Home რუბრიკები საზოგადოება გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი, რომელმაც სიცოცხლე ეროვნულ საქმეს მიუძღვნა

გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი, რომელმაც სიცოცხლე ეროვნულ საქმეს მიუძღვნა

1614

ბატონი შალვა კერესელიძის ძალისხმევით შეიქმნა პირველი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორი «რიონი», რომელიც საფუძვლად დაედო ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნის დაარსებასამ გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, კონსტრუქტორს, პედაგოგს, საზოგადო მოღვაწეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

 

სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისთვის განკუთვნილი მანქანების ფუძემდებელი, სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა გენერალური კონსტრუქტორი, ლენინური პრემიის ლაურეატი, სოციალისტური შრომის გმირი, მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული გამომგონებელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სასიქადულო მამულიშვილი შალვა კერესელიძე დაიბადა 1913 წლის 26 დეკემბერს ონის რაიონის სოფელ უწერაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1936 წელს და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება სოფლის მეურნეობის შრომატევად პროცესთა მექანიზაციის საქმეს მიუძღვნა.

1937 წელს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ანასეული) ასპირანტმა სწავლა განაგრძო მოსკოვში, საიდანაც პირველი დღეებიდანვე გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. 1943 წელს ფრონტზე დაჭრილი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის ასისტენტად. 1946 წელს, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ, ბატონი შალვა აირჩიეს კათედრის დოცენტად და მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. იგი დიდი შემართებით იწყებს სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას. მაღალი ინტელექტი, შრომისმოყვარეობა, მეცნიერული სიახლეებისკენ დაუოკებელი სწრაფვა, ცოდნის შეძენისა და სხვებისთვის ამ ცოდნის ოსტატურად გადაცემა იყო მისი საქმიანობის არსი. ძნელია, მოიძებნოს აგროინჟინერთა შორის ისეთი მრავალმხრივი მოღვაწე, რომლის პიროვნებაში ასე ჰარმონიულად ყოფილიყო შერწყმული თეორიული აზროვნებისა და სამეურნეო პრაქტიკის გარდაქმნისთვის მუდმივად მზადყოფნის უნარი.

1949 წელს თბილისში გაიხსნა სასოფლოსამეურნეო ტექნიკის სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მეცნიერი, დოცენტი შალვა კერესელიძე. მან გარშემო შემოიკრიბა ახალგაზრდა სპეციალისტები და მათ პირადი მაგალითით ჩაუნერგა სამშობლოსა და საქმისადმი დიდი სიყვარული. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ჩაის, სხვა სუბტროპიკული კულტურებისა და სამთო მიწათმოქმედებისადმი საჭირო მანქანათა სისტემების ძირითად მიმართულებებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთ მანქანებს იმ პერიოდის მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვებოდა. საქართველოში აქედან იღებს სათავეს სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, რომლის ფუძემდებელი შალვა კერესელიძე გახლდათ. 1954 წელს ცნობილი მოვლენების გამო (შეიცვალა რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობა), ბატონი შალვა კერესელიძე მის მიერვე ჩამოყალიბებულ საკონსტრუქტორო ბიუროს ჩამოაშორეს და იგი იძულებული შეიქნა, სამუშაოდ ქუთაისის ახალგახსნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (შემდგომ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ტრაქტორებისა და ავტომობილების კათედრის გამგედ გადასულიყო, ხოლო მოგვიანებით _ პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში. მან ჩაატარა ურთულესი სამეცნიერო და კვლევითი სამუშაოები, რომელთაც მოჰყვა 1962 წელს ჩაის საკრეფი მანქანა «საქართველოს» სერიული გამოშვება.

ბატონ შალვას ძალისხმევით შეიქმნა პირველი მცირეგაბარიტიანი ტრაქტორი «რიონირომელიც საფუძვლად დაედო ქუთაისის მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების ქარხნის დაარსებას.

შალვა კერესელიძეს დიდი წვლილი მიუძღვის 1959 წელს ინსტიტუტის ქუთაისიდან სოხუმში გადატანაში.

1961 წელს ბატონმა შალვა კერესელიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მალე კი პროფესორის წოდებაც მიენიჭა. ამავე წელს ბატონი შალვა გახდა საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.

1962 წლიდან შალვა კერესელიძე კ. ამირეჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და ინსტიტუტთან არსებული ჩაის მოვლა-მოყვანისა და კრეფის მანქანათა საპრობლემო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო ლაბორატორიის ხელმძღვანელი იყო. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი წვლილი თბილისის სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხნის დაარსებასა და მშენებლობაში, სადაც საფუძველი ჩაეყარა ჩაის მოვლა-მოყვანისა და საკრეფი მანქანების სერიულ გამოშვებას.

