Home რუბრიკები საზოგადოება «საქპატენტის» შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

«საქპატენტის» შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

1065

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ «საქპატენტის» ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია უკიდურესად პოლიტიზირებული იყო და პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი მისი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო არაერთი ბიზნესი დაზარალდა. «საქპატენტის» ხელმძღვანელიც კვლავ რჩება ძველი კადრი, რომლის მიმართაც არაერთი პრეტენზია არსებობს. ვითარებაში გასარკვევად «საქართველო და მსოფლიო» პატენტრწმუნებულ ადვოკატს, 2000-2005 წლებში «საქპატენტის» იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელს, სააპელაციო პალატის წევრ გიორგი თაქთაქიშვილს ესაუბრა, რომელიც საქართველოში წარმოადგენს და იცავს ისეთი კომპანიების ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს, როგორებიც არიან The CocaCola Company, Samsung, Johnson&Jonson, general Motors, Brown Firman, Roshen და სხვ.


გიორგი თაქთაქიშვილი: _ შექმნილი ვითარება დრამატულია. ახალი პოლიტიკური რეალობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის თავისუფალი სივრცის გაჩენას უკავშირდება, რასაც ბუნებრივად უნდა მოჰყვეს სხვადასხვა დარგის ირგვლივ საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფების ინტერესთა კონცენტრაცია და მანამდე დებატებისა და ოპონირებისთვის დახურული სივრცის გახსნა, რათა სახელისუფლო დაწესებულებებს მუდმივად ჰქონდეთ განცდა, რომ სახელმწიფოს მართვის პროცესი საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფების ყურადღების ქვეშაა.

სწორედ მსგავსი მოლოდინები გვქონდა ჩვენც, რისთვისაც გადავდგით კიდეც გარკვეული ნაბიჯები. მაგრამ «საქპატენტის» ირგვლივ არსებული სივრცე დახურული რჩება ყოველგვარი დებატებისა და კოოპერაციისთვის, შესაბამისად კი _ კერძო სექტორის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისთვის. აღნიშნულის საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენს ჩვენი ბოლო შეხვედრა «საქპატენტის» ადმინისტრაციასთან. ჩვენ შევეცადეთ, ერთის მხრივ, გვესაუბრა არსებულ პრობლემებზე და მიგვეღო პასუხი, თუ როგორ ესახება «საქპატენტის» ადმინისტრაციას მათი გადაჭრა. შეხვედრის შედეგი ნულის ტოლფასია, რადგან «საქპატენტის» ადმინისტრაცია არ არის მზად არამხოლოდ პრობლემების გადასაჭრელად, არამედ მათზე სასაუბროდაც კი. მაგალითად, «საქპატენტში» 20 თებერვალს შემდგარ ჩვენს ბოლო შეხვედრაზე «საქპატენტის» თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძისგან მივიღეთ დაპირება, რომ მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა გადაწყდებოდა კერძო სექტორთან შეთანმებით, მაგრამ, ამ დაპირების მიუხედავად, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ევროპის საპატენტო უწყებასთან (EPO) «ვალიდაციის» სისტემით საქართველოს მიერთება გადაწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად «საქპატენტმა» გაავრცელა თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, მაგრამ მეორე დღესვე დააკორექტირა ის და EPO-სთან ზოგად ინტეგრაციაზე დატოვა ცნობები.

ახლა საკითხის არსს რაც შეეხება: EPO არის ევროპის საპატენტო კონვენციით შექმნილი საერთო ევროპული საპატენტო ორგანიზაცია, რომელიც არსებობს ევროპული ქვეყნების ეროვნული საპატენტო უწყებების პარალელურად და გასცემს ევროპულ პატენტს, რომელიც მოქმედებს EPO-ს წევრი-ქვეყნების ტერიტორიაზე. EPO ავტონომიური და ძალიან გავლენიანი სტრუქტურაა და თავისი 1,6 მილიარდ ევროიანი ბიუჯეტით დაფინანსებით ჩამორჩება მხოლოდ ევროკომისიას. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს საშუალებას, მიიღონ ერთიანი დამცავი დოკუმენტი (ევროპატენტი), რომელიც ფარავს ევროპის საპატენტო კონვენციის მონაწილე 38 ქვეყნის ტერიტორიას, ანუ პრაქტიკულად მთელ ევროპას. ევროპული საპატენტო სისტემის განვითარებისა და ექსპანსიის მიზნით, წლების განმავლობაში შემუშავდა ორი ფორმა, რომლითაც ეს სისტემა შეიძლება გავრცელდეს არაწევრ ქვეყნებზეც, როგორც ე. წ. extension (გავრცელება) და validation (ვალიდაციის) სისტემა.

