Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვოლსკი: თუ სააკაშვილის დაპატიმრება სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს, ასჯერ უნდა გავზომოთ, სანამ...

გიორგი ვოლსკი: თუ სააკაშვილის დაპატიმრება სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს, ასჯერ უნდა გავზომოთ, სანამ გადავწყვეტთ!

739

ახლახან «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» ყრილობა ჩატარდა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრები აიჩიეს. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ თუ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს», საპარლამენტო ფრაქცია «ქართული ოცნების» თავმჯდომარე და «ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს» პოლიტსაბჭოს წევრი _ გიორგი ვოლსკი ესაუბრება.

 

_ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, «პარტია თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის». განხორციელებული ცვლილებებისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, რა შეიცვლება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში?

_ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ «ქართული ოცნება» ევროპული მმართველობის საპარლამენტო მოდელს, ევროპული სოციალისტების გზას ირჩევს. რამდენიმე მთავარი მიმართულება გვაქვს განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება სოციალური საკითხები. ასევე პირველი რიგის ამოცანათა შორის იქნება უსაფრთხოების საკითხები, საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. ჩვენი მთავარი ამოცანაა ინვესტორების მოზიდვა და საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, სამოქალაქო საზოგადოებაში გადასული ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუწყობს. რაც მთავარია, სახელმწიფო მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს.

_ ბოლო დღეებში აქტუალურია კითხვა, დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და დადგება თუ არა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?

_ მე ვერანაირ წინაპირობას ვერ ვხედავ, რათა მოხდეს სააკაშვილის რეაბილიტაცია როგორც პოლიტიკოსის და როგორც მმართველის, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ძალადობრივი რეჟიმისგან გამიჯვნას უკვე «ნაციონალური მოძრაობის» წევრებიც კი ცდილობენ. ამაზე, მართალია, ჯერ ჩუმად, ზოგადი რეპლიკებით, მაგრამ უკვე საუბრობენ და ეს «ნაციონალური მოძრაობის» წარმომადგენლის საარჩევნო ლოზუნგებშიც კარგად გამოჩნდა. მართალია, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან მკაცრ რიტორიკა გვაქვს «ნაციონალურ მოძრაობასთან» მიმართებაში, მაგრამ ადამიანური თუ სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს რიტორიკაც კი არ არის საკმარისი, რათა ზუსტად შეფასდეს, თუ რა უბედურებასთან გვქონდა საქმე.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დასჯას, ჩემი სუბიექტური აზრით, როდესაც სახელმწიფო სასწორზე დებს არჩევანს _ სახელმწიფოს ინტერესებსა და სააკაშვილის დასჯას შორის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებმა უნდა გადაწონოს. თუ სააკაშვილის დაპატიმრება სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებს, რასაკვირველია ასჯერ უნდა გავზომოთ, სანამ რაიმეს გადავწყვეტთ. თუმცა, მე პირადად ვფიქრობ, რომ თუ გერმანიის პრეზიდენტს, ბატონ ვულფს იმის გამო ასამართლებენ, რომ მისმა მეგობარმა სასტუმროსა და რამდენიმე კათხა ლუდში 917 ევრო გადაიხადა და ეს პრეზიდენტს სერიოზულ გადაცდომად ჩაუთვალეს, ჩვენ გაცილებით დიდი დანაშაულთან გვაქვს საქმე.

თუმცა აქ ერთი პრობლემაა. გერმანიისგან განსხვავებით, ევროპისთვის ჩვენ არ ვართ სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ზუსტად იციან, რომ სასამართლო უკანონო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ასე რომ, აუცილებელია საფუძვლიანი არგუმენტები. ზოგიერთმა შეიძლება ეს ყველაფერი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასოს, მაგრამ ევროპის მიერ ჩვენი სრულფასოვანი აღქმა სწორედ შიდა საქმეს სჭირდება.

