Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოში უსამართლობის აღდგენა დაიწყო

საქართველოში უსამართლობის აღდგენა დაიწყო

576

სიბრიყვე თუ ღალატი? ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ფაქტია, რომ «ქართული ოცნება» სულ უფრო შორდება თავის წინასაარჩევნო დაპირებებს და, შესაბამისად, ამომრჩეველს და, თუ ასე გაგრძელდა, მალე საქართველოში ხელისუფლებისა და საზოგადოების ტრადიციად ქცეული დაპირისპირების, «ცივი სამოქალაქო ომის» მორიგი რაუნდი დაიწყება. ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, უკვე სერიოზულად, სამამულო პოლიტიკური ფსიქიატრიის საუკეთესო ტრადიციებში აურია, მაგრამ, ალბათ, არც საზოგადოებაა უმწიკვლო _ როდესაც ის დათანხმდა ფაქტობრივ «მორატორიუმს მთავრობის კრიტიკაზე», სავარაუდოდ, უმძიმესი შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით.

 

«მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი, უკვე რამდენიმე თვეა, მზადაა. მას რეალურად არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ გაეგზავნოს პარლამენტს. ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ. კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება. ამის მიუხედავად, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ. თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, რისთვისაც დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა», _ განაცხადა გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ განცხადებას ვულკანის ამოფრქვევის მსგავსი ნეგატიური ემოციური რეაქცია მოჰყვა, ალბათ, აჯობებს, მსჯელობა მშვიდად, ერთი მოსაწყენი დოკუმენტის ციტირებით დავიწყოთ, რომელსაც განხილულ თემასთან პირდაპირი თუ არა, ირიბი კავშირი მაინც აქვს.

საქართველოს მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულია ორი დოკუმენტი: 2012 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული სამთავრობო პროგრამა «ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის» და 2013 წლის 20 ნოემბრის სამთავრობო პროგრამა ამავე პათეტიკური სახელწოდებით. პირველ, ივანიშვილის პრემიერობის დროინდელ დოკუმენტში ვკითხულობთ: «შესწავლილ იქნება საკუთრების უფლების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები, ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით; ასევე შესწავლილ იქნება საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული «ელიტარული კორუფციის» მასშტაბები და მექანიზმები და დაისახება მისი აღმოფხვრის გზები». გავიდა ერთი წელი და 2013 წლის სამთავრობო პროგრამაში ჩვენ ვკითხულობთ: «შესწავლილი იქნება საკუთრების უფლებების ტოტალური დარღვევის შედეგად შექმნილი ვითარება და დაისახება მისი გამოსწორების გზები; ასევე შესწავლილი იქნება საქართველოში ბოლო წლებში გავრცელებული «ელიტარული კორუფციის» მასშტაბები და მექანიზმები და დაისახება მისი აღმოფხვრის გზები». ცხადია, «ქართული ოცნების» ამომრჩეველს შეიძლება ბუნებრივად დაებადოს კითხვა: «თქვე (ცენზურა) ოჯახაშენებულებო, რას აკეთებდით ერთი წლის განმავლობაში? რა შეისწავლეთ ან რა გზები დასახეთ?». არა, რა თქმა უნდა, ცვლილებები სახეზეა, მაგალითად, სიტყვა «შესწავლილ»-ს დაემატა ასო «ი» (!), ამასთანავე, ტექსტიდან ამოვარდა ფორმულირება «ქვეყნის რეალური ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით», მაგრამ ეს, სავარაუდოდ, არ უნდა გავიგოთ როგორც «ყოველ მიზეზ გარეშე”, წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანი არ ისაუბრებდა რაღაც «ფრთხილად გასათვლელ შედეგებზე» და იმაზე, რომ «ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის» (არ არის მზად მდგომარეობა და რა ვუყოთ?!).

რაც მთავარია, პროცესის ფაქტობრივი შეჩერება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც «გზის დასახვა» და წინსვლა (ან თუნდაც უკუსვლა) ამ გზაზე. მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რასაც მთავრობა დღეს აკეთებს _ კომპენსაციების პრობლემა (როგორც ღუზა გემს) სამართლიანობის აღდგენის გაცილებით მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროცესს მკვდარი წერტილიდან დაძვრის შესაძლებლობას არ აძლევს. მათი მჭიდრო დაკავშირება ერთმანეთთან პოლიტიკური საბოტაჟის აქტს მაგონებს.