პირველი, ანუ expension-ის  შესახებ შეთანხმების დადება, როგორც წესი, წარმოადგენს არა უბრალოდ საპატენტო სისტემის ჭრილში მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ უფრო პოლიტიკურ გზავნილს, რადგან ამ სისტემით EPO-სთან ხელშეკრულების დადება გულისხმობს მკაფიო სიგნალს, რომ ქვეყანა, რომელთანაც იდება მსგავსი შეთანხმება, განიხილება EPO-ს მომავალ წევრად. ჩვენ შემთხვევაში ეს მოხდება მაშინ, როდესაც საქართველო ოფიციალურად გამოცხადდება ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნად. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის როგორც MAP-ი NATO-სთან მიმართებაში (ეს გზა ევროკავშირში გაწევრიანებამდე გაიარეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რუმინეთმა და ა. შ.).

რაც შეეხება მეორეს _ ვალიდაციის სისტემას, რომლისკენაც მიგვაქანებს «საქპატენტის» ადმინისტრაცია, იგი გულისხმობს EPO-ს მხრიდან (საქართველოს EPO-ში და, შესაბამისად, ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით) ყოველგვარი სამომავლო ვალდებულებების აღების გარეშე ევროპატენტის საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებას, როგორც საპატენტო-სამართლებრივი კოლონიის ტერიტორიაზე. დღევანდელ დღეს მსგავსი შეთანხმება EPO-ს დადებული აქვს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან – მაროკოსთან, ჩვენ კი, «საქპატენტის» ადმინისტრაციის მოსაზრებით, მეორე მაროკო უნდა გავხდეთ. თანაც ისე, რომ ამ საკითხს ამზადებს ერთ-ორი ადამიანი კერძო სექტორთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან და ა. შ. ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე. კონსულტაციას ვინ ჩივის, ინფორმაციასაც კი არ გვაწვდიან.

საკითხის პოლიტიკური შემადგენლის ირგვლივ საუბარი, დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება პარლამენტსა და მთავრობაში, თუმცა «საქპატენტის» ადმინისტრაციის პოლიტიკური «სიმწიფე» ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან გაუგებარია, რატომ ვჩქარობთ ევროპის საპატენტო სისტემაში ინტეგრაციას, როდესაც ეს გამოიწვევს ჩვენი ეროვნული საპატენტო სისტემის კოლაფსს და, თუ კი მაინც უნდა ვიჩქაროთ, რატომ ვირჩევთ ისეთ გზას, რომელზეც დღესდღეობით EPO-მ მხოლოდ მაროკო დაიყოლია, მიუხედავად EPO-ს ძალიან გავლენიანი ხელმძღვანელობის მცდელობებისა, ფართოდ გაავრცელოს ეს სისტემა.

ახლა რაც შეეხება ამ საკითხის პრაქტიკულ შედეგებს: დღეს საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 400 საპატენტო განაცხადი შემოდის, რომელთა შორის ადგილობრივი განმცხადებლების მიერ წარდგენილი განახცადების რაოდენობა დაახლოებით 25%-ია. დანარჩენი, ანუ 75% განაცხადებისა შემოდის საზღვარგარეთიდან. როგორც წესი, ეს არის განაცხადები, რომლებიც ასევე შეტანილია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის, ბუნებრივია, ევროპულ ქვეყნებში EPO-ს მეშვეობით. თუ ჩვენ დავუშვებთ «საქპატენტის» ადმინისტრაციის იდეის განხორციელებას, რომ საქართველო მიუერთდეს EPO-ს ვალიდაციის სისტემით, ეს გამოიწვევს იმას, რომ საქართველოში აღარ შემოვა უცხოური განაცხადები, რადგან ის განმცხადებლები, რომლებიც მოისურვებენ საქართველოში საპატენტო დაცვის მოპოვებას, უბრალოდ, მიუთითებენ ამის შესახებ EPO-ში წარდგენილ განაცხადში, საპატენტო ექსპერტიზას ჩაატარებენ EPO-ს ექსპერტები და და EPO-ს მიერ გაცემული ევროპატენტი ავტომატურად გავრცელდება საქართველოზეც ისე, რომ ქართული სახელმწიფო, «საქპატენტის» და ქართული ექსპერტების სახით, ამ პროცესში საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას.

