Home რუბრიკები საზოგადოება რამაზ გერლიანი: საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აღარ დაიკლებს

რამაზ გერლიანი: საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები აღარ დაიკლებს

569

ეკონომიკის ვარდნაზე თავიდან ძალიან ბევრმა ექსპერტმა დაიწყო საუბარი, მაგრამ შემდეგ დროდადრო ყველამ გაჩუმება არჩია. რამდენიმე დღის წინ, როგორც ჩანს, «ჭირმა თავი არ დამალა» და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ინფლაცია იზრდება, თუმცა, როგორც მთავრობებს საქართველოში სჩვევიათ, მისი ფრაზები ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გაურკვეველი იყო. «საქართველო და მსოფლიო» ქადაგიძის ფრაზების ხალხისთვის გასაგებ ენაზე «გადმოსათარგმნად» და 2014 წლის ეკონომიკური ვითარების პროგნოზირებისთვის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს რამაზ გერლიანს დაუკავშირდა.

 

_ პარლამენტმა 2013 წლის 11 დეკემბერს მიიღო დადგენილება, რომელშიც საუბარია, რომ 2014-2016 წლებში ინფლაცია 6-5 პროცენტს შორის უნდა მერყეობდეს, ანუ ეროვნულმა ბანკმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლიურად 6-5 პროცენტი იყოს. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა დღემდე არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან რეფინანსირების სესხებით არ შეიძლება დავარეგულიროთ მონეტარული პრობლემა. სესხების რეფინანსირების გარდა, არსებობს სხვა პოლიტიკაც: სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდები, სავალუტო ინტერვენციები და ა. შ. ამის გაგება მკითხველისთვის ცოტა ძნელია.

თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ, თუ ეროვნული ვალუტა ინფლაციისკენ წავა, ეროვნული ბანკი მზად არ არის, პროცესი შეაჩეროს, ის ვერ მოახერხებს დარეგულირებას. მან შარშან დეფლაციის კონტროლიც კი ვერ შეძლო. ისიც შესაძლოა, რომ პროცესები ხელოვნურად იყოს გამოწვეული.

_ რას ნიშნავს «პროცესები ხელოვნურად იყოს გამოწვეული»?

_ ეროვნული ბანკი ბოლომდე არ იყენებდა ბერკეტებს, რომლებითაც შეძლებდა დეფლაციური პროცესის დარეგულირებას.

_ შესაძლებელია, რომ საბოტაჟი იყოს?

_ კი, ამ აზრსაც აქვს არსებობის უფლება. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის მეტი კოორდინაცია იყო საჭირო, რათა ეს პროცესები არ მისულიყო საშიშ ფორმულამდე. რამდენადაც ვიცი, მთავრობა ახლა მიხვდა ამას, მაგრამ ცოტა დაგვიანებულია. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეროვნულ ბანკს შეზღუდავს, რათა ასეთ პროცესებში უმნიშვნელო წვლილი შეიტანოს; კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება, სწორი და პრობლემის გადამჭრელი ზომები მიიღოს.

არ არის გამორიცხული, რომ 2014 წელი მძიმე აღმოჩნდეს, ინფლაციური ტალღა გამძაფრდეს და ამან ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემას წარმოადგენს ინფლაცია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სესხი დოლარში აქვთ და ხელფასი _ ლარში, ეს სინამდვილეს შეესაბამება და ამაშიც დამნაშავე ეროვნული ბანკია, რადგან, თავის დროზე სწორი პოლიტიკა რომ გაეტარებინა, ასე ნამდვილად არ მოხდებოდა. ეროვნული ბანკი გამუდმებით იმაზე საუბრობს, რომ მცოცავი კურსი გვაქვს და ეს ბაზარი ჩარევებისგან განთავისუფლებულიაო, მაგრამ ისინი მაინც ერევიან და საწინააღმდეგოს აკეთებენ.

_ ამ თემაზე ასე ხმამაღლა საუბარს ერიდებოდნენ, ნუთუ მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ აღიარეს?

