Home რუბრიკები სამართალი ნუგზარ დვალი: ვითხოვ დანგრეულ ბიზნესს, ჩამოჭრილ თანხას, წართმეულ ქონებას…

ნუგზარ დვალი: ვითხოვ დანგრეულ ბიზნესს, ჩამოჭრილ თანხას, წართმეულ ქონებას…

სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ბიზნესი და პირადად ბიზნესმენები «ნაცხროვისგან» რა ტერორსაც განიცდიდნენ, ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი. მით უფრო, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ დაზარალებულთა უმრავლესობამ ხმის ამოღება გაბედა და ზეწოლაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი. მიუხედავად ამისა, ივანიშვილის დაპირება, რომ მათ უფლებებს მოსვლისთანავე აღადგენდა, ისეთივე წმინდა წყლის სიცრუე აღმოჩნდა, როგორც დაპირება 220-ლარიანი პენსიის, საწვავის გაიაფებისა და კომუნალური გადასახადების შემცირების, დამნაშავეთა დასჯის, 100 ახალი ქარხნის ამუშავების, იპოთეკით დაზარალებულთა დახმარების შესახებ და . .

 

მოკლედ, «ქართული ოცნების» მოსვლიდან თითქმის წელიწადნახევარი გავიდა, რეჟიმის მიერ გაკოტრებული ბიზნესმენები კი ხელისუფლებისგან შველას კვლავ ამაოდ ელიან; მეტიც, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მათ იმედი საბოლოოდ გადაუწურა და ერთერთ კონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა: ბიუჯეტში ფული არ არის, ამიტომ წართმეული ქონების დაბრუნებაზე ამ ეტაპზე ლაპარაკიც ზედმეტიაო (უცნაურია, მაგრამ ამ რიტორიკის ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რელიგიური კონფესიები 4,5 მილიონი ლარით დაეფინანსებინა. არაფერს ვამბობ 80 მილიონზე, რომელიც ივანიშვილმა სასწრაფო წესით დაიბრუნა).

«საქართველო და მსოფლიო» სამშენებლო კომპანია «ალიონი 99»-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ნუგზარ დვალს შეხვდა და იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელთა წინაშე დღეს წინა რეჟიმის მიერ დაზარალებული კერძო ორგანიზაციები დგანან.

_ ბატონო ნუგზარ, თქვენ ერთერთი ხართ იმ ბიზნესმენებს შორის, რომელთაც არა მხოლოდ ბიზნესის დონეზე, არამედ პირადად შეგეხოთ სააკაშვილის ავტორიტარული მმართველობის მწარე ხელი, _ იმის გამო, რომ «ნაცმოძრაობის» «ნებაყოფლობით» დაფინანსებაზე უარი თქვით, დაგაპატიმრეს და ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა, ციხეში იჯექით. 1 ოქტომბრის არჩევნებიდან წელიწადნახევარი გავიდა, რა შეიცვალა თქვენთვის და რამდენად იგრძენით საკუთარ თავზე სამართლიანობის აღდგენა?

_ საერთოდ არაფერი მიგრძვნია, პირიქით, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ყველა მცდელობა, დახმარებისთვის მიმემართა შესაბამისი უწყებებისთვის და როგორმე გამოვსულიყავი ამ მდგომარეობიდან, კრახით დამთავრდა. აბსოლუტურად არანაირ რეაგირებას არ ახდენს არც ერთი ინსტანცია, არც ერთი სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, ვერ ვხედავ გამოსავალს. ჩამორთმეული მაქვს ქონება, მათ შორის ბინაც, და ქირით ვცხოვრობ. ადამიანი, რომელსაც მქონდა უზარმაზარი ბრუნვები და ვიყავი ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, დღეს, ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ…

_ რომელ ინსტანციებს მიმართეთ და კონკრეტულად რა პასუხები მიიღეთ?

_ მივმართე პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას, ანუ ვისაც პირველ რიგში ეხებოდა ამ საკითხის მოგვარება. პროკურატურიდან მომივიდა ისეთი სასაცილო პასუხი, რომ, მგონი, არც გაცნობიან, რას ვითხოვდი, ხოლო ფინანსური პოლიციიდან მხოლოდ დამკითხეს, დამეთანხმნენ, რომ მართალი ვარ, და მორჩა.

_ როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს ან პროკურატურას, ან ფინანსურ პოლიციას, რომ უფრო ქმედითი იყოს?

_ პროკურატურაშიც და სასამართლოშიც 70-80% ჯერ კიდევ «ნაციონალური მოძრაობის» კადრებია. სხვათა შორის, ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, «ნაციონალები» ძალიან კარგად იცავენ ერთმანეთს. რაც მართალია, მართალია, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ყველას ეგონა, ამ პარტიიდან ბუნდღაც არ დარჩებოდა, არ გამართლდა _ ეს არის ერთ მუშტად შეკრული გუნდი, რომელსაც ჯერჯერობით ძვრას ვერ უშვება ვერავინ.

