უბრალო შემთხვევითობა თუ ვირუსული დაავადების ხელოვნურად გავრცელების მცდელობა? არის კი დღეს საქართველო ბიოტერორიზმის საფრთხისგან დაცული? _ კითხვებზე, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან აწუხებს, პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს. გამანადგურებელი შესაძლებლობები ბიოლოგიური იარაღისა, რომელიც ქიმიურ, ბირთვულ ან ნებისმიერ სხვა იარაღზე უფრო საშიშია, ნებისმიერ ქვეყანას კატასტროფას უქადის. მისგან თავის დაცვა მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვისაც კი ძალიან რთულია, საქართველოსნაირი მწირი შესაძლებლობების მქონე ქვეყნისთვის კი, ფაქტობრივად, შეუძლებელი. ჩვენ არ ვცდილობთ პანიკის შექმნას, მაგრამ უმჯობესია, ამ საკითხს სპეციალისტებმა დროულად მიაქციონ ყურადღება, ვიდრე ის გადაულახავ პრობლემად იქცევა.
«ყვავილის» მსგავსი სრულიად უცნობი დაავადება, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ვირუსული მენინგიტი _ საქართველო ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, ვირუსული დაავადებების კერად იქცა _ ქვეყანაში ვირუსული დაავადებების გავრცელებამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.
ცოტა ხნის წინათ საქართველოში სრულიად უცნობი დაავადება აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს «ყვავილის» სახელით ცნობილ ვირუსს. ამ დაავადების ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ორი კაცი გარდაიცვალა და ერთიც მძიმედ დაავადდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით, მხოლოდ ბოლო თვის განმავლობაში კი ვირუსული მენინგიტით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია. ვირუსული მენინგიტის შემთხვევების ზრდის გამო დაწყებით კლასებში სწავლაც კი შეწყდა.
ქართველმა ექიმებმა უცნობი დაავადების ტიპის დასადგენად ამერიკელ კოლეგებს მიმართეს. ატლანტის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ფედერალური ცენტრების (Centers For Desease Contol and Prevention; CDC) მეცნიერები საქართველოში ჩამოვიდნენ და მასშტაბური კვლევა ჩაატარეს. კვლევას ახორციელებდა სპეციალისტთა ჯგუფი, ნილ ვორის ხელმძღვანელობით. მათ დაადგინეს, რომ საქმე აქვთ ერთ-ერთ ე. წ. პოკსვირუსთან, რომელიც ყვავილსა და ყვავილის მსგავს დაავადებებს იწვევს. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ამ დაავადების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან «ყვავილის» ოჯახის დაავადებები შეიძლება ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღად გამოიყენონ. «ვირუსების ეს ოჯახი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რადგან ყვავილის გამოყენება შესაძლებელია ბიოლოგიურ იარაღად», _ აცხადებს ამერიკელი მკვლევარი ნილ ვორი NPR-თან საუბარში. მისი თქმით, დაზუსტებით ისიც არ არის ცნობილი, იყო თუ არა სიკვდილის შემთხვევები ამ ვირუსით გამოწვეული. არც ის არის დაზუსტებული, გადამდებია თუ არა დაავადება.
შემაშფოთებელია სპეციალისტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც «თუ ეს ვირუსი იატაქქვეშა ლაბორატორიაში მოხვდება და მასზე გარკვეული მანიპულაციები განხორციელდება, შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. არ არის გამორიცხული, ის ბიოლოგიურ იარაღადაც გამოიყენონ», _ აღნიშნავენ ამერიკელი სპეციალისტები.
აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე ინფექციური დაავადებების მომრავლებას საგანგაშოდ მიიჩნევს: «ეს ყველაფერი შემთხვევითი არ უნდა იყოს. მახსოვს, როდესაც ღორისა თუ ქათმის გრიპი გავრცელდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ცნობილი ბიზნესმენების ინტერესებს უკავშირდებოდა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს გლობალურ დონეზე მიმდინარეობს გენოციდი, რომელიც გულისხმობს ერების როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ განადგურებას, ყველაფერი ნათელი გახდება. ამიტომ არ არის გამორიცხული და დიდი ეჭვიც არსებობს, რომ ეს ვირუსები ხელოვნურად ვრცელდება. ასეთი დაავადებების წინაშე განსაკუთრებით დაუცველები არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ საბოლოოდ ამოძირკვონ ქართველი ხალხი, ქართული ცნობიერება. მე არ მიყვარს არაპროფესიონალურ დონეზე საუბარი, მაგრამ დიდი ეჭვით ვუყურებ იმ ლაბორატორიას, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დიდი ზარ-ზეიმით გახსნეს.
_ ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიას გულისხმობთ?