მეტიც, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, წაგვერთმევა საშუალება, შევიმუშაოთDდა განვახორციელოთ საკუთარი პოლიტიკა ამ დარგში, რადგან აღმოვჩნდებით სრულად დამოკიდებული ევროპის საპატენტო სისტემასა და კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა აეწყოს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა. და ეს მაშინ, როდესაც ყველას გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ახლო მომავალში ვერ მოხდება. მაშინ რატომ ვისპობთ მანევრის საშულებას? რატომ გვეჩქარება ასე ძალიან? რატომ არ შეიძლება ევროპის საპატენტო სისტემაში ჩვენს ინტეგრაციაზე ზრუნვა დავიწყოთ, სულ მცირე, მაშინ, როდესაც ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნად გვაღიარებს? ეს გზა ხომ გაიარეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რუმინეთმა; ამ გზას ადგანან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნები. არც ერთი მათგანი არ მიერთებია EPO- ვალიდაციის სისტემით.

პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ მეც კი მესმის, რომ ქვეყანა, რომელიც ასეთ დათმობაზე მიდის და უარს ამბობს სახელმწიფოს ერთ-ერთ ატრიბუტზე, დამოუკიდებელ საპატენტო სისტემაზე, სანაცვლოდ რაიმეს მაინც უნდა იღებდეს, მაგალითად, ევროკავშირში წევრობას თუ არა, კანდიდატის სტატუსს მაინც, ოღონდ არა ვალიდაციის კომბინაციაში, არამედ ეხტენსიონ-ის (გავრცელება) სისტემასთან ერთად. ის გზა, რომელსაც ადგას «საქპატენტის» ადმინისტრაცია ამჟამად, საქართველოში «მოკლავს» საპატენტო ექსპერტიზას. ჩვენ, როგორც ქვეყანას, აღარასდროს გვექნება საპატენტო ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, განაცხადებზე პრაქტიკული მუშაობის გარეშე ჩვენ ვეღარასდროს აღვზრდით ახალგაზრდა კადრებს, ქვეყანაში აღარ იარსებებს უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ერთ-ერთი ფუნდამენტი. მაშინ მე მინდა ვიკითხო: მსგავსი პოლიტიკა როგორ არის თავსებადი მთავრობის მიერ დეკლარირებულ კურსთან, საქართველოში ტექნოლოგიების განვითარებაში სერიოზული ინვესტირების შესახებ? ეს ხომ წარმოუდგენელია სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფართოდ გაშლის გარეშე, რომელიც, თავის მხრივ, ვერ იქნება ეფექტური საპატენტო ექსპერტიზის საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროკავშირს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების პროცესში არც ერთ ეტაპზე არ მოუთხოვია საქართველოსგან ამ ნაბიჯის გადადგმა, როგორც რაიმეს წინაპირობა.

მაშ, ვის და რატომ გაუჩნდა ეს ანტისახელმწიფოებრივი იდეა? ჩემთვის პასუხიც მაქვს: მე პირადად ოცამდე ადამიანის თანდასწრებით ვკითხე ირაკლი ღვალაძეს 20 თებერვლის შეხვედრაზე, თუ რა დადებითი მხარეები აქვს, მისი აზრით, EPO-ში გაწევრიანებას. მან ერთი არგუმენტი დაასახელა: ფული, შემოსავლები. მინდა განვმარტო, რომ საუბარია იმ განაცხადებიდან მიღებულ, უკეთეს შემთხვევაში, წელიწადში რამდენიმე ასეულ ათას ევროზე, რომელსაც «საქპატენტი» მიიღებს საკუთარ ბიუჯეტში EPO-სგან, თუ ჩვენ მივუერთდებით ამ სისტემას. ყველაფერი ნათელია, არა?

ის, თუ როგორ იხარჯება «საქპატენტის» ფინანსები, ამაზე ცალკე მოგახსენებთ. აქვე იმედს ვიტოვებ, რომ «საქპატენტის» ადმინისტრაციის ეს შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დროულად დაიბლოკება მთავრობასა და პარლამენტში. ამ მიზნით პატენტრწმუნებულთა ჯგუფი და დარგში მოღვაწე სპეციალისტები ვგეგმავთ მთელ რიგ შეხვედრებს და, რაც მთავარია, საზოგადეობის ინფორმირებას. სამწუხაროდ, ზევით განხილული შემთხვევა წარმოადგენს ერთ-ერთ, მაგრამ არა ერთადერთ პრობლემურ საკითხს, რომელიც იმავე დროს ახდენს «საქპატენტის» ადმინისტრაციისა და მისი თავმჯდომარის სრულ ლუსტრაციას.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის თავად ეს დარგი?

