Home რუბრიკები საზოგადოება მეტი ყურადღება _ აფხაზებთან ნდობის აღდგენასა და შერიგებას

მეტი ყურადღება _ აფხაზებთან ნდობის აღდგენასა და შერიგებას

618

გაზეთის მკითხველებს მინდა ვამცნო, რომ «ნაციონალების» მოღვაწეობის პერიოდში, 2010-2011-2012 წლების განმავლობაში, ჩვენ არაერთი წერილი გამოვაქვეყნეთ აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების პრობლემების ირგვლივ, მაგრამ არც ერთი სამინისტროს ხელმძღვანელს ჩვენი წინადადებაპროექტების განხილვა, რჩევა ან სხვა რამ აზრადაც არ მოსვლია. გამონაკლისს წარმოადგენს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი გია გვაზავა, რომელმაც იკისრა, «მწვანე შუქი» აენთო ჩვენი წინადადებაპროექტებისთვის და გავიდა უმაღლეს ეშელონებში (პრეზიდენტის ჩათვლით), მაგრამ ბატონ გიას (როგორც გადმოგვცა) უთხრეს: «ჯერ ამის დრო არ არისო». საკითხავია, 19 წელი გავიდა და ეს დრო საკმარისი რატომ არ აღმოჩნდა «ნაციონალებისთვის». «აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების ფონდმა» და მასთან არსებულმა ქართველ უხუცესთა საბჭომ თავის სხდომაზე დაადგინა, რომ მიგვეწერა ღია წერილი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, იმის იმედით, ეგებ გვშველებოდა რამე. მათდა სამარცხვინოდ, ეს ასე არ მოხდა.

საჭიროდ ჩავთვალეთ გაგაცნოთ ამ წერილის მოკლე შინაარსი.

სააკაშვილის სახელზე (2012 წ. ივლისი) გაგზავნილ ღია წერილში ჩვენ ვწერდით:

«ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ «აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების ფონდი» და მასთან არსებული უხუცესთა საბჭო (აფხაზეთიდან) მოგმართავთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, ეგებ გავარკვიოთ, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისა და სამინისტროების მხრიდან რატომ არ ხდება ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადება-პროექტების განხილვა, რომელთა განხორციელება გარკვეულწილად შეუწყობდა ხელს ჩვენსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენას, შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმას. გაუგებარია, უფრო მეტიც, შემაძრწუნებელია, როცა ორი წლის განმავლობაში პასუხს ამაოდ ელი.

ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მოკლედ ჩამოვთვლით ზოგიერთ წინადადება-პროექტს (რომელსაც პასუხი არ გაეცა), დაე თქვენ და ქვეყანამ განსაჯოს, ღირდა თუ არა ამ წინადადებებზე რეაგირება:

1) 2010 წლის აგვისტოში თქვენს სახელზე გაიგზავნა წერილი, რომელშიც ვითხოვდით ენგურის ხიდთან არსებულ პატარა მოედანზე  ომში დაღუპულ ქართველთა, აფხაზთა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა პატივსაცემად და მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად მონუმენტის დადგმას;

2) პარლამენტში გაიგზავნა აფხაზ უხუცესთა საბჭოს წევრებისადმი მიმართვა, რომელიც მანამდე პრესითა და ტელევიზიებით გაშუქდა. მიმართვის სრული ტექსტი იმ საღამოსვე გადასცა რადიო «თავისუფლებამ» (პრაღა), რომელსაც კორესპონდენტების ძალისხმევით სოხუმიდან გამოეხმაურა აფხაზეთის უხუცესთა საბჭო _ თავმჯდომარე ბატონი კონსტანტინე ოზგანი, რომელმაც დადებითად შეაფასა ქართველ უხუცესთა საბჭოს შექმნა. ჩვენი და ლტოლვილთა უმრავლესობის დიდ გაკვირვებას იწვევს ის, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამ პროცესით არ დაინტერესებულა;

3) 2011 წლის 18 მარტს ვწერდით: იმისათვის, რომ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობას მიეცეს რეალური შესაძლებლობა, ბიძგი შერიგებისკენ, რომ აფხაზებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, საქართველოს ძირძველ მიწაზე და აქვთ აფხაზური პასპორტები (რომელიც სხვა სახელმწიფოში გასვლის უფლებას არ იძლევა), ნება დაერთოს, თავისუფლად, ყოველგვარი ვიზის გარეშე შემოვიდეს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, რაც გააჩენდა იმედის მცირე ნაპერწკალს დაბეჩავებულ ლტოლვილებში;

