Home რუბრიკები საზოგადოება ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატოსთან ინტეგრაცია?

ტერიტორიული მთლიანობა თუ ნატოსთან ინტეგრაცია?

750

გრძელდება დისკუსია თემაზე «გვინდა თუ არა ნატო?». გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» კვლავ გთავაზობთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საინტერესო მოსაზრებებს.

 

თემურ შაშიაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება «თეთრების» ლიდერი:

_ სიამოვნებით ვერთვები დისკუსიაში «გვინდა თუ არა ნატო?»

ძალიან მიკვირს, რატომ არ არის საქართველო იმ ორგანიზაციების წევრი, რომლებზეც, უკვე ოცი წელიწადია, გვესაუბრებიან, ვგულისხმობ, ნატოსა და ევროკავშირს. ამ საკითხის ისეთი პოლიტიზირება მოხდა და იმდენ წელიწადს იმაგრებდნენ სკამებს ამ თემით ჩვენი ხელისუფალნი, რომ, ალბათ, ჩემი შეკითხვა ლეგიტიმურია.

ერთი ყველაზე დიდი უბედურება ქართველებს ის გვჭირს, რომ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას არ ვაფასებთ. ნაპოლეონმა თქვა: «პოლიტიკა გეოგრაფიაა», ჩვენ გვაქვს ღვთისგან ბოძებული უნიკალური მდებარეობა, მაგრამ არ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც ამას ჩვენდა სასიკეთოდ გამოიყენებენ,  საუბედუროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ჩვენი სიმდიდრე არარაობად აქციეს.

ვიდრე აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება მოხდებოდა, ჩვენთვის შეიძლება პრინციპული ყოფილიყო ნატოს წევრობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის ნატოს შესახებ არაფერი. პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია, ნატო და ევროკავშირი საქართველოს მეგობრები იყვნენ, რადგან ისინი სააკაშვილის პოლიტიკას თავგადაკლულები იცავდნენ. მათ თავისი მსახური მოიყვანეს, დასვეს, საქართველოს გენოციდი მოაწყობინეს და ბოლომდე შეანარჩუნების თანამდებობა, რათა ნატოსა და ევროკავშირზე ელაპარაკა.

ამ რამდენიმე ხნის წინ პრესაში გამოქვეყნდა იმ ქვეყნების სია, რომლებიც ყველაზე კარგად ცხოვრობენ, ზოგი მათგანი არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ზოგი კი ერთ-ერთის წევრია მხოლოდ. საქართველოს გამუდმებით ატყუებენ, თუ ნატოში შევალთ, ფუფუნებაში ვიცხოვრებთო. ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულები ნატოსა და ევროკავშირში, უფრო უკეთ ცხოვრობენ. დღეს მთელი მსოფლიო ნათლად ხედავს, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს, მრავალვექტორული პოლიტიკა აწარმოეს, ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში არიან.

რა მოხდა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების შემდგომ? ვის აძლევს ხელს ყველაზე მეტად ნატოში შესვლა საქართველოს დეფაქტო მდგომარეობით? _  ყველაზე მეტად დასავლეთში გარკვეულ წრეებს უნდათ.

არ მგონია, რომ მხოლოდ რუსეთის პოლიტიკა იყო აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება, არა მგონია, რომ პუტინისთვის კარგია ჩვენი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. ხმამაღლა ვაცხადებ: საქართველოს ნატოში მიღებას იმიტომ ჩქარობენ, თანაც აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე, რომ აფხაზეთის ხელისუფლებასთან დასავლეთი სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს; ისინი ელოდებიან საქართველოს ნატოში შესვლას, რათა დაიწყონ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეყვანა ევროკავშირში. რატომ სჭირდება ეს დასავლეთს? იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა უნდა, რადგან ევრაზიული კავშირის შიში აქვს.