_ თუმცა, არ ფიქრობთ, რომ ეს მართლაც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა? თუნდაც საკმარისია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადება გავიხსენოთ, როდესაც ის ამბობს «ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით ივანიშვილს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ქვეყანას ზიანს მიაყენებს». ამას გარდა, აშშ ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადება, ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარების შესახებაც ამის დადასტურებას წარმოადგენს

_ მე წმინდა დიპლომატიურად და პოლიტიკურად ვუყურებ ამ საკითხს. პირდაპირი დარტმა ბილდტზე ან ნორლანდის განცხადებაზე საჭირო არ არის. ყველა შემთხვევაში, აქსიომაა რომ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რათა ის მხარდაჭერაც არ დავკარგოთ რაც მსოფლიოში დღეს გვაქვს.

_ მაშინ რატომ ვერ მოახერხა ახალმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, თავის სიმართლეში და რატომ უჭერს ის ამ დრომდე მხარს სააკაშვილის ხელისუფლებას?

_ აქტიურად საქართველოს უჭერენ მხარს და არა სააკაშვილს, რათა არ მოხდეს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გასამართლება. თუმცა, გეთანხმებით, რომ ამ მიმართულებით მუშაობაა საჭირო, რათა ყველა დავარწმუნოთ, რომ როდესაც ყოფილ მაღალჩინოსნებს პასუხს სთხოვს, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი პოლიტიკური მოსაზრება არ გააჩნია.

_ თქვენ ბრძანეთ, რომ ევროპა სააკაშვილს კი არა, საქართველოს სახელმწიფოს უჭერს მხარს, თუმცა ჩნდება კითხვა: რატომ არ იყო ასეთი მკაცრი საერთაშორისო საზოგადოება ყოფილი ხელისუფლების მიმართ, თუნდაც 7 ნოემბრის, 26 მაისის სასტიკი დარბევების შემდეგ, როდესაც ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიის ჩარჩოებს სცდებოდა? როდესაც ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და ამის შესახებ ევროპაში ინფორმაცია ჰქონდათ, ასეთი სიმკაცრე არ გამოუხატავთ

_ კარგი კითხვაა. ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ნელა ახდენს გარესამყარო რეაგირებას. კიდევ არ გვეგონა, ასეთი მძლავრი თუ იყო «ნაციონალური მოძრაობის» პროპაგანდისტული აპარატი. მე არ ვამბობ, რომ ვინმეს ქრთამს აძლევდნენ, ეს მართებული არ იქნება, მაგრამ მილიონები ლობისტებში იხარჯებოდა. ასეთ ვითარებას ხელს უწყობდნენ ასევე ე.წ. ქართული სატელიტური ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საჭიროების დროს ყოველთვის უკან იხევდნენ. მაგრამ არსებობს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, რომელიც მართალია, დროში გაიწელა, მაგრამ მაინც იმუშავა. რასაკვირველია, არჩევნებში ქართულმა საზოგადოებამ გაიმარჯვა, მაგრამ არა საერთაშორისო დახმარების გარეშე. თორემ ის ინციდენტი, რაც საპარლამენტო არჩევნების დროს ხაშურში მოხდა, მთელ საქართველოს მოედებოდა.

ერთი რამ უნდა ითქვას: საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია პრაგმატულია და ისინი საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მათ როგორც კი დაინახეს პოლიტიკური ძალა, რომელსაც საზოგადოება მხარს უჭერდა, ნელა, დაფიქრებით, მაგრამ მაინც მიიღეს ეს ძალა.

_ ამ ცოტა ხნის წინ უკრაინას ევროკავშირმა პირობა წაუყენა. ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებდა, რომ შეთანხმება ხელმოსაწერად მზადაა, მაგრამ ჯერ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა შეწყდეს. საქართველოს მიმართაც რომ ასე დაისვას საკითხი, როგორ მოიქცევა ხელისუფლება ამ შემთხვევაში?