_ რას ითხოვთ სახელმწიფოსგან? რამდენად შესაძლებელია, თქვენი საქმის ობიექტურად გამოძიება ვინმეს მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებამდე მივიდეს?

_ ამას, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ. მე სასჯელს ვიხდიდი სრულიად უსაფუძვლოდ, შეთითხნილი ბრალდებით და ამაში კონკრეტული ადამიანები მონაწილეობდნენ. ცხადია, მათ კანონის წინააღმდეგ იმოქმედეს, მაგრამ რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება ამ ხალხს დაეკისროს, ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება შეკითხვას, რას ვითხოვ, ვითხოვ იმას, რაც კანონით მეკუთვნის: წართმეულ ქონებას, დანგრეულ ბიზნესს, ჩამოჭრილ თანხებს… როდესაც მივმართე ფინანსურ პოლიციას და პროკურატურას, ჩემთვის არ უთქვამთ, რომ ჩემი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო, პირიქით, ყველაფერში დამეთანხმნენ. თუ ასეა, მაშინ იქნებ კეთილი ინებონ, შეიწუხონ თავი და მომაქციონ ელემენტარული ყურადღება. ის მაინც ხომ შეიძლება, რომ მითხრან, მქონდეს სიმართლის დადგენის იმედი თუ არა?!

_ მოდი ვთქვათ პირდაპირ: რა უშლის დღეს ხელისუფლებას ხელს, რომ გაწმინდოს მთელი რიგი სტრუქტურები, მათ შორის, ეროვნული ბანკიც, იმ ადამიანებისგან, რომლებიც რეჟიმთან ასოცირდებიან?

_ ამის არც ნება არსებობს და არც გამკეთებელია ვინმე. ეს უკვე თავიდანვე ჩანდა, როცა კოაბიტაციაზე დაიწყეს საუბარი. სხვათა შორის ამ ე. წ. კოაბიტაციამ იმდენად გაართულა და დაამძიმა საინვესტიციო გარემო, რომ, შეიძლება ითქვას, უკვე სავალალო მდგომარეობაა. ინვესტორები არაფერს აკეთებენ, ყველა მოლოდინის რეჟიმშია და აკვირდება, რა იქნება. ვფიქრობ, ეს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს მკაფიო სიგნალი, რომ რამე შეიცვალოს, თორემ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გველის წინ. ჩემი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ კოაბიტაციაზე საუბარი და საბოლოოდ გაირკვეს, ვინ ვინ არის, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. მოკლედ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც მეორე, ვერც მესამე, მეოთხე და მეათე წელიც საქართველოსთვის, ეკონომიკური თვალსაზრისით, წარმატებული ვერ იქნება. პირიქით, ჩვენ მივიღებთ უმწვავეს კრიზისს და მერე იქიდან გამოსვლის პოვნა მართლა გაგვიჭირდება.

ჩვენთან ყოველთვის ასე ხდება, წინასაარჩევნოდ ფეხქვეშ გეგებიან, მთავრდება არჩევნები და მორჩა, აღარავის ახსოვხარ. მერე მიდის გარჩევები: მე ეს არ მითქვამს, ამას არ გპირდებოდით და ა.შ. ხალხი კიდევ მშიერია. ისე, მე სულ მიჩნდება კითხვა: რატომ ვართ ჩვენ ღარიბები? იმიტომ ხომ არა, რომ ყველა მთავრობა იპარავს?! ან როგორ შეიძლება, სოფლის მეურნეობა, წარმოება მკვდარი იყოს… აბა, რა არის ცოცხალი?! საერთოდ ვინმეს აინტერესებს, რით არსებობს ეს ქვეყანა, რით გააქვს სახელმწიფოს თავი?!

_ დავუბრუნდეთ თქვენს საკითხს, აქამდე ვერც ერთ ინსტანციაში ვერაფერს მიაღწიეთ, რას აპირებთ მომავალში?

_ საკითხი ასე დგას: ან ინტერესდება სახელმწიფო ამ პრობლემით, რომლის მსგავსი პრობლემაც უამრავ ადამიანს აქვს, ან ის რჩება გადაუჭრელი, როგორც დღესაა. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ გეტყვით, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა შესაბამის სტრუქტურას: თუ მათთვის ქვეყანა და მოქალაქე, წესრიგი და სამართალი, ზნეობა და მორალი სულერთი არ არის, მომაქციონ ყურადღება. თუ არა და რა სამართალგამრუდებულ სახელმწიფოშიც დღეს ვცხოვრობთ, ეს შეგვრჩება ბოლომდე და მერწმუნეთ, ასეთ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here