Home რუბრიკები საზოგადოება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის პროცესი მალე კატასტროფულ ხასიათს მიიღებს

უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის პროცესი მალე კატასტროფულ ხასიათს მიიღებს

722

ბუნებრივია, რომ დღევანდელ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი მცირე ქვეყნის იდეოლოგია, ანუ პასუხი კითხვაზე «რით სჯობია ამ ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობა მათ არ არსებობას?» _ უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს:

1. საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) გამოიყენოს თავისი საზოგადოების მშენებლობისთვის თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით, ანუ ეძებოს  საკუთარი გზები კაცობრიობის ერთობლივი მარადიული მიზნებისა და იდეალების  რეალიზაციისთვის;

2. საქართველოს ყველა მოქალაქე განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა. შ. თანასწორია.       

მოქალაქეთა თანასწორობა მდგომარეობს:

თანასწორობაში კანონის წინაშე;

უფლებაში, რომ იგი და მისი შთამომავალნი, აწ და მარადის, საქართველოს მიწა-წყალს და ბუნებრივ რესურსებს განიხილავდნენ, როგორც თავის სარჩენ (საარსებო) ბაზას და როგორც თავისი ყოველმხრივი თვითრეალიზაციის სივრცეს თანამედროვე ცივილიზაციური დონისა და შესაძლებლობების შესაბამისად;

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა კანონმდებლობითი და პრაქტიკული კონკრეტული ღონისძიება იხმაროს, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუნახოს აღნიშნული შესაძლებლობები შეუმცირებელი სახით.

თქმულიდან გამომდინარეობს, რომ _ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, თავისი მოქალაქეების შთამომავლობა დაიცვას არა მხოლოდ სამხედრო, ეკოლოგიური, ეპიდემიური და სხვა მასობრივი კატასტროფებისგან, არამედ სასურსათოსგანაც (ანუ სტაბილური და მასობრივი შიმშილობისგან), კონკრეტულად _ მუდმივად და უცვლელად ჰქონდეს ხელთ ის მინიმალური რესურსი, რომ თავის მოსახლეობას (ბუნებრივია, მზარდ თაობათა მანძილზე) ბიოლოგიურად აუცილებელი კალორიები მისცეს. ამის ერთადერთი რეალური გზაა, მის მიერ კონტროლირებადი პოტენციალის საზღვრებში შეინარჩუნოს ის საწარმოო სიმძლავრეები, რომლებიც საკმარისია, რათა საკუთარ მოქალაქეთა შრომის საჭირო ნაწილი საკვებად მოსახმარ მასალად გარდაქმნას. ასეთი საწარმოო სიმძლავრე, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს და ვერ ექნება, არის მხოლოდ მიწა. მცირემიწიანი საქართველოს მიწის გასხვისება იმგვარ პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და იურიდიულ სივრეცეში, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო დაკარგავს კონტროლს მის ფუნქციონირებაზე თავისი ამ დანიშნულების _ საქართველოს მოქალაქეთა რჩენის _ მიმართულებით, ყველა შემთხვევაში არის სახელმწიფო ღალატი ან ნებაყოფლობითი და მიზანმიმართული, ან არაკომპეტენტურობით გამოწვეული და უნებური;

_ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია თავისი მოქალაქის წინაშე, რომ უზრუნველყოს გარანტირებული პირობები იმისა, რომ საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს;

