Home რუბრიკები პოლიტიკა მანანა კობახიძე: ვურჩევ უკრაინელ მეგობრებს, სააკაშვილს სიფრთხილით მოეკიდონ!

მანანა კობახიძე: ვურჩევ უკრაინელ მეგობრებს, სააკაშვილს სიფრთხილით მოეკიდონ!

594

რას ფიქრობენ «ქართულ ოცნებაში» «ნაციონალების» ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმებზე და რამდენად არის მზად ჩვენი ქვეყანა შიდა თუ გარე საფრთხეებისთვის, ქვეყანაში მიმდინარე ამ და სხვა მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის ერთერთი ლიდერი _ მანანა კობახიძე ესაუბრა.

 

_ «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლები საკმაოდ თამამ და ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ და არ მალავენ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავენ. არ ფიქრობთ, რომ მათი განცხადებები სწორედ შეუსრულებელი დაპირებებით, ნეპოტიზმითა და ახალი ხელისუფლების სისუსტითაა განპირობებული?

_ შეუსრულებელი დაპირებები, ნეპოტიზმი _ ეს «ნაციონალური მოძრაობის» მიერ მოგონილი ფრაზებია. საზოგადოება ასე არ ფიქრობს, რადგან სწორედ «ნაციონალური მოძრაობის» დროს იყო წარმოუდგენელი ნეპოტიზმი ხელისუფლებაში და, სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც მისთვის სრულიად შეუსაბამო ადგილზე მუშაობს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მაგრამ, ალბათ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვლება.

_ თუმცა, ქალბატონო მანანა, ფაქტია, რომ თქვენს ხელისუფლებაშიც აქტუალურია პრემიებისა და ჯიპების თემა

_ ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე მოგვარებულია. საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობამ შეიმუშავა ძალიან მკაცრი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოხდება სახელმწიფო უწყების აღჭურვა ტექნიკური საშუალებებით, მათ შორის მანქანით და ვერც ერთი მინისტრი თუ დეპუტატი ვერ შეიძენს ძვირადღირებულ მანქანას ან ფუფუნების საგანს.

გამოდის თემურ ალასანია და აცხადებს, საერთოდ არ ვერეოდი ხელისუფლების საქმიანობაშიო, როცა ოფიციალურად, საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლად მუშაობდა და კანცელარიაში საკუთარი კაბინეტი ჰქონდა. ამას გარდა, როგორც მისივე თანაგუნდელების მხრიდან გაცხადდა, კორუფციულ ბიზნესგარიგებებშიც მონაწილეობდა. გამოიძიოს ეს ყველაფერი პროკურატურამ. იმის გამო არ უნდა შევჩერდეთ, რომ პოლიტიკური დევნა არ დაგვაბრალონ, პირიქით _ ყველა საქმე ძალიან მალე და ეფექტურად უნდა გაიხსნას.

რაც შეეხება «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებებს, ყველა დაპირება ერთ წელიწადში ვერ შესრულდებოდა, ყველაფერი ეტაპობრივად 4 წლის მანძილზე შესრულდება, თუმცა ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა, თუნდაც ის, რომ ადამიანი ქუჩაში აღარ კვდება, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, მგონი, ცოტას არ ნიშნავს.

უბრალოდ, ახლა «ნაციონალები» ისტერიკაშიც არიან და ცდილობენ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც საკუთარი პიარისთვის გამოიყენონ. ფიქრობენ, საკუთარი მომავალი უკრაინაში გადაწყვიტონ, რაც ჩვენი საზოგადოების დაცინვაა. უკრაინელები კი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან, სადაც «ნაციონალები» გამოჩნდნენ, იქ ყველამ ცუდად დაასრულა. სწორედ ამას ვურჩევდით უკრაინელ მეგობრებს, რომ სააკაშვილისნაირ ოდიოზურ ფიგურებს სიფრთხილით მოეკიდონ.

 _ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ «მივმართავთ ევროკავშირსა და ნატოს, დააჩქარონ იმ სახელმწიფოების ინტეგრაციის პროცესი, რომლებიც საამისოდ მზად არიან, რადგან საფრთხეები იზრდება ამ ქვეყნების მიმართო». როდესაც საფრთხეებზე ვსაუბრობთ, არ ფიქრობთ, რომ თუნდაც ასეთი განცხადებების ან თუნდაც, დავუშვათ, მაპის მინიჭების, ან ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსული აგრესიის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლო შედეგებზე ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე ვიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყანაში ხდება ან მოხდება. უბრალოდ, სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ნატოში და ევროკავშირში რეალური ინტეგრაციაა, ამიტომ უნდა დაჩქარდეს ეს პროცესი.

ჩვენი ხელისუფლება იმ მეთოდებითა და აგრესიული რიტორიკით, რომელსაც «ნაციონალები» მიმართავდნენ, არ მოქმედებს.

ჩვენ კითხვები გვაქვს ყოფილ ხელისუფლებასთან. რეალურად ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატური იყო, გახსოვთ, ალბათ, როგორ მოგვიწოდებდა დავით ბაქრაძე დანა-ჩანგლით ბრძოლისკენ.

ახალი ხელისუფლება ძალიან თანმიმდევრულ და გონივრულ პოლიტიკას ახორციელებს, როგორც ამერიკასა და ევროკავშირთან, ასევე რუსეთთან. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით და არა სხვა ფორმით, მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here