თურქეთი ნატოს წევრი გახადეს, თუმცა იქ დემოკრატია რომ არ იყო, ეს სადავო არ არის, ევროპას ის სჭირდებოდა გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ახლა საუბარია თურქეთის ევროკავშირში მიღებაზე, რადგან ნაზარბაევმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, თურქეთი ევრაზიულ კავშირში გაერთიანდეს. ევრაზიულ კავშირში უკვე მოიაზრებენ ისეთ სახელმწიფოებს, როგორიც არის: სირია, ჩრდილოეთ კორეა, ეგვიპტე და შესაძლებელია თურქეთიც, ეს კი მსოფლიოს შიშის ზარს სცემს. ძალიან მოკლე პერიოდში ერთიანი კორიდორის, ერთიანი საბაჟო სისტემის შექმნის ძალა რუსეთი და პუტინი გახდება, ამიტომ ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ ებრძოლონ პუტინსა და რუსეთს.

პუტინი რუსეთისთვის წარმოუდგენლად საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, სტალინის შემდეგ რუსეთისთვის ასეთი რამ არავის გაუკეთებია, მაგრამ ჩვენ ამის აღიარება არ გვინდა, ჩვენ ამ ადამიანს პრიმიტიული მეთოდებით ვებრძვით. ჩვენი პოლიტიკოსები რატომღაც ფიქრობენ, რომ, თუ პუტინს აგინებენ, ეს კარგია, თუმცა ამისთვის მათთვის ამერიკიდან დიდი თანხებიც მოდის.

 საქართველო დაღუპეს დასავლეთიდან დაფინანსებულმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობოებმა, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და ბუნებრივია, რომ დაკვეთასაც ასრულებენ. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ საქართველოში მასონები არიან? არა, უბრალოდ, ბოკერიები, მთელი «ნაციონალები» სექტანტები არიან, ხელის ბიჭები მასონებისა და მათ დაკვეთას ასრულებენ. ძალიან კარგად ხედავენ, რომ ევრაზიული კავშირი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს უამრავი პრობლემის მქონე ევროპას. ევროკავშირს მომავალი არ აქვს და ბრიტანეთში უკვე პირდაპირ ლაპარაკობენ ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე. ის უკვე ავადმყოფი სისტემა გახდა, გერმანიაც ამას ხმამაღლა ამბობს და აღიარებს, რომ შეცდნენ, როცა ევროკავშირის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცნენ.

მდგომარეობა ძალიან რთულია, ჩვენი ოცი წელიწადი, რომელიც დავკარგეთ და ვერაფრით გავხდით ნატოსა და ევროკავშირის წევრები, უბედურებაა იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც აქამდე გვყავდნენ: «მოქალაქეთა კავშირი», «ნაციონალები» და ახლა ახალი მთავრობაც შეუერთდა. შევარდნაძე ამბობდა, რომ ათ წელიწადში ნატოში ვიქნებითო და ვერ განახორციელა, მისი გადაგდების საფუძველიც ეს იყო; სააკაშვილმა თქვა, რომ აი, ნახავთ ჩემი პრეზიდენტობის დროს გავხდებით ნატოს წევრებიო, მაგრამ რაც მოხდა, ყველამ დავინახეთ; ახალი გამყიდველებიც ამას ილაპარაკებენ. ამასობაში ეს ქვეყანა დაიქცა. საქართველოს სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობას კარგად გამოიყენებენ და არა ისეთები, რომლებიც დაგვაქცევენ. საქართველოს და ქართველი ხალხის ამოცანაა, რომ ხელისუფლებაში მოვიყვანოთ ძალა, რომელიც ქვეყნის გარედან არ იმართება, ძალა, რომელიც იმაზე კი არ იფიქრებს, როგორ აფასებენ პრეზიდენტს ან პრემიერს ამერიკასა თუ ევროპაში, არამედ იმაზე, როგორ აფასებს მას ქართველი ხალხი.

