Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკამ «ნაცისტების» ბუნდღისგან დაწნული თოკი «ოცნებას» ლაგამად ამოსდო

ამერიკამ «ნაცისტების» ბუნდღისგან დაწნული თოკი «ოცნებას» ლაგამად ამოსდო

სამართლიანობის აღდგენის პროცესზე, «ქართული ოცნების» შეუსრულებელ დაპირებებსა და იმ უკმაყოფილების მიზეზებზე, რომლებიც ხალხში ხელისუფლების მიმართ დღითიდღე იზრდება, «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება მსახიობი გურამ ფირცხალავა.

 

_ ბატონო გურამ, დაახლოებით სამი თვის წინათ, როცა «საქართველო და მსოფლიომ» ინტერვიუ ჩამოგართვათ, თქვით, რომ ახალი ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ჯერ კიდევ მოთმინებით ელოდებით. დღეს როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურად მოქმედებს მმართველი გუნდი?

_ ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წელი ისე გავიდა, მე კი არა, მთელი საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში იყო. ყველას კარგად გვესმოდა, რომ ის, რაც სააკაშვილმა 9 წლის მანძილზე დაანგრია და გააფუჭა, ერთბაშად ვერ დალაგდებოდა, მაგრამ დღეს უკვე მართლა უხერხულია მოლოდინზე საუბარი. ადრე ვამბობდი, ჩვენი პრემიერი, ღარიბაშვილს ვგულისხმობ, წელს ცხენს შეკაზმავს-მეთქი და რაღაცნაირად იმედიანად ვიყავი. შეკაზმა კიდევაც, შეაგელვა ევროპაში და იქ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ამის შემდეგ მან შეკაზმა მერანი, გადაუფრინა ოკეანეს და ამერიკაში ჩავიდა. თითქოს იქაც ყველაფერი კარგად ჩატარდა, მაგრამ იმ შეხვედრაზე ითქვა ასეთი რამ: უნდა ითანამშრომლოთ წინა ხელისუფლებასთანო. აი, ეს იყო ჩემთვის ერთგვარი ცივი შხაპი, რომელმაც იმედები გამიცრუა. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო ამერიკელებისთვის «ნაცმოძრაობა» და ამ დონეზე თუ იქნებოდა მითითება. როგორც ჩანს, მათ ძალიან ეძვირფასებათ ეს ფაშისტები და ვერ თმობენ.

_ რას ნიშნავდა ობამას მოწოდება «ოპოზიციასთან» თანამშრომლობის თაობაზე, როგორ ფიქრობთ?

_ ეს არაა იმ ტიპის განცხადება, რომელსაც ანალიზი სჭირდება, ეს არის პირდაპირი მითითება, გნებავთ, მოწოდება ან რჩევა დაარქვით, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინამორბედთან უნდა ითანამშრომლოს, მიუხედავად მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა. ამით, ფაქტობრივად, «ნაცისტების» ბუნდღისგან დაწნული თოკი ლაგამად ამოსდო ამერიკამ კოალიციას. ასე რომ, აქ ყველაფერი ნათელია. რეალურად ეს ის კონტექსტია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით გამოიყენეს ტიმოშენკოს გამო, _ კი მან მოიპარა ფული, მაგრამ უნდა გამოუშვათო…

_ თქვენი აზრით, ეს ლაგამი ამუხრუჭებს ხელისუფლებას?

_ კოალიცია ჭრელია, იქ არიან ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც, ამუხრუჭებს კი არა, მართავს ეს ლაგამი, და არიან ძალები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, ყველა უნდა შეთანხმდეს ერთ რამეში: კაცი, რომელმაც პირდაპირ ორი გვამი მოითხოვა და დანაშაული სახეზეა, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.

_ ვანო მერაბიშვილს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ ეს განაჩენი?

