Home რუბრიკები პოლიტიკა ვისი დანახვა არ უნდა და ვის ნახვას ისურვებდა პარლამენტში ლეიბორისტი გიორგი გუგავა

ვისი დანახვა არ უნდა და ვის ნახვას ისურვებდა პარლამენტში ლეიბორისტი გიორგი გუგავა

907

პრემიერმინისტრის პოსტიდან ივანიშვილის წასვლის შემდეგ უფრო და უფრო ხშირად დგება ეჭვქვეშ მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი, რადგანაც ამომრჩევლები «ოცნების» სახელით პარლამენტში შესულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ სუბიექტებს, რომ არა ივანიშვილის ფაქტორი, არათუ ხმას, წამლად ერთ ჭიქა წყალს არ მისცემდნენ და იმავე რესპუბლიკელების საარჩევნო შედეგებს თუ დავაკვირდებით, ნათელია, რომ არა ლოკომოტივი, სახელად ბიძინა ივანიშვილი, ეს პარტია საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავდა.

 

«საქართველო და მსოფლიომ» გადაწყვიტა, შეემოწმებინა ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის ლეგიტიმურობის ხარისხი და მკითხველისთვის შეეთავაზებინა რუბრიკა «შემოსაღებულნი», რომლის რესპონდენტიც ერთადერთ შეკითხვას _ ვისი დანახვა არ გინდათ და ვის ნახვას ისურვებდით პარლამენტში? _ უპასუხებენ. რუბრიკის პირველი სტუმარი ლეიბორისტი გიორგი გუგავა გახლავთ:

_ პარლამენტში ერთმნიშვნელოვნად არ უნდა იყვნენ .. თეატრალები და რესპუბლიკური პარტიის აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი. სათითაოდ მათ ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან ვგულისხმობ უკლებლივ ყველა რესპუბლიკელს, რომლებიც ივანიშვილმა შემოგვასაღა. პარლამენტიდან ასევე გასაძევებელია «ნაციონალური მოძრაობის» უკლებლივ ყველა წარმომადგენელი. ეს არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ-პოლიციური ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებასთან საქართველოში. «ნაციონალური მოძრაობის»  აბსოლუტურად ყველა წარმომადგენელი გაძევებული უნდა იქნას არამხოლოდ პარლამენტიდან, არამედ მთლიანად ქართული პოლიტიკური სივრციდან.

ალტერნატიული, განსხვავებული ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად, რომელსაც საზოგადოება ივანიშვილისგან ელოდა, კოაბიტაციის შედეგად მივიღეთ ერთმანეთზე დაქორწინებული «ნაცმოძრაობა» და «ოცნება», ანუ ერთიანი იდეოლოგიის, ერთიანი ცნობიერების, ერთიანი შეხედულებების ორგანიზმი _ ფაქტობრივად, ერთი გამსხვილებული «ნაცმოძრაობა». მათ ხალხის დასანახად მოედანი აქვთ გაყოფილი და მხოლოდ ამის გამო შეიძლება წაიკამათონ ერთმანეთთან. მათი პოლიტიკა, მიზანი და იდეოლოგია ერთნაირია. საპარლამენტო ხელისუფლება, ფაქტობრივად, მათ ხელშია, დაწყებული პარლამენტით და დამთავრებული კომიტეტის თავმჯდომარეებით. დღეს პრაქტიკულად სახელისუფლო იდეოლოგიას ისინი წარმართავენ და წარმოადგენენ. მათი იდეოლოგია კი სრულიად ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლურია. ალბათ, გახსოვთ, მათი წარმომადგენლების ზერელე და ყოველგვარ ინტერესსმოკლებული დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის მიმართ. მათი ამგვარი საქმიანობით თუ გაგრძელდა ქვეყნის განვითარება, მაშინ შეგიძლიათ აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს ჩვენს ქვეყანას უბედურებისა და მარცხის მეტს არაფერს მოუტანს.

პარლამენტში არ უნდა იყვნენ «ფულის მუთაქები» _ ბეჟუაშვილები და ნაყოფიები. ისინი, თავის დროზე, სააკაშვილის ბანაკში იყვნენ, ახლა კი ივანიშვილის გუნდში გადავიდნენ. ისინი, შევარდნაძის ხელისუფლებით დაწყებული და ივანიშვილით დამთავრებული, მშვენივრად გრძნობენ ამ ვერტიკალში თავს. ამით კი, რა თქმა უნდა, ქვეყანას ძარცვავენ. ნაძარცვის ნაწილი სახელისუფლო ყულაბაში მიაქვთ, ნაწილით მათი პირადი ანგარიშები ივსება. გაღატაკებული ხალხი კი ამით უფრო მეტად ღატაკდება.