არავინ მოელოდა, მაგრამ ივანიშვილი თვალებში უყურებს ამერიკის ელჩს, ყველა ნაბიჯის შემდგომ იმაზე ფიქრობს, როგორ შეაფასებენ ამერიკაში. ეს ჩვენი უბედურებაა, ასე იყვნენ შევარდნაძეც და სააკაშვილიც.

სასაცილოა ივანიშვილის სიტყვები: თუ ჩემი ხალხი აირჩევს ილიას გზას, მეც მისი მსახური ვიქნებიო. არავის აქვს უფლება, თქვას ჩემი ხალხი, არ ვართ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხალხი, ჩვენ ვართ საქართველოს ხალხი. უფრო სწორი იქნება მისი მხრიდან თქვას ასე _ საქართველოს მოსახლეობა რასაც აირჩევს… თანაც, საინტერესოა, იციან კი ილიას გზა? ილიას გზა იყო ფრთხილი ურთიერთობა რუსეთთან. პირადად მე ილიას გზის მიმდევარი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს არც ერთი ხელისუფალი ამ გზის მიმდევარი არ აღმოჩნდა. ჩემი თხოვნა იქნება, გამოაქვეყნოთ ილია ჭავჭავაძის ნარკვევები და იქნებ გაიგონ, საით მიდიოდა ილია. მე ვნახე თქვენს გაზეთში გამოქვეყნებული ზვიად გამსახურდიას ხედვა. ეროვნული მოძრაობის წევრი დიდი ადამიანები შესაძლოა საბჭოთა კავშირის დაშლისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ისინი არასოდეს ლანძღავდნენ რუსეთს. გამსახურდიამ უაღრესად პოზიტიური ნაბიჯები გადადგა რუსეთის მიმართულებით და სწორედ ამან შეაშინა დასავლეთი. რეალობა ასეთია: გადადგამ პოზიტიურ ნაბიჯებს რუსეთისკენ, გებრძვის დასავლეთი ან პირიქით. ვერ მოიძებნა ისეთი ძალა, რომელიც ქართული ინტერესებიდან გამოვიდოდა და სახელმწიფოს ამაზე ააგებდა.

წარმოვიდგინოთ, რომ ჩეჩნეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ინგუშეთი, ოსეთი _ ესენი ყველანი დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ, რაც კავკასიაში ომის მუხტის შემოვარდნას ნიშნავს და ჩვენ ახლო აღმოსავლეთად ვიქცევით. ასეთ შემთხვევაში, ვინც ყველაზე მეტად განადგურდება, საქართველო და მართლმადიდებლობა იქნება. ჩვენ ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ვის რა მოეწონება. ივანიშვილის მთავრობაც ცდილობს, ამერიკა არ გააღიზიანოს. პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის ტელევიზიით და ამბობს, რომ რუსეთი არაცივილიზებული ქვეყანაა. ვერ წარმოვიდგენდი, თუ «ქართული ოცნების» წარმომადგენელი ასეთ რამეს იტყოდა. რუსეთის ლანძღვა ქართული საქმის კეთებაა? ვიდრე პარლამენტში სხედან ბნელით მოცული და ამერიკისგან დაბრმავებული, ქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული ადამიანები, ჩვენი საშველი არ იქნება. დასავლეთის ფულით გამოკვებილი ადამიანების დრო უნდა დასრულდეს. საქართველოს უნივერსიტეტის მთელი ბიუჯეტი არ იყო იმდენი, რასაც დარჩიაშვილი და ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტი მარგველაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, სოროსისგან და «თავისუფლების ინსტიტუტიდან» ხელფასის სახით იღებდნენ. დედაუნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები გაანადგურეს, მიწასთან გაასწორეს და წინ წამოსწიეს ეს უსახური პოლიტიკოსები, რათა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ჩაედინათ.