არაერთ ადამიანს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალდა, მატერიალური კომპენსაცია საერთოდ არ აინტერესებს; მათთვის მთავარი უსამართლო განაჩენის გადახედვაა. ამასთანავე, არავინ უკრძალავს მთავრობას, მოამზადოს საგანგებო საკანონმდებლო ცვილებები და კომპენსაციების გაცემის წესი ეტაპობრივი, დროში გაწელილი გახადოს; ეს კომპრომისი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, სავარაუდოდ, მისაღები იქნება. მაგრამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის ფაქტობრივი დაბლოკვა პატიოსან პოლიტიკად ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება. საინტერესოა, რა მოტივი აიძულებს ხელისუფლებას, უგულებელყოს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები, სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები და თავის ამომრჩევლებს დაუპირისპირდეს?

არავინ კამათობს იმაზე, რომ სახელმწიფოს გაუჭირდება საკუთარ თავზე თუნდაც მინიმალური საკომპენსაციო ვალდებულებების აღება; ამასთანავე, წართმეული საკუთრების დაბრუნება იმ შემთხვევაში, როდესაც მან რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა (ფორმალურად სრულიად უდანაშაულო; არადა, მათმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ბინძურ საქმეში მონაწილეობდა), იურიდიული თვალსაზრისით, ძალზე რთულია. არაერთმა კომენტატორმა  არაერთგზის აღნიშნა, რომ პრობლემის გადაწყვეტა (ნაწილობრივ მაინც) შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში თუ უსამართლო განაჩენების გამოტანასთან დაკავშირებულ პირებს და მათ მაღალჩინოსან ხელმძღვანელებს დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს და უძრავ ქონებას ჩამოართმევენ. მაგრამ არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ამ გზით წასვლას აპირებს. როგორც ჩანს, პრობლემის გადაწყვეტა ისევ  დაზარალებული, გაუბედურებული ხალხის ხარჯზე მოხდება. სიბრიყვე თუ ღალატი? _ რაც უფრო ხშირად დავსვამთ ამ კითხვას, მით უკეთესი.

ამ საეჭვო მანევრების პარალელურად, გრძელდება მანიპულირება საზოგადოებრივი აზრით, რომლის მიზანს, სავარაუდოდ, ძველი რეჟიმის თავკაცებისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების შექმნა წარმოადგენს. ჟურნალ «გზისთვის» მიცემულ ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: «სააკაშვილის დაპატიმრება არ შედის საქართველოს ინტერესებში. სააკაშვილის დაპატიმრება შედის ერთი ძალის ინტერესებში, რომელმაც არჩევნებში მიიღო 10 პროცენტი. სააკაშვილი არის ჩვენი წარსული. ილია ჭავჭავაძემ თქვა, მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი და ვიფიქროთ მომავალზეო. ჩვენს მომავალში არის ევროკავშირი, რომელიც გვეუბნება, არ დააპატიმროთო. თუ არ გვინდა და ჯინაზე ვართ, კი, ბატონო, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა ასე შეუძლებელია». შესაძლოა, ლევან ბერძენიშვილმა არ იცის, რომ მოქალაქეების დაპატიმრება არა ინტერესებიდან, არამედ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხდება, თუმცა ეს მისი პრობლემაა, მთავარი აქ სხვა მონაკვეთია _ «ევროკავშირი, რომელიც გვეუბნება, არ დააპატიმროთო». ევროკავშირის არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს მსგავსი რამ საჯაროდ არასოდეს უთქვამს, მსგავსი შინაარსის რეზოლუცია (ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი) ევროკავშირის ორგანოებს არასოდეს გამოუქვეყნებია. ხოლო სააკაშვილის ლობისტი ცალკეული ევროდეპუტატების კომენტარები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, გვაქვს ორად-ორი ვერსია: ა) ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საიდუმლოდ, სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებების დროს ეუბნებიან; ბ) ლევან ბერძენიშვილი უტიფრად ტყუის.