_ ვანო მერაბიშვილი რომ მკვლელია და უამრავი ადამიანის ცოდვა აწევს კისერზე, მთელმა საზოგადოებამ იცის, ამიტომ, ვფიქრობ, სასამართლოს მთლიანობაში უნდა ემოქმედა ისე, რომ შეკითხვები ნაკლებად გაჩენილიყო. მიუხედავად ამისა, ეს შეკითხვები დარჩა და დღეს, ფაქტობრივად, ნიჰილიზმით უყურებს ხალხი მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს. ეს უკვე ფართო საზოგადოებაშიც იგრძნობა. სადაც უნდა მიხვიდეთ, ორი-სამი კაცი რომ შეიკრიბება, ყველგან ამბობენ, რა იმედგაცრუებული და გულგატეხილია მოსახლეობა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს უშუალოდ დაზარალებულ მოქალაქეებსაც. რა ვუყოთ იმ შვილმკვდარ დედებს, მამებს, ძმებსამაზე პროკურატურა რომ ხმას არ იღებს, რა ჰქვია ამას?! მაინცდამაინც შურისძიებაზე უნდა გადავიდნენ ის გაუბედურებული ადამიანები?!

_ არსებობს იმის საფრთხე, რომ მართლმსაჯულების მოქმედებით თუ უმოქმედობით უკმაყოფილო ადამიანებმა თვითონ დაიწყო სამართლის აღსრულება?

_ საფრთხე კი არ არსებობს, მიკვირს, რომ ეს აქამდე არ ხდება. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება მართლა ძალიან კანონმორჩილია, თუმცა ზედმეტი არც ეს ვარგა. ამას, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვამბობ. ხუმრობა იქით იყოს და, თუ დამნაშავეები სათითაოდ არ დაისჯებიან, ეს ნაცისტები იმდენს იზამენ, რომ ისევ მოჯდებიან სათავეში. უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმაც, ხომ ხედავთ, როგორ გაადიდგულა სააკაშვილი?!

_ რა აკავშირებს უკრაინის მოვლენებს სააკაშვილთან?

_ ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ ის ევრომაიდანი იმავე გარეძალების მიერ იყო პროვოცირებული, რომლებმაც 2003 წელს «ნაცმოძრაობა» მოიყვანა საქართველოს ხელისუფლებაში. ეს იგივე თამაშია. ვერ ხედავთ, როგორ გაჭრილი ვაშლივით ჰგავს პროცესები ერთმანეთს?!

_ გამოდის, რომ უკრაინაში ევროინტეგრაციის მომხრეების გამარჯვება ავტომატურად «ნაცმოძრაობის» წისქვილზე ასხამს წყალს?

_ ეს, როგორც ორჯერ ორი ოთხი, ისეა, თუკი უკრაინაში ნაციონალისტი ბენდერები საბოლოოდ გაიმარჯვებენ, ამით სააკაშვილს ზურგი მიეცემა. ლოგიკა ძალიან მარტივია, _ ერთსაც და მეორესაც ძალაუფლების საერთო გარანტორი ჰყავთ _ ამერიკის შეერთებული შტატები.

_ როგორ ფიქრობთ, არსებობს იმის საფრთხე, რომ საქართველოშიც მოუწყონ ხელისუფლებას «ევრომაიდანი»?

_ მსგავსი მცდელობა რომ «ნაცმოძრაობას» შეიძლება ჰქონდეს, ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, ესენი ყველაფერზე წავლენ, მაგრამ როგორ და რანაირად განახორციელებენ ამას, ესაა მთავარი. სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი და რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს გვამი გაცოცხლდეს, ვერ წარმომიდგენია, მაშინ რაღაც საშინელება უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ და «ნაციონალური მოძრაობა» ხალხს მხსნელად უნდა მოევლინოს. თუ ეს ვინმეს სჯერა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამის ალბათობა ნულია.

_ «ქართული ოცნების» რეიტინგი ეცემა, ეს არ არის შანსი «ნაციონალებისთვის»?