არ ვიცი, ამ ყველაფერს დაბეჭდავთ თუ არა, მაგრამ ჩანაწერი შეინახეთ და დარწმუნდებით, რომ მართალს ვამბობ. არავის მონობის მომხრე არ ვარ, წარმოუდგენელია, მოისმინო ის სიტყვები, რომლებიც ამერიკის ელჩმა ამ რამდენიმე დღის წინ თქვა და ამაზე პასუხი არ მოსთხოვო, თურმე საქართველო აფხაზეთსა და ოსეთს ისევე ექცეოდა, როგორც თავად საქართველოს _ იმპერიული რუსეთიო. თანაც ამას ამბობს სტუდენტებთან და ახალგაზრდებმა კი რეაქციის გარეშე ჩაატარეს მისი ეს სიტყვები, რაც უკვე ბევრ და ცუდ რაღაცაზე მეტყველებს. მინდა ვიფიქრო, რომ ამ აუდიტორიისთვის სტუდენტები სპეციალურად შეარჩიეს, თორემ ოთხმოცი პროცენტი ასე ნამდვილად არ ფიქრობს. დუმს ნორლანდის ამ სიტყვებზე საქართველოც, უფრო მეტიც, ექსპერტები ამბობენ, რომ «მას ასე კი არ უთქვამს», «მისი სიტყვები ცუდად არ უნდა გავიგოთ» და ა. შ. გამგებმა ყველაფერი ზუსტად უნდა გაიგოს, მით უმეტეს, რომ ამერიკის ელჩმა ერთ-ერთ გადაცემაში გასაგებად თქვა, რომ ჩვენ და რუსეთი უფრო დიდი მეგობრები ვართ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, ამიტომ თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ აფხაზებსა და ოსებს. ჩვენ ერთმანეთს ბოდიშს მოვუხდით თუ არა, არავისი საკარნახო არ არის.

ჩემი აზრი ასეთია: უნდა დაიწყოს დიდი ეროვნული მოძრაობა. ვისაც სისხლი გვაქვს, ვისაც ქართული ცნობიერება გვაქვს და არავისი მონობა არ გვსურს, გაზაფხულზე ყველამ ერთად უარი უნდა ვუთხრათ გარედან მართულ ძალას. მათ საქართველოსთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ, 20 წელი გავიდა ტყუილში ცხოვრებით.

ვალერიან დოლიძე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

_ ნატოზე საუბარი ტყუილი დროის კარგვაა, რადგან ვერასოდეს შევალთ, მაგრამ, თუ მაინც შეეცდებიან, ე. ი. ნახევარი ტერიტორიები საქართველოს საზღვრებს გარეთ უნდა დატოვონ. ვფიქრობ, რომ საქართველოს ნატოში შესვლის აუცილებლობა არ არსებობს, თანაც დღევანდელ ვითარებაში.

დღეს ბევრი ამბობს, რომ ლიბერალური ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ნატოში შესვლას დააჩქარებენ, მაგრამ პირადად მე ვთვლი, რომ ამას ვერავინ გაბედავს, ეს ნაბიჯი ეროვნული ღალატის ტოლფასი იქნება და ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს.

_ ბატონო ვალერიან, რა მოუტანა საქართველოს ოცი წლის მანძილზე ნატოსკენ სწრაფვამ?

_ ნატოსკენ სწრაფვა პოლიტიკური დილეტანტიზმი იყო. ნატო ცივი ომის პროდუქტია, როცა შეიქმნა, მაშინ მას სხვა ფუნქციები ჰქონდა. დღეს ეპოქა შეიცვალა, ამიტომ ნატოზე საუბარი სისულელედ მიმაჩნია. მას ფუნქცია დაკარგული აქვს და არავინ იცის, როგორ გააგრძელებს მუშაობას. ნატო არ შეიძლება თვითმიზანი იყოს.

_ ვიცით, რომ არ შეიძლება თვითმიზანი იყოს, მაგრამ ახალი ხელისუფლებაც სწორედ ამ მიმართულებით მიდის.

_ ეს გზა მცდარია. ყველამ უნდა იცოდეს და, ალბათ, იციან, რომ ნატოში ვერ შევალთ, არც მიგვიღებენ და ამის აუცილებლობაც არ არსებობს.