პრობლემა ისაა, რომ მოლაპარაკება ამ საკითხზე (თუ მას ადგილი ნამდვილად აქვს) არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოლიტიკის ან დიპლომატიის ნაწილი, ის გაცილებით ახლოს დანაშაულთან დგას.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 309-ე მუხლის თანახმად, «უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენლებთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე». სს კოდექსში არის 319-ე მუხლიც _ «უცხო ქვეყნებისთვის, უცხოეთის ორგანიზაცისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფა…» (7-დან-15 წლამდე). სუვერენიტეტის შეზღუდვა დროებით გვერდზე გადავდოთ. ანტიკონსტიტუციურია თუ არა მოთხოვნა «არ დააპატიმროთ სააკაშვილი», რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს? კონსტიტუციის მე-14 მუხლში, რომელიც კანონის წინაშე საყოველთაო თანასწორობას აფიქსირებს, არ წერია «მიხეილ სააკაშვილი და ევროკავშირი კანონზე მაღლა დგანან». შესაბამისად, ხელისუფლებას, ალბათ, არ აქვს ამ თემაზე არსებითად დანაშაულებრივი მოლაპარაკებების გამართვის უფლება და, თუ ლევან ბერძენიშვილი ფლობს ინფორმაციას მსგავსი საუბრების შესახებ, ის, სავარაუდოდ, ვალდებულია, შესაბამის ორგანოებს ამის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ან, როგორც მინიმუმი, საჯარო განცხადება გააკეთოს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი თანაპარტიელები პარლამენტის ხელმძღვანელობიდან). ხოლო თუ ის «ბ-ვერსიის» ფარგლებში ცრუობს, ალბათ, «ქართული ოცნების» ამომრჩევლებს უნდა ვკითხოთ, რამდენად ნორმალურია, რომ ეს ადამიანი მათ პარლამენტში წარმოადგენს.

კანონის უზენაესობის პრინციპისთვის ზურგის შექცევა, ნებისმიერი მოტივიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს მხოლოდ, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი (და, სხვათა შორის, არსებითად ანტიევროპული, თუმცა ეს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია), სივრცე ინტერპეტაციისთვის ან პოლიტიკური მანევრებისთვის ამ შემთხვევაში, უბრალოდ, არ არსებობს. რა იყო სააკაშვილის რეჟიმის მთავარი დანაშაული, თუ არა კანონის დაქვემდებარება პოლიტიკური კონიუნქტურის მიმართ? თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ახალი ხელისუფლება ამავე გზას დაადგა (და ლევან ბერძენიშვილის განცხადება, ამ მხრივ, ალბათ, ძალზე საგანგაშო სიგნალია), მისი გონზე მოყვანა მოგვიწევს, თანაც სწრაფად და რადიკალური ზომების გამოყენებით, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, თუ რით შეიძლება დაგვირგვინდეს მსგავსი პოლიტიკა.

არ იქნება სამართლიანობა, _ არ იქნება მშვიდობა; მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის არაფორმალური გარანტიების შესაძლო მიცემის საკითხები ორი უმნიშვნელოვანესი ტესტის როლს შეასრულებს. თუ ახალი ხელისუფლება გამოცდას ვერ ჩააბარებს, ადგილობრივ არჩევნებზე, სავარაუდოდ, საგრძნობ მარცხს განიცდის და ახალ «ქუჩის ოპოზიციასაც» გაეცნობა. მაგრამ ამ მძიმე ტაქტიკურ შედეგებს ადგილი რომც არ ჰქონდეს, მისი ურთიერთობა საზოგადოებასთან მნიშვნელოვნად გაუარესდება, თანდათან დაპირისპირების ხასიათს შეიძენს და 2012 წლის 1 ოქტომბერს კარგად დაწყებული ისტორია ძალიან ცუდად დასრულდება, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებისთვის.

დიმიტრი მონიავა

 

1 COMMENT

  1. ბატონო დიმიტრი!კიდევ თუ ფიქრობს ვინმე,რომ საქართველოში ეს ‘ახალი"მთავრობა სამართლიანობას დაამკვიდრებს[და,არა აღადგენს],შეგნებულად თუ შეუგნებლად იტყუებს თავს!საჭიროა ახალი ქართული ეროვნული მოძრაობის დაწყება,ახალი ქართული,პატრიოტი ადამიანების სახეებით,რომელიც ორიენტებული იქნება ქართული სახემწიფოს,Qართული ინტერესების გატარებაზე?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here