Home რუბრიკები პოლიტიკა სოსო ცინცაძე: არსებული რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს აფხაზეთი დაკარგულია

სოსო ცინცაძე: არსებული რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს აფხაზეთი დაკარგულია

709

როგორ აისახება საქართველოს ხელისუფლების ლტოლვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე და რას მოგვიტანს ეს ხელმოწერა _ ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» პოლიტოლოგი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში _ სოსო ცინცაძე ესაუბრება.


_ საერთოდ არ მესმის ეს საბოლოოდ ან სანახევროდ დაკარგვის ცნება. არსებული რეალობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დღეს აფხაზეთი დაკარგულია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა აფხაზეთის შესანარჩუნებლად, არამედ აფხაზეთის დასაბრუნებლად. ამისთვის კი სულ სხვა სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

ამას სჭირდება ძალიან სერიოზული, ინტელექტუალური გუნდის შეკრება, ექსპერტების დასკვნის მომზადება და არა ისეთი პოლიტიკის წარმოება, როგორიც დღეს ჩვენს მთავრობას აქვს. ყოფილ რეინტეგრაციის სამინისტროს ვგულისხმობ, რომელსაც ახლა უკვე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაარქვეს. სამინისტროს სახელი შევუცვალეთ, რადგან გამოდის, თურმე მთელი ჩვენი უბედურების საწყისი ის ყოფილა, რომ სამინისტროს სახელი არ მოსწონდათ აფხაზებს და ეს უშლიდა ხელს შერიგებას. მაგრამ თუ სამინისტროს შერიგების სამინისტროს დავარქმევდით, პროცესები სულ სხვანაირად წარიმართებოდა. წელიწადია უკვე, ჰქვია შერიგების სამინისტრო, მაგრამ უარესი ვითარება მივიღეთ, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ იყო და, რაც დრო გადის, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

გულახდილად გითხრათ, არ მესმის, დღეს გადასახადის გადამხდელები ამ სამინისტროს რატომ ვინახავთ. ვისაც უნდა მკრეხელობაში ჩამითვალოს, მაგრამ უნდა ვთქვა: სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს დიდ პატივს ვცემ, კეთილშობილი კაცია, ვერ დავუკარგავთ იმ ღვაწლსა და სურვილებს, რომლებიც მას აქვს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაგრამ, როგორც კი ზაქარეიშვილი სახელმწიფო მოხელე გახდა, მან თავად მოიკვეთა აფხაზებთან მისასვლელი გზა. დღეს აფხაზებისთვის პაატა ზაქარეიშვილი აღარ არის პაატა ზაქარეიშვილი, ის მხოლოდ იმ ხელისუფლების მინისტრია, რომელი ხელისუფლებისკენ გამოხედვაც არ სურთ აფხაზებს.

ამიტომ ჯიუტად ისევ იმ ხაზს კი არ უნდა მივყვეთ, რომელსაც თუნდაც 2008 წლის ომის შემდეგ ან მანამდე მივყვებოდით. არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის ხელისუფლებას არ გააჩნდა მეცნიერულად დამუშავებული სტრატეგია და შედეგად, მონოპოლია ხელში აიღეს არსამთავრობოებმა. კი, ერთი შეხედვით ძალიან კეთილშობილი სურვილებით, მაგრამ კეთილი სურვილების შედეგია ის, რაც მივიღეთ. ამ ჩვენი არასამთავრობოების ევროპაში გაუთავებელი შეხვედრების შემდეგ, ეს შედეგი მივიღეთ, რომელიც დღეს გვაქვს. თითქოს რაღაც ვირტუალურ, რეალობისგან დაშორებულ სფეროში ხდებოდა ეს ყველაფერი.

საერთოდ, პოლიტიკაში მთავარი და გადამწყვეტი არის შედეგი და არა კეთილი სურვილები ან რიტორიკა. დღეს ვხედავთ, რომ თეორიულად და, შესაძლოა, პრაქტიკულადაც გალიდან ქართველებს გამოძევება ემუქრებათ.

ცოტა ღრმად შევხედოთ საკითხს და სირაქლემას პოზაში ნუ დავრჩებით. ერთმანეთში მაინც ვთქვათ სიმართლე, რომ აფხაზეთში ასე მარტივად არ არის საქმე, ამიტომ ახალი სტრატეგიაა საჭირო აფხაზეთის დასაბრუნებლად. საბოლოო და სანახევრო დაკარგვა არ არსებობს, დღეს აფხაზეთი ამ რეალობით დაკარგულია და ჩვენსკენ მათ გამოხედვაც არ სურთ.

ხომ არ შეიძლება ჯიუტად მივყვებოდეთ არჩეულ სტრატეგიას, იმის მიუხედავად, რაც უნდა ცუდი შედეგები მოეტანოს მას? ვილაპარაკოთ შერიგებაზე, რომ ერთი დედ-მამის შვილები ვართ. ოცი წელია, ამას გავიძახით, მაგრამ რა მივიღეთ პასუხად მათგან? არაფერი… გარდა ამისა, კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ასევე ჯიუტად სირაქლემას პოზა გვიჭირავს, რუსეთია. არადა, რუსეთთან კონტაქტების გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავჭრით.

_ კავკასიის საკითხების მკვლევარი, კარნეგი ცენტრის ექსპერტი, თომას დე ვაალი, «ეხო კავკაზთან» ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მაპი საქართველოს უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის, ვიდრე მოუგვარებს. «საქართველოს მაპის მიცემა ფუნდამენტურად ჩამოაშორებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რადგან ისინი არ დაუშვებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას», _ აღნიშნავს ის. ეთანხმებით მის მოსაზრებას?

_ თუ ჩვენ იმ აზრით ვიხელმძღვანელებთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ვერც აფხაზეთს და ვერც სამაჩაბლოს ვერ დავიბრუნებთ, მაშინ ეს მოსაზრება მართებულია. თუ საქართველოს მაპი მიანიჭეს, რუსეთი უფრო მკაცრი გახდება ჩვენ მიმართ… ვთქვათ სიმართლე: აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც საშინელი ანტიქართული განწყობაა. დღეს არც ოსებს და არც აფხაზებს (ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას) ჩვენთან ცხოვრება და ჩვენი სახელის გაგონებაც არ უნდათ.

და რას აკეთებს ამ დროს ჩვენი ხელისუფლება? მე საერთოდ ამ ხელისუფლების დანიშნულება ვერ გავიგე. ერთი საჯარო დისკუსია ან სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო ხელისუფლებას, არ შეიძლებოდა?! ხომ არ შეიძლება, ყველაფერი თოქშოუებით წყდებოდეს ქვეყანაში? ერთი მეცნიერული კვლევა ხომ შეიძლება ჩატარდეს? მაგრამ მეცნიერული კვლევა არასამთავრობო სექტორითა და თოქშოუებითაა ჩანაცვლებული, რომლებიც მხოლოდ სენსაციასა და რეკლამების მიზიდვაზეა აგებული და მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი თვეში ერთხელ ჟენევაში დარბის, რასაკვირველია, კარგია და რა სჯობს ჟენევაში სიარულს, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here