_ თუ აუცილებლობა არ არსებობს, რატომ გვარწმუნებენ, რომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის?

_ არ ვიცი, რატომ გვატყუებენ და გვარწმუნებენ, შესაძლებელია, რომ თავად სჯერათ იმისა, რასაც ამბობენ. პოლიტიკაში თავის დროზე ძალიან ბევრმა არაკომპეტენტურმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყველა მათგანს საკუთარი შეხედულება ჰქონდა. დღეს მსოფლიოში მიდის ღრმა ფუნდამენტური  ცვლილებები და ყველაფერი მალე შეიცვლება, შეიცვლება მსოფლიოს პოლიტიკური განვითარების სურათიც, ძალთა გადანაწილებაც, ამიტომ მეშინია, საქართველო მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

_ რას გულისხმობთ?

_ შესაძლებელია, გარკვეული ზეწოლების ქვეშ აღმოვჩნდეთ. რეალური მოკავშირეების გარეშე დავრჩეთ. შესაძლებელია კონტექსტი მთლიანად შეიცვალოს, ზოგიერთი ქვეყანა ძლიერდება, ზოგი სუსტდება. ასეთ პირობებში რთულდება მომავლის განჭვრეტა. საქართველოს პოლიტიკაზე დღეს ისეთი წარმოდგენა მრჩება, რომ ირგვლივ ყველაფერი იცვლება და ჩვენ ერთ ადგილზე ვდგავართ, გაყინულები ვართ, განსაკუთრებით კრიზისის შემდეგ, რომელიც დღესაც მიმდინარეობს და არავინ იცის, გადაილახება თუ არა.

_ საქართველოს მთავრობას დიდი მოლოდინი აქვს, რომ მაპს მივიღებთ.

_ რა აუცილებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ჯერ ეს აგვიხსნან. არაფრის მომტანი არ არის არც ევროკავშირში გაერთიანება და არც ნატოშ; ჩვენ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდება იმედი, განსაკუთრებით ახლა, როცა მოლოდინი ძალიან დიდია. ჯერ ერთი, მთავარია, გავიგოთ, რომ ასოცირებული ხელშეკრულება არ ნიშნავს წევრობას.

_ საქართველოს ნატოსთან დაახლოების შემთხვევაში, თურქეთის ჰეგემონიის საშიშროება ხომ არ დადგება?    

_ საქართველოში თურქეთის ჰეგემონია უკვე არსებობს, თანაც საკმაოდ სერიოზულად და დღითიდღე ღრმავდება კიდეც. ეს პროცესი საშიში ხდება. ნატოში შევალთ თუ არა, საქართველოს ინტერესები დაცული უნდა იყოს.

_ ბატონო ვალერიან, უნდა ჩატარდეს თუ არა ხელახალი პლებისციტი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით?

_ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თანაც, სანამ ნატოსთან დაკავშირებით ჩატარდება გამოკითხვა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონფლიქტური ტერიტორიებით საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს. თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას ტერიტორიების გარეშე გადაწყვეტს, ეს ღალატის ტოლფასი იქნება და არა მგონია, რომ ამაზე ვინმემ ხელი მოაწეროს. დღეს საქართველოს უდიდესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და არა ნატოსთან ინტეგრაცია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგვეხმარება. ნატოზე საუბარიც კი ტერიტორიების დაბრუნებას ხელს არანაირად არ უწყობს.

 ამიტომ საუბარი პლებისციტზე, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც მოსახლეობის 90-მა პროცენტმა არ იცის, რა არის ნატო, ზოგს ქალი ჰგონია, უაზრობად მიმაჩნია. კიდევ ვიმეორებ, ასეთი გამოკითხვის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საკითხი ასე არ დგას _ შევა თუ არა საქართველო ნატოში? საქართველოში, უბრალოდ, ადამიანები საკუთარ სურვილს ხმამაღლა გამოთქვამენ და მეტი არაფერი.