_ იმისათვის, რომ მკითხველმა დაინახოს და შეიგრძნოს ამ დარგის რეალურ პრიორიტეტად გადაქცევის აუცილებლობა, პირველ რიგში, მინდა მოკლედ დავახასიათო ინტელექტუალური საკუთრების სფერო. თანამედროვე მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრება (პატენტი, სასაქონლო ნიშანი, დიზაინი, საავტორო უფლება) მეწარმეთა უმრავლესობის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს აქტივს წარმოადგენს. ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქტივების 70%-ს ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს. ნამდვილი მეწარმის სული, შემოქმედებითობა და გამომგონებლობა _ აი ის თვისებები, რომლებიც აუცილებელია გლობალური ეკონომიკის ეპოქაში იმ ერებისთვის, რომლებსაც არ უნდათ, რომ უფუნქციოდ დარჩნენ და კაცობრიობის პერიფერიად გადაიქცნენ. ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა, მისი სწორი აღსრულება და უფლებების ეფექტური დაცვა უზრუნველყოფს უსაფრთხო და პროგნოზირებად გარემოს მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის, აგრეთვე, ინვესტორებისთვის, რომლებიც ახდენენ კაპიტალდაბანდებას იმ ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომლებიც დგას განვითარების, პროგრესის, დოვლათის და, შესაბამისად, ადამიანებისთვის უკეთესი და უფრო ხანგრძლივი ცხოვრების უზრუნველყოფის სამსახურში. «საქპატენტში», რომელიც ზემოთ აღწერილ პროცესებში ერთ-ერთი ფლაგმანი უნდა იყოს, შექმნილი მდგომარეობა შეუძლებელს ხდის საქართველოს სახელმწიფოს მიერ ამ მიზნების მიღწევას, რადგან მისი ადმინისტრაცია ჰგავს პატარა ბავშვს, რომელსაც ხელში ასანთი აქვს მომარჯვებული და დროდადრო ხანძარს აჩენს ამა თუ იმ მიმართულებით.

_ უფრო დეტალურად ხომ არ შეგიძლიათ დაახასიათოთ არსებული პრობლემები?

_ «საქპატენტში» არსებული პრობლემები რამდენიმე ძირითად ნაწილად იყოფა. პირველი: «საქპატენტის» ადმინისტრაციის სრული, მე ვიტყოდი, ქვეყნისთვის დამღუპველი, არაკომპეტენტურობა და არასახელმწიფოებრივი აზროვნება. მსგავსი სიტუაცია ბუნებრივიც არის, რადგან «საქპატენტის» ახალი ადმინისტრაციის დანიშვნა განხორციელდა ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილების და არა კომპეტენტურობის კრიტერიუმით. ჩემს ამ პოზიციას ადასტურებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშები საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შეფასების თაობაზე. მაგალითად, 2011 წლის ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს საპატენტო უწყება უკეთ უნდა ერკვეოდეს ახალ ტექნოლოგიებში, რაც სრულიად სამარცხვინოა. კრიტიკულია 2012 წლის ანგარიშიც, რომელშიც მითითებულია, რომ «საქპატენტი», როგორც ინტელექტუალური საკუთრების სფეროს კოორდინატორი სახელმწიფო ორგანო, ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

მეორე: «საქპატენტის» ადმინისტრაციის არასახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგია, თბილისის ცენტრში მდებარე «საქპატენტის» საკუთარი ხარჯებით შექმნილი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის დაკარგვა და ქ. მცხეთაში საეჭვოდ ძვირი (ხუთი მილიონი ლარის) ღირებულების ოფისის აშენება. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ «საქპატენტის» თანამშრომლების გადაადგილება ქ. მცხეთაში არა მხოლოდ სერიოზულ დისკომფორტს იწვევს თანამშრომლებისა და დაინტერესებული პირებისთვის, არამედ ყოველწლიურად «საქპატენტს» დაახლოებით ოთხასი ათასი ლარი უჯდება და ეს მაშინ, როდესაც ამ დარგში მოსამართლეთა ტრენინგი აშშ-ისა და ევროკავშირის ფინანსებზეა დამოკიდებული, ტექნოლოგიური ტრანსფერის ცენტრი გერმანიის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, «საქპატენტმა» შეწყვიტა საპატენტო ექსპერტიზისთვის აუცილებელი ფასიანი საპატენტო ბაზებისადმი წვდომისა და სამეცნიერო ლიტერატურის შესყიდვა, თანხები არ იხარჯება განგრძობად განათლებაზე და ა. შ.

