Home რუბრიკები საზოგადოება დალილა ხორავა: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება შეცდომა იყო

დალილა ხორავა: ჩერქეზთა გენოციდის აღიარება შეცდომა იყო

631

ქართულ საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 2011 წელს ჩერქეზთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედება საქართველოსთვის მხოლოდ უარყოფითი შედეგების მომტანი იყო მაშინაც და ახლაც. ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით «საქართველო და მსოფლიომ» აფხაზეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრ დალილა ხორავას მიმართა.


_ საკამათო არ არის, რომ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებით საქართველომ ბევრი წააგო. მოდით, კონკრეტულად მითხარით, თქვენი აზრით, უნდა მომხდარიყო  თუ არა ეს აღიარება?

_ მოსკოვის გასაღიზიანებლად ასეთი აღიარების გაკეთება ჩვენი მხრიდან მაშინ, როცა ჩვენი ტერიტორიებისა და დევნილების ბედი რუსეთზეა დამოკიდებული, როგორც მინიმუმ, ნაჩქარევი ნაბიჯი იყო.  300 000 დევნილი გვყავს და მგონი, ჯობდა ჯერ საკუთარი ქვეყნისთვის მიგვეხედა, ჯერ ამ საკითხების მოგვარების მიმართულებით გვემუშავა, ვიდრე ჩერქეზების გენოციდი გვეღიარებინა.

_ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი პრეზიდენტის უფლებაშესაძლებლობები ძალიან შეზღუდული იქნება. თქვენ რამდენად ეთანხმებით ამას?

_ მე საერთოდ ვარ უმოქმედობის წინააღმდეგი. თუ არაფერი შეუძლია, რა საჭიროა მაშინ პრეზიდენტი?!  ჩემი აზრით, ახალი პრეზიდენტი აქტიურად უნდა იყოს დაკავებული საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხით. არ იქნებოდა ზედმეტი, თუ ის პირადად  მიიღებდა მონაწილეობას  ყველა ტიპის  მოლაპარაკებაში, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას შეეხება. ახალმა პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ გულით არის ღია და მზადაა, ეს საკითხები მოაგვაროს მაქსიმალურად უმტკივნეულოდ ჩვენთვის და, რასაკვირველია, მათთვისაც.

_ უნდა აღდგეს თუ არა რუსეთთან ურთიერთობები და რა გზით?

_ უნდა მოხდეს ურთიერთობების აღდგენა და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს აფხაზეთ-ოსეთის დეოკუპაცია. რუსეთი არის ჩვენი გეოგრაფიული მეზობელი, არის უდიდესი ქვეყანა თავისი მასშტაბით და საქართველომ უნდა შეძლოს მონახოს მის გვერდით ნორმალური არსებობის საშუალება. თანაც ეს უნდა მოხდეს აუცილებლად მშვიდობიანი გზით. ომითა და იარაღის ჟღარუნით ჩვენ ვერაფერს გავხდებით, ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნეში, როცა  ჩვენს ქვეყანას მრავალი ინტელექტუალი, ჭკვიანი ადამიანი ჰყავს, რომელთაც ისტორიის გადახედვა და მისი ანალიზი შეუძლიათ, აუცილებლად უნდა გამოინახოს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის  დამყარების გზა. სხვა შემთხვევაში პრობლემები იქნება მუდმივად. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ ეს პრობლემები, როგორც წესი, უბრალო ხალხზე აისახება და არა ელიტაზე და ამის ნათელი მაგალითები ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, ათასობით გვაქვს.

_ უნდა დაინიშნოს თუ არა ვადამდელი  საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში?

_ ჩემი აზრით, არა. ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი. მას ვადა ეწურება ოქტომბერში. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ კანონის უზენაესობას. გვინდა თუ არა, პატივი უნდა ვცეთ კანონს. აქ საუბარი არ არის ცალკეულ ადამიანებზე, აქ ქვეყნის პრესტიჟზეა ლაპარაკი.

_ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მხრივ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ქართულმა მხარემროგორ უნდა მოხდეს საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის აღდგენა?

_ ერთ-ერთი ჩვენი სტრატეგიული მუშაობის მიმართულება უნდა იყოს ნდობის აღდგენის საკითხი. აფხაზებს ჰყავთ «უხუცესთა საბჭო», რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. მასთან გზების გამონახვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელმძღვანელ პირებთან დიალოგი.

_ როგორც ცნობილია, «უხუცესთა საბჭო» ქალბატონებთან მოსალაპარაკებლად არ დასხდება. თქვენ რომ იყოთ ჩართული კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, როგორ ფიქრობთ, ისინი თქვენ მოგისმენენ?

_ დედით აფხაზი ვარ, აფხაზების ადათ-წესებს ახლოს ვიცნობ. ნაწილობრივ ასეა _ აფხაზეთის «უხუცესთა საბჭოს» ყველა წევრი მამაკაცია და ქალბატონებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ერიდებიან, თუმცა ეს ადამიანები იმდენად ბრძენი ხალხია, რომ, თუ აზრი იქნება სწორად ჩამოყალიბებული და საქმე იქნება პოზიტიური, ისინი ქალბატონსაც მოუსმენენ…

ესაუბრა ეკა კახიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here