Home რუბრიკები საზოგადოება «ორ საცერში გაცრილი წვიმა»

«ორ საცერში გაცრილი წვიმა»

1052

მოქრის მატარებელი

გულის გამხარებელი

მატარებელიიი

დაგდაგ, დაგდაგ, დაგდაგ…

ლიანდაგების შეპირაპირებაზე რკინის ბორბლების ამ მონოტონურობასთან შერწყმულ, პროვინციული ქალაქის მამაკაცებში პოპულარული «შიპრის» ოდეკოლონის მარტივ სურნელებას ამოჰყვება დენთის სუნით გაჟღენთილი ქარტეხილები სტალინგრადის ეპოპეის («სტალინგრადის ბრძოლა») და, რა თქმა უნდა, თავგანწირვას გადახლართული ფაქიზი, სიყვარული «ვარდის ფურცლობის» ჟამის («ალფრედი და ვიოლეტა»).

რა ამპლიტუდაა!

მატარებელი კი მიჰქრის და კონტრასტული დაუსრულებლობის მოჯადოებულ წრეში ტრიალებს რეზო გაბრიაძის შედევრების მარიონეტული ხილვები: აბსოლუტურად ორიგინალური, რადგან ასეთი პირველადობა მხოლოდ აქ შეიძლება შეიქმნას… საიდანღაც ჩნდება გრძნობა შენი ნაფიქრალის მატერიალიზების.

ფიქრისა, რომელიც არ გიფიქრია, გრძნობისა, რომელიც არ გიგრძვნია და რომელთაც შენად მიიჩნევ მაინც.

ასეთი სასწაული მხოლოდ აქ, მარიონეტების თეატრში ხდება, ციცქნა სცენაზე, გახევებულ გრძნობებსა და დამუხრუჭებულ გონებაში მინავლებული ადამიანურობის გამოღვიძება.

«1947 წლის 24 ნოემბერს რკ/გ სადგურ «რიონში» ნისლი იდგა», _ ასე იწყება რეზო გაბრიაძის მოთხრობა «ერმონია და რამონა».

ნისლი, რომელიც იმის წინამორბედია, რომ შეიძლება «ცამაც ვერ გაუძლოს» და «ორ საცერში გაცრილი წვრილი, მტვერს რომ ჰგავს, წვიმა გამოუშვას».

შეიძლება, რატომაც არა…

მოხდა ისე, რომ მარიონეტებში «რამონას» პრემიერაზე დაპატიჟებული «ჩემი გაზაფხულის შემოდგომაზე» აღმოვჩნდი. მე-4 რიგის მე-8 სავარძელში.

ასეც უნდა მომხდარიყო, რადგან ყველა სხვა შემთხვევა იქნებოდა ბანალური, ჩვეულებრივი, რეზო გაბრიაძის ორიგინალურობიდან ამოვარდნილი ფაქტი. «… იგი ნამდვილად დიადი ორიგინალურობის ჭეშმარიტი შემქმნელია», _ თქვა თავის დროზე პიტერ ბრუკმა.

ხომ მართალს ამბობს პიტერ ბრუკი, პატივცემულო ბორის, ბორისო, სიყვარულით რომ მიმართავდა ქალბატონი დომნა, მაყურებლის თვალწინ დაქვრივებული, რიონის სადგურის ვაგონების შემომვლელი, საბჭოთა რკინიგზელების დიდი ოჯახის ერთი უჩინარი წევრი ფილოსოფიურად განწყობილ და ყველაფრისმცოდნე თეთრ ყვავს _ ბორის გაგარინს.

ბორისოო.

რეზო გაბრიაძეს განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება აქვს მშრომელთა ამ დიდი ოჯახის მიმართ, ვადასტურებ ამას თუნდაც იმით, რომ რამდენჯერაც შევხვდი, რამდენჯერაც ინტერვიუ ვთხოვე, ზუსტად იმდენჯერ და ცოტა მეტჯერაც რკინიგზელებზე მიმითითებდა: ეძებე, იპოვე, დაწერე _ განუმეორებელი ხალხია, პირწმინდად დავიწყებული ჰყავთო ახლა ისინი.

და ამდენჯერვე კატეგორიული უარით გამომისტუმრა ინტერვიუს ჩამოსართმევად მისული:

_ შენ რომ გესაუბრო, მერე აქ ჟურნალისტების რიგი დადგება. მე მაგის თავი არ მაქვს და ხალხს მოვიმდურებ.