4) 2011 წლის ივნისში გწერდით, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის მოედანზე, სადაც ომამდე იგეგმებოდა ქართველთა და აფხაზთა ძმობის უკვდავსაყოფად მონუმენტის აღმართვა, მოწყობილიყო ბაზრობა (ლილოს ტიპის), რომელიც დიდ შედეგს გამოიღებდა აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენის საქმეში. გვაქვს უწყვეტი კავშირი აფხაზებთან, რომლებიც მოწადინებულნი არიან, შერიგების საქმეში თავიანთი წვლილი შეიტანონ;

5) 2011 წლის 30 ივლისს რეინტეგრაციის სამინისტროს მივწერეთ იმის თაობაზე, რომ ექიმთა ჯგუფი ბატონ ფრიდონ თოდუას საქვეყნოდ ცნობილი კლინიკიდან ჩავიდოდა აფხაზეთში და გალის საავადმყოფოში ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებდა მოსახლეობის სამედიცინო გასინჯვა-გამოკვლევას, ძვირადღირებულ ოპერაციებს (უფასოდ). რაც მთავარია, აპარატურას, რომელსაც საავადმყოფოში შეიტანდნენ, სამუშაოს დამთავრების შემდეგ უსასყიდლოდ დაუტოვებდნენ მათ. ამის ორგანიზებაც არ მოხერხდა. არ გაუვლია ერთ თვეს და რუსებმა დაიწყეს რაიონში უფასო სამედიცინო შემოწმება.

როგორც ზემოთ ვიუწყებოდით, სულ 12 პროექტი წარვუდგინეთ პრეზიდენტს.

შემდეგ პრეზიდენტს ვწერდით: _ ზემოჩამოთვლილი ფაქტები მოწმობს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აფხაზებთან ნდობის აღდგენა და შერიგება. სხვა დასკვნას ვერ გამოიტანს კაცი.

თქვენი განცხადებებით, ბატონო პრეზიდენტო, რამდენი ხნის წინ უნდა გამთლიანებულიყო საქართველო, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებაზე კი არა, ნდობის აღდგენაზეც კი თითს თითზე არ ვაკარებთ.

დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ლტოლვილებთან იაფფასიანი თამაშით შორს ვერ წავლენ. გარწმუნებთ, რომ ლტოლვილები სათანადო დასკვნას გააკეთებენ და ხმას ამჟამინდელ მთავრობას არ მისცემენ…

ისმის კითხვა: როგორ მოვიქცეთ, ვიჯდეთ და ვიყოთ ისე, როგორც ვართ, თუ ვიმოქმედოთ, რათა ნდობის ფაქტორი მაინც აღვადგინოთ და ვიაროთ შერიგებისკენ? სხვა გზა რომ არ არსებობს, თქვენ კარგად იცით, ომით ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. მაშ, რაშია საქმე? რატომ ყურად არ ვიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მისაღებ წინადადებებს?

მკითხველი, ალბათ, ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გამოეხმაურა ღია წერილს. არა, ჩემო კარგებო! მან, ისევე როგორც მისმა ხელქვეითებმა, ფეხზე დაიკიდა უხუცესთა ღია წერილი.

იმის შემდგომ, რაც პრეზიდენტმა მოიმოქმედა ბატონ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირებით, უნდა გაგვეცნობიერებინა, რომ ის აფხაზეთის საკითხის განხილვას საერთოდ არ ფიქრობს.

როგორც გახსოვთ, ბატონმა ირაკლი ალასანიამ მისი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ქართულაფხაზური ურთიერთობის მოგვარების გასაღებს მიაგნო, რამაც არამარტო ქართველთა, არამედ აფხაზთა შორისაც (მათ შორის ხელმძღვანელ ელიტაში) გამოიწვია დიდი გამოხმაურება და განამტკიცა ნდობა მისდამი, რაც გახდა საგანგაშო სიგნალი სააკაშვილისთვის და მოაშორა კიდეც აფხაზეთს ალასანია და გადაისროლა ამერიკაში _ ელჩის რანგში.

საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ვთხოვთ, დაინტერესდეს ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადება-პროექტებით. გვჯერა, ამჟამად იმედი არ გაგვიცრუვდება _ ჩვენი ძალისხმევა გამოიღებს ნაყოფს და გადაიდგმება ნაბიჯი აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხში.

უხუცესთა საბჭო აცნობიერებს იმას, რომ ახალ მთავრობას დრო სჭირდება ჩამოყალიბებისა და ფეხზე დადგომისთვის. მაგრამ გვჯერა, რომ საჭირო დროს გამონახავენ ჩვენს მოსასმენად.

ოლეგ ჯოლია,

აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების

 ფონდის და მასთან არსებულ ქართველ უხუცესთა საბჭოს (აფხაზეთიდან)

ფონდის თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here