_ უზრუნველყოს იმიგრაციის საკმარისად მკაცრი კონტროლი, საქართველოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გავლით, რომ  საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა მომავალში არ დადგეს სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევბის წინაშე. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ამავე დროს მომხსენებელმა მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილმა 2012 წლის 26 ივნისს გაატარა «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვე- ტილება #3/1/5/512», რომლითაც გაუქმდა  უამისოდაც უაღრესად არასრულყოფილი, სახელდობრ, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესთა უგულებელმყოფელი «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში გათვალისწინებული შეზღუდვები უცხოელთა მიერ  სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვასა და საკუთრებაში ქონაზე. ამით საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა – ქართველი ერისა და საქართველოს ყველა მოქალაქის და მათი შთამომვლობის საარსებო ბაზა აწ და მარადის – გატანილი აღმოჩნდა მსოფლიოს ღია ბაზარზე, სადაც დღესდღეობით და უახლოეს წლებში საქართველოს საყოველთაო გაღატაკების ფონზე, მოსახლეობის მთელი მასა არაკონკურენტუნარიანია საქართველოს მიწის მითვისების აუარებელ უცხოელ მსურველთან შედარებით. ამ ოპერაციის მიზანი და მოტივაცია, ხელისუფალთა ანგარების პარალელურად, სხვა არა არის რა და სხვა ვერა იქნება რა, თუ არა საქართველოს დემოგრაფიული დექართველიზაცია და მისი მიწა-წყლის ათვისება ახალი, გარედან მოყვანილი ან ბუნებრივად იმიგრირებული მოსახლეობის მიერ. პაპუაშვილის ეს შეუნიღბავად ანტისახელმწიფოებრივი მანევრი თავისი განხორციელების ფორმით (სახელდობრ, არგუმენტაციის სიმულაციით, რომელიც ცდილობს იურისპრუდენციისა და ზოგადად ჰუმანიტარული ცოდნის სფეროში მიღებული მეცნიერული ტერმინოლოგიით ოპერირებას) ემყარება, ერთის მხრივ, სრულ არაინფორმირებულობას ამ სფეროებში, მეორე მხრივ კი ასევე სრულ უცოდინარობას ან: უცოდინრობის სიმულაციას იმ მოვალეობათა და ვალდებულებათა თაობაზე, რომლებიც აქვს სახელმწიფოს ადმინისტრაციას თავისი ქვეყნის წინაშე და არჩეულ ხელისუფლებას – ამომრჩეველთა წინაშე. ამ უმეცრების დასამტკიცებლად ქვემოთ წარმოგიდგენთ არგუმენტაციას, რომელიც საკმარისია, რათა მხილებულ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს ამ აქტის მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივი, პროფესიულად (დარგობრივად) არაკომპეტენტური, დანაშაულებრივად დესტრუქციული ხასიათი;

საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 19 ივნისს «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომელთა ძალითაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მიეცათ როგორც საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხოელ და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს საკუთრების უფლება მიეცათ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს, ხოლო უცხოელს – აგრეთვე, იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელსაც ის მართლზომიერად ფლობდა, როგორც საქართველოს მოქალაქე (მუხლი 4, პუნქტი 1). ამასთანავე, უცხოელები და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირები ვალდებულნი იყვნენ, თავიანთ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები მათზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაესხვისებინათ საქართველოს მოქალაქეზე, კომლზე ან (და) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე (მუხლი 4, პუნქტი 11). ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს სასამართლო გადაწყვეტილებით და სათანადო კომპენსაციით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმეოდათ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (მუხლი 5, პუნქტი 12). სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევისას გამოიყენებოდა «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები (მუხლი 5, პუნქტი 13).

2011 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა დანიის მოქალაქემ ჰეიკე ქრონქვისტმა, რომელიც, ფაქტობრივად, ითხოვდა ამ ცვლილებებისა და დამატებების კონსტიტუციურობის საკითხის გარკვევას საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლთან და 47-მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა დანიის მოქალაქე ქრონქვისტის სარჩელი, რითაც, ფაქტობრივად, გააუქმა კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, რაც ჩვენ არა მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესთა თავლსაზრისით ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია, არამედ იურიდიულად დაუსაბუთებლადაც.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მოყვანილი დებულებები საქართველოს კანონისა სავსებით შეესაბამება კონსტიტუციის 21-მუხლს და 47-მუხლის პირველ ნაწილს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობთ მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. მაგრამ ამავე მუხლის მეორე პუნქტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებად თვლის კონკრეტული სახის შემთხვევებში კონკრეტული სახის ნივთის მიმართ ამ უფლებათა შეზღუდვას. უფრო მეტიც, მესამე პუნქტი დასაშვებად თვლის ამ უფლებების არა მარტო შეზღუდვას, არამედ საკუთრების ჩამორთმევასაც, სახელდობრ, მის კომპენსირებას კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა იმის თაობაზე, იყო და არის თუ არა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით გამოწვეული ის შეზღუდვები, რომლებიც შეტანილი ცვლილებებით დაუწესდათ უცხოელებს.