ორთქლმავლების საგაზე მუშაობა რომ დაიწყო, რეზო გაბრიაძემ სთხოვა რკინიგზის მაშინდელ ხელმძღვანელს ორთქლმავლის ერთი მაკეტი, რომელიც რკინიგზის მუზეუმში ჰქონდათ გამოფენილი, მარიონეტების თეატრისთვის დაეთმო.

იმ კაცმა, თავისი ცივი უარის ზრდილობის თბილ ქურქში მოსაქცევად და საკუთარი კეთილგანწყობის დემონსტრაციის მიზნით, სანაცვლოდ ორი ათასი ლარი შესთავაზა(!).

ასეთი იყო იმ ხელისუფლების ერთი კონკრეტული მაღალჩინოსნის ხელოვნებისადმი დამოკიდებულების პრინციპული საფუძვლები.

უარესი: აღმოჩნდა, რომ რკინიგზის მუზეუმი, რომლის არსებობის შესახებ მან არაფერი იცოდა, ამ დიდხელმძღვანელის კაბინეტის ქვეშ, ქვედა სართულზე მდებარეობდა.

რკინიგზელების ფოტოები აქვს შეტანილი თავის წიგნში რეზო გაბრიაძეს, მცირე გალერეა: «ლოკომოტივის დეპოს პირველი კლასის მემანქანე ბ. ხმალაძე, სამტრედიის ლოკომოტივის დეპოს პირველი კლასის მემანქანე ნ. ხუჭუა, სოხუმის ლოკომოტივის დეპოს ელმავლის მემანქანე გ. მიქაძე და ვ. ზახაროვი კომუნისტური შაბათობის დღეს, ელმავლის მემანქანე, სოციალისტური შრომის გმირი კ. ელიაშვილი» (რეზოს მამა _ ლევან გაბრიაძე სოციალისტური შრომის გმირი იყო).

რატომ ჩართო ასეთი რეალისტური დოკუმენტები წიგნში, რომელშიც ცხოვრება ფანტასტიკური სიმბოლოებით არის დახატული, ანუ როგორც ავტორი წერს: «თვალი შორაპანში გათენებას ეძებდა და რაღაც რაღაცებს არჩევდა სიბნელეში»?

გაარჩია, დაინახა და მოგვმართა ჩვენ _ წიგნის მკითხველებს:

«…როდესაც (რკინიგზელების) ამ ფოტოებს ვუყურებ, ყოველთვის განვიცდი დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობას. სირცხვილის, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ მოვასწარი მათთვის მადლობის თქმა და ჭიქის აწევა უკუდო სადღეგრძელოთი…

გთხოვთ, თუნდაც წამით, ოდნავ მაინც შეაჩეროთ თქვენი მზერა ამ სახეებზე.

გმადლობთ».

იდიოტები არიან ისინი, ვინც 2003 წლის 23  ნოემბრიდან მოინდომა საქართველოს «ახალი წელთაღრიცხვის» ათვლა…

ავადმყოფები «პალატიდან #6».

ხომ ასეა, ბორისო?..

მორიდებული, ოდნავ დაგუდული ხმით იტყვის რეზო გაბრიაძე სპექტაკლის დაწყების წინ _ გამორთეთ, თუ შეიძლება, მობილური ტელეფონები. ჩვენი დარბაზი პატარაა, აქ ჩურჩულიც კი ხმაურად ისმის.

გმადლობთო.

დიახ _ გმადლობთ და არა ვიღაც პიჟონის უვიცობას მორგებული «მადლობა», როგორც ავლაბრული «ბოლო-ბოლო» ქართული ბოლოს და ბოლოს ნაცვლად.

გაყუჩდება დარბაზი და ამ სიჩუმეში, როგორც ზღვის ქაფიდან აფროდიტე, იშვება სიყვარულის ისტორია, გულის ამაჩუყებლად განვითარებული სადგურ «რიონის» ლიანდაგებზე და ტრაგიკულად დასრულებული შაპიტოს მოხეტიალე ცირკის არენაზე წყალტუბოში გასტროლების დროს.

დიახ, ცირკის, დიახ, სიყვარულის, რომელიც ორთქლმავლების რკინის გულებსაც ცვილივით ადნობს.

