Home რუბრიკები სამართალი სოზარ სუბარის საქმიანობა მისასალმებელია

სოზარ სუბარის საქმიანობა მისასალმებელია

662

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» არასამთავრობო ორგანიზაცია «სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისთვის» თავმჯდომარე მედეა კორკოტაშვილიცინცაძე ესაუბრა.

_ ქალბატონო მედეა, როგორ შეაფასებთ სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე პროცესებს?

_ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორგანიზაცია 1 ოქტომბრის არჩევნებამდეც აქტიურად იყო ჩართული სასჯელაღსრულების სისტემის გარშემო მიმდინარე პროცესებში, გვქონდა უშუალო კონტაქტი პატიმრების ოჯახის წევრებთან, ვაანალიზებდით მათგან მიღებულ ინფორმაციას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმხანად შექმნილი არაადამიანური, სავალალო მდგომარეობის სრულ სურათს ვფლობდით. ძალიან ბევრი რამ, რაზეც ახლა ხმამაღლა საუბრობენ (ვგულისხმობ პატიმრებისადმი მოპყრობას, აგრეთვე, სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილ მძიმე დანაშაულთა ფაქტებს) ჩვენთვის, უფლებადამცველებისთვის, და მეტწილად საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო. მაგრამ, ვინაიდან ამ დანაშაულებს ჰქონდა სისტემური ხასიათი და ისინი წარმოადგენდა, შეიძლება ითქვას, სახელმწიფო პოლიტიკის, ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობის ერთგვარ გაგრძელებას, რაიმე ქმედითი ღონისძიებების გატარება, გარდა ამ ფაქტების გასაჯაროებისა და საზოგადოებრივი აზრის მოშველიებისა, ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. ამას ვაკეთებდით კიდეც, მაგრამ, ვინაიდან ხელისუფლება ახერხებდა, რომ უცხოელ უფლებადამცველებს ამ ფაქტებისთვის მნიშვნელოვანი ყურადღება არ მიექცია, საზოგადოებრივ პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰქონდა.

ახალი ხელისუფლებისა და ახალი ადმინისტრაციის პირობებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ასე მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, დანამდვილებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სატუსაღოებში ადგილი აღარ აქვს პატიმრების ცემას, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, რაც მთავარია, მკაცრად კონტროლდება მათთვის სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის საკითხი.

 ამდენად, თუ არ ჩავთვლით იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც სოზარ სუბარს ერგო წილად, უნდა ითქვას, რომ არასათანადო მკურნალობის ან სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით, ვითარება მთლიანად გამოსწორებულია.

_ ეს მხოლოდ თქვენი დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნაა თუ სხვა არგუმენტებიც გაგაჩნიათ?

_ ჩვენთან საუბრისას პატიმრების ოჯახის წევრები გაკვირვებულიც კი არიან იმ გარემოებით, რომ რიგ პროცედურებს, რასაც აქამდე სჭირდებოდა ორი-სამი თვე, უამრავი ადამიანის ჩარევა და ამის შემდეგაც მაინც არ იყო გარანტირებული, რომ ტუსაღი სათანადო სამედიცინო დახმარებას მიიღებდა, დღეს მოკლე დროში ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე აგვარებენ.

შეცვლილია ზოგადად დამოკიდებულება სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა პატიმრების ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას. თუკი აქამდე ისინი სისტემის ადმინისტრაციას აღიქვამდნენ როგორც ძალადობის ნაწილს, ვისგანაც მათი ახლობელი პატიმრებისადმი დაუფარავი აგრესია და საფრთხე მომდინარეობდა, დღეს ეს სურათი შეცვლილია და მათ არ ეშინიათ, რომ რომელიმე ბადრაგი ან ციხის უფროსი პატიმრისთვის ცემით «ნახევარი სიცოცხლის წართმევის» ბრძანებას გასცემს.

ჩვენ ინტენსიური სატელეფონო კავშირი გვაქვს პატიმრების ოჯახებთან, ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროცედურებს, რომლებიც კანონით ეკუთვნით,   დადგენილ ვადებში უპრობლემოდ ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თუკი ადრე თვეობით ლოდინის შემდეგ ხდებოდა შესაძლებელი პატიმრის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და ისიც ციხის საავადმყოფოში, ახლა ხელშეკრულებები დადებულია ქალაქის სხვადასხვა კლინიკასთან, სადაც უფრო საფუძვლიანად და კომპეტენტურად ხდება გამოკვლევების ჩატარება. პატიმრების ოჯახის წევრები განსაკუთრებით ემადლიერებიან რუსთავის #6 დაწესებულების ახალ დირექტორს ალექსანდრე გიგანს და ამავე დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მთავარი ექიმს თამუნა შურღაიას.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სოზარ სუბარის მინისტრად დანიშვნის შემდეგ საგრძნობლად გამოსწორდა პატიმრების კვების რაციონი და ხარისხი. რაც მთავარია, სასჯელაღსრულების სისტემა გაცილებით გამჭვირვალე გახდა და, როგორც მინისტრი, ასევე სხვა ჩინოვნიკები ხელმისაწვდომი არიან არამარტო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის, არამედ უშუალოდ პატიმრების ოჯახის წევრებისთვის. მნიშვნელოვნად გაადვილებულია საპატიმრო დაწესებულებების მონიტორინგი, პაემნის, აგრეთვე, ამანათის მიწოდების, ადვოკატებთან ურთიერთობისა და რიგი სხვა პროცედურები.

ესაუბრა

ლილი მიროტაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here