Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ აპარპაშებს ჩე გივიარას, ანუ არჩევნებზე მნახე, ვინა ვარ…

ვინ აპარპაშებს ჩე გივიარას, ანუ არჩევნებზე მნახე, ვინა ვარ…

595

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ «ნაციონალური მოძრაობა» აგონიაში იყო. ის, რომ ამ არჩევნებზე კარგი არაფერი ელოდათ, კი ხვდებოდნენ, მაგრამ წაგების მაინც არ სჯეროდათ და სწორედ ამიტომ ოდიოზური ფიგურები საიმედოდ მიმალეს, საზოგადოებას კი ახალი სახეები და სახელები წარუდგინეს. ამანაც ვერ უშველათ _ «ნაციონალებმა» არჩევნები წააგეს და, იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობა გაყალბებაზე ლაპარაკობდა, «ქართულმა ოცნებამ» მოგება შეირგო და მცირე დარღვევებზე თვალი დახუჭა. თვალი დახუჭა ამომრჩეველმაც, რადგან სჯეროდა, რომ ახალი მთავრობა სამართლიანობის აღდგენას დაიწყებდა და «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს 9 წლის განმავლობაში ჩადენილს ცხვირიდან ძმრად ამოადენდა, მაგრამ ამაოდ…


საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხალხმა შურისძიება, სამართლის აღდგენა ქუჩაში დაიწყო. ამას ხელისუფლების მხრიდან თითის დაქნევა მოჰყვა და ამომრჩეველიც გაბრაზდა. ეს სიბრაზე კი ყველაზე კარგად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოიხატა. წესითა და რიგით, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მონაწილეობდეს, რადგან თითოეული სოფელი საკუთარ რჩეულს აძლევს ხმას და, რაც მთავარია, რამდენიმე კანდიდატია თითო სოფლიდან. ამის მიუხედავად, ხალხს საარჩევნო ყუთთან მისვლა აღარ უნდა და ეს ფაქტი ციფრებზეც აისახა.

თუმცა ახლა ამომრჩეველთა რაოდენობაზე საუბარი ზედმეტია. საინტერესო ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომლის დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადებას მოითხოვს ამომრჩეველთა უმრავლესობა, ძველ პოზიციაზე დასაბრუნებლად ემზადება. პირდაპირ ვთქვათ, რომ მოქმედი ხელისუფლების უნიათობა წინა მთავრობისთვისაც შოკი იყო და ოდიოზური ფიგურებიც აღარ დგანან ჩრდილში _ ისინი ისევ გამოჩდნენ და აგრესიასა და დაცინვაზე გადავიდნენ.

პირველ რიგში, ეს გივი თარგამაძეზე ითქმის, კაცზე, რომელმაც საქართველოს თავი დაამახსოვრა ფრაზით: «სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოო»  და, თუ ამის შანსი ისევ მიეცემა, აუცილებლად გაიმეორებს და შეასრულებს კიდეც. გივი თარგამაძეა ის კაცი, რომელიც მოქმედ პრემიერს სოციალურ ქსელებში დასცინის და სულაც არ ანაღვლებს, რომ თავის დროზე საქართველოში არმატურის შემოტანა მხოლოდ მისი სინდიკატის გავლით იყო შესაძლებელი, ანუ გივი არმატურის მონოპოლისტი გახლდათ. გივიას არც ის ანაღვლებს, რომ მის სახელს რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენის დატერორება და სოლიდური აქტივების წართმევა უკავშირდება, ამაზე პასუხს არავინ სთხოვს და ისიც გათამამდა.

არანაკლები ეპითეტებით ამკობს პრემიერს გიგი უგულავაც. მერყოფილმა უგულავამ პრემიერ ღარიბაშვილს ცვედანიც კი უწოდა და ეს მაშინ, როცა მის გუნდში მართლა ბევრია ცვედანიც და სიძვის დიაციც _ ეს ამომრჩეველს კარგად ახსოვს, თუმცა გიგის არ ანაღვლებს. მას არც ის ანაღვლებს, თავის დროზე ლას ვეგასში ბიუჯეტის ფულით თავზე რომ დაიმხო კაზინოები და უკანალმიკერებულ ქალებთან ერთად გაერთო; არც ის, რომ 2010 წელს ავსტრიაში, კონკრეტულად კი ვენაში, სამშობიაროდ წაიყვანა თავისი მეუღლე და ხუთ დღეში 95 ათასი ევრო მიაფშვნა. არადა, იმ წლის ქონებრივ დეკლარაციაში შემოსავლის გრაფაში 80 ათასი ლარი ეწერა, მაგრამ ამის გამო პასუხს არავინ სთხოვს.

