Home რუბრიკები პოლიტიკა აგენი თავის ფეხით მიდიენ, სიმონ, გეგუთში?

აგენი თავის ფეხით მიდიენ, სიმონ, გეგუთში?

620

პარლამენტის სამივე დარბაზი, სადაც საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა, სულ იოლად მოწესრიგდება. ამის წინააღმდეგი, სავარაუდოდ, არც „ნაციონალი“ დეპუტატები უნდა იყვნენ, რადგან ქუთაისი–თბილისის ტრასაზე მუდმივად სიარული და ბუფეტის გარეშე რესტორნებში იძულებით სადილი არც მათ ეხატებათ გულზე. მით უფრო, თუ ნამინისტრალ კობა სუბელიანის თავს გადამხდარ ერთ სახალისო ისტორიას გავიხსენებთ: „სესიის დამთავრებისთანავე თბილისში წამოსვლამდე დეპუტატების პატარა ჯგუფმა გეგუთის გზაზე არსებულ რესტორანში წახემსება გადავწყვიტეთ. გზაჯვარედინთან მანქანა გავაჩერეთ და ბიჭებს ვკითხეთ გეგუთის გზა. ერთ–ერთმა ბიჭმა წამოიძახა: „ეუ, აგენი თავის ფეხით მიდიენ, სიმონ, გეგუთშიო“?

ქუთაისი პარლამენტი, როგორც ჩანს, არაერთ საინტერესო ამბავს „გახეთქავს“; მუშაობის დაწყებისთანავე ამ შენობის საკითხით ახალი მოწვევის დეპუტატები დაინტერესდნენ. გაირკვა, რომ პარლამენტის მშენებლობისთვის 360 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, ხოლო დარჩენილი სამუშაოებისთვის კიდევ 20-30 მილიონი ლარი ყოფილა საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატთა ჯგუფი დახურულ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, რომ მშენებლობის დამკვეთია შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო“. თუმცა როგორც ირკვევა, სააგენტომ არ იცის, რა უნდა გაკეთებულიყო. ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „კერძოდ, ვიღაც მშენებლებს ეტყოდა: ეს უნდა გაკეთდესო, ისინი კი, უპასუხებდნენ – ამდენი უნდა გადაიხადოთო და პროცესი ამ დონეზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარეს რეკომენდაციით მივმართავთ, რომ საკითხის სამართლებლივი შესწავლა მოხდეს“. 

უნდა დასრულდეს თუ არა მშენებლობა, ტყემალაძე ვერ აკონკრეტებს. „პროექტი ხელთ ჯერ არ გვაქვს და არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. შენობა ექსპლუატაციაში შესული არ არის და მის მდგრადობაზე დასკვნა არ არსებობს. პრინციპში, კანონს ვარღვევთ, რადგან ექსპლუატაციას ვუწევთ შენობას, რომელიც ვისი საკუთრებაა, ვერ გავარკვიე“, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.
თავად სამინისტროების წარმომადგენლებმა მედიასაშუალებებთან კომენტარი არ გააკეთეს. 

ზუსტად ამავე დროს თბილისში, „ქართუ ჯგუფში“ საკანონმდებლო ორგანოს დეპარტამენტების თანამშრომლები დაიბარეს, რომლებიც საპარლამენტო დარბაზებში ტექნიკურ საკითხებს აგვარებენ. პარლამენტის ძველ შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით „ქართუ ჯგუფში“ თათბირი ჩატარდა და ხვალ დანიშნულ თათბირს უკვე პარლამენტის თანამშრომლებიც დაესწრებიან.from.ge-ს სანდო წყაროს ინფორმაციით, ტექნიკური პერსონალის დაახლოებით 20 წარმომადგენელი ხვალ „ქართუ ჯგუფში“ შეხვედრას გამართავს, ხოლო 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე არსებულ პარლამენტის შენობაში გადაინაცვლებენ და არსებულ ვითარებას შეისწავლიან.

ფულს ანგარიში უყვარს და, ცხადია, ქუთაისის „ჩარეცხილ“ პარლამენტის შენობაზე 20–30 მილიონის დახარჯვას ისევ ძველი პარლამენტის გარემონტება სჯობს. ილია ჭავჭავაძისა და პირველი რესპუბლიკის დარბაზებში, ასევე პლენარულ სხდომათა დარბაზში დემონტაჟი სექტემბრის შუა რიცხვებში განხორციელდა. შენობის დემონტაჟთან ერთად, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ სამსახურში მისვლა საჭირო აღარ იყო და ისინი საქმიანობას 2 ოქტომბერს ქუთაისის ახალ პარლამენტში გააგრძელებდნენ.