_ ეს შანსი იქნებოდა იმ შემთხვევაში, «ოცნების» რეიტინგის ვარდნის პარალელურად «ნაცისტების» რეიტინგი რომ იწევდეს, მაგრამ მსგავსი რამ არ ხდება და, ვფიქრობ, არც მოხდება. კიდევ ვიმეორებ, სააკაშვილი პოლიტიკური გვამია, ამიტომ მისი მობრუნება ხელისუფლების სათავეში ისევე შეუძლებელია, როგორც მიცვალებულის მობრუნება ამქვეყნისკენ. თავს დავდებ, რომ მათ ეს არ გამოუვათ.

_ რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალური მოსკოვის მისამართით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთეს. პირადად გიორგი მარგველაშვილმა დაგმო კრემლის მოქმედება და თქვა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი ნაბიჯები არ უნდა იდგმებოდეს. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს ყველაფერი ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე?

_ ისევ და ისევ იმ საკითხამდე მივდივართ, რომლითაც დავიწყე. მთავარი ის კი არაა, მარგველაშვილი ან ხელისუფლების რომელიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირი რა განცხადებას გააკეთებს, არამედ გადამწყვეტია, ოკეანის გაღმა რას იტყვიან, რას ინებებენ. ვერ ხედავთ, რა ხდება? ერთი მხრივ, გეუბნებიან, მოაგვარე ურთიერთობა რუსეთთანო და მეორე მხრივ, ნატოსკენ გვექაჩებიან. ახლა რანაირად მოვაგვარო ეს ურთიერთობა, როცა ყურით მიმათრევ აქეთ.

_ ანუ ამერიკელების ის მოწოდება, რომ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან, თქვენი აზრით, ცარიელი რიტორიკაა, რომელიც მხოლოდ გარემოხმარებისთვის კეთდება?

_ არამარტო გარემოხმარებისთვის, ეს არის ზოგადად დასავლური, კერძოდ, ამერიკული პოლიტიკის თავისებურება _ აკეთებენ ერთს და ფუთავენ სულ სხვა რამით. ასე რომ არ იყოს, აბა, მითხარით, რა ლოგიკაში ჯდება ის, რომ მეუბნები: გამონახე მეზობელთან საერთო ენაო და ამ დროს ლამისაა, მაპს გადამაყოლო. ეს მავთულხლართები რომ მოიწევს და მოიწევს, ვინმეს ადარდებს?! სულ ცალ ფეხზე ჰკიდია შენი შეშფოთება ვლადიმერ პუტინს.

_ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მოვლენების ფონზე, შესაძლოა, საქართველოს ევროინტეგრაცია დაჩქარდეს. რას მოგვცემს რეალურად ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ?

_ ძალიან დიდ ეჭვს მიჩენს ის ფაქტი, რომ პარაფირების შეთანხმების დოკუმენტი დღემდე არაა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. მანახონ ის დოკუმენტი, გამაცნონ და მერე შევაფასებ, რას გვაძლევს ეს ორგანიზაცია და გვჭირდება თუ არა.

_ თქვენი აზრით, რატომ არაა ხელმისაწვდომი ის სამასპუნქტიანი დოკუმენტი?

_ დარწმუნებული ვარ, მასში ხაზგასმით წერია ისეთი რაღაცები, რაც ქართულ საზოგადოებაში უკიდურესად მძაფრ აგრესიას გამოიწვევს. მაგალითად, გეიაღლუმების ჩატარების უფლებაზე, ერთსქესიან ქორწინებაზე და ა. შ. ამ დოკუმენტის შემქმნელებმა და ხელმომწერებმა ჩვენზე უკეთ იციან, რომ ხალხი ამას კატეგორიულად არ მიიღებს, ამიტომ «გამოსავალიც» ერთადერთია _ ის, უბრალოდ, უნდა დამალონ, გააქრონ და, რაც შეიძლება, მოარიდონ რიგითი ადამიანების ყურადღებას. ასე როდემდე იქნებიან, არ ვიცი, მაგრამ ერთი კი ფაქტია: საზოგადოება, ნებით თუ უნებლიეთ, მოტყუებულია, ხოლო როცა გვეუბნებიან, რომ ევროპული ოჯახი ჩვენი ისტორიული არჩევანია, ეს, როგორც მინიმუმ, ზერელე შეფასებაა.

