Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე 5 საინტერესო ისტორია, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს

5 საინტერესო ისტორია, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს

350

ისტორიის შესწავლისას შეიძლება წააწყდეთ საინტერესო ამბებს, რომლებიც წარსულის მოვლენებს ხდის ფარდას. გაეცანითტიტანიკისადა კიდევ ორი გემის კატასტროფას გადარჩენილი ქალის, ადამიანთა ზოოპარკისა და სხვა საინტერესო ისტორიებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ წარსული გაცილებით შემაშფოთებელი და დაუჯერებელი იყო, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ.

ქალი, რომელიცტიტანიკისადა კიდევ ორი გემის კატასტროფას გადაურჩა

ვაიოლეტ ჯესოპი შეიძლება მივიჩნიოთ ან ყველაზე იღბლიან, ან ყველაზე უიღბლო ქალად ისტორიაში. ასეა თუ ისე, მისი ცხოვრება მართლაც საინტერესო იყო. ჯესოპი სტიუარდესად მუშაობდა საოკეანო ლაინერებზე. მან კარიერა 1908 წელს დაიწყო (იმხანად 21 წლის გახლდათ) კომპანია “უაიტ სტარ ლაინთან” თანამშრომლობით.

1910 წელს საკრუიზო ლაინერ “ოლიმპიკის” ბორტზე იმყოფებოდა, როცა ეს გემი ბრიტანულ სამხედრო ხომალდ “ჰოუკს” შეეჯახა ვიწრო სრუტეში. საბედნიეროდ, ლაინერი კატასტროფულად არ დაზიანებულა და არავინ დაღუპულა. სანამ “ოლიმპიკს” არემონტებდნენ, ჯესოპმა “ტიტანიკზე” დაიწყო მუშაობა. ის ბორტზე იმყოფებოდა, როცა ხომალდი აისბერგს შეეჯახა და ჩაძირვა დაიწყო. ქალმა შეძლო თავისუფალი ადგილის პოვნა სამაშველო ნავში და ამის წყალობით გადარჩა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯესოპი, რომელიც იმხანად “წითელ ჯვარში” მუშაობდა, გაგზავნეს გემ “ბრიტანიკზე” რომელიც ჰოსპიტლად იყო გადაკეთებული. “ბრიტანიკს” დაჭრილი ჯარისკაცები გადაჰყავდა, როცა ეგეოსის ზღვაში გერმანელების მიერ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა და ჩაძირვა დაიწყო. როცა ჯესოპი და სხვა მგზავრები სამაშველო ნავში ჩასხდნენ, ისინი კინაღამ შეიწირა გემის ხრახნის ე.წ. ფრთებმა. ამის შემდეგ ვაიოლეტ ჯესოპს “მის ჩაუძირავი” უწოდეს.

მეძავი, რომელიც მეკობრეების დედოფლად იქცა

ჩინ სი 1775 წელს დაიბადა. ის გუანდუნის პროვინციაში ცხოვრობდა _ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში და პროსტიტუციით იყო დაკავებული მცურავ ბორდელში. 1801 წელს ცნობილი ჩჟენ ი, მეკობრეთა ფლოტის, “წითელი დროშის” კაპიტანი, თავს დაესხა ბორდელს. ჩჟენ ი ძალიან მოიხიბლა ჩინ სის სილამაზით და შესთავაზა, ცოლად გაჰყოლოდა. სი დაეთანეხმა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩჟენ ი მას დაჰპირდა, რომ უზრუნველყოფდა თანაბარუფლებიან პარტნიორობას ფლოტის მართვაში და შუაზე გაუყოფდა ნადავლს. 6 წლის შემდეგ ჩჟენი დაიღუპა და ჩინ სის მემკვიდრეობით ერგო 400 ხომალდისგან შემდგარი ფლოტი. ქალმა განაგრძო ჩინეთის სამხრეთის სანაპიროზე მდებარე ქალაქების ძარცვა. მეკობრეთა ფლოტმა სის ხელმძღვანელობით 63 სახელმწიფოს 63 გემი ჩაუძირა. სამი წლის შემდეგ, რაც სი “წითელი ფლოტის” მეთაური გახდა, ჩინეთის იმპერატორმა, რომელმაც ვერ დაინახა სხვა ალტერნატივა, ამნისტია შესთავაზა ყველას, ვინც თავს დაანებებდა მეკობრეობას და ხმელეთზე დაბრუნდებოდა.

სავარაუდოდ, ყველაზე მდიდარი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში

მანსა მუსა I, შესაძლოა, ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელიც ოდესმე ცხოვრობდა დედამიწაზე. მანსა მუსა I-ს იშვიათად ახსენებენ, ძირითადად, იმიტომ, რომ ის წარმოშობით აფრიკიდან იყო და ამ კონტინენტის კვლევას ცოტა დრო ეთმობოდა.

მანსა მუსა I მალის იმპერატორი 1312 წელს გახდა. ოქროსა და მარილის (რომელიც ბევრი იყო დასავლეთ აფრიკაში) ვაჭრობით მუსამ კოლოსალური სიმდიდრე დააგროვა. მსოფლიომ მუსას ზღაპრული სიმდიდრის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, როცა ის მექაში მომლოცველად ჩავიდა. მისი ამალა შედგებოდა 60 ათასი კაცისგან, ქარავანი კი _ ათასობით ცხოველისგან. მუსას მხლებლებს მიჰქონდათ უამრავი ოქრო, რომელსაც ქუჩაში შემხვედრ ადამიანებს ურიგედნენ. მათ იმდენი საქონელი შეიძინეს, რომ მსოფლიოს ეკონომიკა შეარყიეს, რადგან მიმოქცევაში უამრავი ოქრო მოხვდა.

