Home რუბრიკები საზოგადოება შეხვედრა მკითხველთან

შეხვედრა მკითხველთან

679

საერთაშორისო საზოგადოება «სტალინის» თავმჯდომარის _ გრიგოლ ონიანის საავტორო გვერდის პრეზენტაცია (რაც თავისთავად უნიკალური ფაქტია) სხვაგან სად, თუ არა სვანურ კოშკში უნდა გამართულიყო. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ სვანეთის სიმაღლეებიდან ფართოდ იშლება და კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალფეროვანი პანორამა, ხოლო გაზეთი, რომლის გვერდზეც ეს თვალსაწიერი გრიგოლ ონიანის წერილებით განსახიერდება «საქართველო და მსოფლიოა». ორგანული შერწყმაა.


ამაზე ილაპარაკეს, უწინარეს ყოვლისა, პრეზენტაციაზე გამოსულმა ორატორებმა, მოღვაწე ადამიანებმა, რომლებიც იმდენად არიან ცნობილნი ფართო საზოგადოებრიობისთვის, რომ მხოლოდ სახელებითა და გვარებით მოხსენიება, სამეცნიერო წოდებების, თანამდებობების თუ ტიტულების ჩამოთვლის გარეშეც საცნაურს გახდის თითოეულ მათგანს ჩვენი მკითხველებისთვის.

რადგან მათ შექმნეს საქართველოს ისტორია და დღესაც ღირსეულად ეწევიან ქვეყნის ყოველდღიურობის მძიმე ჭაპანს.

თუნდაც უახლესი ისტორია, რომელიც, აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, გრძელდება _ ორი ასწლეულის პლანეტარული მოვლენებით აღნიშნული 50 წელიწადი. ცოტა მეტიც.

როინ მეტრეველი, ნუგზარ ფოფხაძე, ნაპოლეონ ქარქაშაძე, რამაზ ხეცურიანი, დემურ მიქაძე, ანზორ ბურჯანაძე, ივერ ჭელიძე, გრიგოლ ონიანი.

ამ უკანასკნელით დავიწყებ:

_ დიდი ხანია, ვთანამშრომლობ ბეჭდურ და ელექტრონულ პრესასთან. მაგრამ ის თავისუფლება, ის შემოქმედებითი ატმოსფერო, რომელიც აქ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი თოდუამ შექმნა, არსად შემხვედრია.

ამიტომ გადაწყვიტა და მიიღო კიდეც თანხმობა «შეზღუდვის გარეშე» გაზეთში თანამშრომლობის თაობაზე.

სათქმელი და სალაპარაკო უამრავი დაუგროვდა. მრავალთემიანობაც აქედანაა, ფართო დიაპაზონიც საკითხების მდიდარი წყების. ამ ყველაფერს, ონიანისეულ თვალთახედვაში გარდატეხილს, იხილავს მკითხველი ბატონი გრიშას სპეცგვერდებში.

სწორედ ამ თავისებურებას გაუსვა ხაზი როინ მეტრეველმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა: «თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე იგი მრავალ თემას შეხებია. გრიშა ონიანი უნიჭიერესი კაცია, სახეებით აზროვნებს, საოცარი მთხრობელია. «საქართველო და მსოფლიომ» მას თავისი გვერდები დაუთმო, იმედი გამოვთქვათ, რომ აქ გამოქვეყნდება ისეთივე საინტერესო მასალები, როგორიც პირველი პუბლიკაციები იყო და იგი მხოლოდ სტალინის თემატიკით არ შემოიფარგლება».

გრიშა ონიანი ისეთივე მართალი კაცია, როგორც მისი წერილები, _ თქვა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ივერ ჭელიძემ, _ დღეს, როცა იგი ღირსეულ ასაკში შევიდა, ისეთ თემატიკას მოჰკიდა ხელი, რომელიც ასე ღრმად და ყოველმხრივ არავის დაუმუშავებია და საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანა. ინტერესი დიდია.

_ სტალინმა 50 წლით მაინც გააჩერა ის შემოტევა, რომელსაც გარყვნილება ჰქვია და რომლის ჩვენთვის თავზე მოხვევა სურთ, _ ეს უკვე დავით მხეიძეა, ჟურნალისტი, გამოცდილი და უშიშარი მეკალმე, _ ღმერთის უარყოფამდე მივიდნენ ნეოლიბერალები, როცა ერთსქესიანთა ქორწინებაზე და ამ უბედურთა გალაღებაზეა ლაპარაკი… მიხარია, რომ დღეს, სიბერის დადგომამდე მოვეგე გონს, გავიგე, ვინ არის სტალინი და ვიქნები მისი დამცველი, უწინარეს ყოვლისა, როგორც ქართველის.

აკადემიკოსმა ნაპოლეონ ქარქაშაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც რამდენიმე პოლიტიკური რომანის ავტორია, მათ შორის, წიგნისა «სტალინი», ილაპარაკა ბატონ გრიშაზე, როგორც მეგობარზე, ნიჭიერ კაცზე, წიგნიერ ადამიანზე, ერისკაცზე, მოღვაწეზე, რომელსაც ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

ერთმანეთს შორისაც იყო აზრთა გაზიარება და გულით ნათქვამ ყველა სიტყვაში სხვადასხვა ვარიაციით მეორდებოდა ისეთი შეფასებები, რომელთა ერთი ნაწილი ზემოთ წარმოგიდგინეთ.

პატარა ნოველები ღირსეულ კაცზე _ გრიგოლ ონიანზე, რომლებიც იქ მოვისმინეთ, ნუგზარ ფოფხაძემ, ამ პრეზენტაციის წამყვანმა, ერთ ზეპირ წიგნად შეკრა, გამოცემად, რომელიც, ვერსად ვეღარ გამეორდება.

არმაზ სანებლიძე

P.S. ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერში წაიკითხავთ გრიგოლ ონიანის სტატიას «სტალინი და მეცნიერება».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here