_ საზოგადოებამ დღეს შეიძლება არ იცის, რა წერია იმ დოკუმენტში, მაგრამ ევროკავშირში თუ მიგვიღებენ, მაინც ხომ გავიგებთ, რა ცვლილებებს მოითხოვს ჩვენგან ეს ორგანიზაცია?

_ რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან ყველაფერს გავიგებთ, ბიბლიაში წერია: «არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდესო», მაგრამ მაშინ უკვე გვიანი იქნება. ვერ ხედავთ, რა ხდება იგივე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში? _ უკვე პირდაპირ  წვავენ ევროკავშირის დროშებს; ასე რომ, დრო არჩევანის გაკეთებამდე გვაქვს. არჩევანის გაკეთების შემდეგ ჩვენისთანა მცირერიცხოვან სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება.

_ ოპოზიციის ნაწილი, პირველ რიგში კი «ნაცმოძრაობის» წარმომადგენლები, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ, თუკი ხელისუფლება ხალხს დაპირებებს არ შეუსრულებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებისგან საპროტესტო გამოსვლებს მიიღებს. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ეს ყველაფერი?

_ «ნაციონალებისგან», ამ მიცვალებულთა პარტიისგან, სასაცილოა ასეთი განცხადება, მაგრამ, ობიექტურად რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოების უკმაყოფილება ყოველთვის გამოიხატება ქმედებებში. ეს კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას და ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქმე ხალხის ქუჩაში გამოსვლამდე არ მივიდეს, თორემ, «ოცნება» დაჯდება სათავეში თუ რომელიმე სხვა ძალა, რა მნიშვნელობა აქვს! საზოგადოება არავის მიმართ იქნება ლოიალური.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. რაზეც რუსეთი არ გვინდა ამერიკა იმაზე მეტს გვიკეთებს,მოსკოვი თურმე ჩვენ საქმეში ერეოდა და ავღანეთში გვიხიცავდა ჯარისკაცებს.
    ამერიკა თითს გვიქნევს და გვეუბნება მკვლელი იყოს მე ეგრე მინდა და არ უნდა დასაჯოთ დამნაშავეო,
    საჯიშე ბიჭებს ავღანეთში ,ერაყში და ეხლა გავიგე აფრიკაშიც უნდა ჩაგვიხოცონ და აქ კიდევ გეების პარადი გვატარებინონ.
    ეშმაკსაც წაუღია ეგეთი რუსეთიც და ამერიკაც!!!!!!!!

  2. მაგრა აკაკუნებთ რა. საერთოდ ვინ გინდათ ან რა გინდათ? თუ ხალხმა იცის ყველაფერი მთავრობა რა საჭიროა?

  3. ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წელი ისე გავიდა, მე კი არა, მთელი საზოგადოება მოლოდინის რეჟიმში იყო. ყველას კარგად გვესმოდა, რომ ის, რაც სააკაშვილმა 9 წლის მანძილზე დაანგრია და გააფუჭა, ერთბაშად ვერ დალაგდებოდა

    კითხეთ ამ ცალტვინა მსახიობს; -ვისი აშენებული დაანგრიეს, შევარდნაძის, გამსახურდიასი თუ იოსელიან -კიტოვანის?

  4. რამ გამოგასჰტერად ესე, სააკასჰვილმა რა დაანგრია, რა იყო დასანგრევი ტქვენ დოყლაპიებო ტქვენ, ესე როგორ არ უნდა გიყვარდეს საქარტველო, რომ ფულის გულობიზა ყველაფერი იკისრო, ან კიდევ ნაცმოზრაობას ამომრჰეველი არ ყავს, იმატ არ ტვლიტ ქარტველებად და ბედუკიდზესნაირებს ტვლიტ….

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლიკა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here