_ პრესაში გამოქვეყნებულ ერთერთ კრიტიკულ პუბლიკაციას «საქპატენტიდან» უკანონოდ დათხოვილი თანამშრომლები აწერდნენ ხელს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

_ «საქპატენტიდან» კვალიფიციური კადრების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განდევნა, ხშირად მიმდინარე საკითხებზე განსხვავებული აზრის გამო, ჩვეულებრივი ამბავია. არასახელმწიფოებრივი და არაპრაგმატული აზროვნება, ასაკოვანი ადამიანების (ექსპერტების) სოციალური მდგომარეობისადმი სრული გულგრილობა _ აი ის, რაზეც მიუთითებდა «საქპატენტის» თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის, მოქმედება, როდესაც ის, ვითომდა ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის მოტივით, სრულიად უკანონოდ სამსახურიდან ათავისუფლებდა «საქპატენტის» ღვაწლმოსილ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ აღიარებულ ექსპერტებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ «საქპატენტის» თავმჯდომარის მოადგილემ ეკა ეგუტიამ, «საქპატენტის» ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღვაწლმოსილი ექსპერტი ისეთი ფორმით დაითხოვა სამსახურიდან, რომ იგი ამნეზიის დიაგნოზით «საქპატენტიდან» პირდაპირ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

მაგრამ, როდესაც ვაანალიზებ ამ ქმედებებს, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ეს ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს: ფულადი სახსრების გამოთავისუფლებას, რათა ექსკლუზიურად ადმინისტრაციის რამდენიმე წევრის მიერ შესაძლებელი ყოფილიყო ფანტასტიკური მოცულობის (ყოველთვიურად 10-15 ათასი ლარი) პრემიების მიღება. სხვა ახსნას მე ვერ ვპოულობ. ალბათ, ამ ხალხის აზრით, EPO-სთან მიერთებით მიღებული დამატებითი შემოსვლებიც იმავე მიზნებს, რამდენიმე ადამიანის პირად კეთილდღეობას, უნდა მოხმარდეს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ხალხი ვერც ხვდება, თუ რამდენად უსამართლო და უკანონოა მსგავსი სოციალური პოლიტიკა და რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს «საქპატენტის» მუშაობის ხარისხზე.

_ წინა ხელისუფლების პირობებში, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო დაწესებულება პოლიტიზირებული იყო. რამდენად ეხება ეს «საქპატენტს»?

_ სამწუხაროდ, ეს «საქპატენტს» პირდაპირ ეხება, რადგან ირაკლი ღვალაძემ პირნათლად შეასრულა პარტიული დავალება და წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი პოლიტიკური კორუფციის სისტემისა და რეპრესიული მანქანის ნაწილად გადააქცია «საქპატენტი», რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა (და იღებს დღემდე) არა კანონზე დაყრდნობით, არამედ მაშინდელი ხელისუფლების თუ მასთან დაახლოებული ბიზნეს და პოლიტიკური წრეების სურვილის მიხედვით. აღნიშნულის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები უკავშირდება «ინფო 9»-ს და თამბაქოს წარმოების სფეროს.

თქვენი მკითხველისთვის მცირეოდენ განმარტებას გავაკეთებ: «საქპატენტის» მიერ სასაქონლო ნიშანზე ჩატარებული ექსპერტიზის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ იქნეს დაშვებული სარეგისტრაციოდ უფრო ადრე წარდგენილი ან ადრე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის რეგისტრაცია. «ინფო 9»-ს შემთხვევა:

2012 წლის 7 აგვისტოს შპს «მეცხრე არხი ინფომ» «საქპატენტში» სარეგისტრაციოდ წარადგინა თავისი ლოგო, რასაც უცნაურად დაემთხვა 16 აგვისტოს პრაქტიკულად იმავე ლოგოს სარეგისტრაციოდ წარდგენა გიორგი ალთუნაშვილის მიერ, რომელიც ფსევდო «ინფო 9»-ის მონაწილე და ცნობილი ალისტრახოს თანამოაზრეა. ნაცვლად იმისა, რომ «საქპატენტს» უარი ეთქვა გიორგი ალთუნაშვილისთვის «ინფო 9»-ის ლოგოს რეგისტრაციაზე, ირაკლი ღვალაძემ რეგისტრაციაში გაუტარა მას ეს ლოგო, რითაც დაუკანონა ალისტრახოსა და მის თანამოაზრეებს «ინფო 9»-ის ლოგოს გამოყენება ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა. ის, თუ როგორ გამოიყენებოდა «ინფო 9»-ის ლოგო ალისტრახოსა და მისი თანამოაზრეების მიერ საარჩევნო პროცესის საბოტაჟისთვის, საზოგადოების დეზინფორმაციისთვის და ა.შ. კარგად ახსოვს ჩვენ საზოგადოებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შპს «მეცხრე არხი ინფოს» მიერ თავისი ლოგოს «საქპატენტში» რეგისტრაციის ფაქტი გაშუქდა კიდეც 2012 წლის 25 აგვისტოს TV 9-ის ეთერში და რეპორტაჟში ასახული პირები თამამად აცხადებდნენ, რომ ამიერიდან შეძლებდნენ აღეკვეთათ ამ ლოგოს გამოყენება ალისტრახოსა და მისი თანამოაზრეების მიერ, თუმცა მათ არ იცოდნენ მთავარი, რომ იმავე დღეს კანონის დარღვევით პრაქტიკულად იდენტური ლოგო «საქპატენტმა» დაურეგისტრირა გიორგი ალთუნიშვილსაც.

ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც ქალბატონ თინა ხიდაშელს წინასაარჩევნო შეხვედრები ჰქონდა საგარეჯოს რაიონში, სადაც გაიმართა კიდეც დებატები და ფსევდო «ინფო 9»-ის წარმომადგენელ გოგონას შორის ლოგოების მსგავსების შესახებ. ამ დროს არც ქალბატონმა თინამ და არც სხვებმა, სავარაუდოდ, არ იცოდნენ, რომ ფსევდო «ინფო 9»-ის «ჟურნალისტი» კისერზე «ინფო 9»-ის ლოგოს უბრალო იმიტაციას კი არა, «საქპატენტის» მიერ გიორგი ალთუნიშვილის სახელზე უკანონოდ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოსახულებას ატარებდა.

იგივე ეხება უკანონოდ დარეგისტრირებული ლოგოს გამოყენების სხვა უამრავ შემთხვევას. შესაბამისად, არც არის გასაკვირი ის ოლიმპიური სიმშვიდე, რომლითაც ფსევდო «ინფო 9»-ის «ჟურნალისტები» მოქმედებდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ არავითარ კანონს არ არღვევდნენ და, ვინმეს რაიმე პრეტენზია თუ გაქვთ, გვიჩივლეთო. მართლებიც იყვნენ, რადგან მათ ზურგს არამხოლოდ სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა და ძალოვანები, არამედ «საქპატენტის» მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობაც უმაგრებდა, რომელმაც დააკანონა ეს უკანონობა. ამდენად, შესაძლოა, შპს «მეცხრე არხი ინფოს» ადმინისტრაციას ჰგონია, რომ «ინფო 9»-ის ცნობილი ლოგო მათი ექსკლუზიური საკუთრებაა, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა.

ერთი შეხედვით შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ ეს ამბავი. ეს მართლაც წარმოუდგენელია, რადგან 1992 წლიდან რა პოლიტიკურ მოვლენებს არ ჰქონია ადგილი საქართველოში, მაგრამ «საქპატენტი», როგორც საპატენტო უწყება და ნახევრად სამეცნიერო დაწესებულება, ყოველთვის შორს იყო ამ მოვლენებისგან და ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ, როდესაც უკეთ გაეცნობით ბატონი ღვალაძის ბიოგრაფიას, გაარკვევთ, რომ ბოლო არჩევნებისას ის, როგორც «ნაციონალური მოძრაობის» აქტივისტი, პირადად იყო ჩართული «ნაციონალური მოძრაობის» საარჩევნო კამპანიაში ჭიათურაში, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და საარჩევნო პროცესში დანაშაულებრივი ფორმით მონაწილის, უზნეობის და უტიფრობის ნიმუშის – ალისრტრახოს _ მიმართ კანონის სრული იგნორირებისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გამოჩენილი კეთილგანწყობაც აღარ გაგიკვირდებათ.