რეზო გაბრიაძის «რამონა» ასეთ სიყვარულზე მოგვითხრობს _ სამანევრო ორთქლმავალ ФД-136 Зкв. ЖД #805-4-ის და იმავე ამიერკავკასიის რკინიგზის (Зкв. ЖД) ИС-235 #83501 საბჭოთა კავშირში ნავალი, შესანიშნავი ბიოგრაფიის მქონე მძლავრი ორთქლმავლის, სახელად ერმონია.

ამ სპექტაკლზე მეორე მცდელობით მიმიპატიჟებს თეატრის დამფუძნებელი.

ერმონია «ლიტერნი ელმავალს» ვერ შეედრებოდა სილამაზით, რომელიც «რობერტ ტეილორს» ჰგავდა. ვინმეს თავში რომ მოსვლოდა ამერიკაში, ტეილორისთვის გულზე ემალირებული დაფა უნდა დაეკიდა «Москва-Цкалтубо»-ს წარწერით». სამაგიეროდ ერმონიას გერმანიასთან ომის დროს «კოსიგინთან ერთად ქარხნები გამოუტანია ბრძოლის ველიდან და კუზბასში ჩაუტანია… შავი იყო, ვიდიანი».

უყვარდათ ერთმანეთი ერმონიასა და რამონას და ამ სიყვარულის ცეცხლი მათი ორთქლის ქვაბების ატმოსფერულ წნევას კრიტიკულ წერტილამდე აღამაღლებდა.

მაგრამ ამ დონის იქით, ფიზიკის ელემენტარული კანონის თანახმად, ირღვევა წონასწორობა, ჰარმონია, რაგინდ მბრუნავი და აღმავალი იყოს, როგორც სიყვარული.

მთავრდება სიყვარული, რომელსაც ეჭვიანობა შთანთქავს, მხურვალე და ენაჭარტალა ჩიტის ჭორიკანობით ზღვარგადასული («ჩემი გაზაფხულის შემოდგომა»).

იქნებ, მართალი ამბის (რა იცი!) პიკანტურ დეტალებს ტყვიამფრქვევით ესროდა გააფთრებულ ერმონიას «შიშველი ტოტიდან ჭრელ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ჩიტი, ბეჭებში რომ ცოტა ვიწრო ჰქონდა და შარვალი წვივებამდე დამოკლებოდა»:

«_ ჰკითხე, რატომ მაგას დაუდო მაინცდამაინც პატეფონი კიბეზე აბრამიძემ?..

_ ვინ იწვა შენზე გადაშხლართული ტენდერში, ნახშირზე 9 მაისს წყალტუბოდან ქუთაისამდე?!»

და ა. შ.

დაედევნა ოტელოსავით ეჭვიანობას ატანილი ერმონია წყალტუბოსკენ ლიანდაგით გაქცეულ რამონას.

«_ მოკლავს! _ იწივლა ცირამ და თხელი ტუჩებიდან მკლავით პომადის წაშლა დაიწყო». მაგრამ ბოლოს და ბოლოს «ნერვებზე გადასული» ერმონია თვითონ მოიკლავს თავს:

«ერმონიამ შავი მილი მოიგლიჯა და ბოლიანად რიონში ისროლა.

_ ვისში გამცვალე?!

ერმონიამ _ ИС-235, რომ იტყვიან, სრულად დაკარგა კონტროლი თავის თავზე!

თვლები, ონკანები, 38 მუხრუჭი! რომელი საით მიფრინავდა გამოდარებულ, მოყვითალო-მოვარდისფრო ცაში _ ზოგი გურიისკენ, რაჭისკენ, აჭარის ქედს იქით, იმის იქით, მამიჩემის მამასთან, მაშრიბში, მაღრიბში».

იმერეთის თავზე გასკდება თორმეტატმოსფეროიანი ქვაბი _ სიყვარულის ენერგიის უბადლო გენერატორი.

ხოლო ცნობისმოყვარე, სპორტულჩემოდნიანი ლენინგრადელის შეკითხვას, რას ყვირისო რამონია, რუსულად უპასუხებენ ასე:

«_ Он кричит – она блядъ!»

ეჭვიან სიყვარულს შეეწირებიან ერმონია _ ИС-235 და რამონა ЖД-135 _ პაროვოზები.

«ჩემი გაზაფხულის შემოდგომამ» დახურა ლინკოლნ-ცენტრის ფესტივალი საკუთარი ხელწერის განუმეორებელი და მშვენიერი მელანქოლიით» («ნიუ იორკ ტაიმსი», 2002).