1967 წელს ჩაის საკრეფი მანქანა «საქართველოს» დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვისთვის პროფ. შალვა კერესელიძეს და კონსტრუქტორთა ჯგუფს მიენიჭა ლენინური პრემია. ამავე პერიოდში იგი აირჩიეს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1971 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. იმავე პერიოდში მისი თაოსნობით წარმატებით დაგვირგვინდა ჩაის მანქანათა საპრობლემო ლაბორატორიისა და სახელმწიფო სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ბაზაზე მსოფლიო პრაქტიკაში პირველი სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნა, სადაც, ძველ კადრებთან ერთად, თავი მოუყარა დიდი შემოქმედებითი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს, კონსტრუქტორებსა და ტექნოლოგებს. ამ ინსტიტუტის შექმნა საქართველოში ეროვნულ საქმედ აღიარეს.

1972 წელს შალვა კერესელიძე დაინიშნა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მანქანათა გენერალურ კონსტრუქტორად. 1974 წელს ქვეყნისა და საქმის საზიანოდ შალვა კერესელიძე ჩამოაშორეს მის მიერვე შექმნილ ინსტიტუტს, რაც რესპუბლიკის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის დიდი შეცდომა იყო. მიუხედავად დიდი გულისტკივილისა, შალვა კერესელიძე სამუშაოდ გადავიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის გამგედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე განაგრძობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

1994 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. დიდია ბატონი შალვა კერესელიძის დამსახურება საქართველოს სატრაქტორო და სასოფლოსამეურნეო მანქანათმშენებლობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში. განსაკუთრებით გამოკვეთილია მისი ღვაწლი ჩაის მოვლამოყვანისა და საკრეფი მანქანების კომპლექსის დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვის საქმეში. ეს კომპლექსი 36 დასახელების სპეციალიზებულ ტექნიკურ საშუალებებს ითვლიდა. აბსოლიტური უმრავლესობა მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდა სერიულად და გამოიყენებოდა ჩაის მეურნეობებში.

ზემოაღნიშნულმა მანქანებმა მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს და თავის დროზე ფრიად პრესტიჟული გახადეს მეჩაიეთა მძიმე შრომა. ბუნებრივია, რომ მადლიერმა საზოგადოებამ ძეგლიც კი დაუდგა ჩაის ფოთლის საკრეფ მანქანებს «საქართველოს» და «ჩ-900»-ს ლაითურისა და წალენჯიხის ჩაის მეურნეობებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბატონი შალვას უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი, საზოგადოებრივი ინტერესების უზენაესობა, პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და შრომისმოყვარეობა.

 შალვა კერესელიძე იყო მრავალი სამეცნიეროსადისერტაციო და სამეცნიეროტექნიკური საბჭოს წევრი. იგი ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, მონოგრაფიების, დამხმარემეთოდური და ძირითადი სახელმძღვანელოებისა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციის საკითხებზე. ბატონ შალვას მიღებული ჰქონდა 80-ზე მეტი საავტორო მოწმობა გამოგონებაზე ტრაქტორების, სოფლის მეურნეობის, მანქანათმშენებლობის, სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციისა და ტექნოლოგიების დარგში, რომელთა უმეტესი ნაწილი დაინერგა წარმოებაში და დიდი მოგება მოუტანა ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობას.

შალვა კერესელიძე სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო მუშაობასთან ერთად განუწყვეტლივ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მან საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და განსაკუთრებით საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ახალ საინჟინრო დისციპლინას _ «სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების მექანიზაციას». მას მომზადებული ჰყავს 70-ზე მეტი დოქტორანტი, ასპირანტი და მაძიებელი, რომლებმაც წარმატებით დაიცვეს დისერტაციები. მათ შორის ბევრია აკადემიკოსი, პროფესორი, დოცენტი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის რექტორი.

დღეს ჩვენ გავიხსენეთ ყოველმხრივ ღირსეული ადამიანი. იმედი გვაქვს, რომ შალვა კერესელიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია დაეხმარება მრავალ ჩვენგანს, გასცეს პასუხი კითხვას _ როგორ უნდა იცხოვროს კაცმა, რომ მრავალი წლის შემდეგაც არ მიეცეს დავიწყებას მისი სახელი. ბატონი შალვა იყო მაგალითი, თუ როგორ უნდა ეშრომა და ეღვაწა ქართველ ადამიანს. ასეთი ადამიანის ხსოვნა კი დიდხანს დარჩება მისი ახლობლების, მოწაფეებისა და კოლეგების მეხსიერებაში.

თამაზ ცანავა,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,

საქართველოს საინჟინრო მეცნიერების აკადემიის აკადემიკოსი;

რანი ჭაბუკიანი,

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

მეცნიერების

დამსახურებული მოღვაწე,

აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here