_ რთული საკითხია. ორი ვარიანტია აქ, ან უთხრა მათ, რომ საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრიო და დარჩე მოკავშირეების გარეშე, რაც შეუძლებელია, ან წახვიდე და შენი სტრატეგიული თამაში ითამაშო. ამიტომაც შეიქმნა პოლიტიკური საბჭო და მთავრობის ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომ ასეთი საკითხები ერთად გადავწყვიტოთ. უნდა გაითვალისწინო, რა დაგაზიანებს, ზოგჯერ შეიძლება უკან დაიხიო, მაგრამ ამით წინ წახვიდე.

თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მთავარი რამ: საქართველოს დღევანდელი სამართლებრივი სისტემა ძალიან განსხვავდება უკრაინის სამართლებრივი სისტემისგან. ჩვენ გაცილებით დახვეწილი, ევროპული ტიპის მმართველობის სისტემა გვაქვს. ამიტომ ჩვენი პოზიცია ამ შემთხვევაში უკრაინასთან შედარებით, რაღაც დოზით უფრო ძლიერია.

_ საქართველო კრიზისის მართვის ოპერაციებში ევროკავშირის პარტნიორი ხდება, რის შემდეგაც, ქართველო ჯარისკაცები აფრიკის, მალის, ლიბიის საზღვრის დაცვის მისიებში მიიღებენ მონაწილეობას. იქნება თუ არა ISAF-ის ოპერაციის მსგავსი და დადებითს რას მოუტანს ეს საქართველოს?

_ შეთანხმება ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები ამ თემის განხილვისას გულახდილები არ არიან და პიარის მოთხოვნებს უფრო ემორჩილებიან. ჩვენ თუ ევროპული ოჯახის წევრები ვხდებით, პასუხისმგებლობაც უნდა გავინაწილოთ. თუნდაც IშAF- ის მისიაში მონაწილეობაზე, წინააღმდეგობა მხოლოდ საქართველოში არ არის, უცხოეთშიც ბევრს არ უნდა ეს, მაგრამ ამავე დროს კარგად ესმით, რომ ავღანეთი რუკაზე შეიძლება შორსაა, მაგრამ გლობალური და პოლიტიკური განზომილებით ძალიან ახლოსაა. რასაკვირველია, ამ მისიას თავისი დანაკარგი ახლავს. ხშირ შემთხვევაში მძიმე დანაკარგიც და ბევრი ადამიანი ზარალდება, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ სამყაროში სრულფასოვანი არაფერი არ არსებობს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო გამოკეტილია რეგიონში, რომელიც აგრესიული პროცესებით გამოირჩევა. ამიტომ, როდესაც შენს გარშემო ასეთი გლობალური პროცესები მიმდინარეობს, შენი რესურსების სიმწირე, სამწუხაროდ, გავალდებულებს გარკვეულ კომპრომისზე წახვიდე. ეს საქართველოს რეალობაა. ისტორიის მანძილზე, ქართველები იძულებულები იყვნენ, საკუთარი მომავლის გადასარჩენად, სხვის ომებში ებრძოლათ.

_ ამიერიდან მკაცრდება ვიზების გაცემა. ამ ინფორმაციამ ემიგრანტი ქართველების შეშფოთება გამოიწვია. იქნებ განმარტოთ, ვის შეეხება ეს რეგულაცია და უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველები თუ შეძლებენ ქვეყანაში დაუბრკოლებლად შემოსვლას?

_ პრობლემები უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არ შეექმნებათ და არავის ინტერესი არ დაზრალდება. ბევრ ქვეყანასთან დარჩება უვიზო რეჟიმი, მაგრამ არ შეიძლება ყველა ქვეყანას უვიზო რეჟიმი ჰქონდეს ჩვენთან, მაშინ როცა ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ რთული პროცედურებს გადიან მათ ქვეყანაში ჩასასვლელად. მე სიტყვა გამკაცრებას არ გამოვიყენებდი, უფრო ასე ვიტყდოდი, გარკვეულ ქვეყნებთან მიმოსვლა ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობაში მოვა.

_ რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებას, «გაუქმებულია მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობა პირებზე, რომლებსაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო». ის ადამიანი, ვინც უცხოეთის მოქალაქეობას მიიღებს, გარკვეულიდ დროის გასვლის შემდეგ, ბინას დაკარგავს?

