მოგვიანებით კი მხსნელად სააკაშვილი მიიჩნია და მის ბანაკში გადაბარგდა. ისევ სჯეროდა და ისევ მცირე ხნით.

ამ ბიბლიურ პერსონაჟს არც ნორჩი გოკა გაბაშვილი ჩამოუვარდებოდა. იმავე პერიოდში მასაც ჰქონდა გადაცემათა ციკლი სახელმწიფო ტელევიზიაში, რომლის ყოველი გამოშვება მთავრდებოდა ფრაზით: «იბერია გაბრწყინდება»! გამოხდა ხანი და სააკაშვილის კალთაში გადამჯდარმა გოკამ ის ეპოქა «ბნელად და უკუნად» მონათლა.

«მამააა!» _ ჰაერი გააპო უმამოდ დარჩენილი გოკას ხავილმა. მამამ კი ხერხემალი დაკარგა და ახლა მის გაგრძელებას იცავს უგულავას სახით. პროვინციელი «ნათლიმამის» თითზე «პერსტენი» კიაფობს. ეგ არის, რომ ამ «პერსტენს» არავინ კოცნის, რადგან ერთადერთი ადამიანი, რომელზეც მას ამაგი აქვს, მისი შვილი გოკაა, გოკა, რომელიც ისე ბერდება, კოტიკოსი არ იყოს, სრული სახელი ვერ დაიმკვიდრა.

მამაშვილი გაბაშვილი თბილისური ფოლკლორის ნაწილად იქცევიან. ეს პროცესი უკვე დაიწყო. ბოროტი ენები ქირქილებენ, რომ კოტიკომ «პერსტენი» გარდაცვლილი მამის ოქროს კბილებისგან გააკეთებინაო. გოკასგან განსხვავებით, კოტიკო მამას აღარ ეძახის _ ყველაზე ფასეული საკუთარ თითზე ეგულება.

კოტიკოს გამონათქვამები 2006 წელს წინმსწრები თვითლუსტრაციაა და ზუსტად ასახავს იმ მიზნებს, რომელთაც «ნაცმოძრაობა» დღეს ისახავს: «ოპოზიციის ამოცანაა, დაასუსტონ შს სისტემაოპოზიციის ერთ ნაწილს თავად უნდა ხელისუფლებაში მოსვლა დღევანდელი ხელისუფლების დასუსტებით…»  სწორედ ამას აკეთებს დღეს «ნაცმოძრაობა» და, თუ ხელისუფლება ამას არ დაუპირისპირდება, მამაშვილ გაბაშვილებს კიდევ მრავლად აღმოაჩენს საკუთარ წიაღში!

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here