Home რუბრიკები პოლიტიკა ნატო თუ… ქვეყნის დაქუცმაცება?

ნატო თუ… ქვეყნის დაქუცმაცება?

832

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ქვეყანაში ახალი რეალობა დამყარდა, თუმცა ჯერაც ვერავინ იტყვის, რით უნდა აიხსნას ეს _ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით თუ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით. კიდევ ერთხელ მივიღეთ ნატოსგან ტრივიალური ფრაზა «აუცილებლად მიგიღებთ, ვერ გეტყვით, როდის». რა გამოწვევები დგას საქართველოს წინაშე და რამდენად მზად არის მთავრობა ამ გამოწვევებისთვის? «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა პარტია «ნეიტრალური საქართველოს» თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია.

 

_ ის იმედები, რომლებიც დაკავშირებული იყო «ქართული ოცნების» მოსვლასთან, პრაქტიკულად, გაცრუვდა. ის, რომ აშკარად გამოხატული ფაშისტური მიდრეკილებების რეჟიმი ჩაანაცვლა ხელისუფლებამ, რომელსაც არ აქვს ასეთი მიდრეკილებები, ძალიან კარგია; კარგია ისიც, რომ პოლიციელს ქუჩაში აღიქვამ არა როგორც დამთრგუნავ ძალას, არამედ როგორც წესრიგის დამცველს, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.

_ კონკრეტულად რომელ პრობლემებს გულისხმობთ?

_ საქართველოს წინაშე დგას ორი ძირითადი პრობლემა _ დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა. მოსახლეობის მესამედი საცოდავად ლუკმაპურის საძებნელადაა გაქცეული საზღვარგარეთ. «ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ეკონომიკა გაჯანსაღდებოდა, პირიქით ხდება: ლარის კურსი განაგრძობს ვარდნას. ჩვენ ხომ ვიცით, ეს რასაც ნიშნავს! ლარის კურსის ვარდნა მაშინვე იწვევს პროდუქციის გაძვირებას არა ვარდნის შესაბამისად, არამედ გაათმაგებულად. შეიძლება ხელოვნური ჩარევებით, გარკვეული ფინანსური ინექციებით გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაარეგულირონ და ლარი საწყის მდგომარეობას დაუბრუნონ, მაგრამ ფასები არავითარ შემთხვევაში აღარ დაბრუნდება საწყის მდგომარეობაში, რის შედეგადაც მოსახლეობა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება.

ეკონომიკის გაჯანსაღების რა გზა არსებობს? _ პროდუქციის წარმოებას პლუს გასაღების ბაზრის მოპოვება. «ოცნების» ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  რუსეთმა, მართალია, ქართულ პროდუქციას ბაზარი გაუხსნა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი გვაქვს გასატანი, მხოლოდ ღვინო, ბორჯომი, ცოტაოდენი ციტრუსი დამორჩა, რეალურად ჩვენ ხომ არაფერს ვაწარმოებთ. ის, რომ ჩვენი ღვინო შევა რუსულ ბაზარზე, შეიძლება რაღაც სიკეთის მომტანი იყოს, მაგრამ ქართული ეკონომიკური პრობლემების გადამწყვეტი ვერ იქნება. ეკონომიკის აღორძინება რთული და კომპლექსური საკითხია. ასეთი მიდგომა კი არ ჩანს. ივანიშვილი აცხადებდა, ას ქარხანას ავაშენებთოარ ვიცი, სად შენდება ქარხნები ისე, რომ ხალხი ამას ვერ ხედავს.

ბევრს დავდივარ ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთ რეგიონებში, მაგრამ ეს მშენებლობები არ ჩანს, რომელიმე ქარხნიდან ამომავალი კვამლი მე არ მინახავს და ის ფაქტი, რომ ქვეყანაში აღარ არის ფაშისტური რეჟიმი, ამ მდგომარეობის საპირწონე სულაც არაა.

_ გასაგებია, რომ «ქართული ოცნებაც» წინამორბედივით ბევრს იტყუება, მაგრამ რა ვქნათ?

_ საჭიროა მიდგომების შეცვლა. საშინაო და საგარეო ურთიერთობები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ერთ დიალექტიკურ მთლიანობას წარმოადგენს. არჩეული უნდა იქნას ერთმანეთის შემავსებელი და ერთმანეთის განმაპირობებელი რეალური საგარეო და საშინაო პოლიტიკური გზა და მიმართულება. ის გზა, ის კურსი, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო უკანასკნელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ადგა, დამანგრეველი აღმოჩნდა. წინასწარ ამის განჭვრეტა და დანახვა, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც საქართველო უკვე სამ ნაწილად დაშლილი და ეკონომიკურად გაპარტახებული ქვეყანაა, ამის დაუნახაობა ძნელია.