ჩვენ შევეცდებით, დავასაბუთოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია უცხოელებისთვის, კერძოდ, ის, რომ უცხოელი ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან ექვსი თვის ვადაში გაასხვისოს, გამოწვეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით.

ჯერ ერთი, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია არ იძლევა «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების» მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს. სახელდობრ, მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად. მოქმედება «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის» შეიძლება იყოს მიმართული საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის» შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისთვის ან მისი ნაწილისთვის დადებითი შედეგების მოტანის მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის» იყენებს მას. «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების» არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად. ამასთანავე, კონსტიტუციურ მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შეზღუდვის პროცესში აუცილებლად უნდა იქნეს შენარჩუნებული საკუთრების უფლების არსი.

ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებისთვის მოპასუხე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა საზოგადოებრივი საჭიროება, რომლის დაკმაყოფილებასაც ემსახურება სადავო ნორმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური: შესაძლებელია მისი შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევაში.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და არა სხვა კატეგორიის მიწებზე, თუმცა სახელმწიფომ ერთნაირად უნდა დაიცვას ხელყოფისგან ნებისმიერი კატეგორიის მიწები. ჩვენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე განსაკუთრებით იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ დანიშნულების მიწის ნაკვეთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონი მიზნად ისახავს, რომ ა) სამართლებრივად უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და გააუმჯობესოს აგრარული სტრუქტურა, ბ) თავიდან იქნეს აცილებული მიწის ნაკვეთების დაქუცმაცება და არარაციონალური გამოყენება. ამასთანავე, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვის მთავარი დანიშნულებაა უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეთა მიერ იაფი მიწის მასობრივი შესყიდვის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, გარემოს დაცვასა და ქვეყნის უშიშროებაზე. საკუთრების უფლების ასეთი შეზღუდვის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს საჯარო ინტერესი, უზრუნველყოს მიწის რაციონალური გამოყენების საფუძველზე ორგანიზებული მეურნეობა და აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრატეგიული მნიშვნელობაც ქვეყნის უშიშროების, გარემოს დაცვის, ეკონომიკისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებლად უნდა იყოს კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარის სტატუსში, მაგრამ საკუთრებისა არა უცხოელების ხელში, არამედ იგი მხოლოდ საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ყიდვა-გაყიდვის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან, სახელმწიფომ უნდა აიღოს ხელში მიწის ყიდვა-გაყიდვის, გაცვლის, ჩუქების, ანდერძისა და სხვათა გაფორმების პრიორიტეტი და სრულად უნდა გამოირიცხოს მიწით სპეკულაციის, აგრეთვე, უცხოელთა მიერ მიწის ხელში ჩაგდების ყოველგვარი სხვა სახის მცდელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი გლეხკაცი, როგორც მიწის მესაკუთრე, ძალიან ცოტა ან საერთოდ არ გვეყოლება, რადგან ქართველი გლეხკაცი დღეს ფინანსურად არაკონკურენტუნარიანია უცხოელებთან მიმართებაში, უცხოელებმა კი შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები სხვა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის გამოიყენონ – აგარაკების აგებით დაწყებული და სხვა ხრიოკმიწიან ქვეყნებში წასაღებად ნაყოფიერი ზედაფენის მოჭრით დამთავრებული.

იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის რიგი სახელმწიფოებისა, თურქეთი, ირანი, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობითა და მცირემიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად, არის მცდელობა იმისა, რომ ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ (სოფლის მეურნეობა არაა ინვესტიცია-ნ  ტევადი დარგი და აქ ინვესტორის წახალისების პოლიტიკა ყველაფრის ფასად არ უნდა ტარდებოდეს), თანაც ქართველი თანამდებობის პირები გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ, «მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო». არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს. უკვე ვხედავთ ამ პროცესის შედეგებს. სახეზეა მოსახლეობათა ურთიერთშეუსატყვისობა, ისტორიის, ზნე-ჩვეულებების (ტრადიციის), რელიგიის, ზოგადკულტურული ფონისა და აქსიოლოგიური ფონის მხრივ, მითუმეტეს _ ენის მხრივ. სტატუსდაკარგული ქართული სოფელი კარგავს ისტორიულ, სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ფუნქციას,

 ამიტომაც იზრდება დაძაბულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მკვიდრ მოსახლეობასა და ჩამოსახლებულ უცხოელებს შორის.

ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუცია არ იძლევა «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების» მკაცრ დეფინიციას. მოქმედება «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის» შეიძლება იყოს ის, რაც განკუთვნილი საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. სწორედ საზოგადოებისთვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელია. ასეთია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე უცხოელთა საკუთრების უფლების გარკვეული შეზღუდვაც. ასე რომ, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და დამატებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან. არსებული შეზღუდვები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ «აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით». მაგრამ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის შევსება უცხოელთა ახალი მასით, რომელიც ადგილობრივს აღემატება, არის კატასტროფა, რომლის აცილებაც «საზოგადოებრივი საჭიროებაა»,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაუგებარ ჭეშმარიტებად დარჩა!

მეორე, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ მოპასუხის განმარტებას, რომელიც არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს არ ეკრძალებათ, განახორციელონ ინვესტიცია სოფლის მეურნეობის სფეროში და იჯარით აიღონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, თუ იურიდიული პირი რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუნდაც მისი 100% წილის მფლობელი იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე, მას შეუძლია შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ვინაიდან იგი სრულად ექცევა საქართველოს იურისდიქციაში, მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში და სამართლებრივი ვალდებულებები აქვს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ზღუდავს ასეთი ტიპის საკუთრების მემკვიდრეობით მიღებას. შესაბამისად, არ ზღუდავს ამ უფლებას, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავალდებულებს უცხოელს, გაასხვისოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საქართველოს მოქალაქეზე და მატერიალური სიკეთე მიიღოს ალტერნატიული სახით ან შეუცვალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს კატეგორია, როგორც ეს გათვალისწინებულია «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ათვისების, ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონში, და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გამოიყენოს სხვა მიზნით. როგორც ვხედავთ, მიუხედავად სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, კანონმდებელი უცხოელს მაინც აძლევს შესაძლებლობას, დაარეგისტრიროს საქართველოში იურიდიული პირი, რომელიც შესაძლოა გახდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე. შესაბამისად, კანონმდებელი აწესებს ალტერნატივას. ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში ნორმა არაკონსტიტუციურად არ უნდა იქნეს მიჩნეული. ასე, რომ გასაჩივრებული ნორმები შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.

მესამე _ რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით აღიარებულ მემკვიდრეობის უფლებას, იგი, როგორც სასამართლო აღიარებს, არ ირღვევა. სადავო ნორმით დადგენილი მემკვიდრეობით მიღებული მიწის გაყიდვის ვალდებულება არ ზღუდავს მემკვიდრეობის უფლებას, რადგან სადავო ნორმა უცხოელს აძლევს შესაძლებლობას, მემკვიდრეობით მიიღოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გახდეს მესაკუთრე და ამით სრულფასოვნად მოახდინოს მემკვიდრეობის უფლების რეალიზაცია. ხოლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების წარმოშობის შემდეგ მასთან დაკავშირებული ნორმატიული რეგულირების შეფასება სცდება ადამიანის მემკვიდრეობის მიღების უფლებით დაცულ სფეროს.

სასამართლო გადაწყვეტილების 42-პუნქტში მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებებს ეხება, უფლებათა სუბიექტების განსაზღვრისას სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს. კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში ვხვდებით შემდეგ ფორმულირებებს: «ადამიანი», «ყველა», «ყველა ადამიანი», «ყოველი ადამიანი», «მოქალაქე», «საქართველოს მოქალაქეები», «საქართველოს ყოველი მოქალაქე». ამით კონსტიტუცია მიჯნავს უფლებებს, რომელთა სუბიექტიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, უფლებებისგან, რომლებიც უნივერსალური ბუნებისაა და «ყველაზე» ვრცელდება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლით გათვალისწინებული უფლება უნივერსალურია და იგი ეკუთვნის ყველას.