მაგრამ გავა დრო და რეინკარნაციის კანონის ძალით რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრში პროვინციული ეჭვიანობის მაქსიმალიზმიდან «რამონას» პრემიერის სახით გაცოცხლდება მათი ტრფობის ამბავი. ეჭვიანობის გარეშე, მაგრამ მაინც ტრაგიკული დასასრულით: ფეხმოტეხილი ლამაზმანი მუშაითი მსახიობის ნაცვლად შაპიტოს ცირკის ბაგირზე გასული რამონა მთის იქით ერმონიას თეთრ ბოლს რომ  დაინახავს, მის მრგვინავ ხმას რომ გაიგონებს, თავბრუ დაეხვევა, წონასწორობას დაკარგავს და მიწას დაენარცხება.

მოკვდება საწყალი რამონა.

ზედ დააკვდება ბოლოს და ბოლოს საქართველოში დაბრუნებული ორთქლმავალი ис-235  _ ერმონია.

_ ბატონო რეზო, _ ვკითხე მორიდებით სპექტაკლის შემდეგ, _ როგორ დაიბადა სატრანსპორტო საშუალებათა სიყვარულის იდეა?

_ ჩემი წიგნი გაჩუქე?

_ არა.

_ ხვალ მოგიტან, წაიკითხავ და გაიგებ.

ხვალ გავცვლით წიგნებს. ჩემსას დიდ წარწერას დავურთავ იმის აღნიშვნით, რომ რეზო გაბრიაძის სახელი სამუდამოდაა შესული მსოფლიო ხელოვანთა სიაში.

წავუკითხავ.

გაიღიმებს და მეტყვის:

_ მე ამდენს ვერ დავწერ…

გადაშლის თავის წიგნს და თავფურცელს შეახებს კალამს.

წერს ნელა. მონდომებით გამოჰყავს ასოები. ჩაილაპარაკებს თავისი ცოტა სარკასტული, ცოტა იუმორისტული და, რა თქმა უნდა, თბილი ღიმილით:

_ ბ-ს მომგონს რა ვუთხარი, ძნელი დასაწერია!

წარწერაში ბანი იყო ექვსი. ექვსი საყვედური არ თქმულა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ:

«უნივერსიტეტში გატარებული წლების მოსაგონებლად, კეთილი სურვილებით, რეზო გაბრიაძე. 8.IV.13 თბილისი».

წავიკითხე ამ წარწერიანი ის წიგნი და, რაც ზემოთ დავწერე, იმ წიგნიდან მოდის.

არმაზ სანებლიძე

P.S. მატარებლის ხმა თანდათან ახლოვდება. დამახასიათებელი დაგდაგის ფონზე სიბნელეს ყელზე შემოეხვევა ვაგონების ფანჯრების სინათლის გრძელი მძივი.

დაგდაგ, დაგდაგ, დაგდაგ

ჩაივლის «ლიტერნი» და რეზო გაბრიაძის თოჯინები რამონასა და ერმონიას სიყვარულის ამბავს მოგვიყვებიან, წარმოგვიდგენენ ავტორის ნიჭიერებით გაბრწყინებულ «მანონ ლესკოს და დეგრიეს სევდიან რომანს», რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის სივრცის რიონიწყალტუბოს უბანზე «ჰქონდა ადგილი».

ერთი საათით მაინც თუ გსურთ, თავი დააღწიოთ უნიჭო ხელისუფალთა დანატოვარი ცხოვრების გათახსირებულობას, მიუკაკუნეთ ძველ თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის უკან დაბრეცილი კოშკის ძირას მიდგმული საბილეთო ჯიხურის სარკმელს _ იქნებ დარჩათ ბილეთი «რამონას» პრემიერაზე?

შთაბეჭლილებებზე და «ორ საცერში გაცრილი წვიმის შესახებ» მას მერე ვილაპარაკოთ, იმ სამყაროზე, რომელიც რეზო გაბრიაძემ შექმნა და «სადაც ტრადიცია, ფანტაზია და თავისუფლება გვერდიგვერდ დადიან» («კორიერე დელა სერა»).

 

1 COMMENT

  1. როდესაც მუზები მუსაიფობებნ, ზარბაზნები დუმან!

    ბატონ რევაზს ჩემი მოკრძალებული სალამი, ავტორს ჩემი პატივისცემა!

    უღრმესი მადლობა სიკეთის კიდევ ერთი დღესასწაულისათვის…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here