Home რუბრიკები პოლიტიკა ” ცალკე ამერიკა გვატყუებდა, ცალკე რასმუსენი და ცალკე კიდევ ვისაც...

” ცალკე ამერიკა გვატყუებდა, ცალკე რასმუსენი და ცალკე კიდევ ვისაც არ ეზარებოდა, ის”

555

კარგა ხანს ვფიქრობდი და ვერ გავიხსენე, ვინ თქვა პირველად, საქართველო ნატოში უნდა გაერთიანდესო. ეს იდეა მაშინვე აიტაცეს და მოსახლეობის ნაწილი დაარწმუნეს, ალიანსი ჩვენი სურვილის შეტყობისთანავე კარს ფართოდ გაგვიღებს და ჩვენს ბორჯომსა თუ ჩაის დანატრებული ნატოს წევრი ქვეყნები გულში ჩაგვიკრავენო. სინამდვილეში კი ეს ერთერთი იმ სატყუარათაგანი გამოდგა, რომელსაც თამამად შეგვიძლია საუკუნის ტყუილის ტიტული მივანიჭოთ.

 

ამ შემთხვევაში ანდაზამ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო, არ გაამართლა, რადგან მთელი 20 წლის განმავლობაში მუდარით შევყურებდით ნატოს შეღებულ კარს და იქ შესვლასა თუ შეძრომაზე გეგმებს ვაწყობდით. სწორედ ამ შეღებული კარის გამო ქართველი ბიჭები საბრძოლველად ავღანეთში გავუშვით და ახლა ცენტრალური აფრიკისთვის ვამზადებთ, იქ, სადაც ადამიანის ხორცს სიამოვნებით მიირთმევენ და დელიკატესადაც ითვლება.

ისევ ამერიკამ გვიშველა. უფრო ზუსტად კი, მისმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აგვიხილა თვალი და 20 წლის ნაყარი ნაცარი ერთ ფრაზაში მოგვწმინდა.

«მინდა დავადასტურო, რომ არც უკრაინა და არც საქართველო ნატოსკენ სავალ გზაზე არ დგანან და უახლოეს მომავალში ნატოს წევრი ქვეყნების გაზრდა არ იგეგმება»,_ ისე მშვიდად განაცხადა ობამამ, თითქოს შვილებს ზღაპარს უკითხავსო. მოსახლეობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს სიტყვები ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებისთვის ნამდვილი შოკი იყო. ყოფილი ხელისუფალნი ხვდებიან, რომ იმ წელიწად-ნახევარში, რომლის განმავლობაშიც მთავრობა შეიცვალა, ძირეულად არაფერი გაფუჭდებოდა და, თუ ნატოს კარი ასე მჭიდროდ იყო მიხურული, მათი დამსახურებაც არის. ახალ ხელისუფლებას კი სულ წყალში ჩაეყარა დაპირებები და ღარიბაშვილიობამას ხელის ჩამორთმევამაც ფასი დაკარგა.

რა გამოდის? ამ წლების განმავლობაში ცალკე ამერიკა გვატყუებდა, ცალკე _ ანდრეს ფოგ რასმუსენი და ცალკე კიდევ _ ვისაც არ ეზარებოდა, ის. და ჩვენ ამ ტყუილს დიდი კოვზით ისე მივირთმევდით, ისე გემრიელად გეახლებოდით, რომ აქეთ რუსეთი შეშფოთდა, იქით კიდევ _ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის «სამაზვანეცი» ლიდერები და საბოლოოდ, თავის დაზღვევის მიზნით, 2008-ში სააკაშვილს «ფუკასავით» ააცალეს ტერიტორიები.

სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ხელისუფლება შოკიდან ასე მალე გამოვიდოდა, მაგრამ გამოვიდა კი არა, აქეთ მოგვიტრიალდა და ის, რაც ობამამ თქვა, სხვანაირად აგვიხსნა. მაგალითად, თინა ხიდაშელმა განგვიცხადა, ობამამ რაც თქვა, სინამდვილეში ეგ არ იგულისხმაო. ქალბატონ თინას ანალოგიური რამ დავით უსუფაშვილის სიტყვებზე რომ ეთქვა, კიდევ გავიგებდი, რაც უნდა იყოს, ყველაზე კარგად მაგან იცის, უსუფაშვილი როცა ლაპარაკობს, სინამდვილეში რას გულისხმობს. აი, ობამას აზრებს როდიდან ჩასწვდა სიღრმისეულად ხიდაშელის ქალი, ნამდვილად ვერ გეტყვით. საქმე იქით მიდის, დავით უსუფაშვილმა შეიძლება «შერეკილების» გმირივით დაიძახოს, ნეტავ, ის შავი კაცი ვინღა იყოო, და… გაფრინდებიან, ალბათ, ოდესმე.

ხიდაშელს მხარი ალექსი პეტრიაშვილმაც აუბა. მინისტრია, ბოლოს და ბოლოს, კაცი, თანაც _ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ჰოდა, ობამას განცხადება პეტრიაშვილს, პრაქტიკულად, უსამსახუროდ ტოვებს. თუ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას მომავალი არ აქვს, გამოდის, პეტრიაშვილი ხელფასს ტყუილად იღებს და, ეს რომ არ გამჟღავნებულიყო, მისტერ ალექსმა ობამას ციტატის პერიფრაზი გააკეთა.

«არ იყო მოულოდნელი, რაც თქვა ობამამ, მაგრამ საინტერესოა ქვეტექსტი. მან იგულისხმა, რომ ჩვენ სამომავლოდ გავხდებით ნატოს წევრები, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ. ჩვენი კურსი არ შეცვლილა და მშვიდად ვართ»,_ განაცხადა პეტრიაშვილმა.

სავარაუდოდ, ობამამ არ იცის, მის მიერ ნათქვამ სიტყვებს საქართველოში როგორი გაგრძელება მოჰყვა, თორემ ღარიბაშვილს წერილს გამოუგზავნიდა და აუხსნიდა, რა და რატომ თქვა, თუმცა ეჭვი გვაქვს (გონივრული ეჭვი), რომ ობამას არ აინტერესებს, რას იტყვიან ქართველი პოლიტიკოსები, მთავარია ის, რაც მან თქვა და აკი ოდითგანვე ასე იყო.

ბევრს, ვისაც დიდი იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას «უსიერ ტყეში» წაუკითხავს, მკვლელობის საქმეს რომ იძიებენ და 6 მოწმე სხვადასხვანაირად ყვება ამბავს, ასეთი გადასვლა არ გაუკვირდება. არადა, სიმართლე ყოველთვის ერთია და ხშირად _ მწარე.

სწორედ აკუტაგავას «უსიერ ტყეს» ჰგავს ქართველ პოლიტიკოსთა განცხადებები და, საერთოდაც, თუ კარგად დააკვირდებით, ქართული პოლიტიკა დაემსგავსა უსიერ ტყეს მასში დაკარგული თუ გზააბნეული პოლიტიკოსებით. აკუტაგავას ნაწარმოებში გარდაცვლილი კაცი კი ძალიან ჰგავს საქართველოს საგარეო პოლიტიკას, ყველამ რომ იცის, გარდაცვილი რომ არის და ყველა სხვადასხვაგვარად რომ ხატავს გარდაცვალებს სცენას. ის ლახვარი კი, რომელმაც გარდაცვლილის გულში გაიარა, ხან ვის ეჭირა ხელში და ხან ვის. ახლა კი თავად გვიპყრია და რადგან იაპონელი აკუტაგავა ვახსენეთ, ბარემ ვთქვათ, რომ ჰარაკირის კეთების პროცესში ვართ.

ვეჭვობ, ჩვენი თაობა ნატოში გაწევრებას ვერ მოესწრება. შვილებს კი ეგებ ის დავუბაროთ, ხელისუფლებას ტყუილების თქმას თუ არ გადააჩვევენ, ახალი მაინც მოაფიქრებინონ, რადგან ნატოს თემას ყავლი გაუვიდა და ობამა პირდაპირ ეთერში ხომ არ დაიგინებს, არ შეგიშვებთ ნატოშიო?!

დავით მინდიაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here