_ დიახ, აღნიშნულ ლაბორატორიაში ხშირად ტარდება ცდები. ეს ცდები უვნებელი რომ იყოს, ამერიკელები თავიანთ ტერიტორიაზე ჩაატარებდნენ. მართალია, რომ ჰკითხოთ, სამეცნიერო დაკვირვებებისა და ექსპერიმენტებისთვის სჭირდებათ ლუგარის ლაბორატორია, მაგრამ, კონფლიქტი რომ დაიწყოს და თბილისში ერთი ყუმბარა მაინც ჩამოვარდეს, ჩათვალეთ, მთელი საქართველო განადგურდება.
ქვეყანაში ვინ შემოდის და ვინ გადის, არავინ იცის. ესენი გაფაციცებულნი არიან რუსეთის აგენტებზე, მაგრამ საქართველოში რუსების აგენტებზე გაცილებით მეტი და საშიში აგენტები არიან. განსაკუთრებით საშიშები არიან იმ მასონური მოძრაობის აგენტები, რომლებსაც მსოფლიოს ერთ ერად ქცევის მიზანი ამოძრავებთ. ამ იდეის მომხრეები ჩვენთანაც ბევრია, მათ შორის, პარლამენტშიც.
_ საქართველო თუ არის დაცული ბიოტერორიზმის საფრთხისგან?
_ საქართველო არაფრისგან დაცული არ არის. თუ ასეთი პროცესები დაიწყო, უარესს უნდა ველოდოთ. შეიძლება ადრეც იყო ეს ვირუსები, მაგრამ ახლა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია, გავრცელება _ მასშტაბური. ეს შემთხვევითი არ არის, ამას განგაშის ატეხვა სჭირდება. უპირველესად, პრესამ უნდა აღიმაღლოს ხმა, რადგან ჩვენი ელექტრონული მედიასაშუალებები (ერთი-ორის გარდა) ისე ჭიკჭიკებენ, როგორც ჩანს, ძალიან ახარებთ ქართველი ერის განადგურება».
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი:
«საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მომდინარეობს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიიდან, რომელიც სააკაშვილმა ზარ-ზეიმით გახსნა. როდესაც ასეთი განწყობაა, ძალიან ძნელია ამ ხალხის დარწმუნება, რომ ეს ლაბორატორია არაფერ შუაშია. ამერიკელი ჟურნალისტი, ჯეფრი სილვერმანი თქვენს გაზეთში პირდაპირ წერდა ამის თაობაზე. მე არ ვიცი ეს დავაადებები, რომლებიც დღეს საქართველოში გავრცელდა, ამ ლაბორატორიიდან მომდინარეობს თუ არა, ამის დამტკიცებას ფაქტები სჭირდება, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის მკვლევარიც არავინ არის და არც არავინ იცის რამე, გარდა იმ რამდენიმე ამერიკელისა, რომლებიც ამ ლაბორატორიაში მუშაობს. როდესაც საზოგადოებაში ასეთი ეჭვი გაჩნდება, ამ ეჭვს აქვს გარკვეული საფუძველი.
_ რა საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას ლუგარის ლაბორატორია?
_ თუ ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ამირან გამყრელიძეს დავუჯერებთ, ლუგარის ლაბორატორია უვნებელი დაწესებულებაა, მაგრამ ჟურნალისტი სილვერმანი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. მან უფრო მეტი იცის, ვიდრე გამყრელიძემ და სხვა ქართველმა სპეციალისტებმა. როგორც ვიცი, ამერიკელები ლაბორატორიასთან ახლოს არავის უშვებენ. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ მართლაც ტარდება ამ ლაბორატორიაში ისეთი კვლევები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას არ წაადგება.
აშშ-ს საქართველოში არც ერთი საწარმოს ასამუშავებლად არ განუხორციელებია 300-400 მილიონი დოლარის ინვესტიცია და რაღა მაინცდამაინც ეს ბიოლოგიური ლაბორატორია ამოიჩემეს? ამას გარდა, როგორც სილვერმანი ამტკიცებს, მსგავსი ლაბორატორია ამერიკაში, კარგა ხანია, აღარ არსებობს და ამერიკელების მეცადინეობით ეს ლაბორატორიები გატანილია ისეთ გაპარტახებულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ დასამშვიდებლად საქმე არ გვაქვს, როგორც ეს საქართველოს ხელისუფლებას ჰგონია, და მოსახლოების ნაწილის შეშფოთება არ არის ხელწამოსაკრავი. ამ ყველაფრის გამოკვლევა და ქართული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია.
_ საქართველო დაცულია ბიოლოგიური საფრთხისგან?
_ საერთოდ არ არის დაცული, ჩვენ ისეთი სუსტი ხელისუფლება გვყავდა მთელი ეს წლები. მისი ქმედებები იქითკენ იყო მიმართული, რომ სხვადასხვა დაავადების ეპიცენტრი ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა. ზოგჯერ ამ დაავადებებს თვითონაც იგონებდნენ. გახსოვთ, ალბათ, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში ღორის ჭირი რომ მოიგონეს და ხალხს ღორები დაახოცინეს, რათა უკრაინიდან შემოტანილი ღორის ხორცი გაეყიდათ. წელიწად-ნახევრის წინათ კი მართლაც გავრცელდა ღორის ჭირი და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ ლაბორატორიიდან გასული ინფექციით მოხდა ეს.
