Home რუბრიკები საზოგადოება აკადემიკოსი როინ მეტრეველი: სტალინი ისტორიაში აუცილებლად დარჩება!

აკადემიკოსი როინ მეტრეველი: სტალინი ისტორიაში აუცილებლად დარჩება!

1274

1951 წელს სტალინმა შვებულება ბორჯომსა და წყალტუბოში გაატარა. ბორჯომში, ლიკანის აგარაკზე ყოფნისას ის ხშირად სეირნობდა როგორც მტკვრის პირველ ტერასაზე  «დიდ ბაღში», აგრეთვე, მეორე ტერასაზე, სადაც დგას სასახლე, გარშემორტყმული სკვერითა და ტყის კორომებით. ერთხელ სტალინმა სასახლის მთავარ შესასვლელთან ძვირფასი  ჯიშის ორი ხე დარგო. 


მას შემდეგ აქ ჩამოსულ ყველა ტურისტს მიჰქონდა ორი ფოთოლი, უბის წიგნაკში თუ  პასპორტში  საგულდაგულოდ ჩადებული, როგორც ძვირფასი რელიკვიარამდენიმე წლის წინათ, როცა ლიკანში ჩავედი, ჩემდა გასაოცრად, ეს ხეები მოჭრილი დამხვდაამას წინათ, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი  თავის აზრს გამოთქვამდა ისტორიულ წარსულსა და წარსულისადმი პატივისცემაზე, ხაზი გაუსვა ფრანგულ კულტურას და ბრძანა: _ «როდესაც პარიზიდან გზა გაჰყავდათ რომელიღაც ქალაქში (რომლის სახელიც არ მახსოვს) არქეოლოგიურმა კვლევის ცენტრმა პროტესტი გამოთქვა მშენებლობის გაგრძელებაზე, რადგან გზა ახლოს ჩაუვლიდა ვიქტორ ჰიუგოს მიერ დარგულ ხეს. და პროტესტი გაითვალისწინეს

ამ ამბავმა ლიკანში ხის მოჭრის შემთხვევა გამახსენა და გამიჩნდა სურვილი, აკადემიკოსისთვის რამდენიმე კითხვით მიმემართა.

_ ბატონო როინ, ჰეროიკის საუკუნე, XX ასწლეული დასრულდა. რა ბედი ელის ისტორიულ პიროვნებებს გლობალიზაციის საუკუნეში?

_ სრულიად გასაგებია ჩემთვის, რომ თქვენ XX საუკუნეს ჰეროიკულს უწოდებთ. ეს მართლაც რთული და გამორჩეული საუკუნე იყო, განსაკუთრებით _ 30-40-იანი წლები. ეს იყო პერიოდი ე.წ. ინდუსტრიალიზაციისა და კოლექტივიზაციის; ეს იყო მეორე მსოფლიო ომის უმძიმესი ხანა.

ამ დროს ადამიანები ენთუზიაზმით ცხოვრობდნენ და მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევდნენ; წახალისება ხდებოდა მეშახტეების, მექანიზატორების, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების. პრესის ფურცლებზე აშუქებდნენ ამა თუ იმ დარგის მოწინავეების საქმიანობას (მხოლოდ სტახანოვური მოძრაობის დასახელება რად ღირს). დაიწერა ჰეროიკული ხასიათის არაერთი პოემა და რომანი; შეიქმნა ფილმები, მხატვრული ტილოები.

ეს სახელმწიფოს დაკვეთა იყო. ფაქტია: ფართო საზოგადოების წინაშე წარმოჩინდა ისტორიული პიროვნებები (გადაიღეს ფილმი «გიორგი სააკაძე»).

საქმე ის არის, რომ XX საუკუნის ბოლო ოცწლეულში ერთგვარად შეიცვალა მოვლენების მიმართ დამოკიდებულება. წინ წამოიწია ყოფითი, სოციალური საკითხები.

გლობალიზაციის პრობლემებმა თავისი დაღი დაასვა დროის მსვლელობას: გაუარესდა ცხოვრების პირობები, რამაც ადამიანები ლუკმაპურისთვის დამამცირებელ და მომქანცველ ბრძოლაში ჩააბა. დღეს საჭირბოროტო საკითხებისთვის ნაკლებად ვიცლით.

საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო, რთული და მტკივნეული აღმოჩნდა. შეიქმნა ვაკუუმი, რომლის შესავსებად ჩვენი საზოგადოება ვერ აღმოჩნდა მზად. არ უნდა დავივიწყოთ, რომ წარსულის უგულებელყოფამ ბევრი ქვეყანა მიიყვანა დაღუპვის პირამდე.

პროცესები, რომლებიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს, მეტად რთულია. ჩვენში საზოგადოების კონსოლიდაცია ისტორიულად იყო დაკავშირებული ბრძოლის პროცესთან. სამწუხაროა, რომ დღესაც ჩვენი ცხოვრების ძირითადი პრობლემა ომისა და მშვიდობის საკითხია. თანამედროვე მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ მშვიდობიანი ევოლუციური გზით შეიძლება. ამასთანავე, უნდა შევეგუოთ, რომ ეს გზა მეტად რთულია.

 დღეს მთელ მსოფლიოში დგას გლობალიზაციის პრობლემა. ვერც საქართველო აცდება ამ პროცესს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს პროცესი გარკვეული პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის გასაგებია მიზანი ეკონომიკისა და ინფორმაციის გლობალიზებისა, თუმცა კულტურის გლობალიზების საკითხი კითხვებს აჩენს. დამაფიქრებელია ადამიანთა ცხოვრების გლობალიზების პრობლემაც. ადამიანებმა რეალურად უნდა დაინახონ გლობალიზაციის შედეგები, შემდეგ კი უნდა შეაფასონ, _ დადებითია თუ უარყოფითი.

ისტორიის გარეშე ერი არ არსებობს, ისტორია კი ისტორიული პიროვნებების გარეშე წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, გლობალიზების პროცესში თითოეულმა ერმა თავისი საგანძური (საუნჯე), რაც კი გააჩნია, უნდა შეიტანოს საერთო ყულაბაში, საგანძური კი ისტორიული პიროვნებების გარეშე არ არსებობს. ჩემი აზრით, ისტორიულმა პიროვნებებმა,_ რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყვნენ ისინი,_ უნდა დაამშვენონ გლობალიზებული სამყარო.

_ როგორ ფიქრობთ, ადამიანები ეროვნულობას უფრო მალე დაივიწყებენ თუ ეროვნულ გმირებს ან ორივეს ერთად?

_ ისტორია განსაკუთრებული მეცნიერებაა. ის ადამიანთა საზოგადოებას განიხილავს, როგორც ერთიან კანონზომიერ პროცესს მთელი თავისი წინააღმდეგობრიობითა და მრავალმხრივობით.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა: «რა არის ისტორია? იგი მთხრობელია მისი, თუ რანი ვიყავით, რანი ვართ და რათ, შესაძლოა, ვიყოვნეთ კვლავადაც».

გამოჩენილმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ რასულ გამზათოვმა გააფრთხილა ადამიანები: «თუ წარსულს პისტოლეტიდან ესვრი, მომავალი ქვემეხიდან დაგიბრუნებს ტყვიას!».

გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის მიუღებელია როგორც ეროვნულობის, ისე ეროვნული გმირების დავიწყება.

_ როგორ ფიქრობთ, ისტორიულ ასპექტში სტალინის სახელს ვიწრო ნაციონალური გარემო უფრო შეინარჩუნებს თუ მსოფლიო მასშტაბით არ უწერია დავიწყება?

_ ბატონო გრიგოლ, მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ამ შეკითხვას მისვამს საზოგადოება «სტალინის» პრეზიდენტი; ადამიანი, რომელსაც გარკვეული დამოკიდებულება აქვს მასთან, მის სახელთან, მოღვაწეობასთან.

ვფიქრობ, ზედმეტია ხაზგასმა ცნობილ დებულებაზე ისტორიაში პიროვნების როლის შესახებ, შესაბამის ეპოქას თავისი დაღი რომ დაასვა.

თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, როგორ დგას დღეს სტალინის შეფასების საკითხი (გახსოვთ, პიროვნების კულტის კრიტიკა, 30-იან წლების რეპრესიები და სხვ.) არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ სტალინმა, მისმა ხელისუფლებამ დაამარცხა ფაშიზმი და ა.შ.

ამას წინათ მოსკოვში გახლდით და წიგნის მაღაზიაში მოვახერხე შესვლა. ორმოცამდე მონოგრაფია იდო თაროზე სტალნის შესახებ. ზოგი აქებდა, ზოგი აგინებდა. ერთი რამ ცხადია: საზოგადოებრიობა არ არის გულგრილი სტალინის მიმართ. მის შესახებ მონოგრაფიები თითქმის ყველა ენაზეა გამოსული და ბევრ ქვეყანაში შეიძლება შეძენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტალინი ისტორიაში აუცილებლად დარჩება.

ესაუბრა

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here