თამბაქოს წარმოების სფერო _ DAVIDOFF, CAMEL, PARLIAMENT, LUCKY STIKE შემთხვევები. წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების «სტანდარტ ტობაკო» და «ჰარინგტონი» და საეჭვო რეპუტაციის ფიზიკური პირების ინტერესების ლობირების მიზნით ადგილი ჰქონდა და აქვს ამჟამადაც ისეთი მულტინაციონალური კომპანიების ინტერესების ფეხქვეშ გათელვას, როგორიც არის «დავიდოვი», «ბრიტიშ ამერიკან ტობაკო», «ჯაპან ტობაკო», «ფილიპ მორისი», «ბულგარ ტობაკო» და თამბაქოს სფეროში ძალიან ცნობილი ბრენდების «დავიდოვი», «ქემელი», «ვინსტონი», «ლაქი სტრაიკი» და სხვ. იმიტირებული ბრენდების რეგისტრაციას, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს ვალდებულებაა, არამხოლოდ არ დაუშვას ასეთი იმიტაციების რეგისტრაცია, არამედ აღკვეთოს მათი გამოყენება. იმავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა დანაშაულებრივი გზით, «საქპატენტის» ზოგიერთი ყოფილი ექსპერტის სამსახურიდან დათხოვნის მუქარის იძულებით, რის შესახებაც მათ უკვე მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას. ასე რომ, ამ და სხვა შეკითხვებზე ირაკლი ღვალაძესა და რამდენიმე სხვა პირს, ვშიშობ, გამოძიებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა. მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც ზემოთ ნახსენები კომპანიები ვერაფერს გახდნენ «საქპატენტში», პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მოხდეს მათი ძალისხმევის კონსოლიდაცია და ერთობლივი მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი.         

ირაკლი ღვალაძის პერიოდში «საქპატენტმა», როგორც ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, ტოტალური კონტროლი აიღო სასამართლო სისტემაზე. ადმინისტრაციულ სასამართლოებზე არაფერს ვამბობთ, აქ ისედაც ცხადია, რომ სასამართლოები, უბრალოდ, აკანონებდნენ «საქპატენტის» იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადმინისტრაციული წესით საჩივრდებოდა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო სამი წლის «მიღწევას» წარმოადგენს სამოქალაქო საქმეებზე მისაღები გადაწყვეტილებებისა თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების შეთანხმება «საქპატენტთან». აღარაფერს ვამბობთ ამ ფორმით «საქპატენტის» მიერ სასამრთლოებისთვის გაწეული «კონსულტაცია-რეკომენდაციების» შინაარსზე და სასამართლო განხილვების შედეგზე, რომელსაც ვიღებდით ასეთი «მართლმსაჯულების» განხორციელების გზით.

სწორედ ასევე ხდებოდა «საქპატენტთან» შეთანხმებით იმ განცხადებების ბედის გადაწყვეტა, რომლებითაც ჩვენ წლების განმავლობაში უშედეგოდ მივმართავდით ფინანსურ პოლიციას კომპანიების _ CONTINENTAL, GENERAL MORORS და სხვათა უფლებების დაცვის მიზნით კონტრაფაქციული პროდუქციის გავრცელების აღკვეთის მოთხოვნით. სამწუხარო ისაა, რომ ზემოთ აღწერილი უკანონო გზით მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის წინააღმდეგობაში იყო კანონთან და უმსხვილესი კომპანიების კანონიერ ინტერესებთან. ზემოთ მოყვანილი ნაბიჯების შედეგად, რაც პრაქტიკულად პირველი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, პირადად ირაკლი ღვალაძის თაოსნობით, «საქპატენტი» მთლიანად ჩადგა სააკაშვილის პოლიტიკური სისტემის სამსახურში და აიღო კონტროლი მთელ დარგზე. პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მასთან დაახლოებული ბიზნესის ლობირება, უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო რეპრესიული მანქანის მხარდაჭერა, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, პერმანენტული და საღ აზრს მოკლებული პიარი, ფინანსური სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა _ ყველაფერი ეს «საქპატენტის» ყოველდღიურობად იქცა.

