Home რუბრიკები პოლიტიკა შიმონ პერესი: არა მგონია, ბაშარ ასადმა შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება

შიმონ პერესი: არა მგონია, ბაშარ ასადმა შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება

697

ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, 5 თებერვალს, დსთ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს რედაქტორთა კლუბის წევრებთან შეხვედრის დროს, სირიის ლიდერის არცთუ სახარბიელო მომავალზე გაამახვილა ყურადღება.

რედაქტორთა კლუბის წევრები ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა იერუსალიმში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში მიიღო და მათი შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა:

„არა მგონია, ბაშარ ასადმა შეძლოს ამ ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლების სათავეში დარჩენა. ამ  ომში უკვე ბევრი ადამიანი დაიღუპა, ბევრი საავადმყოფოში მოხვდა. ომის შედეგად ორი მილიონი კაცი ლტოლვილად იქცა. იმისდა მიუხედავად, თუ ვინ ხარ და ვინ ვარ, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და ახლა  სირიაში სიტუაცია ნამდვილად მძიმეა.“

პრეზიდენტმა პერესმა აღნიშნა, რომ ისრაელმა გახსნა საავადმყოფო და სრულიად არაფორმალურად სირიელებს უფლებას აძლევენ, ჩამოვიდნენ და იმკურნალონ. ამ საქმეს ორგანიზებას უწევს ისრაელის თავდაცვის არმია, რომელსაც საზღვარზე გადმოჰყავს.

„ახლა სირიაში ომია და მთავრობა უკვე ვეღარ მართავს სახელმწიფოს, რომელიც ფაქტობრივად რამდენიმე ნაწილად დაიყო. ეს ტრაგედიაა. ჩვენ, რასაკვირველია, მოვუწოდებთ ყველას, ისევე ებრძოლონ ტერორიზმს, როგორც შიმშილს. ჩვენ არ გვაქვს სირიასთან რაიმე პრეტენზია, მაგრამ დღეს სირიაში ნამდვილად ისეთი ვითარებაა, რომ ხალხი იქ შიმშილობს, გვალვებია, რესურსების ნაკლებობაა და ქვეყანაში შიმშილი დაიწყო. ეს საშინელებაა. მიმაჩნია, რომ საჭიროა ყველა ძალისხმევის მიმართვა იქითკენ, რომ ომი დასრულდეს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პერესმა და დასძინა, რომ სამწუხაროდ, ფაქტობრივად, სირია, როგორც ასეთი, აღარ არსებობს.

შიმონ პერესის თქმით, „არსებობს 3-4  სრულებით დანაწევრებული სახელმწიფო, სრულებით დაქსაქსული რეგიონი. ბაშარ ასადი უწინდებურად სირიის ოფიციალური მმართველია, თუმცა, ფაქტობრივად, უკვე არსებობს შიიტური სახელმწიფო, სუნიტური სახელმწიფო, ქურთების სახელმწიფო, ლიბანში სულ უფრო ძლიერდება ჰეზბოლა და ეს ნაირგვარი დაჯგუფებები სახელწიფოს ნაწილ-ნაწილ ხლეჩენ.

ტერორი ხალხებს ხლეჩს. ახლა პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი არაბული სახელმწიფო, რომელიც ერთიანია. იემენში სამოქალაქო ომია, იგივე ხდება ლიბანსა და ერაყში. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ერთიანი და მთლიანია, ისტორიული თვალსაზრისით, ეს ეგვიპტეა.

ახლა ეგვიპტეში ხალხმა ფაქტობრივად დაამხო ძმები-მუსლიმანების მთავრობა, რადგან იმ სახის მმართველობის უკმაყოფილო იყო, რომელსაც თავზე ახვევდნენ და ახლა მღელვარებაა მთელ სინაის ნახევარკუნძულზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ძალიან რთულია და უპირველესად, საჭიროა მომავალი კონფლიქტების თავიდან აცილება,“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს მეთაურმა.

შიმონ პერესის თქმით, საჭიროა, რომ ხალხმა სიღარიბე დაძლიოს, ამას კი ტექნოლოგიები სჭირდება. „ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც გარს გვარტყია, არ არის საკმარისად ნაყოფიერი მიწები, წყალი, ამიტომ მხოლოდ ტექნოლოგიებს შეუძლია მათი ხსნა,“ – ისრაელის პრეზიდენტი გამოსავალსაც სთავაზობს მეზობელ სახელმწიფოებს  და დახმარებასაც: „გვინდა გავუზიაროთ მათ ჩვენი ტექნოლოგიები, ცოდნა, მეცნიერება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვაქციოთ ერთი წვეთი წყალი 5 წვეთად. ჩვენ ვიცით, როგორ დავამუშაოთ უდაბნო, ხრიოკი მიწა ისე, რომ მასზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოვიწიოთ. და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია და ნამდვილად ვცდილობთ მეზობლებს დავეხმაროთ ჩვენი ტექნოლოგიებით.“  

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here