აკვიატებული იდეები ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე, საქართველოსთვის ყოვლად უპერსპექტივოა. დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თეორიული შანსიც კი აღარ არსებობს. ძალიან საინტერესო იყო მედვედევის ინტერვიუ, რომელიც მან «რუსთავი 2»-ის კორესპონდენტს მისცა. კითხვაზე _ შეგვიშლის თუ არა რუსეთი ხელს ნატოში გაწევრიანების საკითხში? _ მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი ხელს ვერ შეგიშლით, რადგან რუსეთი არ არის ამ ორგანიზაციის წევრი, მაგრამო… და, აი, ამ მაგრამის შემდეგ იწყება საინტერესო _ თვითონ ნატო შეგიშლით ხელს ამაშიო. ხოლო გაშიფვრა იმისა, თუ რა იგულისხმა რუსეთის პრემიერმინისტრმა, პოლიტიკაში ჩახედული ნებისმიერი ადამიანისთვის ოდნავი სირთულეც კი არ არის.

_ ეს საკითხი იქნებ მეტად გავუშიფროთ საზოგადოებას?

_ პატარა საქართველო არ ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, მაგრამ დასავლეთის დიდმა სახელმწიფოებმა და ნატომ შესანიშნავად იციან, რომ რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამიტომ ისინი, უპირველესად, სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, თავიანთ რიგებში ვერ მიგიღებენო. ნატოში ახალი წევრის მიღება ხდება კონსენსუსის წესით და რამდენიც უნდა მოინდომოს ამერიკამ, ევროპული ქვეყნები არ წავლენ ასეთ ღია კონფრონტაციაზე რუსეთთან. ვიცი, მკითხავთ: ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ხომ შევიდნენ ნატოში და მაშინ რატომ არ შეუშალა ხელი რუსეთმა და რატომ არ გაითვალსიწინა რუსეთის ინტერესები ნატომო? ელცინის რუსეთი სხვა რუსეთი იყო, რომელიც პირდაპირ ამერიკული დირექტივებითა და ამერიკული სცენარით იმართებოდა. პუტინის რუსეთი აბსოლუტურად სხვა რუსეთია. დღეს რუსეთი სხვა პოლიტიკური სიდიდე და სხვა პოლიტიკური მოთამაშეა. რუსეთი იბრუნებს ზესახელმწიფოს არამარტო სტატუსს, არამედ რეალურ მდგომარეობასაც, იბრუნებს გავლენის სფეროებსაც და ეს გამოჩნდა უკრაინის მაგალითზე. ამ ქვეყანაში როდესაც ერთმანეთს დაეჯახა რუსეთისა და ევროპის ინტერესები, უკრაინის ხელისუფლებაც და მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც მიხვდა, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის არჩევის შემთხვევაში უკრაინის ეკონომიკის კრახი გარდაუვალი იქნებოდა. აქვე უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ საბაჟო კავშირი და ევრაზიული კავშირი ხდება ძალიან რეალური. ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგეს რუსეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა. წარმოიდგინეთ, რა უკიდეგანო იქნება ეს ეკონომიკური სივრცე, როდესაც მას უკრაინაც შეუერთდება. არადა, ყველაფერი აქეთკენ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა ამას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ.

პრაგმატული მოსაზრებები ყოველთვის ჯაბნის ხოლმე პოლიტიკურ ოცნებებსა და ილუზიებს. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა. რა შეიძლება ჩვენთვის იყოს კატეგორიულად მიუღებელი? _ მხოლოდ ორი რამ: პირველი, რაც დაარღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და მეორე, რაც დაემუქრება ჩვენს პოლიტიკურ სუვერენიტეტს. აი, ამ ორი მომენტის გარდა ყველაფრის განხილვა და ყველაფერზე საუბარი შესაძლებელია. ჩვენ იმის შიშში კი არ უნდა ვიყოთ, რომ ვინმე მომავალში დაემუქრება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დასავლეთის მოიმედეობამ ჩვენი ქვეყანა უკვე დაანგრია არამარტო ტერიტორიულად, არამედ ეკონომიკურად, ზნეობრივად, სულიერადჩვენ თუ მიმართულება და ორიენტირები არ შევცვალეთ, ჩვენი ქვეყნის დაშლის უკვე დაწყებული პროცესი, შესაძლებელია, გაგრძელდეს და ბოლომდეც მივიდეს. აი, ასეთი კატასტროფის წინაშე დგას ჩვენი სამშობლო.

ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა იმის აღიარებისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთს სხვა გამოსავალი, პრაქტიკულად, არ დაუტოვა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ არის ძნელი იმ დასკვნამდე მისვლა, რომ დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც რუსეთს აიძულებს, გადახედოს ამ საკითხს. ასეთი ძალა მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ესაა რუსეთთთან საერთო ინტერესების გათვალისწინების გზა, რა გზაზეც გადის რუსეთის მხრიდან საქართველოს ინტერესების გათვალისწინება. ვიმეორებ: ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

_ ნატოში ვერ შევდივართან ნატო რატომ გვატყუებს, ან ხელისუფლებარას გვერჩიან?