არ ვიცი, აჯერად არის თუ არა ეს ლაბორატორია დაავადების გავრცელებაში დამნაშავე, მაგრამ საქართველოს რომ არ გამოადგება, დიდი განსჯა არ სჭირდება. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია, თუ აქვს ამის უფლებაც ამ უფლებაწართმეულ და სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყანას, მოსთხოვოს ამერიკელებს, ლაბორატორია სასწრაფოდ დახურონ».
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია (CPHRL) თბილისის გარეუბანში, ალექსეევკის დასახლებაში, სამხედრო აეროდრომთან ახლოს 2004 წელს ამოქმედდა. ადგილობრივი მცხოვრებლები შიშით საუბრობენ ამ ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეზე და აცხადებენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ. დივერსიის ან ტერაქტის შემთხვევაში, სასიკვდილო ვირუსები მყისიერად გავრცელდება ქვეყანაში და ჯერ კიდევ შეუსწავლელი ბაქტერიებისგან საშინელ ეპიდემიებს გამოიწვევს. ვირუსის შტამის გაჟონვის მსხვერპლი კი, შესაძლოა, არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნების მოსახლეობაც გახდეს.
აღნიშნული ლაბორატორიისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში, რამდენიმე ხნის წინათ ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანიც საუბრობდა: «ამერიკელები ჯერ კიდევ პირდაპირ არიან ჩართულნი ბიოკვლევით პროგრამებში საქართველოში, მიუხედავად იმისა, სამოქალაქო თუ სამხედრო მიზნებისთვის იქმნება. ამერიკლები ისევ იქ არიან და ისევე მუშაობენ მას შემდეგ, რაც ლუგარის ლაბორატორია გაიხსნა».
თუმცა ვირუსული დაავადებების მომრავლებაში ამჯერად უჩვეულოს ვერაფერს ხედავს ინფექციური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების გამგე გია დეისაძე. «ინფექციური დაავადებებისთვის პერიოდულობა დამახასიათებელია, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, დაავადებულთა რაოდენობა გაზრდილია.
_ ამერიკელი სპეციალისტების აზრით, «ყვავილის» ოჯახის ვირუსი შეიძლება ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღად გამოიყენონ?
_ ნებისმიერი ვირუსი შეიძლება გამოიყენონ ბიოლოგიურ იარაღად. უვნებელი ვირუსისგანაც შეიძლება ბიოლოგიური იარაღი შექმნა. ასეთი ციკლურობა დამახასიათებელია ვირუსული ინფექციებისთვის. ამ შემთხვევაში დაავადების «ხელოვნურ აფეთქებას» ვერ ვხედავ. ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს 5-6 ქალაქში ვინმეს ხელოვნურად მოეწყო დაავადების პროვოცირება.»
ბიოლოგიური იარაღის კატასტროფულ შედეგებზე ბევრს არ ვისაუბრებთ, რადგან მისი დამანგრეველი შედეგები ისედაც ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელი გავიდა, რაც 1942 წელს, ინგლისელებმა კუნძულ გრაინარდზე ბიოლოგიური იარაღი გამოსცადეს, იქაურობა ციმბირის წყლულის ბაქტერიებით დღემდე დაბინძურებულია. მე-20 საუკუნეში, ბიოლოგიური იარაღის შეგნებულად გამოყენების ფაქტი დადასტურდა 30-40-იან წლებში, როდესაც იაპონელებმა ჩინეთის ტერიტორია შავი ჭირით დააბინძურეს.
მსოფლიოში უკვე არსებობს მართული ვირუსის შექმნის ტექნოლოგიები. მეცნიერების აზრით, მოდიფიცირებულ H5N1-ს შეუძლია გამოიწვიოს გლობალური ეპიდემია და დედამიწაზე, სულ მცირე, 40 მილიონი ადამიანი გაანადგუროს. არსებობს ჰიბრიდული ვირუსების შექმნის ტექნოლოგიებიც და აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული შტამების შექმნა შესაბამის პირობებში პრიმიტიული ტექნოლოგიაა და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, მსოფლიოში ბიოტერორის საფრთხე დღითიდღე იზრდება. ბიოლოგიური ტერორიზმი _ ეს არის საფრთხე, რომლისგან თავის დაცვა მალე შეუძლებელი გახდება.
მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა
Saswrapod unda moxdes lugaris labaratoriis daxurva ganadgureba
სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, მე ვთვლი რომ ხელისუფლებამ მეტი დამაჯერებელი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსახლეობას, რომ შეწყდეს ვარაუდებით საუბარი, რაც ძალიან მაგონებს, ცნობილ ფაქტს, მე პირადად ექიმი ჟივაგო არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ!