Home რუბრიკები საზოგადოება მალხაზ გველუკაშვილი: მოვითხოვ, დამაბრუნოთ ციხეში!

მალხაზ გველუკაშვილი: მოვითხოვ, დამაბრუნოთ ციხეში!

მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც რამდენიმე წელი უკანონოდ იჯდა ციხეში, წელიწადზე მეტია, გათავისუფლდა, თუმცა გარეთ გამოსულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუსაძლისად ეჩვენება. თუ რატომ არის უკმაყოფილო დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებით, ამაზე თვითონ გვესაუბრება.

 

_ ბოლოს და ბოლოს, სამართალი უნდა აღდგეს. თუ დაუსჯელობის სინდრომი იმეფებს ქვეყანაში, ეს და მომდევნო ხელისუფლებები უარესს ჩაიდენენ.

ქვეყანაში ყველაზე მწვავედ მაინც სოციალური პრობლემა დგას, ამიტომ, პოლიტპატიმრების პრობლემას რომ მიება რეპრესირებულთა პროტესტიც, კარგია. იქნებ, ადრე თუ გვიან, ყურები გამოიბერტყოს ამ მთავრობამ. ბანკების მიერ გაძარცვულია 70 ათასი იპოთეკარი, გაძარცვულია ბიზნესმენები, რომლებსაც ქონებას არც არავინ უბრუნებს და არც არავინ  ფიქრობს დაბრუნებას. რა ჰქვია ამ ყველაფერს, თუ არა ფეხებზე დაკიდება?!

_ რატომ არ ზრუნავს ხელისუფლება ამ ხალხზე?

_ არ სურთ თავის ატკიება. ძალიან მარტივად დგას საკითხი: როდესაც რომელიმე ბიზნესმენს აქვს მონოპოლია, ცხადია, თავის სფეროში ფეხს არავის მოაკიდებინებს. როდესაც დღევანდელი ენერგეტიკის მინისტრი _ ბატონი კალაძე არის ჰესების მფლობელი, შეეცდება, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის საფასური გააიაფოს?

როგორც ვიცი, კალაძე 7 ჰესის მფლობელია და, რა თქმა უნდა, არ გააიაფებს ელექტროენერგიას და შემოსავალს არ შეიმცირებს. თანაც, საქართველოში გაცილებით მაღალია ელექტროენერგიის საფასური, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში და ცხადია, ტარიფი ხელოვნურადაა გაზრდილი. არადა, კოალიციის ერთერთი დაპირება სწორედ ელექტროენერგიის გადასახადის გაიაფება იყო

მართალია, სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურება ძალიან აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ძალიან მალე, 1-2 თვეში, ქვეყანაში სოციალურ საკითხებზე დაიწყება პროტესტი, რადგან ხალხს ძალიან შია. დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაშია ქართველი ხალხი, ვიდრე იყო. არ მაინტერესებს, «ქართული ოცნება» ციფრებით და სტატისტიკით რას ამტკიცებს, რადგან, სტატისტიკას რომ აყალბებენ, დიდი ხანია, ვიცით. ყველაზე ზუსტი სტატისტიკაა, როდესაც ქუჩაში გადიხარ. გავიდნენ და ნახონ, რა დღეშია ხალხი, გამათხოვრებულია. მეტროპოლიტენის სადგურებში უამრავი ადამიანი დადის გამჭვირვალე ყუთებით ხელში და მძიმე ავადმყოფი ბავშვისთვის მოწყალებას ითხოვს.

ნუთუ ქვეყანაში არ უნდა იყოს უფასო სამედიცინო მომსახურება თუნდაც მხოლოდ ბავშვებისთვის? ბავშვები ხომ ჩვენი ქვეყნის მომავალია? ეს ნიშნავს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის მომავალზე არ ზრუნავს.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ციხეში კვლავაც ზის უამრავი უკანონო პატიმარი. ზოგს 2 წელი ეკუთვნის და 24 წელი აქვს მისჯილი, ზოგის საქმე გამოუძიებელია და ისე იხდის სასჯელს. ან ეს სოზარ სუბარი რას აკეთებს, თუმცა რისი გამკეთებელია?! ან მაგას ვინ რას ეკითხება?

ვინც დასაჭერია, სააკაშვილის თამადობით, თავისუფლად დაპარპაშებენ, უდანაშაულო ხალხს კი სული ამოჰხადეს ციხეში ყოფნისას ვიცოდი, რაც მოხდებოდა. ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლა არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ იძლეოდა ასე უაზროდ წინასაარჩევნო დაპირებებს, რადგან შეთანხმებულნი იყვნენ «ნაცებთან», რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის სახით 30-პროცენტიანი კვოტით მოვიდოდნენ. მოლაპარაკებული იყვნენ, ახალი პოლიტიკური ძალა «გაპრავებულიყო» და პრემიერმინისტრად დარჩენილიყო მიხეილ სააკაშვილი.

ივანიშვილის გუნდი არ ელოდა, რომ ციხის ამბავი  გისოსებს გარეთ გამოვიდოდა და არც ის უარყოს ვინმემ, რომ ლადო ბედუკაძეს ამ ფირებში არაფერი გადაუხადეს.

 მოკლედ, «ქართული ოცნება» პარლამენტში შევიდოდა 30 პროცენტით და შემდეგ იტყოდნენ, რა ვქნათ, არ ვართ უმრავლესობა და ამიტომაც ვერ ვასრულებთ დანაპირებსო. ციხის კადრების გამომზეურების შემდეგ კი ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადი პროცესი და არჩევნებში ავტომატურად გაიმარჯვა «ოცნებამ».

 დაიბნენ და აღარ იციან, რა გააკეთონ. ვერც ერთ დანაპირებს ვერ ასრულებენ და ვერც შეასრულებენ, რადგან არ იციან საქმის კეთება და ეს არც ჰქონდათ გეგმაში, ამიტომაც მიმართეს კოაბიტაციას. არადა, წესით, 2013 წლის 5 იანვარს უნდა შეეჩერებინათ სააკაშვილისთვის პრეზიდენტობა, რადგან ამ დღეს ამოეწურა ვადა, მაგრამ ოქტომბრამდე გაუხანგრძლივეს.

ან ივანიშვილი რომელ დემოკრატიაზე მელაპარაკება? ერთი კაცი მაინც თუ არის დღევანდელ უმრავლესობაში ხალხს მიერ არჩეული? მთელმა საქართველომ ივანიშვილის ხათრით მისცა «ქართულ ოცნებას» ხმა. თვითონ ივანიშვილი კი შეძვრა თავის მინის სასახლეში და სამოქალაქო სექტორის დაარსება მომინდომა. მაგან რა სექტორი უნდა გახსნას, რა ენაზე მეტყველებს? «ჩაგეკითხები», «მიგჯირყვნი»… რა არის ეს?

ჟურალისტებიც დამნაშავენი არიან, თავს რომ «აჯირყვნინებენ» და შემდეგ თავიანთ გადაცემებში ივანიშვილის ლექსიკონით საუბრობენ, ყველას პირზე აკერია სიტყვა «ჩაგეკითხები». ერთი კაცი არ შეხვდა ისეთი, რომელიც მოაკეტინებდა. კითხვის შებრუნების ეშინიათ.

ივანიშვილის როგორ უნდა ეშინოდეთ, მაგის შეშინებულები, დიდი ხანია, ჩავლილები არიან. ან ივანიშვილს ვიღაც ფრანგი ოკულტისტი ქალი რომ უზის, ხომ არ ჰქონია, რომ ამის შესახებ არაფერი ვიცით?

 მიატოვა ყველაფერი და წავიდა. გაცემულ დაპირებებს შესრულება რომ უნდა, ფეხებზე ჰკიდია. კი, იძახის, რომ საწარმოებიც გავხსენი და იმაზე მეტიც გავაკეთე, რასაც დაგპირდითო, მაგრამ ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ყოველდღე იხურება მაღაზიები, საწარმოები, უმუშევართა რაოდენობა კი იზრდება. იმიტომ იხურება, რომ ქვეყანაში ფული აღარ ტრიალებს და ფასებიც გაორმაგდა, ვეღარაფერს ყიდულობენ.

საქართველოს არაფერი ეშველება, ვიდრე ხალხი არ მიხვდება: ხელისუფლება იმიტომ კი არ უნდა აირჩიოს, რომ კიდევ ერთი მილიარდერი გაზარდოს, არამედ ხელისუფლებამ ხალხს სოციალური მდგომარეობა უნდა გაუუმჯობესოს და ქვეყანა წინ წაიყვანოს. ჩვენთან კი ასე ხდება: ყოველი ახალი ხელისუფლების არჩევისთანავე ახალი მილიონერები ჩნდებიან. და კიდევ _ ვიდრე არ მოვიშლით კერპთაყვანისმცემლობას, იმ მდგომარეობაში ვიქნებით, როგორშიც ახლა ვართ. უკვე გაზაფხულია, აი ნახავთ, ძალიან მალე რამდენი ხალხი გამოვა ქუჩაში. მშიერი ხალხი, რომლის გაჩერებაც შეუძლებელი იქნება. ან ხალხს რატომ ეგონა, რომ ივანიშვილი ოცნების კოშკებს აუშენებდა? ვინ მოიყვანა ხელისუფლებაში სააკაშვილი თავისი გუნდით? ვინ აფინანსებდა მათ? რესპუბლიკელები ვინ შემოგვტენა? რატომ გატენა პარლამენტი ერთპროცენტიანი პარტიებით, გინდათ, რესპუბლიკელებით, გინდათ _ სამტრედიელი ძიძიგურებით?

რომ გაიძახის, საქართველოზე ფულს ვხარჯავდიო, რაში ხარჯავდა? მსახიობებს რომ აფინანსებდა? მსახიობი არ არის ქვეყანა, არც პოლიციაა ქვეყანა და არც «ნაციონალები». აი, ამაში ხარჯავდა თურმე ფულს. ეკლესია რომ ააშენა? _ კი, ბატონო, მაგრამ არც ეკლესიაა ქვეყანა. ქრისტემ თქვა, ეკლესიას ერთ დღეში დავანგრევ და სამ დღეში ახალს ავაშენებ, ღვთის სულის ტაძარი ადამიანიაო. ეს ყველას დაავიწყდა, სამწუხაროდ.

ძალიან მალე სოციალური პრობლემებით გულშეწუხებული და მშიერი ხალხი «ნაცებსაც» და «ოცნებასაც» საიქიოსკენ გაუყენებს გზას, რადგან მათ შორის განსხვავება არ არის. თანაც ეს ძალიან მძიმე ფორმით მოხდება, რადგან ხალხი გამწარებულია და გამწარებულ ხალხს წინ ვერაფერი დაუდგება.

ეს კარგად იცის «ოცნებამ» და ამიტომაც გადააქვთ ჩვენი ყურადღება სხვა საკითხებზე, ავღანეთსა და უკრაინას უნდა დავეხმაროთო. მორჩნენ რაა… ქართველი ბიჭები ავღანეთში ლუკმაპურის საშოვნლად მიდიან და, როგორც კი რამე მოხდება საქართველოში, ამერიკა ერთ გემ ბოთლის წყალს გვიგზავნის, ევროპა კი აღშფოთდება ხოლმე. ან უკრაინას რატომ უნდა დავეხმარო, როდესაც ქვეყანაში ამდენი მშიერი მყავს, სად მცხელა უკრაინისთვის?

ამ ხელისუფლებას ურჩევნია, ახალქალაქით და ახალციხით დაინტერესდეს. სომხებს ისევ აქვთ პრეტენზიები, აღარ სურთ სკოლებში ქართული ენის სწავლა და იგივე სიტუაციაა, როგორიც ადრე იყო. შე დალოცვილო, ხომ ხედავ, რომ ქვეყანა ყარს, სახლი, რომელიც ასე მოგწონს, ნაგავში დგას და სუნი მაინც არ გაწუხებს? შე დალოცვილო, ამდენი მილიონი გაქვს და ელექტროენერგია მაინც გააიაფე, ხალხმა რომ ამოისუნთქოს. მაგრამ სად აქვს ამის შეგნება? შეგნება რომ ჰქონოდა, პატრიარქზე ასეთ რამეს იტყოდა? მაგრამ  ამათ ხელს არ აძლევთ ქვეყანაში ორი ავტორიტეტი. ვიდრე პატრიარქს თავს არ ესხმოდნენ, «ოცნების» მიმართ ხალხის განწყობა უკეთესი იყო. უნდათ თუ არა, პატრიარქი საქართველოში პირველი ავტორიტეტია და ივანიშვილმა მისი აუგად მოხსენიებით საკუთარ თავს ავნო. ეს იმის ბრალია, რომ  თავი კერპად წარმოიდგინეს და ამიტომაც ვეღარ აიტანეს პატრიარქი.

ყველაზე საშიში, საშუალო ნიჭის მქონე პრეტენზიული ადამიანია, პრეტენზია პირველობაზე რომ აქვს და ნიჭი რომ ვერ უქაჩავს. ასეთები, ძირითადად, პოლიტიკაში მიდიან ან ბიზნესმენები ხდებიან, თორემ, გენიოსს რომ უთხრა, პოლიტიკაში წადიო, დაგცინებს. ეს ხელისუფლება არც განათლებაზე ზრუნავს. არ მინდა, ჩემმა შვილმა ისეთ უნივერსიტეტში ისწავლოს, რომელშიც პროფესორი თეა თუთბერიძეა, ხოლო რექტორი _ გიგი თევზაძე.

სააკაშვილის მიერ განადგურებულ ენის პალატაზე ამათაც არ შეიბერტყეს ყური, არც ამათ სჭირდებათ განათებული და კარგი ქართულის მცოდნე ერი. ამათთვისაც მთავარია, გეების აღლუმი და ლგბტ უფლებების დაცვა. საინტერესოა, ამ ხელისუფლებამ თუ იცის, რომ ავსტრალიაში, რომელიც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით მე-5 ადგილზეა, აკრძალულია ერთსქესიანთა ქორწინება. მთელი ევროპა კი ამ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოდის და ჩვენს ხელისუფლებას რა ღმერთი გაუწყრა, რომ რესპუბლიკელების ჭკუაზე დადის?

მაგრამ რესპუბლიკელებს და ლგბტ-ს დამცველებს მხოლოდ თავიანთი კუჭის დარდი აქვთ და ამიტომაც გაჰყვირიან ბევრს, ვერ ხედავთ, როგორ გასუქდნენ? მთელი საქართველო ფინანსთა მინისტრს დასცინის, _ ჭამე, ნოდარიო! ეს ხომ სირცხვილია?!

_ რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება, როდის მოგიწევდათ ციხის დატოვება?

_ ახლა, მარტის ბოლოს. ნეტა, ასე მომხდარიყო. როგორც კი გამოვიდოდი ციხიდან, ამერიკის საელჩის მოვადგებოდი და პოლიტიკურ თავშესაფარს მოვითხოვდი, რადან ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ შეიძლება. 2009 წლის აგვისტოში ამერიკულმა ორგანიზაციამ «ჰუმან რაითს ვოთჩმა» პოლიტპატიმრად მაღიარა და ამერიკაში წასვლა არც ახლაა ჩემთვის პრობლემა… ციხიდან გამოსულს უარესი საქართველო დამხვდა, ვიდრე დაპატიმებამდე იყო. გარეთ უარესი ხდება, ვიდრე ციხეში და მოვითხოვ, დამაბრუნოთ ციხეში! დიახ, დამაბრუნეთ ციხეში, იმას მაინც ვერ დავინახავ, თუ რა საშინელ დღეშია ხალხი გარეთ!                                     

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. გეტანხმებიტ ბატონო მალხაზ, მოგვატყუეს, გაგავცუცურაკეს და ჩვენც იდიოტებივიტ გავიძახიტ "ივანიშილმა გვიხსნა ნაცებისგანო"…ვაი ჩვენს პატრონს მარტლა, მეტის ღირსები ვყოპოლვარტ კარტველები. აი შეხედეტ რუსებს როგორი ერტსულოვნება და პრინციპულობა გამოიჩინეს?? ჩვენ კარტველები კი ???

  2. მალხაზ სიმართლისთვის გენაცვალე და ღმერთს ვთხოვ რომ ნაც-ოცნება მალე გადაგვაგდებინოს მოუსავლეთში, ჯანდაბაში, საიდანაც არ ბრუნდებიან!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: შალვა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here