_ რამდენიც უნდა ამტკიცონ ჩვენთან გამოგზავნილმა ამერიკელმა სოციოლოგებმა, რომ საქართველოს მოსახლეობის სამოცდაათი პროცენტი ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარსო, რეალობა მაინც ისაა, რომ ეპოქალურ ანაქრონიზმად ქცეულ ამ მიმართულებას მხარს მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები და ბეცი ადამიანები უჭერენ. დასავლეთმაც, ნატომაც და საქართველოს ხელისუფლებამაც იცის, რომ მათ ნატოში გაწევრიანებას არც მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს და რომ ეს ყბადაღებული დაპირებები _ მალე მიგიღებთ ალიანსშიო _ არის სიცრუე, მაგრამ დასავლეთი და ნატო იმიტომ გვატყუებენ, რომ სხვა მიმართულებით არ გავიხედოთ. იციან, რომ თავიანთ რიგებში ვერ მიგვიღებენ, მაგრამ აცხადებენ, ოდესმე მიგიღებთ, ჩვენი კარი თქვენთვის ღიააო. როდესაც ხარ სიცრუის ტყვეობაში, მაშინ ალტერნატიულ გზას არ ეძებ. არადა, ალტერნატიული გზა საძებნი აღარც არის, ეს რეალობა შექმნილია და უკვე კარსაა მომდგარი, საბაჟო კავშირი, ევრაზიული კავშირი და . . რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, ის იმიტომ გვატყუებს, რომ ჩვენი ხელისუფლება კი არ არის, ამერიკული ხელისუფლებაა, ამერიკელების მიერ თავსმოხვეული და ამერიკელების მიერ ხელდასმული ხელისუფლება.

_ ირკვევა, რომ ამერიკამაც მოახდინა ჩვენი ოკუპაცია?! ყველა მთავრობა ამერიკის «ხელდასმულია»…?

_ ამერიკელები, როდესაც რომელიმე ქვეყანაში შედიან, ტკბილი სიტყვით და არა დაბომბვით, ხუთი ძირითადი კომპონენტით მუშაობენ: მოჰყავთ თავიანთი ხელისუფლება, თავიანთი ოპოზიცია, თავიანთი მედია, თავიანთი არასამთავრობოები, თავიანთი სპეცსამსახურები. აი, ეს ხუთი კომპონენტი აბსოლუტურად გამართულად, კარგად აწყობილი საათივით მუშაობს. ყველაფერი ჰარმონიულად და შეთანხმებით ხდება. ივანიშვილის ნათქვამი, შუა უნდა გაიკრიფოსო, იმას ნიშნავდა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ორი პოლიტიკური ძალა, რომლებიც გაფორმდებიან, როგორც ხელისუფლება და როგორც ოპოზიცია, რომლებსაც შეიძლება ერთმანეთი სძულთ კიდეც, მაგრამ სინამდვილეში იმართებიან ერთი პოლიტიკური ცენტრიდან და საქართველოში, ქართული საქმის ნაცვლად, ამერიკულ საქმეს აკეთებენ.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ნურავის ნუ ექნება იმის იმედი,რომ სადმე ჩვენი ღვინო ვინმეს მოეწონება და ამით ჩვენი ეკონომიკა იხეირებს.ამას გწერთ საქართველოზე ავადმყოფურად შეყვარებული ადამიანი,რომელიც 10 წელია ამერიკაში ცხოვრობს.ჟურნელისტებს გთხოვთ ვინმეს მიაწვდინოთ ხმა,ვისაც ეს ეხება და იქნებ რამის გაკეთება მოახერხოთ.რამდენჯერმე ვიყიდე ქართული ღვინო და საჩუქრად მივართვი ჩემს ამერიკელ მეგობრებს.სუსტად კი შემომკადრეს არ მოგვეწონაო,მაგრამ დაჯერება გამიჭირდა ,სანამ მე თვითონაც არ გავსინჯე.გასინჯვით კი გასინჯე წინანდალი.სახელი ისეთი აქვს,რომ წარმოუდგენელია ცუდი იყოს.საქართველოში კახური ღვინო და ყურძენი მოგეხსებათ ყველა მხრისას სჯობს.საერთოდ არ ჰქონდა ღვინის გემო და ცალკე ფული გადავყარე,ცალკე სირცხვილი ვჭამე.ჩემი ინიციატივით ეს უვარგისი სითხე გადავღვარეთ.მანამ კი ბევრი ვილაპარაკე ქართული ღვინის ისტორიასა და სიკარგეზე.არცერთი ადამიანი,რომელიც ართხელ გაბრიყვდა და ჩვენი ღვინო იყიდა,მეორედ იგივე შეცდომას აღარ დაუშვებს.ეს კი ჩვენს ეკონომიას რომ არ წაადგება ამას თქვენც ადვილად მიხვდებით,

  2. ბატონო ვალერი, ნატოში შესვლის პერსპექტივები არ გვაქვს და ნეიტრალურობის შანსი გვაქვს? თქვენი პარტიის სახელწოდებაც ხომ არ მოძველდა?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here