უგულავას შეფასება _ «ცვედანი» _ ეგებ, პრემიერს კი არა, მთლიანად ხელისუფლებას უფრო მოუხდეს, იმ ხელისუფლებას, რომელმაც ძალიან ბევრი დაპირება გასცა და რეალურად ერთიც ვერ შეასრულა ბოლომდე. სამაგიეროდ, პრემიების დარიცხვის სისტემა აქვთ მთავრობაში ისეთი, მტერს შეშურდება. გარედან ისე ჩანს, რომ სწორედ ამ პრემიებსა და თანამდებობებს უფრთხილდებიან, თორემ, თუ დაპირებების შესრულების თავი არ გაქვს, რატომ ამბობ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ დამნაშავეებს პასუხს აგებინებ?! ჭიკაიძეზე მოგახსენებთ, შს მინისტრზე, რომელმაც საჯაროდ დადო პირობა, ახლა პრემიერის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მიშლის ხელს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ყველა პასუხს აგებსო.

რატომ არ დაიკითხა გიგი უგულავა, კაცი, რომელმაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ოფიციალური ოქმი თავზე გადაახია? რატომ არ დაიკითხა გიორგი ბარამიძე, რომელმაც ბათუმში მუშტები იქნია? რატომ არ დაიკითხა თენგიზ გუნავა, რომელმაც ზუგდიდში რამდენიმე ადამიანს კამერების წინ ხელი გაარტყა? რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებმაც წინასაარჩევნოდ გარდაბანში პროვოკაცია მოაწყვეს და «აზერბაიჯან, აზერბაიჯანის» ძახილით ავტონომია მოითხოვეს?! არ გაუჩნდებათ ამ ადამიანებს დაუსჯელობის სინდრომი? გაუჩნდებათ და მერე როგორ _ აგერ, თარგამაძე ლამის ყოველ მეორე დღეს ახალ სტატუსებს დებს სოციალურ ქსელში და ახლა უკვე ნარმანიას დასცინის, _ დედიკოს ბიჭს დედიკო უფრთხილდებოდა საარჩევნო უბანზეო. არადა, თარგამაძე დედიკოს ბიჭი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა ასეთი კომპლექსიანი და გაბოროტებული. არ იტყოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც მის გარემოცვად ითვლებიან, ჩემი «შნირები» არიანო (და არ უარყო ახლა, გივი, არ მითქვამსო, სახელებით ჩამოგითვლი და მელაძეთი დავიწყებ)…

თბილისში რომ სიტუაცია აჭრილია, შედეგებიდანაც ჩანს. რეგიონებში უარესი მდგომარეობაა და, თუ ამ არჩევნების შემდეგ (და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ნარმანია თბილისის მერი გახდება) ხელისუფლებამ, პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა არ დაიწყო და დამნაშავეებს შესაბამისი ადგილი არ მიუჩინა, არაფერი გამოვა. 2016 წლის არჩევნები (თუ იქამდე მიაღწიეს) «ქართული ოცნებისთვის» განაჩენი იქნება და იმ ადამიანებს, ახლა თბილად რომ მოკალათებულან სავარძლებში, პარლამენტში მოხვედრა სანატრელი გაუხდებათ. «ნაციონალური მოძრაობა» კი უკვე ღია იერიშზე გადავიდა და ადვილი მისახვედრია, რომ, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, მორიგ იერიშს ქართველ ერზე მიიტანს. აკი თქვა კიდეც რამდენიმეჯერ გიგი უგულავამ, _ მხარი დაგვიჭირეთ და შურისძიებას არ დავიწყებთო. ნაფიქრი აქვს ამ ხალხს შურისძიებაზე და დაიწყებენ კი არა, იმ ორ გვამს, ვანო მერაბიშვილი რომ ითხოვდა, რამდენიმე ასეულს დაუმატებენ.

«ქართულმა ოცნებამ» უნდა იცოდეს, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, გაბრაზებულია და, თუ მოინდომა, მათაც ისტორიის სანაგვეზე მოისვრის. 2012 წელს ამომრჩეველმა «ნაციონალურ მოძრაობას» პოლიტიკური სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მოქმედმა ხელისუფლებამ მკვდარი გააცოცხლა და, თუ ასე გააგრძელა, შორს არ არის დრო, როცა ვიღაც დაიძახებს, _ მიცვალებული ადგაო და… «იმერული ესკიზებიც» დასრულდება.

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here