მუსა ოქროს მეჩეთების მშენებლობაზე ხარჯავდა. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თავისი მმართველობის პერიოდში ყოველ პარასკევს ერთ მეჩეთს აშენებდა. ყველაზე ცნობილი მეჩეთი, რომელიც მუსამ ააშენა, არის ჯინგერებერის მეჩეთი მალის ქალაქ ტომბუკტუში (1327 წ.). ექსპერტთა აზრით, მუსას ქონება დღეს 400 მლრდ დოლარად იქნებოდა შეფასებული. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიმდიდრით მიუახლოვდებოდა მუსას, იქნებოდა ჯონ როკფელერი, რომლის ქონებაც 336 მლრდ დოლარადაა შეფასებული.

მოჰავეს ტომის მიერ აღზრდილი მორმონი გოგონა

ოლივიე ოტმანი 1837 წელს დაიბადა. ის თავის დებსა და ძმებთან ერთად იზრდებოდა იესო ქრისტეს უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის მოძღვრების მიმდევართა შორის.

1850 წელს, როცა ოლივიე 13 წლის იყო, მისი მშობლები შეუერთდნენ მორმონებს, რომლებიც მატარებლით მოგზაურობდნენ კალიფორნიაში. მოგზაურობისას ოტმანებს თავს დაესხნენ იავაპაის ტომის წარმომადგენლები და ოლივიას მშობლები მოკლეს. თვითონ ოლივია კი ტყვედ წაიყვანეს. იავაპაის წარმომადგენლებს გოგონა მონად ჰყავდათ, ის იძულებული იყო, ხეები ეთრია და საკვებისთვის ემუშავა, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სცემდნენ. ერთი წლის შემდეგ ოლივია ცხენში გაცვალეს და ის მოჰავეს ტომში აღმოჩნდა. ეს ტომი ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე იავაპაი და ოლივიასთვის საბედნიეროდ მისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა. ოლივიას მიწის ნაკვეთი გამოუყვეს დასამუშავებლად და მოჰავეს ტანსაცმელიც კი მისცეს. ამას გარდა, გოგონას ტატუებიც გაუკეთეს ნიკაპსა და ხელებზე. როცა ოლივიას 19 წელი შეუსრულდა, ფორტ-იუმიდან მოჰავეს სოფელში ჩავიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ თეთრი ადამიანები გოგონას დაბრუნებას ითხოვდნენ. იმის შიშით, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში თეთრკანიანები გაანადგურებდნენ მოჰავეს ტომს, მისმა წარმომადგენლებმა ოლივია ფონრტ-იუმაში ჩაიყვანეს, სადაც ნორმალური ტანსაცმელი მისცეს. ევროპულ საზოგადოებაში ოლივიას რეიტენგრაცია რამდენიმე წელს გაგრძელდა. მოგვიანებით ის სიყვარულით იხსენებდა მოჰავეს ტომის წარმომადგენლებთან გატარებულ პერიოდს.

ადამიანების ზოოპარკის ექსპონატი

ოტა ბენგა პიგმეების ტომის, მბუტის, წარმომადგენელი იყო. ის კონგოს ტყის მასივ იტურიში დაიბადა 1883 წელს. ბენგა დაქორწინდა და 2 შვილს ზრდიდა, მაგრამ მისი ოცნება, ნორმალურად ეცხოვრა, დაინგრა, როცა 1890-იან წლებში ბელგიელი კოლონიზატორები მიადგნენ სოფელს, რომელშიც ის ცხოვრობდა, და მოკლეს მისი ცოლი და შვილები, სანამ ოტა ბენგა ნადირობდა. მალე ბენგა ტყვედ ჩავარდა და მონების მოვაჭრეებმა ფერმაში სამუშაოდ წაიყვანეს. 1904 წელს სწორედ ამ ფერმაში შენიშნა ამერიკელმა ბიზნესმენმა სემუელ ვერნერმა, რომელიც ევოლუციის შესახებ რასისტულ თვალსაზრისს იზიარებდა. მან გადაწყვიტა, რომ ბენგა, რომელიც იყო შავკანიანი და ჰქონდა მუქი ფერის კანი და ბასრი კბილები, წარმოადგენდა “დანაკლის რგოლს” ადამიანებსა და ჩვენს ევოლუციურ წინაპრებს შორის. ვერნერმა ბენგა ერთ ტომარა მარილსა და რამდენიმე მეტრ ქსოვილში გაცვალა და გაგზავნა სენტ-ლუისში, სადაც პიგმეი საერთაშორისო გამოფენის ჰიტად იქცა. გამოფენის შემდეგ ბენგა აფრიკაში დაბრუნდა და იქორწინა, მაგრამ ცოლი გარდაეცვალა და კვლავ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის მაიმუნებთან ერთად მოათავსეს ბრონქსის ზოოპარკის ვოლიერში ნიუ-იორკის ანთროპოლოგიური საზოგადოების მიერ მოწყობილი გამოფენის ჩარჩოებში. ადგილობრივი სასულიერო პირების შავკანიანმა წარმომადგენლებმა მოითხოვეს, სასწრაფოდ გაეთავისუფლებინათ ბენგა. მათ თანხმობა მიიღეს გუბერნატორისგან და ზოოპარკი იძულებული შეიქნა, გამოფენა დაეხურა. პიგმეი გაგზავნეს ვირჯინიაში, სადაც თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. 1916 წლის 20 მარტს ბენგამ, რომელსაც გადაეწურა სამშობლოში დაბრუნების იმედი, გულში ტყვია დაიხალა და ამით დაასრულა ერთ-ერთი სულისშემძვრელი ისტორია კაცობრიობის ისტორიაში.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here