პრესა და ტელევიზია საქართველოში თავისუფალი არ არის, არ მუშავდება საზოგადოებრივი აზრი, მხოლოდ ერთი მიმართულება შუქდება და ქვევრის პრინციპით ხდება ყველაფერი: «რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს». ასეთ სიტუაციაში ყოველგვარი გამოკითხვა სისულელედ მიმაჩნია. განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებს საშუალება არ აქვთ, რომ აზრი გამოთქვან. 

ბადრი ბიბილაშვილი, თსუ სოციალპოლიტიკური ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი

_ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ დაიწყო დიდი იდეოლოგიური ბრძოლა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილზე გავლენის მოსაპოვებლად. კრემლი ცდილობდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის დამყარებას. 1947-1948 წლებში მოხდა ორი მოვლენა: პრაღისა და ბერლინის კრიზისები, რამაც გამოიწვია აშკარა დაპირისპირება სსრკ-სა და დასავლეთ სახელმწიფოებს შორის. ამ ორმა მოვლენამ დააჩქარა აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ერთ სამხედრო კავშირად გაერთიანება. ეს ორგანიზაცია დაარსდა 1949 წლის 4 აპრილს. ხელშეკრულების რატიფიკაცია აშშ-ის სენატმა მოახდინა 1949 წლის 21 ივლისს. ამ მოკლე ისტორიული ექსკურსიდანაც ცხადად ჩანს, რომ ორგანიზაცია თავის დროზე შეიქმნა ერთადერთი მკაფიო მიზნის განსახორციელებლად: არ დაეშვათ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელება მსოფლიოს არც ერთ რეგიონზე, განსაკუთრებით კი _ ევროპაზე.

რეალურად ამ ორგანიზაციამ თავისი ფუნქციები ამოწურა მას შემდეგ, რაც დაიშალა სსრკ. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია არ დაიშალა და იგი უკვე აგრძელებს ფარულ ბრძოლას რუსეთის გავლენის შესამცირებლად და მის დასასუსტებლად. რეალურად დღესდღეობით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იყენებს ერთადერთი ზესახელმწიფო _ ამერიკის შეერთებული შტატები. იგი თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებს სათამაშო იარაღად პატარა, სუსტ სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო. სამწუხაროდ, ჩვენი გაუთვლელი, ირაციონალური საგარეო-პოლიტიკური კურსის გამო, რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზეთი და სამაჩაბლო ე. წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ნატოს წესდების თანახმად, იგი ვერ მიიღებს თავის რიგებში იმ ქვეყანას, რომელსაც დარღვეული აქვს ტერიტორიული მთლიანობა. ამ დეტალზე ჩვენში განგებ ხუჭავენ თვალს სახელისუფლო წრეები და პროამერიკულად განწყობილი ანალიტიკოსები. ბუნებრივია, რომ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, არ სურთ ჩვენ გამო თუნდაც დიპლომატიურ დაპირისპირებაზე წავიდნენ რუსეთთან, რომ აღარაფერი ვთქვათ სამხედროპოლიტიკური აქციების არჩატარებაზე.

მართალია, ნატო კვლავაც ითვლება ძლიერ საერთაშორისო ორგანიზაციად, მაგრამ მას არ შეუძლია, ძლიერი ზეწოლა განახორციელოს წამყვან სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკაზე ჩვენთან დაკავშირებით. საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემაფერხებელი ობიექტური ფაქტორია ის, რომ კავკასიაში დომინანტ ძალას რუსეთი წარმოადგენს, რომელიც ცდილობს, არ დაკარგოს წამყვანი სახელმწიფოს ფუნქცია ამ სივრცეში. კავკასიას კი დიდი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის; იგი თავისი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის სახიფათოდ მიიჩნევს რეგიონში აშშ-სა და ნატოს ინტერესების გატარების მცდელობას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება, რის გამოც მხოლოდ ქართული სახელმწიფო და ხალხი ზარალდება. ჩვენი სუვერენიტეტი განულებულია, ქართველი პოლიტიკოსები ასრულებენ უცხო პარტნიორთა დავალებებს და არ ცდილობენ ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყებას რუსეთთან, რათა, ორმხრივ ინტერესთა გათვალისწინებით, მოგვეცეს ქვეყნის გაერთიანების და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის რეალური შანსი.