«მრეწველთა პარტია», თოფაძეტყემალაძის შესანიშნავი დუეტი, შევარდნაძიდან მოყოლებული, მუდმივად თანამშრომლობდა ყველა ხელისუფლებასთან. ისინი მუდამ თავიანთი ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი და ვაჭრობის მეტს პოლიტიკაში არაფერს აკეთებდნენ. დღესაც პარლამენტში სწორედ ამ ნიშნით არიან შესულნი და მათ ყულაბას პარლამენტარობით კიდევ დამატებითი მილიონები მიემატება. ქვეყანა კი ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს. აქვე მინდა გითხრათ ზვიად ძიძიგურისა და კონსერვატიული პარტიის შესახებ. მისთვის ზვიადისტობა მანდატია ყველა ხელისუფლებაში. ქართულ პოლიტიკაში, მისი შემხედვარე, შეიძლება ვისაუბროთ ძიძიგურიზმის ტენდენციაზე. ეს კი გამოიხატება იმაში, თუ როგორ შეიძლება მოერგო ყველა სიტუაციას, ყველა პოლიტიკურ გარემოსა და აბსოლუტურად ყველა მთავრობას. გამაგებინეთ, როგორ შეიძლება იყო ყოველთვის ხელისუფლებაში?! მისი განსახილველი თემა მხოლოდ  ჩოხა და ჩიხტიკოპია. პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებს არ აქვთ არც ეროვნული იდეოლოგია, არც მყარი პოლიტიკური მრწამსი და შეხედულებები და არად აგდებენ სახელმწიფო ინტერესებს. მათთვის მთავარია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და ამ გზით ფულის მოხვეჭა. ეს ელიტა აუცილებლად უნდა იქნას გაყვანილი პოლიტიკური მოედნიდან.

საზოგადოებაში ძალიან ბევრი ღირსეული წარმომადგენელია. ისინი ერთ პარტიაში, ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არ არიან მოქცეულნი, ამიტომ მიჭირს დაკონკრეტება. ადამიანი შეიძლება იყოს უჩინო, ეროვნული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, არ ჰქონდეს ბევრი ფული, მაგრამ იყოს ღირსეული! ხალხმა სწორედ ასეთი პიროვნებები უნდა აირჩიოს. ქართული რეალობა კი, სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების სიმცირეს განიცდის. სამაგიეროდ, ბევრია «ჩალა». ისინი საზოგადოებისთვის ცნობად სახეებს წარმოადგენენ. პარლამენტში და მთლიანად ხელისუფლებაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ეროვნული ძალები. დღევანდელი პარლამენტი ქართული საზოგადოების განწყობას არ გამოხატავს. ის, ალბათ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსახური, ყველაზე მორჩილი და ყველაზე ანტიეროვნული პარლამენტია.

ჩაიწერა

შორენა ღვაჩლიანმა

 

1 COMMENT

  1. აი ხალხი ერთგული იდეისა,თავდადებული ხალხისა დაერისა
    აი ნამდვილი ეროვნული პარტია,არა გამყიდველი და ფარისეველი.
    კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მტრებმა,შინაურმა თუ გარეულმა
    რომ თქვენი სწორი სხვა არავინაა,მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რათა თქვენი პარტია სათავეში არ მოვიდეს.
    მე მწამდა და მწამს თქვენი პარტიის პატიოსნების,სამშობლოს
    დიდი სიყვარულის და უღალატობის.რადგან არ მოიქცევით მოქ-კავშირისავით,ნაც-მოძრაობისავით და ოცნებისავით.
    ხალხმა კარგად რომ წაიკითხოს და გაიაზროს თქვენი პარტიის
    ასე ვთქვათ მოძღვრება,კარგად მიხვდებიან რომ ლეიბორისტ-
    ული პარტიის გარდა ვერავინ უშველის.რადგან ხალხი ვინც
    თქვენთანაა არაფერზე იყიდებიან!გმერთმა დაგლოცოთ და
    გაგაძლიეროთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here