_ ბინის დაკარგვის საფრთხე არავის არ შეექმნება, მაგრამ მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც წლებს განმავლობაში საქართველოსთან კავშირი არ ჰქონია. რეგულაციების დეტალებს უნდა დავუკვირდეთ, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს. გარკვეულ გამოსაცდელ ვადებზეა საუბარი. ასე რომ, შეგვიძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები დავამშვიდოთ.

_ როგორ შეაფასებთ აშშის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებას, როდესაც მან ბრძანა, რომ ქართველები ოსებს და აფხაზებს ცუდად ვექცეოდით და ამიტომ ბოდიში უნდა მოვიხადოთ?

_ რიჩარდ ნორლანდმა განმარტა, რომ მან 20 წლის წინანდელი პერიოდი იგულისხმა, მაგრამ სენსაციისთვის სათაურში იყო გამოტანილი საუბრიდან ამოჭრილი ერთი ფრაზა, როგორც ხდება ხოლმე. თუმცა, საქართველოს ისტორიის მანძილზე, არც ერთხელ არც რელიგიურ და არც ეთნიკურ ნიადაგზე საქართველოში დაპირისპირება არ ყოფილა. ვფიქრობ, ნორლანდმა იჩქარა ბოდიშთან დაკავშირებით, რადგან ბოდიშის მოხდა რომ რაიმეს შველოდეს, მაშინ აფხაზების და ოსების მხრიდანაც უამრავი ბოდიშია მოსახდელი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მაინც «ვეფხვის და მოყმის» ქვეყანა ვართ და მოვა დრო, როდესაც ქართველი, აფხაზი, ოსი ერთმანეთს ბოდიშს მოუხდის, მაგრამ ამას სტრატეგიული საფუძვლის შექმნა სჭირდება და არა ემოციები.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. ქართულმა ოცნებამ შექმნისთანავე გამოაცხადა, რომ ის მემერჯვენე პარტიაა. ახლა ევროპული სოციალიზმისკენ იხრება, რაც რა თქმა უნდა მემარცხენე ორიენტაციაა. პრინციპში ცუდი ამაში არაფერია, თუ რა თქმა უნდა პარტიის ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი სოციალიზმშია. მით უმეტეს კაცობრიობის მომავალი სოციალიზმშია, თუ სხვა რაიმე უკეთესი არ მოიფიქრეს. რაც შეეხება ფინანსურ პირამიდებზე დამყარებულ "დემოკრატიას" ადრე თუ გვიან დაიმსხვრევა, თანაც როგორც ჩანს კაცობრიობას ძალიან ძვირი დაუჯდება ახლანდელი მზარდი აღვირახსნილობა.

  2. ძალიან სამწუხაროა თუ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა და მცდელობა რომ საქართველოში აღდგეს და დაიხვეწოს სამართლიანი სასამართლო სისტემა და კანონის უზენაესობა ეხლა მაინც გახდეს პრიორიტეტი ხელისუფლებისათვის – დაკავშირებულია საქართველოს ინტერესების დაზარალებასტან.ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხელისუფლების მოღვაწეობა არასაკმარისია -უნდა გამოყენებული იქნას ყველა რესურსი საერტაშორისო საზოგადოებისათვის სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასათვის ნაცმოძრაობის მოღვაწეობასტან დაკავშირებით.

  3. საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა და თუ აცხადებთ სააკაშვილი მკვლელიც რომ იყოს პოლიტპატიმარად იქცევა ასეთ ,,სასამართლოში” 200 მოგონილი პოლიტპატიმარიც კმარა საქართველოს მასხრად ასაგდებად.

  4. მომავალი თუ ლიბერარიზმში არაა და სოციალიზმშია ბატონო შოთა დროა შევიარაღდეთ ლიბერტარიანელები საკუთარი პირადი’ს დასაცავად სანამ კულაკებად გვაქცევთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here