Home რუბრიკები საზოგადოება დიმიტრი ყიფიანის 200 წლის იუბილე ხაშურში

დიმიტრი ყიფიანის 200 წლის იუბილე ხაშურში

837

26 აპრილს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანის 200 წლის იუბილე ულამაზესი ღონისძიებით აღონიშნა ქალაქ ხაშურში, სადაც დიმიტრი ყიფიანმა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები გაატარა. ეს ღონისძიება ჩოხოსან რაინდთა ხელმძღვანელის, რეჟისორ გოგი დოლიძის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.


გოგი დოლიძე:

_ დიმიტრი ყიფიანის იუბილის ხაშურში აღნიშვნა ჩემი იდეა იყო. სურამ-ხაშურის ეპარქიის მეუფე სვიმეონმა აიტაცა ეს იდეა და მხარში ამომიდგა. სხვათა შორის, სწორედ ამ დღეს ხაშურის ახალი გამგებელი მამუკა ხაჩიძე გავაწევრე ჩოხოსან-რაინდთა დასში. აწი სწორედ მამუკას დავავალებ ამ საქმეს და მომავალ წელს დიმიტრი ყიფიანის იუბილეს თვითონ მიხედავს. მთავარია, რომ ამ დიდი პიროვნების იუბილის აღნიშვნას საფუძველი ამ ქალაქშიც ჩავუყარეთ. მთელი საქართველოდან მოვიწვიეთ სტუმრები _ აჭარიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან, იმერეთიდან და ა. შ. და იუბილე მთელი საქართველოს დღესასწაულად ვაქციეთ. სამწუხაროდ, საქართველოში ბევრმა არ იცის დიმიტრი ყიფიანის გმირობისა და, საზოგადოდ, ამ დიდი პირვნების მოღვაწეობის შესახებ. ამიტომ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, არჩილ ჯორჯაძის, ექვთიმე თაყაიშვილის ამა თუ იმ ნაწარმოების თუ კვლევების მიხედვით დავწერე დიმიტრი ყიფიანის მოღვაწეობის შესახებ და ეს ყველაფერი ბავშვებმა ამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე წაიკითხეს.

თამარ მიქაძე,

მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი:

_ მე გახლავარ დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი, მე-6 თაობის წარმომადგენელი; მოხარული ვარ, რადგან პირველი შთამომავალი ვარ, რომელსაც ხმამაღლა შეუძლია ამაზე საუბარი. აქამდე ჩემი წინაპრები ამის შესახებ ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ. მაგალითად, დედაჩემი ლალი პატარაია მთელი ცხოვრება გულისტკივილით იხსენებდა, რომ, როდესაც სკოლაში მასწავლებელი აკაკი წერეთლის «განთიადს» გვიხსნიდა, რომელიც დიდმა მწერალმა სწორედ დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა, შინ გაფრთხილებული ვიყავი, სკოლაში არ მეთქვა, დიმიტრი ყუფიანის შთამომავალი რომ ვიყავიო. დედას წინა თაობა კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ცხოვრობდა, რადგან დიმიტრი ყიფიანის შთამომავლობის გამო მიწებსაც ართმევდნენ და უამრავი ტრაგედიის მსხვერპლის ხდებოდნენ. სხვათა შორის, დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებიც ძალიან საინტერესო პიროვნებები იყვნენ. მაგალითად, გურამ პატარაია, რომელიც გახლავთ რეჟისორი ფილმებისა «კუჩხი ბედინერი», «რეკორდი», «სიყვარული, ხანძარი, პომპიერო» და სხვ., ასევე _ დოკუმენტური ფილმებისა. სამწუხაროდ, დედა და ბიძა, გურამ პატარაია, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ დიმიტრი ყიფიანის დაფასებას ვერ მოესწრნენ…

ძალიან მიხარია, ყოველ წელს რომ ტარდება დიმიტრობა, რომ დაარსდა მისი სახელობის მედალიც, რომელიც შარშან სწორედ მე მომანიჭეს.

შინ დიმიტრის ყიფიანის ძალიან მდიდარი არქივი გვაქვს, ფოტოები, წერილები… აი, ამ ყველაფრის შეკრებას და გამოცემას უახლოეს მომავალში ვაპირებ.

ცნობისათვის:

დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 26 მაისს გორის მაზრის სოფელ მერეთში დაიბადა. 1832 წელს შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ვოლგოგრადში გადაასახლეს. ხუთი წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. 1864 წლამდე მუშაობდა მთავარმართებლის კანცელარიაში სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, ჯერ თბილისის გუბერნიის, ხოლო შემდეგ ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი. 1876-79 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორ ჩუდეცკის მკვლელობის გამო,საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დაწყევლა, რის გამოც დიმიტრი ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო იგი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წელს, ღამით, მძინარე მოკლეს. დიმიტრი ყიფიანი მთაწმინდაზეა დაკრძალული.

2007 წელს კი პატრიარქმა წმინდანად შერაცხა.

მოამზადა

ნინო მაისურაძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here