ეს მსჯელობა მცდარია. ჯერ ერთი, ზემოთ ჩამოთვლილი ტერმინები იხმარება თითქმის ყველა მუხლში, რომლებიც შეეხება ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებას, მაგრამ არა ყველაში. არის გამონაკლისი: 34 მუხლიდან სამი მუხლია, რომლებშიც არც ერთი ეს ტერმინი არ არის გამოყენებული. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება სწორედ 21-ე მუხლიც. უნდა დავეთანხმოთ სასამართლოს იმაში, რომ ის მუხლები, რომლებშიც ნახმარია ტერმინები «ადამიანი», «ყველა», «ყველა ადამიანი», «ყოველი ადამიანი», «მოქალაქე», ეს უფლება ეკუთვნის ყველას და კონსტიტუციური ნორმა არ განსაზღვრავს უფლების სუბიექტთა ექსკლუზიურ წრეს, მათ შორის _ მოქალაქეობრივი ნიშნითაც. მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ტერმინები არ იხმარება 21-ე მუხლის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფლება ვრცელდება, პირველ რიგში, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო გავრცელდეს თუ არა იგი უცხოელებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, კანონმდებელმა კონსტიტუციური ნორმით არ გადაწყვიტა, რომელიც ამაზე დუმს. კანონმდებელმა უფლება დაიტოვა, სახელმწიფოს საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ამ უფლების «ყველაზე» გავრცელების საკითხი გადაწყვიტოს არა კონსტიტუციური ნორმით, არამედ ორგანული ან მიმდინარე კანონმდებლობით. თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო (ვიმეორებთ კონსტიტუცია ამაზე დუმს) გადაწყვეტილების 68-ე პუნქტით იძულებულია აღიაროს, რომ სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ სივრცეს, მათ შორის საკუთრების უფლების შინაარსს და ფარგლებს, თვითონ განსაზღვრავს.

მეორე, თუნდაც დავუშვათ, რომ ეს უფლება უნივერსალური ბუნებისაა და იგი «ყველაზე» ვრცელდება, სადავო ნორმა არ არის არაკონსტიტუციური, რადგან ეს გამონაკლისი დაშვებულია, სახელდობრ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გამო.

საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების 97-ე მუხლში, იშველიებს რა კონსტიტუციის მე 14 მუხლს, რომელშიც ნათქვამია, რომ «ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია…» ასკვნის, რომ კონკრეტული კონსტიტუციური უფლების დაცვის, უფლებით სარგებლობის ხარისხი საქართველოში მცხოვრები უცხოელისა და საქართველოს მოქალაქისთვის ერთნაირია. თანაც ამ დებულებას ამაგრებს კონსტიტუციის 47-ე მუხლით (ეს დასკვნა იურიდიული ნონსენსია. კანონის წინაშე თანასწორობა ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ერთსა და იმავე იურიდიულ სიტუაციაში კანონი პეტრესა და პავლეს ერთნაირად ეპყრობა, და არა იმას, რომ მათ ერთნაირად ეპყრობა სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, პეტრეს უფლებები უანდერძოდ გარდაცვლილი მამის სახლის მიმართ ვერ იქნება იგივე, რაც პავლესი ამავე სახლის მიმართ, და პირიქით. მოქალაქეობაც სიტუაციის ელემენტია და არა პიროვნებათა პრინციპული თანასწორობა-უთანასწორობისა. ეს დასკვნა ისეთივე აბსურდულია, როგორიც მოთხოვნა: რატომ მიგყავარ ჯარში და არ მიგყავს ჩემი მეზობელი უცხო მოქალაქე? სადაა ჩვენი თანასწორობა?).

