Home რუბრიკები პოლიტიკა მამუკა არეშიძე: პარაფირებამ მუსლიმანი მესხების ჩამოსახლების საკითხი გაააქტიურა

მამუკა არეშიძე: პარაფირებამ მუსლიმანი მესხების ჩამოსახლების საკითხი გაააქტიურა

654

«ქართულმა ოცნებამ» ხელისუფლებაში ყოფნის სრული ერთი წელი მიითვალა. ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რამ მოხდა: ჩატარდა საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნები, წავიდა ივანიშვილი და დაგვიტოვა ახალი პრემიერი, გარღვევა მოხდა რუსეთთან ურთიერთობაში, ხელი მოვაწერეთ ევროპასთან ხელშეკრულების ასოცირების პარაფირებას, ხალხს მაინც აქვს შეგრძნება, რომ ქვეყანას მთავრობა არ ჰყავს, რადგან არ აღდგა სამართლიანობა, უფრო მეტიც, არც აპირებენ ამის გაკეთებას, ციხეებში კვლავ სხედან უდანაშაულო ადამიანები, მთავრობა თავისი გადაწყვეტილებების თაობაზე ხალხს ინფორმაციას ისევ არ აწვდის, ისევ მოუწესრიგებელია ჯანდაცვის სფერო, მძვინვარებს უმუშევრობა, ისევ მაღალია კომუნალური გადასახადები და . . მოკლედ, ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

 

რამ გამოიწვია ხალხის იმედგაცრუება? რას უნდა ველოდოთ მომავალში, რა სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა 2013 წელს? შესაძლებელია თუ არა, რომ წარმატებულად ჩავუთვალოთ «ქართულ ოცნებას» განვლილი 2013 წელი? ამ საკითხებზე «საქართველო და მსოფლიო» ექსპერტს კავკასიის საკითხებში _ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

_ ბატონო მამუკა, გავიხსენოთ 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა

_ ძირითადად, მინდა ვილაპარაკო დაპირებებზე, რომლებმაც გარკვეულწილად «ოცნების» გამარჯვებას ხელი შეუწყო: ღირსების დაბრუნება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამ დაპირებების პარალელურად ივანიშვილი სულ ამბობდა, რომ პირველი წელი იქნება რთული, მეორე _ უკეთესი და ა. შ. ის, რომ პოლიტიკიდან წავიდოდა, პირადად მისგან, ხშირად მომისმენია, პროტესტის გრძნობაც სულ მქონდა და ვფიქრობდი, რომ მას მყარი საფუძველი უნდა ჩაეყარა თავისი დაპირებების შესრულებისთვის და მერე წასულიყო. სამწუხაროდ, ივანიშვილი ისე წავიდა, რომ ბაზა არ შეუქმნია, ჩემი მთავარი პრეტენზიაც მის მიმართ სწორედ ეს არის.

სამართლიანობის აღდგენის პროცესს ხელი შეუშალა გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმა. ეს არის დასავლეთის პოზიცია, რომლის გაუთვალისწინებლობაც შეუძლებელი იყო, ისევე, როგორც შეუძლებელი იყო, გვცოდნოდა იმ ფარული სქემების თაობაზე, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ხდებოდა. მაგალითად, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ უცხოურ კომპანიებს სახელმწიფოს წინაშე, თავისი პირდაპირი მოვალეობების გარდა, სხვა ვალდებულებებიც ჰქონდათ, მათი სახსრები სხვა მიმართულებითაც იყო გადასროლილი. «სოკარმა» არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის მონაწილეობდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მას წინა ხელისუფლებამ სხვა პრეფერენციები გაუჩინა, რაც არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებას წარუდგინა. შეუძლებელია, ყველაფერი ეს «ქართულ ოცნებას» სცოდნოდა. ასე მოხდა ბიუჯეტში არსებულ თანხებთან დაკავშირებითაც. ახალ ხელისუფლებას ბევრი წყალქვეშა დინება დახვდა, რამაც ხელი შეუშალა და მანევრის საშუალება არ მისცა. დასავლეთის მყარმა პოზიციამ, რომელსაც ლობისტური კომპანიები აწარმოებდნენ და რაშიც დიდი წვლილი «ნაციონალებს» მიუძღვით, იმაზე მეტყველებს, რომ კარგად მუშაობდნენ. მათ ყველაფერი ჰქონდათ გაკეთებული, რათა არ დამდგარიყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს.

«ქართული ოცნება» მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ სიტუაციას გამკლავებოდა, მას საამისოდ კადრებიც არ ეყო, არც კომპეტენცია. «ქართულმა ოცნებამ» ტყუილად შეწყვიტა ლობისტური კომპანიების მუშაობა, როცა მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს, აღადგინეს, მაგრამ უკვე ბევრი დრო იყო დაკარგული. ამის გამო მივიღეთ ეკლექტური მდგომარეობა როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, დაშლილი სახელმწიფო მივიღეთ.

_ საკმაოდ პატივსაცემი ადამიანებისგან მოვისმინე ასეთი სიტყვები: ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არ ჰყავს.

_ საქმე ისაა, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც იგივე შეცდომები დაუშვეს და გაიმეორეს, რომლებიც «ნაციონალების» დროს იყო. მათ გზადაგზა დაიწყეს ქვეყნის მართვის სწავლა. ივანიშვილმა ერთგული ადამიანებით დააკომპლექტა მთავრობა, მაგრამ ერთგული ადამიანი არ ნიშნავს, რომ ის საქმის მცოდნეა და პროფესიონალი. არადა, საქართველოში არის პროფესიონალი ადამიანების რესურსი, მაგრამ ივანიშვილი საპირისპიროში დაარწმუნა მისმა გარემოცვამ. შესაძლებელია, პატიოსნები არიან, მაგრამ პატიოსნებას პროფესიონალიზმიც სჭირდება. დღეს ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის დეფიციტია.