 შედეგმაც არ დააყოვნა: მნიშვნელოვნად შემცირდა განაცხადების რაოდენობა, უცხოური თუ ადგილობრივი კომპანიები უარს ამბობენ «საქპატენტის» გადაწყვეტილებათა გასაჩივრებაზე, საკუთარი ინტერესების დასაცავად ბრძოლაზე და, როგორც წესი, წყვეტენ ან ამცირებენ აქტივობის მასშტაბებს საქართველოს ტერიტორიაზე. დრამატულია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, როდესაც მთავრობას აღებული აქვს გეზი ახალი ტექნოლოგიების მოზიდვით საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე, ხოლო ჩვენი ქვეყანა უნდა ემზადებოდეს აღნიშნული ტექნოლოგიების სათანადოდ დანერგვისთვის, «საქპატენტის» თავმჯდომარესთან იმის გარკვევა ხდება, უნდა არსებობდეს თუ არა საქართველოში საპატენტო ექსპერტიზა.

_ რა შეიძლება ითქვას დასკვნის სახით?

_ დრო არ ითმენს. ინტელექტუალური საკუთრების სისტემის გამართული მუშაობის უპირველესი ნიშანია კანონზე დამყარებული პროგნოზირებადი გარემო, რომელშიც «საქპატენტის» პრაქტიკა და მის მიერ კანონის ინტერპრეტირება დაფუძნებული იქნება ამ სფეროში მოქმედ კანონთა მიზნებსა და ამოცანებზე, რითაც ადგილობრივი და უცხოელი განმცხადებლები დაცული იქნებიან «საქპატენტის» მიერ კანონის თვითნებური განმარტებებისგან. უზრუნველყოფილ უნდა იქნას «საქპატენტის» დეპოლიტიზირება, უნდა დაინერგოს განგრძობადი განათლების სისტემა, რათა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეროვნული საპატენტო სისტემა არ ჩამორჩეს ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპებს, უნდა შეჩერდეს საქართველოს საპატენტო ექსპერტიზის სისტემის ნგრევა. საქმე მართლაც ბევრია. პირველ რიგში კი უნდა გაიხსნას სივრცე დებატებისთვის. მე მსურს, რომ თქვენი გაზეთის მეშვეობით დებატებში გამოვიწვიო ირაკლი ღვალაძე და დავუდასტურო მას, რომ მზად ვარ, შევხვდე საჯაროდ, მისთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას, რათა განვიხილოთ «საქპატენტში» მისი მოღვაწეობის შედეგები და საჯაროდ ვისაუბროთ დარგში დაგროვილ პრობლემებზე, მათ შორის მის მიერ შექმნილ პრობლემებსა და საფრთხეებზე. ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ირგვლივ სივრცის გახსნა შეუქცევადი პროცესია; მე და ბევრი ჩემი კოლეგა კი, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ დარგს დავუკავშირეთ, არ ვაპირებთ ამ დარგში შემთხვევით მოხვედრილი ხალხის მიერ დამკვიდრებულ უკანონობასა და თვითნებობასთან შეგუებას და გაუთავებელი პიარის სქელ ფარდას ამოფარებულ «საქპატენტის» ადმინისტრაციასთან კოაბიტაციას. ამდენად, იმედს გამოვთქვამ, რომ ირაკლი ღვალაძეს ეყოფა ვაჟკაცობა, მიიღოს ეს გამოწვევა.

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

1 COMMENT

  1. აფსუს დავით გაბუნიას პერიოდი? რა კაცს დაატოვებინეს საქპატენტი,რა დრო იყო,?ააყვავა დათომ და ამატ რა საქპატენტი და ამათ რა გააკეთეს,ხალხს შოკი დამართეს,ყოველ ორ თვეში გიჟებს გვანან შიშისგან, ვის გაანთავისუფლებენ.ეს ხომ სადისტობაა? დროა ბოლო მოეღოს გვალადზის პარპაშს,

  2. მოცემულ ფოტოზე, გთხოვთ მიუთითოთ, რომ ირაკლი ღვალაძეა გამოსახული. ღვალაძის ხელმძღვანელობით ვითომ საქპატენტში ფინანსური სახსრების გაფლანგვისთვის უნდა მოეღოთ ბოლო და სინამდვილეში კი მათ დაიწყეს თანხების გაფლანგვა, დაინიშნეს მაღალი პრემიები, გაათავისუფლეს კომპეტენტური კადრები და თავიანთი ახლობლებით ჩაანაცვლეს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნიათ… ერთ-ერთი პირველი ცვლილება კი საქპატენტის გერბის ცვლილებით დაიწყო, რომელიც უამრავ ბლანკზე და საქპატენტის ყველა ბეჭდურ გამოცემაზეა გამოსახული და შესაბამისად დიდი, ყოვლად უაზრო და გაუმართლებელი ხარჯი იყო ამის გაკეთება, სხვაზე ხომ აღარც ვლაპარაკობ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here