უნდა ითქვას, რომ კანონის წინაშე იურიდიული თანასწორობა არ ნიშნავს ფაქტობრივ თანასწორობას. კონსტიტუცია განამტკიცებს მხოლოდ იურიდიული თანასწორობის უფლებას. სახელმწიფოს მიზანი არ შეიძლება იყოს არსებულ ფაქტობრივ განსხვავებათა ტოტალური გათანაბრება, რაც უტოპიაა და რაც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული მიზანი. კონსტიტუციის მე 14 მუხლის თანახმად, თანასწორობის სუბიექტია «ყველა» ადამიანი, მაგრამ ეს მუხლი არ ეხება უცხოელების განსაკუთრებულ სტატუსს. უცხოელებისთვის დადგენილი ფაქტობრივი და, რაც მთავარია, სამართლებრივი შეზღუდვები არ ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. ამასთანავე, თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ ორი ან მეტი ურთიერთობა შეიძლება განვიხილოთ თანასწორად ან უთანასწოროდ, თუ ეს ურთიერთობები არის მსგავსი და ამგვარად იძლევა შედარების საშუალებას. ერთმანეთს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ მსგავსი ურთიერთობები და არა ყველა. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თანასწორად შეიძლება იქნენ განხილულნი ის ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან მსგავს ვითარებაში. ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირები არ იმყოფებიან თანაბარ მდგომარეობაში. კონსტიტუციის 27-ე მუხლით უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს სახელმწიფომ შეუძლია დაუწესოს პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, ხოლო 47-ე მუხლის ძალით, კონსტიტუციითა და კანონით, როგორც გამონაკლისი, შეუძლია შეუზღუდოს ნებისმიერი უფლება.

რბილად რომ ვთქვათ, უსუსურია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლთან დაკავშირებით. მისი აზრით, აღნიშნული ნორმა კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას ავრცელებს და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების თანაბრად, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მოსამართლეებს რატომღაც «ავიწყდებათ», რომ ამ გამონაკლისის გათვალისწინება შეიძლება არა მარტო კონსტიტუციით, არამედ კანონითაც. ჩვენ შემთხვევაში სწორედ კანონით შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გარკვეული უფლებები. კონსტიტუციის 47-ე მუხლი არ ადგენს ზოგადი ხასიათის თანასწორობას, თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლებრივად უთანაბრებს საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ იტოვებს უფლებას დაადგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით. ამასთანავე, ამ განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმის დადგენა შესაძლებელია როგორც კონსტიტუციით, ისე კანონითაც. ეს კარგად იციან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და ამიტომ დაასკვნეს, რომ სადავო ნორმები არ არის შეთავსებადი კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან და საქმის განხილვა იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სადავო ნორმებით კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის საკითხს, შეწყვიტეს.

როგორც ვხედავთ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში 2007 წლის 19 ივნისს შეტანილი  ცვლილებებისა და დამატებების გაუქმება, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლთან და 47-მუხლის პირველ ნაწილთან შეუსაბამობის საბაბით, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ჩვენ მიერ დასაბუთებული იქნა, რომ სადავო ცვლილებები და დამატებები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-მუხლს და 47-მუხლის პირველ ნაწილს.

ეჭვი არ გვეპარება საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უმრავლესობის პროფესიონალიზმსა და კომპეტენტურობაში, მაგრამ მათ მიერ მიღებულია სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც ბადებს ეჭვს, რომ, სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოც, როგორც ეს საერთო სასამართლოებში ხდება, გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის მითითებითა და კარნახით.

საქართველოს საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად ჰმართებს, რადგან პროცესები ძალიან მალე მიიღებს კატასტროფულ ხასიათს. შესაძლებელია, ამ ისტორიული ეტაპიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის გარდაუვალობა ჯერ ბუნდოვნად მოჩანს ზოგიერთისთვის (სახელდობრ, ნაკლებ მცოდნეთათვის), მაგრამ საკმარისია, ჩვენში შეიქმნას დემოგრაფიული ექსპანსიისთვის საჭირო ბაზები, რომელიც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს, რომ პროცესები არა მხოლოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, არამედ ყველასთვის ხილულიც გახდება.

ამოცანაა: დაუყოვნებლივ მოხდეს ამ დანაშაულებრივი დეფექტის გასწორება სათანადო ჩანაწერით საქართველოს კონსტიტუციაში.