_ ბატონო მამუკა, გადავიდეთ საგარეო პოლიტიკაზე. რა მოხდა საინტერესო?

_ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო იყო, სხვა საქმეა, როგორ გამოიყენებს ამას საქართველო. ეს ხელშეკრულება, მგონია, რომ კარგი სავაჭრო თემა უნდა გახდეს. ჩვენ შეგვიძლია ევროპასთანაც და რუსეთთანაც ერთნაირად ვივაჭროთ. პოლიტიკაში ასე ხდება. იანუკოვიჩმა გადააჭარბა. ის რასაც აპირებდა, გვეგონა, ორი თვის წინ გააკეთებდა, მაგრამ ბოლომდე მიიყვანა საქმე და დავეჭვდით, მართლა ხომ არ წავიდოდა ევროპისკენ? მას ეს ნაბიჯი თავის დროზე რომ გადაედგა, მაედანი არ ექნებოდა და იმავეს მაინც მიიღებდა. იანუკოვიჩმა ვერ ივარგა.

_ ჩვენები ივარგებენ?

_ ეს სხვა საქმეა, დრო გვიჩვენებს. ჩვენი აქტივობა ორივე მხარეს განსაკუთრებული ვალდებულებების გაჩენას მოგვიტანს. პირადად მე დასავლური ორიენტაციის ვარ, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, ყველაფერს თავისი ფასი აქვს. დასავლური ორიენტაციის შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. პარაფირებამ მუსლიმანი მესხების ჩამოსახლების საკითხი გაააქტიურა. საქართველოს ეს პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილი აქვს, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია… მეორე არის რეგიონული ენების სტატუსი, მზად ვართ ამის მოსაგვარებლად? გარდა ამისა, არის თავისუფალი ბაზრის საკითხი, რისთვისაც საჭიროა, რომ ჩვენი ეკონომიკა ფეხზე მყარად იდგეს, არ ვიყოთ გათელილები და არ დაგვემართოს ის, რაც დაემართა ლატვიას, რუმინეთს, ჩვენ სლოვენიასავით ძლიერი უნდა ვიყოთ. ვართ თუ არა მზად ამ ყველაფრისთვის?

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების სურვილს აცხადებს სირია, ასევე ამერიკის მოკავშირე ისრაელი, ამ სიტუაციაში კი გვმართებს, ყველაფერი კარგად გავთვალოთ, მარტო დასავლეთის ყურება არ არის სწორი, არც მხოლოდ რუსეთისკენ ყურებაა მართებული. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა არის საქართველოსთვის მომგებიანი და არა ის, რომ ვიძახოთ _ ჩვენ ასე გვინდა! იქნებ დღეს ყველაზე მომგებიანია, რომ პაუზა გავაკეთოთ და ვივაჭროთ, დრო გავწელოთ?!

ევრაზიული კავშირის დოკუმენტებში, რომლებიც უკვე შექმნილია, გაწერილია, რომ საქართველო 2018-19 წლებში ამ კავშირის წევრი გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ამ რელსებზე დასაყენებლად. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვამბობ, რომ იქნებ პაუზა და დაფიქრება ჯობია?!

_ როგორ ფიქრობთ, გუნდი, რომელიც საგარეო პოლიტიკას ხელმძღვანელობს, ამდენ გათვლას გააკეთებს?

_ თქვენი კითხვა იმას გულისხმობს, რომ ეჭვი გეპარებათ და ისინი ამას ვერ გათვლიან. მეც ეჭვი მეპარება. ეჭვი შემაქვს იმ რესურსზე და იმ ადამიანების პოტენციალში, რომლებიც დღეს ამ საკითხებზე მუშაობენ.

მარტო მუშაობა მომწყინდა. უნდა შეიქმნას არასახელმწიფოებრივი ორგანო, ინსტიტუტები უნდა შეიქმნას. სომხეთში არსებობს ასეთი ინსტიტუტი _ «კავკასიის კვლევის ინსტიტუტი», მასში უამრავი ხალხი მუშაობს. ასეთი ინსტიტუტები არსებობს რუსეთშიც, ჩვენთან კი არა, მხოლოდ ერთი _ საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს. არადა, საქართველოში აუცილებელია კავკასიის საკითხების შემსწავლელი ორგანიზაციების არსებობა. დღეს ვინმემ იცის, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს ისლამთან დაკავშირებით? ძალით სიტუაციის დაჭერა ვერაფერს მოგვიტანს. ქვეყანაში არიან მუსლიმანები, რომლებიც მზად არიან, საქართველოს სამსახურში ჩადგნენ.

ამ წელს წარმატებულს ვერ დავარქმევ. ვერც იმას ვამჩნევ, რომ მომავალი წელიწადი უკეთესი იქნება, ეკონომიკური გარდატეხის ბაზას ვერ ვხედავ. ღარიბაშვილის პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გამოუცდელია, მას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, ის არის ურთულეს რეგიონში უმძიმესი სტრუქტურის მქონე ქვეყნის ხელმძღვანელი.

თებერვალში დავოსში კონფერენცია გაიმართება. მაინტერესებს, რა წინადადებებით, როგორი პაკეტით წავა პრემიერი და იქიდან რას ჩამოიტანს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here