Home რუბრიკები საზოგადოება ვნებათაღელვა ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარვის გამო

ვნებათაღელვა ზუგდიდში პრეზიდენტის რეზიდენციის წინ გაშლილი კარვის გამო

690

საპროტესტო აქციების ეპიცენტრმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან პრეზიდენტის რეზიდენციის _ «მეგრული ოდის» წინ გადაინაცვლა, სადაც ახლა კარავია გაშლილი. იქ, ძირითადად, დევნილები იმყოფებიან. ისინი პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად საცხოვრებელი ფართის გამოყოფას მოითხოვენ,  პრეზიდენტის რეზიდენციაშიც კი.

აქციის მონაწილეთა მიზანია, გააკონტროლონ და არ შეუშვან ვადაგასული მიხეილ სააკაშვილი შენობაში, სადაც ის გადაბარგებას, გავრცელებული ვერსიით, აპირებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დევნილები ამ რეზიდენციაში შეჭრას და იქ დამკვიდრებას ცდილობენ. თუმცა არც ამაშია რაიმე სახიფათო და დაუშვებელი, რადგან მიხეილ სააკაშვილმა იქ რუსი გენერლის, ჩაბანის, ბინადრობის შემდეგ რეზიდენციის გაყიდვის თუ გასაჩუქრების ბრძანება გასცა, თუმცა ისეთი ფასი დაადო, ეს რეზიდენცია ისევ მის განკარგულებაში დარჩცა, სადაც ორჯერ თუ იქნება ნამყოფი.

არასამთავრობო ორგანიზაციის «დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის» ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნონა უბილავამ კარავში მყოფი დევნილების დაცვა სცადა, რადგან მას მიაჩნია, რომ დევნილებს პროვოკაციისთვის იყენებენ აქციის ორგანიზატორები. მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მიმართვაში ნათქვამია, რომ დევნილები აქციის მონაწილეებმა შეცდომაში შეიყვანეს და ხდება მათი რეზიდენციაში შეჭრისკენ წაქეზება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია. ნონა უბილავამ ზუგდიდში მყოფ სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსაც მიმართა თხოვნით, რომ ხელი შეუშალოს დევნილების შეჭრას პრეზიდენტის რეზიდენციაში. დევნილთა უფლებებისა და მათი შესაძლო პროვოკაციისგან დაცვის მიზნით, ნონა უბილავამ ე.წ. საინიციატოვო ჯგუფი შექმნა, რაც კარვის აქიის მონაწილეებმა გააპროტესტეს და ნონა უბილავას პროვოკატორი უწოდეს.

კარვის აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ორგანიზაცია «დევნილთა სამოქალაქო საზოგადოების» წარმომადგენელმა მანანა გაბელიამ განაცხადა, რომ ნონა უბილავა არის «ნაციონალური მოძრაობის» მიერ მართული და მათ დავალებებს ასრულებს. «ყველაზე მეტად გაჭირვებული ადამიანები არიან დღეს კარავში, მადლობა ზუგდიდის საზოგადოებას კახა მიქაიას ხელმძღვანელობით, რომ დევნილებს შეუქმნეს პირობები, შუქი და სითბო. ეს ქალბატონი კი ცდილობს პროვოკაციის მოწყობას. ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები პირადი კეთილდღეობის მოწყობას ცდილობენ. ჩვენ არ გვიყენებს ვინმე, სწორედ ის არის გამოყენებული მიშას მიერ და მოვითხოვთ, რომ დაიშალოს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ან ტაიმაუტი აიღოს», _ განაცხადა მანანა გაბელიამ.

ნონა უბილავას განცხადებას, რომ დევნილები შეცდომაში შეიყვანეს და მათ აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისკენ აქეზებენ, აქციის ორგანიზატორმა კახა მიქაიამ იაფფასიანი პროვოკაცია უწოდა. «რეზიდენციაში შეჭრისაგან თავს ვიკავებთ და ეს ნამდვილად აქ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ დევნილები მოითხოვენ, რომ ეს რეზიდენცია გადაეცეს უსახლკაროებსა და დევნილებს. ჩვენ გვინდა, ეს პროცესი მშვიდობიანად მოხდეს», _ აცხადებს კახა მიქაია.

ნონა უბილავას თქმით, ის მხოლოდ დევნილთა ინტერესებიდან გამომდინარე და მათი უფლებების დაცვის მიზნით მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ნონა უბილავამ მის მიერ ახლადშექმნილი ე. წ. საინიციატივო ჯგუფი დატოვა. «აღმოჩნდა, რომ არც ჩვენ და არც საზოგადოება არ ვართ მზად ამ თანამშრომლობისთვის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება ჯგუფის დატოვების შესახებ. ვფიქრობ, მათი საქმიანობა ვერ იქნება პროდუქტიული», _ აღნიშნა ნონა უბილავამ.

აფხაზეთიდან დევნილთა ე. წ. საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა დევნილთა ინტერესების დასაცავად. მათი მთავარი მოთხოვნაა ცვლილებების განხორციელება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურებში და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში და კადრების დაკომპლექტება კონკურსის საფუძველზე.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

1 COMMENT

  1. აბა ტქვენ იცით მეგრელებოოოოო.. იქნება თქვენ მაიც მიაღწიოთ სიმართლეს… თორემ მიშიკო ისევეს უბერავს უტიფარი და არარაობა არსება…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here