_ ამ თემაზე ეკონომისტები ხშირად ვსაუბრობდით, ეროვნულ ბანკს ვაკრიტიკებდით, მაგრამ არავინ ისმენდა. დღეს კი, საბოლოოდ სანამ არ გაიჭედნენ, სანამ ეკონომიკური ვარდნა თვალნათლივ არ დაინახეს, არც მმართველი გუნდის წევრებმა და არც ექსპერტებმა ხმა არ ამოიღეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ერთგვარად დამამშვიდებლად ჟღერს და ეს ასეც უნდა იყოს, აბა, სხვა რა გზა აქვთ!

ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის ნდობა არ შეიძლება, ეკონომისტთა გარკვეულ ჯგუფებს ნდობა დაკარგული აქვთ, რადგან ისინი ბევრ მნიშვნელოვან პროცესს ვერ გაუმკლავდნენ და შესაბამისად, ვერც ინფლაციურ პროცესებს.

ხელისუფლებაში მყოფი ეკონომიკური გუნდი არ იყენებს იმ რესურსს, რომლის გამოყენებაც კომბინირებულად არის შესაძლებელი. საკითხავია ისიც, სურთ კი იმ პოლიტიკის გამოყენება, რომლითაც ეკონომიკას დაეხმარებიან?

ხელისუფლების ხელშია ღია ბაზრებზე ოპერაციების ჩატარება, ეროვნულ ბანკს იმასაც არ სთხოვენ, რომ დანარჩენ ბანკებს მოსთხოვოს რეზერვი და კრედიტები მასთან შეინახოს, რითაც გარკვეულ მანიპულირებას მოახდენს. ასევე, ეროვნულ ბანკს ერთდღიანი სესხებისა და დეპოზიტების ოპერაციების განხორციელებაც შეუძლია და არ იყენებს; შეუძლია სავალუტო აუქციონების გამოყენებაც, არსებობს გირაოს სახეობებიც და ეს მეთოდიც გამოუყენებელია.

ეროვნულ ბანკთან ერთად ეს გადაწყვეტილება შესაბამისმა საბჭომ უნდა მიიღოს, ისინი არასრულფასოვნად მუშაობენ.

_ როგორ ფიქრობთ, ქვეყანას სუსტი ეკონომიკური გუნდი ჰყავს?

_ ეკონომიკურ გუნდს ევალება, რომ კოორდინირებულად იმუშაოს ეროვნულ ბანკთან ერთად, მაგრამ, თუ ეს არ გამოსდით, მაშინ საქმეში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო უნდა ჩაერთოს და სწორედ მან უნდა დაავალდებულოს ეროვნული ბანკის მესვეურები, გაატარონ რეალური, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკა, მაგრამ, ალბათ, ძნელია, ვინმეს დაავალოს რაიმეს გაკეთება, როდესაც თავად სახელისუფლო გუნდს არ აქვს მოწესრიგებული ეს საკითხი და არ გააჩნია სამოქმედო გეგმა.

_ როგორი იქნება 2014 წელი?

_ საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები, რომლებიც თითქოს მხოლოდ საახალწლო ვაჭრობას უკავშირდება, ინფლაციის გამო აღარ დაიკლებს, რაც სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მოსახლეობას. ინფლაციისგან გამოწვეული ზარალის 46 პროცენტი მოდის სურსათზე, რასაც მოსახლეობა განსაკუთრებულად გრძნობს.

ეკონომიკური გუნდი თუ სწორ პოლიტიკას გაატარებს, მაშინ 2014 წელი ცუდი არ იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ, რამდენადაც ინფორმაციას ვფლობთ, სწორი პოლიტიკის გეგმა არც ეკონომიკურ გუნდს გააჩნია და არც მთავრობას.

_ . . ცუდი წელი გვექნება.

_ დიახ, 2014 წელი სახარბიელო და საიმედო ეკონომიკისთვის ნამდვილად არ იქნება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here