პროფესორები

ზაურ ჯინჯოლავა,

პაატა კოღუაშვილი,

ნოდარ ნათაძე

 

1 COMMENT

  1. აქ საკითხი ძალზედ მარტივად დგას. გლეხებს ის მცირედი სახნავ-სათესი მიწებიც წაართვეს რაც ჰქონდათ, სოფლები სათიბისა და საძოვარების გარეშე დატოვეს და ფაქტიურად, საქართველოს მთელი მიწების უდიდესი ნაწილი მთავრობის წევრებისა და მათი ახლობლების ხელში აღმოჩნდა. მათთვის, ეს უბრალოდ ქონება იყო და როგორც კი საფრთხე იგრძნეს, სასწრაფოდ დაიწყეს მიწების გაყიდვა უცხოელებზე. არ ვიცი, ასეთი რა დაუშავა ამ ხალხს საქართველომ და ქართველმა ერმა, ასე საშინლად რომ სძულთ? სხვაგვარად როგორ შეიძლება, ადამიანს საკუთარი თანამემემულეების მოსამსახუ პერსონალად და მეძავებად გადაქცევა და ქვყნის განადგურება უნდოდეს?

  2. ცოტა უცნაური ხომ არაა იმის თქმა, რომ ავტორებს ეჭვი არ ეპარებათ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენტურობაში და ამხელა წერილი გამოაცხვეს მათი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ასეთი სასამართლოები არ სჭირდება ქვეყანას, თანაც ასეთი ძვირი.

  3. ეს არის ქართველებისთვის ხელოვნურად შექმნილი ნელი მოქმედების კიდევ ერთი ნაღმი,რომლის უარყოფით შედეგებსაც ქართველი ერი მალე იგრძნობს!მიწის გაყიდვა უცხოელებზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს დაშვებული!ხოლო თუ ვინმე ინვესტორი შემოდის,მას უნდა გადაეცეს მიწა იჯარით 5-10 წლის ვადით,რომელიც დაიბეგრება ყოველთვიურ ან წლიური გადასახადით.ამ შემთხვევაში აგრეთვე უნდა შეიქმნას დამცავი მექანიზმები ან ხდებოდეს კონტროლი,რომ მათ მიერ შესრულებული საქმე ზიანს არ აყენებდეს საზოგადოებას, მიწას ან გარემოს. ეს ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფო კანონით გამყარებული,რომელიც მოსთხოვდა საქართველოში შემოსულ ყველა ინვესტორს,ამ პირობების შესრულებას.

  4. მალე საქართველოში ქართველი არ იქნება ,ეს ინდოელები ხო აიკლეს კახეთი .იმათ უფრო დიდი პრივილეგბით სარგებლობენ ,ვიდერე ქართველები

  5. ქვეყანას ფლობს ის ვინც ფლობს მიწას. სამწუხაროდ წნორი დაცლის საფრთხის ქვეშ დგას. როცა გლეხს მიწის ნაკვეთი არარ ექნება იძულებული იქნება გაყიდოს სახლ-კარი და ქალაქში გადაბარგდეს, სადაც პროფესიის უქონლობის გამო ან ბაზარში უნდა დადგეს, ან უნდა იტაქსაოს.
    ამასთან ამ სიკხებს თავიანთი სალოცავების აშენება რომ მოუნდებათ მერე ვნახოთ ჩვენი სეირი.აქ არ არის საუბარი დემოკრატიაზე, თავისუფალ ეკონომიკაზე და ა.შ.
    საუბარია ქვეყნის შენარჩუნებაზე, ერის შენარჩუნებაზე. ის არგუმენტი, რა მოხდა ინდოელი ან ჩინელი მიწას ზურგზე მოიკიდებს და ინდოეთს შეუერთებს ამ შემთხვევაში მისაღები არ არის. მიკვირს ეს ადამიანები განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული ექსპერტები არ დედამ გაზარდა, სამშობლო ვინ შეაჯავრა, ვინ აწყენინა. ასე საკუთარი ქვეყნის სიძულვილი ვერ წარმომიდგენია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here