ქართველი პოლიტიკოსები ყოველდღიურად გვარწმუნებენ, რომ მთავარია, ჩამოვაყალიბოთ მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, დავაკმაყოფილოთ ნატოს სტანდარტები, რის შემდეგაც გავწევრიანდებით ამ ორგანიზაციაში. უტიფრად უარყოფენ იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უწევს რუსეთის ფაქტორის გათვალისწინება, დასავლეთ ევროპას კი არავითარი ინტერესი აღარ გააჩნია ჩვენი ქვეყნის მიმართ.

დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყიფე მხოლოდ საბაბი არის ჩვენი ქვეყნის მიუღებლობისა ნატოში. რეალურად, კავკასიაში რთულია რუსეთის გავლენის შესუსტება, რადგან სომხეთი და აზერბაიჯანი არ ისწრაფვიან ნატოსკენ, მხოლოდ ჩვენ გამო კი სტაბილურ ურთიერთობას რუსეთთან არ დააყენებენ ეჭვქვეშ. კავკასიის სამივე სახელმწიფო რომ მიისწრაფოდეს ნატოს წევრობისკენ, მაშინ ეს ორგანიზაცია ერთიან კონტექსტში განგვიხილავდა და მეტი შანსიც გაჩნდებოდა, მაგრამ ორივე რესპუბლიკა უპირატესობას რუსეთთან კარგ ურთიერთობას ანიჭებს. ამ ფონზე ეს იდეა ნამდვილად უპერსპექტივო ჩანს.

პარადოქსია, მაგრამ რეალურად ერთიანი საქართველო უფრო მეტად რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ემთხვევა, ვიდრე აშშის. ეს სახელმწიფო ნამდვილად არ არის დაინტერესებული ჩვენს რეგიონში სტაბილურობით. მისი მიზანია, ახლომდებარე ქვეყნებზე გაავრცელოს თავისი გავლენა, რისთვის სჭირდება მტკიცედ ფეხის მოკიდება კავკასიაში. სამწუხაროდ, არსებულ ქართულ პოლიტიკურ ძალებს არ ძალუძთ სისტემური, რეალური ცვლილებების განხორციელება. საჭიროა ახალი ეროვნული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება, რომელიც უპირველეს პრიორიტეტად გამოაცხადებს ფართომასშტაბიანი დიალოგის დაწყებას რუსეთთან.

ათ წელზე მეტია, ვცდილობთ, ყოველ შემთხვევაში, ვაცხადებთ, რომ გვსურს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მაგრამ, რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო ბუნდოვანდება ჩვენი პერსპექტივა ამ მიმართულებით. ჩემი აზრით, აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის საინტერესო რუსეთისთვის არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად. რეალური დიალოგის დაწყების შემთხვევაში, შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას. ბუნებრივია, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ჩვენი მხრიდან გადაისინჯება საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ასევე მივცემთ მყარ გარანტიებს რუსეთს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მომძლავრდება ანტირუსული ძალები. ხოლო, თუ არ შევიცვლით საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს არსებული რეალობის გათვალისწინებით, მაშინ დღევანდელი ვითარება პოზიტივისკენ არ შეიცვლება და თანდათან უფრო გაუარესდება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

P.S. «საქართველო და მსოფლიო» ნატოს თემაზე დისკუსიას განაგრძობს. საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემა ყველა მსურველს. დაგვიკავშირდით .: 591 195 907, ელექტრონული ფოსტა: ekanaskidashvili@mail.ru ან გაზეთში მითითებულ მისამართებზე.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here