Home რუბრიკები საზოგადოება «ნაცმოძრაობამ» მამული დადიანებსაც გაუყიდა

«ნაცმოძრაობამ» მამული დადიანებსაც გაუყიდა

998

საქართველოს კანონი «კულტურული მემკვიდრეობის შესახებ» კრძალავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლების გასხვისებას. კულტურული ძეგლის სარგებლობაში გადაცემა კი დასაშვებია მხოლოდ ფლობისა და სარგებლობის უფლებით, რაც, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, წინასწარ განსაზღვრული მოვლა პატრონობის პირობით ხორციელდება. ამ კანონის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ზუგდიდში დადიანების სასახლის კუთვნილებაში არსებული 994 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» სასახლის მუზეუმის დირექტორ ლილი ბერაიას დაუკავშირდა.

_ როგორ მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება და მისი მოხვედრა კერძო მფლობელის ხელში?

_ იმ დროისთვის, როდესაც მიწის გარკვეული ნაწილი კერძო მფლობელის ხელში გადავიდა, მუზეუმის ბაზაზე სამეცნიერო ცენტრი შეიქმნა. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის ის მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა და მის დაქვემდებარებაში იყო. მე ნამდვილად არ ვფლობ ინფორმაციას, თუ ვისზე ან რამდენ კერძო პირზე იყო მიწა გასხვისებული. თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს მიმართოთ. იქ იურისტები ყველაფერში გაგარკვევენ.

მიწის ნაკვეთის გასხვისების დროს მე არ ვიყავი მუზეუმის დირექტორი. აღნიშნულ თანამდებობაზე 2007 წელს დამნიშნეს და ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაფერი ვიცოდი. სიმართლე გითხრათ, ვერც ვიფიქრებდი, რომ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია ოდესმე კერძო მფლობელის ხელში აღმოჩნდებოდა. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, როგორ მოხდა მიწის ნაკვეთი კერძო მფლობელის ხელში. ეს ამბავი საჯარო რეესტრში სრულიად შემთხვევით გავიგე. მიწა ჩემთვის უზურფრუქტით უნდა გადმოეცათ და რეესტრში სწორედ ამ საკითხის გამო წავედი. დაკანონებაზე მისულს კი ხელთ ჩამივარდა უკვე გასხვისებული და კერძო მფლობელზე დარეგისტრირებული 994 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დადიანების სასახლე, ისევე, როგორც ყველა კულტურული ძეგლი თუ ტერიტორია სახელმწიფოს და საზოგადოებას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ყოველთვის ვცდილობდი ტერიტორიის მუზეუმისთვის დაკანონებას. მინდოდა, სასახლის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთი მის მფლობელობაში ყოფილიყო.

ჩვენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი 2005 წელს გავხდით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს კი სასახლის ირგვლივ არსებული ტერიტორია დაკანონებული უნდა ჰქონოდა უზურფრუქტის წესით. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გვქონდა სასახლის ტერიტორიით სარგებლობის უფლება იმ პირობით, თუ მას არაფერი დააკლდებოდა. ახალი მთავრობის დროს ისევ დაიწყო ამ საქმის განხილვა და მთელ რიგ საკითხებზე მუშაობა. ყველა ის დოკუმენტი და საბუთი, რომელიც ამ საკითხის სამართლებრივად დასრულებისთვისაა საჭირო და აუცილებელი, უკვე იურისტზეა გადაცემული. გასხვისების თემაზე მუშაობა საფუძვლიანად მიმდინარეობს. ძალიან ცუდია, როდესაც გაიგებ, რომ 994 კვ.მ მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელიც წესით და კანონით სასახლეს და შესაბამისად სახელმწიფოს ეკუთვნის, თურმე კერძო მფლობელის ხელში ყოფილა. უარესი კი ისაა, რომ ეს გასხვისების თემა ჩუმად, ფარულად მიმდინარეობდა და შესაბამისად, ამის შესახებ ჩვენც არაფერი ვიცოდით.

მთელი რიგი იურიდიული საკითხებია განსახილველი და დეტალურად შესასწავლი, ვინაიდან ისტორიული მიწის გასხვისება კერძო პირზე ხდებოდა. ეს კი უკვე კანონის დარღვევა და დანაშაულია. ჩვენ 7,1 ჰექტარი გასხვისებული მიწის ფართობის სასახლისთვის დაბრუნებას სამართლიანად ვითხოვთ და დავიბრუნებთ კიდეც!

_ ახლა რა პროცესები მიმდინარეობს გასხვისებული მიწის ნაკვეთის ირგვლივ?

_ 21 ნოემბერს სასახლეში კულტურის მინისტრი გვეწვია. მან სასახლის მთელი ტერიტორია დაათვალიერა, მათ შორის, გასხვისებული მიწის ნაკვეთიც. მინისტრმა აღნიშნა, რომ სასახლე მისი ტერიტორიითურთ საქართველოს კულტურული ძეგლია და სწორედ ამიტომ კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს გასხვისებული მიწის ნაკვეთის კვლავ სასახლისთვის დასაბრუნებლად. პირადად მე დიდი იმედი მაქვს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერის. მჯერა, რომ ამ პრობლემას აუცილებლად ეშველება და სასახლის ტერიტორიას უმცირესი მიწის ნაკვეთიც კი არ დააკლდება.

ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ გასხვისებული ტერიტორია დადიანების სასახლესა და ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს რაც შეიძლება მოკლე დროში დაუკანონდეს. უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ და ჩვენს პოზიციას ყველგან მყარად დავაფიქსირებთ. ამ საქმეში სასამართლოს ჩარევაც რომ დაგვჭირდეს, არც ამაზე დავიხევთ უკან. ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ მუზეუმს არაფერი დაეკარგოს და კერძო მფლობელის ხელში არსებული მიწა მას დროულად და უკლებლივ დაუბრუნდეს.

_ მიწის გასხვისების შემდეგ შეეცვალა თუ არა სასახლეს მისამართი?

_ სასახლის მისამართი ყოველთვის იყო გამსახურდიას ქ. #1 და ცხადია, ყველა დოკუმენტსა თუ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე ამ მისამართს ვაფიქსირებდით. გაირკვა, რომ მიწის გასხვისების შემდეგ ჩვენი მისამართი შეცვლილა. საჯარო რეესტრში სწორედ შეცვლილი მისამართი იყო დაფიქსირებული. აღმოჩნდა, რომ მიწის გასხვისების შემდეგ ჩვენი მისამართი გამსახურდიას ქ. #1ა-დ გადაკეთებულა, გასხვისებული მიწა კი გამსახურდიას ქ. #1-ში ფიქსირდებოდა.

ჩვენ რაიმე განსახილველი საკითხისა თუ სხვადასხვა პრობლემის შესახებ ყოველთვის კულტურის სამინისტროს მივმართავდით. ახლაც მათი იმედი გვქონდა და მოხდა კიდეც მათგან დროული რეაგირება. როგორც უკვე მოგახსენეთ, იყო კიდეც ჩამოსული კულტურის მინისტრი და აქ მიმდინარე პროცესებში სამინისტრო აქტიურ რეჟიმში ჩაება. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემა ჩვენ სასიკეთოდ გადაწყდება.

ესაუბრა

შორენა ღვაჩლიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here