პარლამენტის სამივე დარბაზი, სადაც საკომიტეტო მოსმენები იმართებოდა, სულ იოლად მოწესრიგდება. ამის წინააღმდეგი, სავარაუდოდ, არც „ნაციონალი“ დეპუტატები უნდა იყვნენ, რადგან ქუთაისი–თბილისის ტრასაზე მუდმივად სიარული და ბუფეტის გარეშე რესტორნებში იძულებით სადილი არც მათ ეხატებათ გულზე. მით უფრო, თუ ნამინისტრალ კობა სუბელიანის თავს გადამხდარ ერთ სახალისო ისტორიას გავიხსენებთ: „სესიის დამთავრებისთანავე თბილისში წამოსვლამდე დეპუტატების პატარა ჯგუფმა გეგუთის გზაზე არსებულ რესტორანში წახემსება გადავწყვიტეთ. გზაჯვარედინთან მანქანა გავაჩერეთ და ბიჭებს ვკითხეთ გეგუთის გზა. ერთ–ერთმა ბიჭმა წამოიძახა: „ეუ, აგენი თავის ფეხით მიდიენ, სიმონ, გეგუთშიო“?

არადა, კობა სუბელიანმა არც კი იცის, რომ ქუთაისელი ბიჭის ეს სიტყვები „ნაციონალებისთვის“ შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. როგორც „მეოცნებე“ სოსო ჯაჭვლიანი აცხადებს, „ცოტა ხანში იმდენ რაღაცას გაიგებს საქართველო იმ ვითომ დეპუტატებზე, იქ რომ სხედან, იმდენი დანაშაული ამოვა… ხომ თქვეს, უმრავლესობასთან ვითანამშრომლებთო? ჰოდა, ითანამშრომლონ… თუ სასამართლოში გამართლდებიან, ჩვენ მერე მოვუსმენთ“!

ასეთ „თანამშრომლობაზე“ კი გუშინდელი მმართველი პარტია თანახმა არ არის. მართალია, სასამართლოები ჯერ კიდევ მათ ხელშია, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები უკვე არ მოსწონთ. ვიდრე „მეოცნებეები“ პარლამენტის შენობების საკითხს არკვევდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართა და შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილეების რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენა. „მათ ნაწილს მაღალი თანამდებობები ძალოვან უწყებებში ეკავა მაშინ, როცა ქვეყნის მართვის პროცესში ჩართულნი იყვნენ ორგანიზებული დანაშაულის წევრები – ე.წ. „კანონიერი ქურდები“; ნარკოტიკების ბრუნვას უშიშროების სტრუქტურები აკონტროლებდნენ, კორუფცია სამართალდამცავ უწყებებში არნახულ მასშტაბებს აღწევდა და სამართალდამცავი ორგანოები გაჯერებული იყო მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურის თანამშრომლებით“.

ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის სახელი ფიგურირებდა 2003 წელს „ჭიათურმანგანუმის“ გახმაურებულ საქმეში და მასვე ეკუთვნის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაკეთებული განცხადება: „ხანდახან ვფიქრობ, რომ შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუ რუსეთი თბილისს აიღებდა“.

„ჩვენი მიზანი და ტაქტიკა არ არის ხელისუფლების უსაგნო კრიტიკა და ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი, როდესაც საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ თემებს ეხება. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ ადამიანებმა კათარზისი განიცადეს და დღეიდან საკუთარ ქვეყანას კეთილსინდისიერად ემსახურებიან, თუმცა ჩვენ ამის არ გვჯერა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის დანარჩენი მოადგილეები ჯაფარიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა, როგორც ცნობილია, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში უშიშროების მაღალ თანამდებობაზე, ლაშა ნაცვლიშვილის გარდა, იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე გელა ხვედელიძე, ხოლო ალეკო ტაბატაძეს კახა თარგამაძის მინისტრობის პერიოდში მაღალი თანამდებობა ეკავა. შესაძლოა, ყველას ერთად მომდურება არ უნდოდა, ან შეიძლება, იმანაც შეაკავებინა თავი, რომ სააკაშვილით დაწყებული, უმცირესობის ახალი ლიდერით – დავით ბაქრაძით დამთავრებული, „ნაცელიტის“ დიდი ნაწილი შევარდნაძის სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები იყვნენ, ხოლო „კანონიერ ქურდები“ და მათი ცოლები ოჯახის წევრებში არც „ნაცებს“ აკლიათ.

წავლენ თუ არა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები საკუთარი ფეხით გეგუთისკენ, ეს დიდწილად ახალი საპარლამენტო უმრავლესობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის სწორედ იმ მოადგილეების მონდომებაზეა დამოკიდებული, რომელთაც „ნაციონალები“ აკრიტიკებენ. ისე, რაც მეტს ილაპარაკებენ, მით მეტი წამოცდებათ საკუთარ „საგმირო საქმეებზე“, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გულისყურით ჩავინიშნოთ მათი აღიარებითი ჩვენებები.

თამარ დავითულიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here